ირაკლი შენგელაია პოლიტიკაში ბრუნდება

ირაკლი შენგელაია პოლიტიკაში ბრუნდება

საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, საარჩევნოდ კიდევ ერთი მივიწყებული პოლიტიკური ფიგურა დაუბრუნდა ქართულ პოლიტიკურ ცარგვალს, - ირაკლი შენგელაიამ თანხმობა განაცხადა შეუერთდეს ახლადდაფუძნებულ „ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირს“.

ბუნებრივია, მისი ფიგურა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ იგი კავშირის ერთ-ერთ ლიდერად იქცევა. კაცმა რომ თქვას, ირაკლი შენგელაია თავად იყო 6-7 წლის წინ საქართველოში ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი წამომწყები. მაგრამ შემდგომ ეს მოძრაობა დანაწევრდა, დაიშალა სხვადასხვა ჯგუფებად და ფაქტობრივად არ არსებობდა. აქვე უნდა ითქვას, რომ ახლადშექმნილ ქრისტიანულ-დემოკრატიულ მოძრაობას ირაკლი შენგელაიას შემოერთება ამ თვალსაზრისით მხოლოდ ლეგიტიმურობას შემატებს.

შენგელაიას „განდეგილობამ“ მას ერთგვარი იმპოზანტურობაც შესძინა, თუმცა, ზოგიერთი მისი ბოლოდროინდელი განცხადება ერთობ შემაშფოთებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგალითად, ერთ-ერთი გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში შენგელაიამ კორესპონდენტს განუცხადა, რომ საქართველოს შუასაუკუნეობრივ დაქუცმაცებაში მხოლოდ უარყოფითი მომენტების დანახვა არ შეიძლება.

მაშასადამე, დაქუცმაცება შეიძლება დადებითი მოვლენაც იყოს? ჭკუათმყოფელ კაცს საკუთარ ნორმალურობაში ეჭვი შეგეპარება – ისეთ უცნაურობას გაიგონებ ზოგჯერ ქართული პოლიტოკრატიის ზოგიერთი წარმომადგენლისაგან. აბა, დაქუცმაცებაში დადებითი რა უნდა იყოს? ან რომც ყოფილიყო ობიექტურად დადებითი მომენტი (ვთქვათ, შაჰ-აბასი ესხმოდა კახეთს, მაგრამ არ ესხმოდა ქართლს) – თანამედროვე პირობებში ამის თქმა მაინც შეუძლებელია, ვინაიდან დღეს XX საუკუნის მიწურულია - ახლა თუ კიდევ დაიშალა საქართველო, მეოთხე ათწლეულშიც ვეღარ გაერთიანდება.

ერთხელ, სწორედ ასეთ საკითხებზე (მათ შორის, ირაკლი შენგელაიასთვის უსაყვარლეს „რეგიონალური მოწყობის“ პრინციპებზე საუბრისას) ნოდარ ნათაძემ, რომელსაც თავად, რასაკვირველია, ბევრი აკლია იმანუილ კანტამდე – მოპაექრე ირაკლი შენგელაიას მკვახედ უსაყვედურა: „შენი საქციელი იმას ჰგავს, ქართულ ანდაზაში რომ ითქვა – პატარძალმა ხუმრობა ვერ გაიგო და ქვევრი შებილწაო“.

თუ ირაკლი შენგელაია ახლადშექმნილ ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში კვლავ ააღორძინებს თავის „რეგიონულ იდეებს“, მაშინ ეს კავშირი იმთავითვე შეიძლება აღმოჩნდეს უმწვავესი დისკუსიების ცენტრში. თუმცა, შეიძლება მოხდეს საპირისპიროც: ირაკლი შენგელაიას აქტიურობამ დასაბამი მისცეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ურთულესი საკითხის გადაწყვეტას ან, ყოველ შემთხვევაში, ფართო დისკუსიის გაშლას ამ თემაზე;

თავისთავად ირაკლი შენგელაია ამ თვალსაზრისით „ნეიტრალური“ ფიგურაა – იგი ხელისუფლებასთან არ ასოცირდება, ვერც „რეგიონებისადმი“ არაკეთილგანწყობაში დასდებენ ბრალს, მაშასადამე, თვით ირაკლი შენგელაიაც და მასთან ერთად ახალი პარტიაც ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრის ინიციატორი გახდება.

