ზურაბ აბაშიძე მინისტრობის შესაძლო კანდიდატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

ზურაბ აბაშიძე მინისტრობის შესაძლო კანდიდატების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

დღეს for.ge-ს პრეს-კლუბის სტუმარი იყო სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“, ზურაბ აბაშიძე და მიმდინარე მოვლენებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. თავდაპირველად იგი კოალიციის მიერ მინისტრთა კაბინეტის დაკოპლექტებას შეეხო. აბაშიძის თქმით, უახლოეს დღეებში, პარლამენტის შეკრებამდე ცნობილი გახდება მინისტრების კანდიდატურები, რომლებსაც „ქართული ოცნება“ დაასახელებს.

„ამ საკითხის მიმართ საზოგადოების ინტერესი ბუნებრივია და პარლამენტის შეკრებამდე დასახელდებიან მინისტრები, რომლებიც ახალი მთავრობის შემადგენლობაში იმუშავებენ. უკვე დასახელებული კანდიდატები ძალიან ღირსეული პიროვნებები არიან და გარწმუნებთ დანარჩენი კანდიდატებიც, რომლებიც დასახელდებიან მინისტრებად ღირსეული ადამიანები იქნებიან“, - განაცხადა აბაშიძემ.

მისი თქმით, კონსულტაციები ამ საკითხზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს. აბაშიძემ არ დაადასტურა გავრცელებული ვერსიები კონკრეტულ მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით, კერძოდ, მან გამორიცხა ახალ მთავრობაში დავით მირცხულავას, ალეკო კარტოზიას, გიორგი გაჩეჩილაძის მონაწილეობა და აღნიშნა, რომ ყველა ამ ადამიანთან კონსულტაციები იმ კუთხით მიმდინარეობს, რათა მოსმენილი იყოს მათი აზრი იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნებიან მინისტრობის ღირსეული კანდიდატები. რაც შეეხება ასევე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა ახალ მთავრობაში მინისტრად ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძეც მოგვევლინოს, ამ კითხვის პასუხად ზურაბ აბაშიძემ მანაგაძე დაახასიათა, როგორც კარგი ეკონომისტი, საზოგადოებას გაახსენა, რომ იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იყო და ამჟამად ევროპაშიც წარმატებულაც მოღვაწეობს, თუმცა მისი გამინისტრების შესაძლებლობა არც უარყო და არც დაადასტურა.

„კონსულტაციები სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან მიმდინარეობს, რაც ხშირ შემთხვევაში აღიქმება ისე, თითქოს ისინი მინისტრობის კანდიდატებად იხილებიან. ეს ასე არ არის, უბრალოდ ამ ადამიანებთან იმ მიმართულებით მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ ვინ იქნება მინისტრობის საუკეთესო კანდიდატი“, - ამბობს აბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ ვინაიდან ზურაბ აბაშიძე პარლამენტის წევრად არის არჩეული, საკრებულოში მისი ადგილი ვაკანტური რჩება, ისევე, როგორც ვიქტორ დოლიძის, თინა ხიდაშელის, დავით საგანელიძის და კობა დავითაშვილის. აბაშიძის თქმით, თითოეულ მათგანს მათივე პარტიული სიიდან სხვა პირები ჩაანაცვლებენ, თუმცა ჯერ ვერ დააკონკრეტა, ვინ იქნებიან ეს ადამიანები. ზურაბ აბაშიძის თქმით, მას შემდეგ, რაც პარლამენტში მათი უფლება-მოსილება იქნება ცნობილი, პარტიები საკრებულოში ვაკანტურ ადგილებზე საკუთარ კანდიდატებსაც წარადგენენ.

ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა ასევე საზოგადოებაში არსებულ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნება“ მიიჩნევს თუ არა ერთ-ერთ პრიორიტეტად განათლების სფეროს და რატომ ყოვნდება განათლების მინისტრის კანდიდატურის წარდგენა. აბაშიძის განცხადებით, განათლების სისტემა კოალიციის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამიტომ ამ სისტემის რეფორმაზე სერიოზული ყურადღება არის გამახვილებული. შესაბამისად, „ქართული ოცნებისთვის“ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამ სისტემას ვინ ჩაუდგება სათავეში. ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ ეტაპზე ძალიან ბევრი ადამიანის კანდიდატურა განიხილება, რათა საუკეთესო იქნეს არჩეული.

