„ნაციონალები“ ოპოზიციის ფუნქციას ვერ შეასრულებენ, ეს გამორიცხულია“

„ნაციონალები“ ოპოზიციის ფუნქციას ვერ შეასრულებენ, ეს გამორიცხულია“

მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ყოფილი მმართველი პარტია ახალი ხელისუფლების დიკრედიტაციას შეეცდება. ეს მოლოდინი გაამძაფრა იმანაც, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების განცხადებებიდან კარგად ჩანდა ერთი რამ - არჩევნებში დამარცხებული პარტია წაგებას ვერ ეგუებოდა.

„ნაციონალური მოძრაობა“ გონს მოვიდა თუ არა, ფაქტობრივად, თავის ჩვეულ, წინასაარჩევნო რეჟიმში ჩადგა, რეგიონებში საკუთარი კადრები გადაახალისა და ახალი ამოცანა დაუსახა - ხელისუფლებაში მოსასვლელად მზადება. შემდეგი ნაბიჯები იყო პრეზიდენტის მიერ საკუთარი ხარჯების „უცხო თვალისგან“ ჩამოცილება, უშიშროების საბჭოს გაფართოება, გენშტაბის უფროსის შეცვლა, მერიაში ახალი სპეცსამსახურის შექმნა და ა.შ. ამ ყველაფერს კი „ნაციონალური არხებიდან“ ფონად სდევდა ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაციის გაუარესების ამსახველი მასალების უხვად მიწოდება საზოადოებისათვის. ამ ყველაფერმა შექმნა განცდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც  ბოლომდე ძალადობით იბრძოდა ძალაუფლების შენარჩუნებისათვის, რევანშისთვის ემზადება. პარალელურად კი კულუარებში ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტის გადადგომაზეც საუბრობენ.

აშკარაა, რომ ყოფილი მმართველი გუნდი საკმაოდ დაბნეულია და საკუთარი წევრების დარწმუნება იმაში, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება, უჭირს, რადგან გაუჩინარებულ „ნაციონალთა“ რიგები ყოველდღიურად ივსება.

როგორ განვითარდება მოვლენები და მოისურვებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი გაპარულ ჩინოვნიკთა პრეზიდენტობას, ამ თემაზე ექსპერტი ვახტან ძაბირაძე ვესაუბრება.

ბატონო ვახტანგ, ალბათ ცხადია, რომ ყოფილი მმართველი გუნდი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, მაგრამ რთული მდგომარეობიდან გამოსული სააკაშვილიც ბევრჯერ გვინახავს. გვახსოვს, ალბათ, ბიძინა ივანიშვილმა რომ ურჩია, ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი გადადგომა იქნებოდაო... დასაშვებად მიიჩნევთ, რომ სააკაშვილმა მართლაც მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება?

- ეს აბსოლუტურად დამოკიდებულია მის ნებაზე. მას არაფერი არ ზღუდავს, რომ მსგავსი განცხადება გააკეთოს. თვითონ პოლიტიკური სიტუაციაა მძიმე და რთული, მისთვისაც რთულია და ზოგადადაც.

ის დგას ასეთი ალტერნატევის წინაშე - რეალურად, მას რაიმე წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია, არა მარტო იმის გამო, რომ დღეს საქართველოში სულ სხვა პოლიტიკური რეალობაა, არამედ იმის გამოც, რომ მთელი დასავლეთი იმაზე ლაპარაკობს, აი, საქართველოში განხორციელდა ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემა. ანუ, ფონი მთლიანად მის საწინააღმდეგოდაა შეცვლილი.

მას აქვს არჩევანი - ან უნდა წავიდეს თანამდებობიდან, მაგრამ ახლა თანამდებობიდან ვერ წავა იგივე დასავლეთის ფაქტორის გათვალისწინებით - ვიდრე მთავრობა არ ჩამოყალიბდება, მას სთხოვენ ან მოსთხოვენ, რომ ეს პროცესი დაასრულოს. შემდეგ უკვე, ან უნდა შეეგუოს იმას რომ იქნება „მიძინებული“ პრეზიდენტი, ასე ეძახიან საპარლამენტო მმართველობის მქონე ქვეყნებში პრეზიდენტს, რომელიც არსებობს, მაგრამ რეალურად გადაწყვეტილების მიღებაში არ მონაწილეობს - დაკავებულია მხოლოდ ოფიციალური დელეგაციების მიღებით და გაცილებით, ან, უნდა წავიდეს, სხვა გამოსავალი მას არ აქვს. მისი ხასიათიდან გამომდინარე, რამდენად შეეგუება ამ როლს, ძნელი სათქმელია, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგას.

