(იბეჭდება შემოკლებით)
საქართველო ახლა ის საქართველო აღარ არის, ათი წლის წინ რომ იყო.
წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ჩვენი „მამაცი მებრძოლები“ სოხუმიდან შეშინებული თხებივით გამორბოდნენ.
აბა, გაბედოს კოკოითმა და ტყვედ აიყვანოს 50 ქართველი პოლიციელი, შერეკოს ცხინვალის მოედანზე და უბრძანოს, დაიჩოქეთო.
ვერ მივართვით, ნურას უკაცრავად.
ჩვენი ლომები ასე ბრმად და ყრუდ არ დაიჩოქებენ.
თუ ძალიან დააძალეს, ცხვირსახოცებს ამოიღებენ, ასფალტზე დააფენენ და ფრთხილად დაიჩოქებენ. აბა რა გეგონათ, საქართველო ის საქართველო აღარ არის.
ნაცმოძრაობის აქტივისტები გმირობის სასწაულებს ჩაიდენენ. მტრის შეუბრალებლობა და დაუნდობლობა ასწავლა ჩვენს ბიჭებს ფიურერმა. ხომ ნახეთ, რა გამეტებით ურტყამდა 15 ნაციონალისტი - ნაძირალა ერთ კაცს - ბეჟან გუნავას.
რა შეუბრალებლობა, რა ვერაგობა, რა სისხლმოწყურება ჩანდა ერთსულოვან შეტევაში თვისტომის, ძმის, ქართველის წინააღმდეგ.
სუპერმარკეტში შეჭრილსაც შეყვნენ, ბოლომდე მოვუთავებთ ხელსო. მეტი ვაჟკაცობა რაღა გინდა: მაღაზიის თანამშრომელს, შეშინებულ - აკივლებულ ანგელოზივით გოგოსაც არ მოერიდნენ.
დაიწყოს ახლა ქართველი ფენომენის მეზღაპრემ: როდის იყო, თქვე გათახსირებულებო, საქართველოში 125 კაცი ერთს ურტყამდაო. სად გაიზარდეთ, ხომ ხედავთ, რა დაგმართათ უნამუსო არქიფო სეთურმაო.
დიახ, პატრიოტთა ბანაკებში ასეთი რაინდები გამოზარდა პრეზიდენტმა.
პატრიოტთა ბანაკზე გამახსენდა. ორი დღის შემდეგ ხუთიოდე რუსმა სამართალდამცველმა ისე ამოიღო ფეხქვეშ, განაიარაღა და სცემა ჩვენი შვიდი მამაცი პოლიციელ - ნაციონალისტი, რომ თვალიც არ დაახამხამებინა.
სირცხვილით ვიწვოდი იმ კადრების შემხედვარე. თითო რუს სალდათს თითო ჩვენი ღიპოსანი პოლიციელი რომ ჰყავდა ლაჯებში ამოდებული, ზედ ქორივით აჯდა და უმოწყალოდ სცემდა. მერე მოიტანეს გაკოჭილი პოლიციელები, მორებივით დაალაგეს განმუხურის პატრიოტთა ბანაკის ჭიშკართან და წავიდნენ.
იმ პოლიციელებსაც უნდა გავუგოთ: დაღლილები იყვნენ ბიჭები. ბეჟან გუნავას თავში ბრაგუნმა ცოტა ენერგია როდი წაართვა მამაც ნაც - ძირალებს.
30 ოქტომბერს რუსმა „მშვიდობისმყოფელებმა“ განმუხურში ჩვენი მამაცი პოლიციელები რომ გაკოჭეს, ჩანს, იფიქრეს, ამათი წაყვანა არ ღირს, ტყვეებში ჩაგვეთვლებიან, ეწყონ აქ და, ალბათ, პატრონი გამოუჩნდებათო.
პატრონიც მალე გამოჩნდა.
რუსებმა მათკენ გამწყრალი მზერით, ჯიქურ წამოსული პრეზიდენტი და მისი ამალა რომ დაინახეს, შეშინდნენ: როგორც ეტყობა, ალყა გვაქვს შემორტყმული, პრეზიდენტთა მსოფლიო დაცვის ქვემეხები და ნატოს ავიაგამანადგურებლების რადარები ჩვენკენაა მოშვერილი, თორემ ასე თამამად, დღისით - მზისით მოჩხუბარი ბავშვების გამზავებელი პიონერხელმძღვანელივით თვით პრეზიდენტი ჩვენზე, უპასუხისმგებლო თოფიან ყაჩაღებზე, როგორ წამოვიდოდაო.
... და შემკრთალმა რუსებმა უკან დაიხიეს.
უკანსვლით მიმავალ „სამშვიდობოებს“ პრეზიდენტი და მისი ამალა „დუხით აწვებოდნენ“ როგორც „გამარჯვებული“ ყმაწვილები - აქაოდა, გადადით თქვენს ეზოში, არ გვინდა თქვენთან თამაშიო.
შერცხვენილი მშვიდობისმყოფელები ჩვენმა არწივებმა „საზღვრამდე“ მიდენეს და თავი გაანებეს.
არადა, პრეზიდენტს და მის ამალას წყალში ფეხის დასველება რომ არ დაზარებოდათ, ისე ჰყავდათ აყვანილი რუსი მეკობრეები, რომ სოხუმამდე დაახევინებდნენ და საქართველოს ტერიტორიული გამთლიანების პრობლემაც გადაწყვეტილი იქნებოდა. ოჰ, ეს სიზარმაცე, სიზარმაცე.
როგორც შემოწმებული წყაროებით დასტურდება, უცნობია სამშვიდობო ჯარების სარდლის, გენერალ ჩაბანის ადგილსამყოფელი და ჯანმრთელობის მდგომარეობა.
იმის შემდეგ, რაც განმუხურში საქართველოს პრეზიდენტმა შეზარხოშებულ რუს მაიორს კატეგორიულად უბრძანა, არ დავინახო გენერალი ჩაბანი საქართველოს ტერიტორიაზეო (სხვათაშორის, იქვე დასძინა: სოხუმიც საქართველოს ტერიტორიააო), უფლებააყრილი ჩაბანი ასპარეზიდან გაქრა.
ერთნი ამბობენ, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულება რომ აუწყეს, ჩაბანი კარგა ხანს ელდაცემულივით დუმდა, მერე სამხრეები ჩამოიგლიჯა და ცრემლიანი თვალები მოავლო ირგვლივმყოფთ - რატომ გამიკეთა ეს საჯაყი საქმე, რატომ გამწირა ასე სააკაშვილმა, რატომ ამომიღო გულიდან, თქვენ ხომ იქ იყავით, რატომ არ ჩაუვარდით მუხლებში, რატომ არ შეაცოდეთ ჩემი თავი, რა ფასი აქვს აწი ჩემს ცხოვრებასო.
ეს თქვა, თურმე, ჩაბანმა, მერე თავის საგენერლო ბლინდაჟში შევიდა და პუტინის ნაჩუქარი რევოლვერით თავი მოიკლა.
მეორენი ამბობენ: თავი არ მოუკლავს, სააკაშვილის მრისხანე განაჩენი რომ შეიტყო, სამხედრო მუნდირი ცეცხლს მისცა, ჯვალოს ჩოხა გადაიცვა და რიაზანის წმინდა სიმონ კანანელის ეკლესიაში ბერად შედგაო.