კიევის პასუხი მოსკოვს - რუსულ პასპორტიზაციაზე დონბასსა და ლუგანსკში

კიევის პასუხი მოსკოვს - რუსულ პასპორტიზაციაზე დონბასსა და ლუგანსკში

„მხოლოდ რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი სახელმწიფოები დადგებიან რუსეთის გვერდით; რამდენიმე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა, - სომხეთი, ბელორუსი... სხვადასხვა ქვეყნები მაინც იძულებულები იქნებიან რუსეთის ინტერესებს გარკვეული ანგარიში გაუწიონ," - აცხადებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კიევის განცხადების შესახებ საუბრისას, რომლის თანახმადაც, უკრაინის მთავრობა დონბასის მოსახელობისთვის გაცემულ რუსულ პასპორტებს ბათილად სცნობს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა განაცხადა, რომ უკრაინის მთავრობა რუსულ პასპორტებს, რომლებსაც პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების ტერიტორიებზე მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებზე გასცემენ, ბათილად მიიჩნევს და გროისმანი სხვა ქვეყნებს ასეთივე თხოვნით მიმართავს.

თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთი მაინც გააგრძელებს დონბასის მოსახლეობისთვის პასპორტების გაცემას, - ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 აპრილს ხელი მოაწერა განკარგულებას დონეცკისა და ლუგანსკის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების თაობაზე.

„ჩვენ არა მხოლოდ დონბასში მცხოვრებ მოსახლეობას ვაძლევთ გამარტივებული წესით ჩვენი მოქალაქეობის მიღების საშუალებას, არამედ ვფიქრობთ, რომ ამგვარი წესით რუსეთის მოქალაქეობა უკრაინის ყველა მოქალაქეს მივცეთ," - განაცხადა პუტინმა

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინელების უმეტესობას ეს შეთავაზება არ მოხიბლავს. ზელენსკი პირობას დებს, რომ „უკრაინა არ იტყვის უარს თავის მისიაზე და დარჩება სამაგალითო დემოკრატიად პოსტსაბჭოთა სივრცეში".

მანამდე აშშ-მა და ევროკავშირმა გააკრიტიკეს მოსკოვის გეგმა, გაამარტივოს პასპორტების გაცემა უკრაინის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს, რასაც მინსკის შეთანხმებების დარღვევად მიიჩნევენ.

ნიკა ჩიტაძის აზრით, მიმდინარე პროცესი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას უფრო მეტად დაძაბავს.

„დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი პრორუსული ორიენტაციისაა და მათ გააჩნიათ სურვილი რუსული პასპორტები მიიღონ, მითუმეტეს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მნიშვნელოვან ნაწილზე უკრაინის იურისდიქცია დღეს არ ვრცელდება.

„საბოლოო ჯამში, რუსეთსა და უკრაინას შორის მოსალოდნელია დაძაბულობა. კერძოდ, გამოიხატება შემდეგში: ამ შემთხვევაში რუსეთი შეეცდება, რომ საკუთარი მხარდაჭერა გააძლიეროს და ხისტი ძალა აამოქმედოს, - დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს შეიარაღება მიაწოდოს. ამ ორი ოლქის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭოს," - აღნიშნა მან.

მისი თქმით, რუსეთის მცდელობა იქნება საკუთარი პრორუსული ძალები უკრაინაში გააძლიეროს. „რუსეთი ასევე შეეცედება უკრაინაში გარკვეული პრორუსული განწყობილებების შექმნას. იგი განაცხადებს, რომ მზად არის უკრაინის თითოეულ მოქალაქეს, ვისაც სურვილი ექნება, რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭოს. უკრაინის მოქალაქეთა უმრავლესობა რუსულ პასპორტებს არ დათანხმდება, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა.

„უკრაინა ეცდება, რომ დასავლეთისგან ლეტალური ხასიათის შეიარაღება შეიძინოს და დასავლეთის სამხედრო ყოფნა უკრაინაში გააძლიეროს, - დასავლური ინვესტიციები მოიზიდოს. უკრაინას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება იმისათვის, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლდეს. თვითონ უკრაინაში უკრაინული ბუნებრივი აირის მოპოვება იზრდება და უკრაინა შეეცდება ენერგიის ალტერნატიული წყაროები მოიძიოს, რომ რუსეთზე დამოკიდებილება მაქსიმალურად იქნეს აცილებული," -განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.