„საღი აზრი უბიძგებდა, მაგრამ სამწუხაროდ,სააკაშვილში საღი აზრის დეფიციტია“

„საღი აზრი უბიძგებდა, მაგრამ სამწუხაროდ,სააკაშვილში საღი აზრის დეფიციტია“

არჩევნებში დამარცხებული მმართველი პარტია, რომელმაც ოპოზიციაში გადასვლის შესახებ განცხადება გააკეთა, პოზიციების გამყარებას ცდილობს. ეს კაგად ჩანს მის მიერ ბოლო დროს გადადგმული თითოეული ნაბიჯიდან, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში უკვე ლაპარაკობენ, რომ ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის ბოლომდე გადადგება. ამ ვერსიით,  სააკაშვილს „ქართული ოცნების“ უმრავლესობაში ყოფნის პირობებში პრეზიდენტობის სურვილი არ აქვს და ამის შესახებ მისი გუნდი უკვე ინფორმირებულია.  ამ ინფორმაციას, რასაკვირველია, მისი თანაგუნდელები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ანუ 2013 წლის ოქტომბრამდე იქნება ქვეყნის პრეზიდენტი.

მეორე მხრივ, ყოფილი უმრავლესობის წევრები, განსაკუთრებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარმოდგენილი ჩინოვნიკები, სათითაოდ იპარებიან ქვეყნიდან. ასე რომ, თუ „ნაცმოძრაობის“ ერთი ნაწილი, როგორც თვითონვე გამოუცხადეს თავისივე წევრებს, ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს, საინტერესოა, სად უჩინარდებიან ერთმანეთის მიყოლებით?

იქამდე ვიდრე გამარჯვებული კოალიცია სხვადასხვა სტრუქტურების კონტროლის უფლებას მოიპოვებს, დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი, ამ ერთ თვეში კი ბევრ „ნაციონალს“ შეუძლია იუსტიციის მინისტრივით „შვებულებაში“ გასვლა. ასეთ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის გადადგომაც ლოგიკურია, თუმცა, გაუგებარია ადგილობრივი თვითმმართველობების თავდაცვით რეჟიმზე გადაწყობა.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები უახლოეს პერიოდში, პროგნოზირება „სახალხო კრების“ წევრს ირაკლი ბათიაშვილს ვთხოვეთ.

ბატონო ირაკლი, კულუარებში უკვე ლაპარაკობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტობა აღარ სურს, თქვენი შეფასებით დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, რამ შეიძლება აიძულოს სააკაშვილი, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას?

- ამ ნაბიჯისკენ მიხეილ სააკაშვილს უნდა უბიძგოს ელემენტარულმა საღმა აზრმა, მაგრამ, სამწუხაროდ, მასში საღი აზრის ძალზე დიდი დეფიციტია, თორემ უკვე არჩევნების შემდეგ ან მანამდეც უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება - ის კადრები რომ გამოქვეყნდა, მაშინვე უნდა გადამდგარიყო.

ახლა ყველა ლოგიკით, ამ პოლიტიკურ სიტუაციაში მისი პრეზიდენტად ყოფნა სრული ანომალიაა. წესით, უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება, არ გამოვრიცხავ, ის ძალიან მალე იძულებული გახდეს გააკეთოს განცხადება და წავიდეს თანამდებობიდან - შესაძლოა, ახლა „ნაციონალებს“ უბრალოდ, დროის გაწელვა სჭირდებათ, თავიანთი ბიზნესების საკითხებისა და პირადი უსაფრთხოების მოსაგვარებლად - ამ ყველაფერს ხომ დრო სჭირდება.

თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ სრულიად სხვაგვარი გეგმა ჰქონდეთ და სააკაშვილმა ორხელისუფლებიანობაში ყოფნა მაქსიმალურად გაწელოს.

სხვა გეგმაში რას გულისხმობთ, მეორედ, უფრო სწორად მესამედ მოსვლას?

