რატომ შეირყა ლარი?

რატომ შეირყა ლარი?

ლარმა მოულოდნელად გაუფასურებისკენ აიღო გეზი და 2 დღეში 4 პუნქტით დაეცა. ამ პერიოდში ეროვნული ვალუტა ყოველთვის სტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა მისგან არალოგიკური ქცევა უკვე აღარავის უკვირს. ჯერჯერობით სავალუტო რყევის მიზეზი დაუდგენელია.

„ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე კურსმა დოლართან მიმართებაში ლამის 2.74-ს მიაღწია. წლის დასაწყისში დოლარის ღირებულება 2.6727-ს შეადგენდა. 19 თებერვლამდე კურსი 2.6404-მდე გამყარდა. აღსანიშნავია, რომ იანვარ-თებერვალში სებ-მა სავალუტო ბაზარზე 9 ინტერვენცია განახორციელა და ჯამში ბრუნვიდან 135 მლნ დოლარი ამოიღო. მიმდინარე კურსი ყველაზე მაღალია 2018 წლის 9 ნოემბრის შემდეგ, როდესაც 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7505 შეადგინა.

გარდა იმისა, რომ ქვეყანაში არასტაბილური ვითარებაა, მდგომარეობა საქართველოს ირგვლივ მდებარე ქვეყნებშიც დაძაბულია. შეიძლება ითქვას, ყველგან პერმანენტული სავალუტო კრიზისია (სომხეთის გარდა). საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დიდ ნაწილს გაუფასურების ტენდენცია აქვთ. მათ შორის, ბოლო პერიოდში მკვეთრად დაეცა თურქული ლირა და ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ვალუტაზე წნეხი გაიზარდა თურქეთში არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ხელახალი დანიშვნის შემდეგაც. ამ გადაწყვეტილებამ ინვესტორებში ეჭვები და მღელვარება გაზარდა. ამ დროისათვის 1 აშშ დოლარი 6.14 თურქული ლირის ფარგლებშია.

რას უკავშირდება გაუფასურების ტენდენცია და რა მოლოდინები არსებობს ლარის კურსთან დაკავშირებით? საბანკო ექსპერტი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი გოჩა თუთბერიძის შეფასებით, ლარი ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია რეგიონის ვალუტების რყევაზე და ამ პერიოდში გაუფასურების ტენდენცია, ბუნებრივი რეაქციაა.

„თურქეთში არსებული სიძნელეები ქართულ ეკონომიკაზეც აისახება, გამომდინარე იქიდან, რომ ის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას უნდა ჰქონდეს კონტრპოლიტიკა, რომელიც დაიცავდა ქართულ ბაზარს ასეთი რყევებისგან. საუბარია ადეკვატურ პოლიტიკაზე, რომელიც უნდა განახორციელოს მონეტარულმა ორგანომ და ფისკალურმა ორგანომ - საქართველოს მთავრობამ. ასეთ დროს ვალუტის კურსის რყევები ჩვენი ეკონომიკისთვის დრამატული არ იქნება“, - აცხადებს „კომერსანტთან“ თუთბერიძე.

ლარის გაუფასურებას ფუნდამენტური ფაქტორის გავლენად მიიჩნევს საბანკო სფეროს სპეციალისტი, ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილიც.

„ბოლო დრომდე იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს ეროვნულმა ვალუტამ თავისი სტაბილურობის წერტილი დაიჭირა. მიუხედავად ამისა, რყევა ისევ დაიწყო, ვერ გეტყვით, ეს დროებითი მოვლენაა თუ ისევ გაგრძელდება. პროცესს უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ ვივარაუდოთ, რა შეიძლება, მოხდეს მომავალში. ჩემი აზრით, ლარისთვის საგარეო ვალები საკმაოდ დიდი წნეხია. შესაძლებელია, ეს მოჰყვა ექსპორტ-იმპორტის სხვაობას ან სხვა ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელსაც აქვს მხოლოდ ეპიზოდური და არა სისტემური ხასიათი.

ლარის სუსტი რყევა გაგრძელდება, მაგრამ ვადებს ვერავინ დააკონკრეტებს. ვფიქრობ, მკვეთრი ცვლილებები არ იქნება, საამისო მიზეზს ქართულ ეკონომიკაში ჯერჯერობით ნაკლებად ვხედავ“, - აღნიშნა თოქმაზიშვილმა.