რამდენიმე სიახლე მართვის მოწმობის გამოცდებთან დაკავშირებით

რამდენიმე სიახლე მართვის მოწმობის გამოცდებთან დაკავშირებით

მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ქალაქში ჩაბარება, აგვისტოს თვეშია დაგეგმილი. სამინისტროს ინიციატივა ჯერ მთავრობის სხდომაზე უნდა განიხილონ, შემდეგ კი საკანმომდებლო პროექტის სახით პარლამენტში წარადგენენ. რამდენადაც პროცედურა საკმაოდ დრო სჭირდება, შეიძლება იგი კიდევ ერთხელ გადავადდეს.

მართვის მოწმობის მსურველებს გამოცდის ჩაბარება ქვეყნის 13 რეგიონში შეუძლიათ, მათ შორის არის: რუსთავი, თელავი, ახალქალაქი, გორი, ახალციხე, საჩხერე, ამბროლაური, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი და მესტია.

მართალია აქედან ზოგიერთი ძალიან დატვირთული ქალაქია, ზოგიერთი კი დაცარიელებული, თუმცა ნებისმიერ ადგილას გამოცდაჩაბარებული მსურველი სრულფასოვან მძღოლად ჩაითვლება.

პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველს წარმატებით უნდა ჰქონდეს გავლილი თეორიული გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში კანდიდატს შვიდ დღეში ერთხელ შეუძლია გამოცდის პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა.

მსგავსი შეზღუდვა არ არის დაწესებული პრაქტიკულ გამოცდაზე ფასიანი გასვლის შემთხვევებში, გარდა მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილებისა. იმ შემთხვევაში, თუ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, კანდიდატი თეორიულ გამოცდას თავიდან ჩააბარებს.

ახლა კი მართვის მოწმობა გაიცემა ადამიანებზე, რომლებსაც არ აქვთ არანაირი შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ამაზე სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარის დავით მესხიშვილის თქმით, ცვლილებები, რომლებიც საგზაო უსაფრთხოების სფეროში განხორციელდა, გარკვეულწილად დადებითად აისახა, თუმცა საჭიროა, რამდენიმე საკითხის დროულად გამოსწორება.

„პირველ რიგში, მოსაგვარებელია მართვის მოწმობის საკითხი, რომელიც დღეს გაიცემა ისეთ ადამიანებზე, რომლებსაც არანაირი უნარ-ჩვევა არ აქვთ. უნდა მოხდეს, გამოცდის რეალურ სივრცეში გადმოტანა, რაც უკვე დაგვიანდა. მეორე მხრივ, დღემდე არ გვაქვს საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების სტანდარტი და ვსარგებლობთ საბჭოთა დროინდელი სტანდარტით. იგივე შეიძლება ითქვას გზების მშენებლობის საკითხზეც, სადაც თანამედროვე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები ვერ დაინერგება, თუ არ მივიღებთ შესაბამის თანამედროვე სტანდარტს. ცნობიერების ამაღლების კამპანიაც არის მნიშვნელოვანი და კანონის აღსრულება“, - განაცხადა მესხიშვილმა.

ბოლო პერიოდის სიახლე მარტოოდენ პრაქტიკული გამოცდის ჩატარების ცვლილებას არ უკავშირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მართვის მოწმობის გამოცდაზე, სტუდენტები, რომლებიც სტუდენტის ID ბარათს წარადგენს, 55 ლარის ნაცვლად, 15 ლარს გადაიხდიან.

ამასთან, სააგენტოს ცნობით, ფასდაკლება ვრცელდება მხოლოდ ერთჯერადად, ანუ თუკი სტუდენტი პირველ გამოცდაზე ჩაიჭრება, მას შემდეგ მცდელობაზე, ჩვეულებრივ, 55 ლარის გადახდა მოუწევს.

სააგენტოს ცნობით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩასაბარებლად მსურველმა უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ერთეულს, ყოველ დღე კვირის გარდა.