- ჩვენ ვხედავთ, რომ სერიოზულ პრეტენზიას აცხადებენ გარკვეული ბერკეტების შენარჩუნებაზე, ეს იქნება გენერალურ შტაბზე (გენშტაბის უფროსად გიგი კალანდაძის დანიშვნა ამის მაუწყებელია), ეროვნულ ბანკზე და კონტროლის პალატაზე თავიანთი კონტროლის შენარჩუნების სურვილი თუ სხვა.

ახლა ხომ ხედავთ, მერიასა და თვითმმართველობებზე უნდათ კონტროლი და მერიაში, ასე ვთქვათ, მთელი თავიანთი ზონდერ-ბრიგადებისთვის შექმნეს სპეციალური სამსახური და მერიის უსაფრთხოების სამსახური დაარქვეს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საკმაოდ რთულია რაიმე ერთმნიშვნელოვანი პროგნოზის გაკეთება.

საკუთარ მომხრეებს მართლაც არწმუნებენ, ვგულისახმობ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს, რომ  რამდენიმე თვეში ხელისუფლებაში ბრუნდებიან. შესაძლოა ,ასეთი სურვილი ჰქონდეს კიდეცნაცმოძრაობას“, მაგრამ რამდენად რეალურად გეჩვენებათ მისი განხორციელება?

- მათ ტვინში აქვთ ასეთი რაღაც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „ნაცმოძრაობის“ ჩამოშლა უკვე შეუქცევადი პროცესია. თუმცა ეს იმდენად ჭუჭყიანი ძალაა, რომ მისგან ყველანაირ ექსცესებს უნდა ველოდეთ. არ არის გამორიცხული, მათ მოინდომინ, რაღაც-რაღაც ცუდი ამბები დაატრიალონ. ამიტომ სიფხიზლეა საჭირო. მათ არ უნდა იგრძნონ თავი კომფორტში. ჯერჯერობით, კომფორტულად გრძნობენ თავს.

რას გულისხმობთ?

- მათი პასუხისმგებლობის საკითხი თანმიმდევრულად უნდა დადგეს, ეს ნომერ პირველი ამოცანაა. საზოგადოება ითხოვს დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. იგულისხმება სწორედ სააკაშვილის ხელისუფლება, რომელსაც უამრავი დანაშაული და ბოროტმოქმედება აწევს. ესენი არიან მაღალი და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებსაც ახლა ჰგონიათ, რომ ყველაფერი შერჩებათ.

სწორია საზოგადოება, როდესაც უპირველეს ყოვლისა, სამართლიანობის აღდგენას ითხოვს, თანაც, ამათ თუ იგრძნეს, რომ მათი მომკითხავი არავინ არ არის, თავისთავად ცხადია, კიდევ უფრო „გაჯეჯილდებიან“ და მერე უკვე ყველაფერი მოსალოდნელი იქნება მათი მხრიდან.

ძალიან საინტერესოა, რომნაციონალებისერთი ნაწილი ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს, ხოლო მეორე ნაწილი ქვეყნიდან გარბის, ეს არაფერზე არ მეტყველებს?

- მართალია, ადეიშვილი გასულია, ახალაიებიც, შუა რგოლებიდან „მასტერები“ და ვიღაცეები. ესეც ბოლომდე არ ვიცით - მიდიან იმისათვის, რომ რაღაც ხელსაყრელი მომენტისთვის მოემზადონ თუ საბოლოოდ ხვდებიან, რომ ყველაფერი დაკარგეს.

ცხადია, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია სახარბიელო ნამდვილად არ არის და საკმაოდ რთული პერიოდია. ასეთ შემთხვევაში როგორ ხედავთ დასავლეთის როლს - მათ იხილეს ყველაფერი, რაც სურდათ ენახათ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ხელის ჩამორთმევის ჩათვლით. როგორ ფიქრობთ,  ისინი კვლავაც შეეცდებიან რაიმე გავლენის მოხდენას იმისათვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია დალაგდეს?

- მარტო დასავლეთი კი არა, ყველა კმაყოფილია, რომ ხელისუფლების გადაცემა უსისხლოდ და მშვიდობიანად მოხდა - ეს ყველას გვიხარია. რაც შეეხება დასავლეთს, წესით, დაინტერესებული უნდა იყოს, ეს ყველაფერი როგორ განვითარდება, თუმცა ეს უფრო ჩვენზე, ქართველ ხალხსა და „ქართულ ოცნებაზეა“ დამოკიდებული.