რასაკვირველია, არ ვგულისხმობ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, - მხედველობაში მაქვს კონსტიტუციური, სამართლებრივი ნორმის განსაზღვრა და ქვეყნის ძირითად კანონში არსებული დანაკლისის შევსება.

თუმცა, „რესპუბლიკელთა“ ძალისხმევით კონსტიტუციაში ჩაიდო ნორმა, რომლის თანახმად, ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის საკითხი შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ.

დღეს უკვე ცხადია, რომ ამ ნორმამ აბსურდული ვითარება შექმნა, ვინაიდან აფხაზი და ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ სწორედ მათთან მოლაპარაკება და შესაბამისი ხელშეკრულება გახდება „ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის“ საწინდარი. მოლაპარაკება კი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს. ამიტომ, რაკი უკლებლივ ყველა ყოფილმა „საბჭოთა ავტონომიამ“ (რომელიც საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში შედიოდა იმდროინდელი კონსტიტუციის საფუძველზე), გადადგა ნაბიჯები საკუთარი სტატუსის თვითგანსაზღვრისა და საპრეზიდენტო მმართველობათა შემოღებისათვის, - საქართველოს ავტონომიას, თითქოსდა, რატომ არ უნდა ჰქონდეს ამგვარი უფლება?

ამჟამად უაღრესად მიზანშეწონილი იქნებოდა ეს ნაკლი შევსებულიყო, - საქართველოს პარლამენტს მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება, შეევსო კონსტიტუციური დანაკლისი, ხოლო აფხაზი ან ოსი სეპარატისტები დათანხმდებიან თუ არა ამ წინადადებას - გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. იმთავითვე ცხადია, რომ ნებაყოფლობით ისინი არავითარ სტატუსს საქართველოს შემადგენლობაში არ დათანხმდებიან.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ირაკლი შენგელაიას შემოერთებით „ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა“ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქცია (ანუ „სალაპარაკო თემა“) შეიძლება შეიძინოს.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, ხანგრძლივი განდეგილობის შემდეგ რა ფორმაში იმყოფება ირაკლი შენგელაია. ვგულისხმობ პოლიტიკურ ფორმას, დისკუსიის უნარს და ა.შ.

ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით, 1995 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ძალიან უცნაურად განმარტოვდა, - იგი ყურადღებით ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე.

რასაკვირველია, მისი „დაბრუნება“ ანუ პოლიტიკურად მკვდრეთით აღდგომა ერთგვარად გააძლიერებს მემარჯვენე ფლანგს. მაგრამ მთლიანობაში, ქართული პოლიტიკური სპექტრის ეს ნაწილი მეტად სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. თუ იგი არჩევნებამდე მთლიანად არ გაერთიანდა ერთ საარჩევნო ბლოკად (რაც ძალიან ძნელია, მაგრამ არა შეუძლებელი) - 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას ნამდვილად ვერ შეძლებს.

ერთგვარად სიმბოლურიცაა, რომ ირაკლი შენგელაია პოლიტიკაში ბრუნდება „ეროვნული მოძრაობის“ 10 წლისთავზე. იგი პირველი აქციების მონაწილე იყო, - მაგალითად, სწორედ მისი ინიციატივით ჩატარდა პირველი საპროტესტო აქცია 1987 წლის დეკემბერში, - დიდუბის სასაფლაოზე, „საიდანაც დაიწყო ყოველივე“.

თუ განვლილმა ათწლეულმა ეროვნული მოძრაობის დინოზავრს რეალურად შემატა გამოცდილება, მაშინ საარჩევნო კამპანიას უდავოდ კიდევ ერთი საინტერესო ინტრიგა შეემატა.