“პუტინი აღლუმებს გამართავს თბილისში, ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში”

“პუტინი აღლუმებს გამართავს თბილისში, ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში”

9 მაისს ჭავჭავაძის გამზირზე ორი აქცია გაიმართება - ერთია რუსული პროპაგანდისტული „უკვდავი პოლკი“, პარალელურად კი გაიმართება აქცია „არა პუტინის მარშს“

9 მაისს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი აქცია-მსვლელობაა დაანონსებული - ერთია რუსული პროპაგანდისტული აქცია სახელწოდებით „უკვდავი პოლკი", ხოლო პარალელურად გაიმართება აქცია „არა პუტინის მარშს", რომელსაც მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას" წევრები აანონსებენ.

„უკვდავი პოლკის" ორგანიზატორები წინასწარი ცნობით, წითელ დროშებით და ე.წ. გეორგიევსკის ლენტებით გეგმავდნენ მსვლელობას, თუმცა წელს პირველად ამ ზოლიანი ლენტებით მსვლელობა ოფიციალურად იკრძალება.

სუს-მა „უკვდავი პოლკის" ორგანიზატორებს გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა, რომ არ გამოიყენონ კანონით აკრძალული კომუნისტური და ტოტალიტარული სიმბოლიკები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ „განხორციელდება კანონით გათავლისწინებული ზომები".

როგორც სუს-ის პრესსამსახურის უფროსი ვიკა კლიმიჩოვა „რეზონანსთან" ამბობს, ტოტალიტარულ სიმბოლიკაში შედის ე.წ. გეორგიევსკის ლენტებიც და მათი გამოყენებაც აკრძალულია.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ხდება ზოლიანი გიორგის ბაფთების ტოტალიტარულ, აკრძალულ სიმბოლიკად აღიარება სუს-ის მიერ, რადგან გასულ წლებში 9 მაისს პრორუსული ორგანიზაციის წევრები სწორედ მკერდზე მიკრული ამ ლენტებით მართავდნენ მსვლელობას და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსაც ურიგებდნენ ამ ზოლიან ლენტებს.

ამ აკრძალვის მიუხედავად გამოვლენ თუ არა პრორუსული ორგანიზაციები „გიორგის ბაფთებით" და მოხდება თუ არა მათი დაჯარიმება, ეს აქციაზე გახდება ნათელი.

თუკი „უკვდავი პოლკის" აქციაზე ვინმეს „გეორგიევსკის ლენტები" მაინც ექნება, პარალელური აქციის „არა პუტინის მარშის" მონაწილეები გეგმავენ, რომ ყველა ასეთი ფაქტი სუს-ს შეატყობინონ.

ანტირუსული მსვლელობის ორგანიზატორია - მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია".

„9 მაისს ჩვენი ქვეყნის მთავარი მტერი, ვლადიმერ პუტინი, საქართველოს ტერიტორიაზე აღლუმებს გამართავს, არა მხოლოდ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, არამედ ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

"არა პუტინის მარშს!" აქციის მიზანი არ არის "უკვდავთა პოლკის" მსვლელობის ჩაშლა, არამედ საპირისპირო, პრო-ევროპული და პრო-ამერიკული აზრის მშვიდობიანად გაჟღერება. საქართველოს მოქალაქეებმა გააკეთეს სწორი, ევროპული არჩევანი. ახლა ამ არჩევანს სჭირდება დაცვა! 9 მაისი, კუს ტბის ასახვევი, ვაკე-საბურთალოს რაიონი. 9:30 საათი,"- წერენ აქციის ორგანიზატორები „ფეისბუქში".

ერთ-ერთი ორგანიზატორი, ლინა დოლიძე ამბობს, რომ მათი აქცია არ არის კონტრაქცია. ეს არის მშვიდობიანი მსვლელობა.

„პუტინის მარში აპირებს ჭავჭავაძის გამზირის გადაკეტვას, შესაბამისად ისინიც ვაკის პარკში მივლენ. იქ გავაგონებთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და თანამედროვე ფაშისტები არიან სწორედ ამ ძალის წარმომადგენლები. გვექნება პლაკატები - „რუსეთი ოკუპანტია", „ჩვენი არჩევანი არის ნატო". მსგავსი მესიჯები იქნება ინგლისურენოვანი.