თქვენ აღნიშნეთ, რომ ხალხი მოუთმენლად ელის სამარლიანობის აღდგენას, რომელიც, ალბათ, თავისთავად დააჩქარებსნაციონალურიმოძრაობის რღვევის პროცესს. თუმცა, გამოძიების დაწყება, საქმეების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება დროს მოითხოვს...

- იმდენი სარჩელები წამოვა, ჯერ მარტო სულხან მოლაშვილმა იმდენი რამ თქვა ტელევიზიით... რომ ჩამოვა, ჩვენებას ხომ მისცემს?! ის პირები, ვისზეც ილაპარაკა, უკვე ხომ უნდა დაკითხონ... აქ ლაპარაკია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, საქმეების აღძვრაზე. მერე სასამართლო რა განაჩენს გამოიტანს, მართლა დამოუკიდებელი სასამართლო, ეს უკვე მისი საქმეა.

ზოგს ქონება წაართვეს, ზოგი აწამეს, როგორც აწამეს სულხან მოლაშვილი გიგა ბოკერიას და ზურაბ ადეიშვილის მითითებით. ზოგს ეს აქვს დაშავებული, ზოგს - ის. ასე რომ, ამ ყველაფერზე რეაგირება აუცილებელია და არ მესმის, ეს პროცესი როგორ უნდა გაიწელოს.

ანუ, შესაძლოა, ამ პროცესის დაწყება იყოს კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი? რადგანნაციონალური მოძრაობაროგორც თვითონვე ამბობენ, 6 თვეში პარლამენტის დათხოვას გეგმავს და ასეც რომ იყოს, თუ მათი ლიდერების მიმართ გამოძიება დაიწყება, ეს თავისთავად ცვლის ამ გეგმას...

- შეიძლება სულაც გასამხნევებლად ეუბნებიან ამას თავიანთ ხალხს, რომ ახლა ისინი არ აუჯანყდნენ, ან შეიძლება, სულაც რაღაც ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან. ვგულისხმობ საერთაშორისო გეოპოლიტიკურ სიტუაციას. მოგეხსენებათ, ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, საკმაოდ დეტალურად ვადევნებ თვალს გეოპოლიტიკურ სიტუაციას და საკმაოდ ღრმად ვაანალიზებ. ასე რომ, შეიძლება, რაღაცას ელოდებონენ ან იდეა ჰქონდეთ ასეთი. საკმაოდ დინამიურად ვითარდება მოვლენები.

ამაში რას გულისხმობთ, შეიძლება რუსეთთან დაიძაბოს სიტუაცია?

- ამაზე ნაადრევია ლაპარაკი, არ გამოვრიცხავ, რომ მათ ყალბი მოლოდინები ჰქონდეთ, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მგონია ისინი რამემ გადაარჩინოს, „ნაცმოძრაობის“ დაშლა როგორც ვთქვი, შეუქცევადი პროცესია. უბრალოდ, იმას არ გამოვრიცხავ, რომ წასვლის წინ რაღაც სერიოზული მავნებლობები ჩაიდინონ. ვნახოთ, რა იქნება, ჯერჯერობით ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ყველაფერი მშვიდობიანად და კარგად მოხდა.

სხვათა შორის, წინასაარჩევნო პერიოდში ხშირად ისმოდა მისი პოლიტიკის კრიტიკა და არსებობდა პროგნოზები, რომნაციონალურ მოძრაობასმშვიდობიანად ვერავინ ვერ გაისტუმრებდა. შედეგიდან გამომდინარე, როგორც ჩანს ივანიშვილის ტაქტიკაცა და სტრატეგიაც სწორი ყოფილა, ფიქრობთ, რომ ახლაც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს?

- საკმაოდ მაღალ დონეზე განახორციელა ის ყველაფერი, რაზეც ლაპარაკობდა, ასე რომ, უნდა დაველოდოთ, აქამდე წარმატებით მიიყვანა საქმე და ვენდოთ მის ალღოს.