ჯერჯერობით, მაინც მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, თითქოს ოპოზიციაში გადავიდნენ, მათი ტონი, ლაპარაკი, განცხადებები, სხვა რამეზე მეტყველებს - გაუცნობიერებლად ისინი ისევ ხელისუფლად გრძნობენ თავს. ეს რეალობა თანდათან შეიცვლება, ჩვენ თუ არა თვითონ ხომ კარგად იციან, რომ ის 40%, რომლითაც პარლამენტში შევიდნენ, ნაღდი 40% არ არის და გაცილებით ნაკლებია. ამდენად, საკმაოდ მძიმე სიტუაციაში არიან და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ვარიანტი გათამაშდეს, ანუ სააკაშვილმა დროზე ადრე მიატოვოს მისთვის უკვე უინტერესო პოსტი.

ექსპერტებისგან ასეთი ვერსიაც გამოითქვა, რომ შესაძლებელია, დაჩქარდეს საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლის პროცესი და სწორედ ეს გახდეს მისი გადადგომის მიზეზი...

- ვერ გეტყვით, რადგან არ ვიცი, თვითონ კოალიციაში ამისთვის რამდენად არიან მზად. ზოგადად, ლაპარაკობენ, რომ აუცილებელია კონსტიტუციის შეცვლა. მეც ვთვლი, რომ ეს ძალზე აუცილებელია, განურჩევლად იმისა, სააკაშვილი დარჩება თანამდებობაზე თუ დატოვებს პოსტს, საკონსტიტუციო რეფორმა არის პირველ რიგში გასატარებელი. რასაკვირველია, ეს სოციალურ მიმართულებებს ხელს არ უშლის. რამდენადაც ვხვდები, „ქართული ოცნება“ ამ საკითხებზე მთლად ჩამოყალიბებული არ არის.

თუ მოხერხდა და შეიცვალა კონსტიტუცია, მაშინ რა ხდება?

- აქ მოხდება ის, რომ თუ სააკაშვილი წავა, მის ადგილს დაიკავებს პარლამენტის თავმჯდომარე და ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ დაინიშნება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები.

სააკაშვილი საკუთარ გუნდზე გულწრფელად თუ ფიქრობს, რაშიც დიდად მეპარება ეჭვი, ახლა საპრეზიდენტო არჩევნები არანაირად ხელს არ აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან პირწმინდად წააგებენ ამ არჩევნებს.

იმის მიხედვით, რაც ხდება, რა ნაბიჯებსაც დგამს დღეს მიხეილ სააკაშვილი, ეს იქნება განკარგულებები, რომლითაც საკუთარი გავლენის სფეროებს თითქოს საზღვარს ავლებს, მერიაშიც მიდის რაღაც საკუთარი პოლიციის მსგავსი სტრუქტურის ფორმირება, ნიშნავენ მერებს, გუბერნატორებს და .. ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ სააკაშვილიმთვლემარეპრეზიდენტის როლს ირგებს, თუ პირიქით, ახალი გადატრიალებისთვის ემზადება? ასეთ შემთხვევაში როგორ ავხსნათ, ნაწილი ჩინოვნიკებისა  ქვეყნიდან რომ მიდის, საკმაოდ არაორდინალური სიტუაციაა...

- მე მგონია, რომ ისინი, ვინც გადიან ქვეყნიდან, უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ისინი, ვინც რჩებიან. ამას სრულიად გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე.

რაც შეეხება იმას, რომ ვიღაც გუბერნატორებს ნიშნავს, ჩვენ ცოტა არ იყოს, ვულგარული გაგება გვაქვს ხელისუფლებისა. დაარქმევ გუბერნატორს თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, კაცს, რომელსაც ადგილზე არავინ არ დაემორჩილება. ის ვერც პროკურატურაზე, ვერც სამართალდამცველ ორგანოებზე ვერ მოახდენს ზეგავლენას.

ამის გარდა, ისტორიის გათვალისწინებით, ვგულისხმობ, ბოლო 20 წელიწადს - საკმარისია, ნებისმიერ საკრებულოში ვინმემ დაასველოს სიტყვა, რომ იცით რა ამ გამგებელს თურმე ის ჯობია, იმავე წუთს დაიწყება იქ სიტუაციის შეცვლა, ანუ ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაც არ არის საჭირო იმისათვის, რომ გამგებლები შეცვალონ. ამის უამრავი კონსტიტუციური მექნიზმები არსებობს და ეს პროცესი წავა თავისთავად.

ეს იცით რა ჰგავს? - აურზაური რომ ატყდება არაფრის გამო, თითქოს რაღაცას ებღაუჭება ყოფილი მმართველი ძალა, მაგრამ ეს კენჭების სროლაა, რომელიც არაფერს არ მოიტანს.

აქ რაზეა იცით ლაპარაკი?-  ღმერთმა ნუ ქნას და ამ ერთი  წლის განმავლობაში, სანამ პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილია რაღაც კატასტროფული შეცდომა მოხდა „ქართული ოცნების“ მხრიდან - რაღაც ისეთი, რითაც ის მოსახლეობაში რეალურ საყრდენს დაკარგავს, მაშინ ეს ყველაფერი იმუშავებს. ეს კი ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, ვერც კი წარმომიდგენია, რა შეიძლება გააკეთოს ისეთი „ქართულმა ოცნებამ“, რომ მან დაკარგოს რეიტინგი, ანუ მისი რეიტინგი გაუთანაბრდეს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, ეს წარმოუდგენელია.