"ძალიან მშვიდობიანად, ყოველგვარი აგრესიის გარეშე გვინდა დავანახოთ მათ, რომ ჩვენ არ გვინდა გავხდეთ რუსეთის ნაწილი, რომ ნატო არის ჩვენი არჩეული მიმართულება, რომელსაც გავყვებით ბოლომდე. მიუღებელია ასე თამამად ეძლეოდეს მარშის გამართვის საშუალება იმ ორგანიზაციას, რომლის ოფიციალურ რუსულენოვან საიტზე მითითებულია, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დამოუკიდებელი „სახელმწოფოებია" და ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის არ აღიარება. სწორედ ამას ვაპროტესტებთ ჩვენ,"- ამბობს დოლიძე.

რაც შეეხება „უკვდავი პოლკის" მსვლელობას. ეს აქცია რამდენიმე დღის წინ დაანონსა პრორუსული ორგანიზაცია ევრაზიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ.

„უკვდავ პოლკი" რუსეთში 2012 წელს ჩამოყალიბდა. ოფიციალურად „უკვდავი პოლკის" იდეა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული მებრძოლების ხსოვნისადმი პატივის მიგებას ისახავს მიზნად, თუმცა რეალურად, ეს მასშტაბური სამხედრო-პატრიოტული მარში ბოლო წლებში პუტინის რუსეთის მძლავრ იდეოლოგიურ იარაღად იქცა და ამიტომაც ამ მსვლელობებს სხვადასხვა ქვეყნებში სწორედ მოსკოვი აფინანსებს.

ქართული პრორუსული ორგანიზაციები „უკვდავ პოლკს" 2017 წელს შეუერთდნენ. გასულ წელს მსვლელობა გამართეს გორსა და ბათუმში, სადაც მონაწილეები საბჭოთა სიმბოლიკებითა და „გეორგიევსკის ლენტებით" იყვნენ გამოსულები. შეკრება იყო ვაკის პარკშიც.

როგორც გულბაათ რცხილაძე აცხადებს, წელს თბილისში მსვლელობა პირველად გაიმართება. ეს „რუსული მარში" ასევე დაანონსებულია ბათუმში, გორში, ახალქალაქსა და ახალციხეში.

რცხილაძის თქმით, თბილისის მერიისგან მსვლელობის გამართვის ნებართვა მიიღეს. ამასთან, მერიასთან მოლაპარაკებებია, რათა აქციის ორგანიზატორებს ვაკის პარკში ბანერის აღმართვის ნება დართონ, რომელზეც საბჭოთა კავშირის 168 ქართველი გმირის პორტრეტები და გვარ-სახელები იქნება გამოსახული, თუმცა, თუ ნებართვას ვერ მიიღებენ, უზარმაზარ პლაკატს აქციაზე თავად მსვლელობის მონაწილეები ჩამოატარებენ.

საგულისხმოა ის, რომ „უკვდავი პოლკის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე სახელმწიფოებს შორის მითითებულია აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც, როგორც სახელმწიფოები. ამასთან, „პოლკის" ქართული წარმომადგენლობა 9 მაისს დაგეგმილი მსვლელობის დასაანონსებულად იყენებს რუსულენოვან ვიდეოკლიპს, სადაც ტექსტია, რომ „ჩემი სახლი საბჭოთა კავშირია, მე წარმოშობით საბჭოთა კავშირიდან ვარ" და ყველას მოუწოდებს, საბჭოთა ჯარისკაცის ხსოვნას გაუფრთხილდეს.

„უკვდავი პოლკის" მსვლელობები სხვა ქვეყნებშიც ტარდება. უკრაინაში განაცხადეს, რომ თუკი საბჭოთა სიმბოლიკები გამოჩნდება, შესაბამის ზომებს მიიღებენ. ბელორუსში და ყაზახეთში კი „პოლკის" მსვლელობა არ ჩატარდება.

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა „ეხო მოსკვისთან" განაცხადა, რომ კრემლი არკვევს მიზეზებს, რატომ გადაიდო მსვლელობები ბელორუსსა და ყაზახეთში და დასკვნების გამოტანას არ ჩქარობს.

„უკვდავი პოლკის" მსვლელობა საქართველოში დაშვებულია, თუმცა, როგორც ჩანს, მნიშვნელოვან წინააღმდეგობას მაინც წააწყდება პარალელური აქციის სახით.