„რა თქმა უნდა, ყველა სფერო საპასუხისმგებლოა, მაგრამ განათლების სისტემა, ისევე როგორც ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის, არის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ თავიდანვე გამოვყავით. ამიტომ ამ მიმართულებით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს. კონსულტაციების მიმდინარეობს იმ სპეციალისტებთან, რომლებსაც ეს სფერო ძალიან კარგად ესმით, მათ შორის მაია მიმინოშვილთანაც“, - აღნიშნავს აბაშიძე.

იგი კომენტარს აკეთებს თბილისის მერიის გადაწყვეტილებაზეც, რომლის თანახმადაც დაიწყო ნაგვის გადასახადის ელექტოენერგიის გადასახადისგან განცალკევებაზე მუშაობა. ზურაბ აბაშიძის თქმით, ამ გადასახადების გაერთიანება თავიდანვე დიდი შეცდომა იყო და იგი გიგი უგულავას მოუწოდებს, სანამ მათ განცალკევებაზე მუშაობას დაიწყებდა, თბილისის მოსახლეობას ამისთვის ბოდიში მოუხადოს. თავად ამ გადასახადების განცალკევებაზე კი აბაშიძე ამბობს, რომ ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან მსგავსი პრეცედენტი არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს.

ზურაბ აბაშიძემ თბილისის მერიის მიერ უსაფრთხოების ახალი სამსახურის შექმნაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მერიის არგუმენტი, თითქოს ამით ის საკუთარ ხარჯებს შეამცირებს, ეჭვს იწვევს, რადგან მერია საკუთარ ხარჯებს არასოდეს უფრთხილდებოდა.

„მიმაჩნია, რომ აქ სხვა რამეშია საქმე, ალბათ უგულავა რაღაცას უფრთხის, რაღაცის ეშინია. ალბათ იგი ფიქრობს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს იქმნის და დაცვის მექანიზმებს აძლიერებს როგორც პირადი მიმართულებით, ასევე იმ უწყებების, რომლებიც დედაქალაქის მერიის და საკრებულოს სტრუქტურაში შედის. თუკი გიგი უგულავა ფიქრობს, რომ ასეთი სამსახურების შექმნით პირად უსაფრთხოებას შეიქმნის, ეს აბსოლუტურად არაადექვატურია“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

მან პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობა უწოდა მთავრობის გადადგომას და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკვე სამინისტროებში შევიდნენ, მათ მუშაობას ეცნობიან და ყველაფერი ნელ-ნელ ლაგდება. ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პარლამენტში მისი პრიორიტეტი იქნება სამგორი და სამგორელები და ყველა ის პრიორიტეტი, რაც კოალიციას არჩევნებამდე ჰქონდა გაცხადებული. მან ვერ დააკონკრეტა, რომელი კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება თავად იყოს პარლამენტში, თუმცა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტი შეიკრიბება, ჩამოყალიბდება უმრავლესობა და უმცირესობა და არჩეული იქნებიან პარლამენტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები, „ქართული ოცნების“ წევრები გარკვეული მიმართულებების შესაბამისად კონკრეტულ კომიტეტებში გადანაწილდებიან.

ზურაბ აბაშიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დატოვა იმის გამო, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი უნდა დაიკავოს. აბაშიძის განცხადებით, არც ერთი პოლიტიკური თანამდებობა არ უკრძალავას პირს კონკრეტულ პარტიაში ყოფნას. ამიტომ კოალიციის წევრები მათ პარტიებში რჩებიან მიუხედავად იმისა, ახალ ხელისუფლებაში რა თანამდებობებზე იმუშავებენ.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით „ქართულ ოცნებას“ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს, ჟენევის მოლაპარაკებებზე კოალიციის წარმომადგენლები პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკი იმყოფებიან და ამ თემაზე უფრო დეტალურად საუბარი მათი ჩამოსვლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

„ჩვენი პრიორიტეტი არის ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია, რაც ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ არაერთხელ აღინიშნა. რაც შეეხება კონფლიქტების დარეგულირების თემას, რა თქმა უნდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ მიმართულებით იქმნება ფანჯარა, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებას ამ მიმართულებით, დიალოგის თვალსაზრისით, ყოველგვარი რესურსი ამოწურული ჰქონდა. არ მინდა ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ამ საკითხზე სერიოზული მიმართულებები იქმნება და ჩვენი შემდგომი ნაბიჯები მოსახლეობისთვის (უპირველეს ყოვლისა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის) ძალიან იმედის მომცემია. ამ მიმართულებით მომუშავე ჩვენი წარმომადგენლები უახლოეს მომავალში უფრო კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამენ“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

მისი თქმით, არსებობს დიალოგის რესურსი, რასაც კოალიცია სრულად გამოიყენებს.