ვინ და რატომ უნდა იყიდოს ქართული თვითმფრინავები?

ვინ და რატომ უნდა იყიდოს ქართული თვითმფრინავები?

Су-25 ერთგვარი ქართული ბრენდია, რომელსაც 1979 წლიდან მხოლოდ თბილისში აწყობდნენ...

"კვირის პალიტრაში" სტატიაში "მოიერიშეებს უფულობის გამო გაყიდიან?" ვწერდით იმის შესახებ, რომ გენშტაბი და თავდაცვის სამინისტრო ქართული სამხედრო ავიაციის Су-25 მოიერიშეების პარკის ნახევრის - ექვსი საბრძოლო თვითმფრინავის - გაყიდვას აპირებენ.

სტატიის გამოსვლიდან სამ დღეში თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა: "იგეგმება ექვსი ერთეული Су-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავის გაყიდვა, რადგან ისინი ამორტიზებულია და გარემონტებას არ ექვემდებარება".

ერთი მხრივ, მისასალმებელია თავდაცვის უწყების ასეთი ოპერატიულობა, თუმცა ცოტა გაკვირვებას იწვევს მოიერიშეების გაყიდვის მიზეზი.

თუკი მართლაც ასეა, ვინ და რატომ უნდა იყიდოს ქართული თვითმფრინავები?

ეს მოიერიშეები მე-20 საუკუნის 80-იან წლებშია აწყობილი თბილისის საავიაციო ქარხანაში და დაახლოებით 25-30 წლისაა, თუმცა, ეს არ გვაძლევს საფუძველს, უარი ვთქვათ მათ კაპიტალურ რემონტზე, რადგან მათი ექსპლუატაცია კიდევ დაახლოებით 10-15 წელი შეიძლება.

რაც შეეხება Су-25 მოიერიშის ფიუზელაჟის რესურსს, იგი 4 ათას საფრენოსნო საათს აღწევს და დაუჯერებელია, განვლილ წლებში (განსაკუთრებით კი -  შევარდნაძის ხელისუფლების დროს) მათ ამ რესურსის ნახევარი მაინც დაეხარჯათ.

ისე, ვინც არ იცის - ამერიკული და თურქული მხარეების მიერ ამ საუკუნის დასაწყისში ქართული არმიისთვის ნაჩუქარი UH-1H "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენები გასაყიდად გამზადებულ Су-25-ებზე 10-15 წლით ძველია, თუმცა, თავდაცვის უწყებაში მათი ჩამოწერა აზრად არავის მოსვლია და ეს სწორიცაა, რადგან "იროკეზის" კაპიტალური რემონტი პრობლემას არ წარმოადგენს.

ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალი გასაყიდად გამზადებული და მათი "მოძმე" მოიერიშეების მოდერნიზაცია იქნებოდა. ამის გამოცდილება, საბედნიეროდ, გვაქვს - ჯერ კიდევ 2001 წელს ებრაელი სპეციალისტების დახმარებით თბილავიამშენში "სკორპიონის" დონეზე მოდერნიზებული იქნა ერთი მოიერიშე  Су-25. მოგვიანებით საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების რამდენიმე მოიერიშეც განაახლეს "მიმინოს" პროგრამით, რაც მათ პილოტებს ღამით და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში უსაფრთხო ფრენისა და წერტილოვანი ზუსტი საჰაერო დარტყმების საშუალებას აძლევს.

თუკი "მიმინოს" დონეზე მოდერნიზებული Су-25-ის (მასზე დამონტაჟებულია თანამედროვე დასავლური წარმოების რადიოელექტრონული აპარატურა და საბჭოთა წარმოების ბომბებისა და რაკეტების გარდა, NAТO -ს სტანდარტის შეიარაღების გამოყენებაც შეუძლია) საბჭოთა Р-95 და Р-195 ტიპის რეაქტიული ძრავებიც თანამედროვე დასავლური წარმოების (მაგალითად, ფრანგული) რეაქტიული ძრავებით შეიცვლება, ეს მოიერიშე ახალ სიცოცხლეს შეიძენს. მოდერნიზებულ მოიერიშეზე სარაკეტო თავდასხმისგან თავდაცვის ულტრათანამედროვე სისტემების (სითბური და რადიოლოკაციური დამიზნების საზენიტო რაკეტებისგან თავდასაცავად) დამონტაჟების შემთხვევაში ქართული არმიის განკარგულებაში აღმოჩნდება ეფექტური საჰაერო თავდასხმის საშუალება, რომელსაც ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემებით აღჭურვილი სავარაუდო მოწინააღმდეგის სახმელეთო და საზღვაო სამიზნეზეც კი შეეძლება ზუსტი იერიშის მიტანა.