თუმცა ვიღაც ამაზე აშკარად ზრუნავს, ხან ინფორმაცია ვრცელდება, რომ საქართველოში კანონიერი ქურდები ჩამოდიან, ყოველდღეა სიუჟეტები ძარცვასა და ქურდობებზე, რომელიც არავინ იცის, მართლა ხდება თუ არა, თუმცა მასაზე მუშაობს. ამას ემატება სატელევიზიო ფორმატის შეცვლა. როგორ ფიქრობთ, რაღაცისთვის ემზადებიან?

- შესაძლოა, მათ მართლაც ჰგონიათ, რომ ამით რაღაცას ებღაუჭებიან, ან თავს იტყუებენ. მართლა მძიმე მდგომარეობაში არიან.

ტელევიზიებს რაც შეეხება, როგორც გავიგე, კეზერაშვილმა გაყიდა „რუსთავი 2-ის“ წილი, ანუ მოიშორა. ის ისრაელის მოქალაქეა და ალბათ, წავა ისრაელში.

რაზედაც იყო საზოგადოება შეშფოთებული, რომ აი, ესენი ყიდულობენ მედია საშუალებებს და ა.შ. პირიქით ტრიალდება.

იცით როგორაა საქმე? - ვინც მაგათი სახე იყო, ვის მიმართაც საზოგადოებას განსაკუთრებით მიუღებელი დამოკიდებულება არ ჰქონია, ისინიც კი დღეს უკვე მიუღებლები არიან. ტელევიზიებიც ბოლომდე ხელში თუ ჩაიგდეს, საინტერესოა იქ ვინ უნდა გამოიყვანონ. ამ არხებს ხომ არავინ აღარ შეხედავს.

სამწუხაროდ, ქვეყანაში რევოლუცია მოხდა - ფსიქოლოგიური რევოლუცია. ჩვენ არჩევნები კი ჩავატარეთ, მაგრამ ამ არჩევნებში ჩაიდო რევოლუცია. ქუდზე კაცი მივიდა არჩევნებზე, ხომ გახსოვთ ეს ყველაფერი როგორც იყო, სროლა და ვარდები არ ყოფილა, თორემ ფსიქოლოგიურად ჩვენ რევოლუცია ჩავატარეთ - ვებრძოდით მტერს.

ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრაც კაპიტულაციას უფრო ჰგავდა, ვიდრე ხელისუფლების გადაბარებას. ვიზუალურადაც კი ასეთი ფონი იყო. ივანიშვილის გამოსვლა უფრო რადიკალური გახდა, ვიდრე ის საარჩევნო პერიოდში იყო.

ყველაფერს რომ შეაჯამებ, ასეთი მდგომარეობა გვაქვს და ბევრს ვფიქრობ, რისი გაკეთების თავი შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ - ყოველი ახალი ინფორმაციის შემდეგ ვერსიების ლოგიკურ ჯაჭვს ვაგებ, მაგრამ ვერ ვხედავ, რა შეიძლება მოიფიქროს გადასარჩენად.

უკვე ყოველდღე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ კომპანიის ყოფილი მფობელები აპირებენ წართმეული ქონება სასამართლოს გზით დაიბრუნონ. სავარაუდოდ, ბრალდებები სწორედნაციონალური მოძრაობისლიდერების მისამართით წამოვა. ამ პროცესის დაწყების შემდეგ ძნელად წარმოსადგენია, „ნაციონალური მოძრაობაოპოზიციის რანგშიც კი როგორ გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას...

- არ ვამბობ, რომ დეპუტატების მანდატებს დატოვებენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ წევრიანდებოდნენ ზეიდეების გამო. თუ შეხვიდოდი „ნაციონალურ მოძრაობაში“, ერთადერთი - სარგებლის მისაღებად. თუ „ქართული ოცნება“ იმას გააკეთებს ბიზნესთან მიმართებაში, რასაც ამბობს, ან თუნდაც იმის ნახევარს - არ ჩაერევა მის საქმიანობაში და ზედმეტ ფულს არ მოსთხოვს, თავისით წამოვა ბიზნესი აქეთ.

თუ ვინმე „ნაციონალებთან“ იყო, იძულებული იყო, რომ მათთან ყოფილიყო, რომ ან არ დაეჭირათ და ა.შ. დღეს თუ „ქართული ოცნება“ ეუბნება, რომ არაფერს ერჩიან, ეს პროცესი თავისით წავა და მგონია, მალე აღმოვჩნდებით სიტუაციაში, ისევე როგორც რევოლუციების შემდეგ, რომ არც ახლა გვეყოლება პოლიტიკური ოპოზიცია. აი, ეს პრობლემა ნამდვილად გაჩნდება - „ნაციონალები“ ამ ფუნქციას ვერ შეასრულებენ, ეს გამორიცხულია, თუმცა მათ ალბათ უნდათ, რომ შეძლონ.