2008 წლის იანვრის შეხვედრების და პოლიტიკური ვაჭრობის თემა კვლავ აქტუალურია და ისეთი პირი უჩანს, კიდევ კარგა ხანს იქნება განსჯის საგანი. ამჯერად გუდას პირი მოსკოვიდან დაბრუნებულმა ნინო ბურჯანაძემ მოხსნა. დაპირებული სატელევიზიო დებატები მასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის, რომელიც თავად გაჩეჩილაძემ მოითხოვა, ისევ გაჩეჩილაძის უარის გამო ვერ შედგა.
მოძრაობა "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ შავნაბადაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შესახებ ის თქვა, რაც დავით უსუფაშვილმა გამოტოვა. უფრო გასაგები რომ იყოს, უსუფაშვილმა თქვა, პრეზიდენტობის მაშინდელმა კანდიდატმა, ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილს "სხვა კონტექსტში" უთხრა, არანაირი თანამდებობა არ მინდა, ჩემი ოცნება საადგილმამულო ბანკის შექმნააო. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ კი ეს ამბავი გადაცემა "აქცენტში" ასე გაიხსენა: "შეხვედრაზე გაჩეჩილაძემ საუბარი დაიწყო მისი ოცნების – საადგილმამულო ბანკის შესახებ. ამის მოსმენისას დავით უსუფაშვილი ლამის სკამიდან გადმოვარდა. სააკაშვილი მაშინვე დაინტერესდა, რა თანხა იყო საჭირო საადგილმამულო ბანკისთვის. გაჩეჩილაძემ უპასუხა 10–12 მილიონიო. სააკაშვილმა შეწყვიტა ამაზე საუბარი, რადგან ჩემი და უსუფაშვილის გაოგნებული სახეები დაინახა და გაჩეჩილაძეს აღნიშნულ თემაზე სალაპარაკოდ შეხვედრა მომდევნო დღეს შესთავაზა".
ბურჯანაძის თქმით, მომდევნო დღეს შეხვედრა შედგა. შემდეგ მას უკვე დამშვიდებულმა სააკაშვილმა დაურეკა და მის დამშვიდებასაც შეეცადა. "მე არ ვიცი, რაზე ისაუბრეს გაჩეჩილაძემ და სააკაშვილმა პირისპირ შეხვედრის დროს, მაგრამ სააკაშვილი დარწმუნებული იყო და მეც მარწმუნებდა, რომ გაჩეჩილაძე იპოდრომზე შეკრებილებს შეაჩერებდა", – განაცხადა ბურჯანაძემ.
ექსსპიკერი ვერ აკონკრეტებს, აიღო თუ არა გაჩეჩილაძემ ფული ხელისუფლებისგან, თუმცა აღნიშნავს, რომ, სააკაშვილისა და მერაბიშვილის მტკიცებით, გაჩეჩილაძეს თანხის ნახევარი გადასცეს. "ამ შეხვედრამდე სააკაშვილი ძალიან შეშინებული იყო. ამბობდა, "ტიტანიკზე" ვსხედვართ, რომელიც იძირებაო. შეხვედრის შემდეგ კი აბსოლუტურად მშვიდად იყო. სააკაშვილმა ხელისუფლება ოპოზიციასთან გარიგებით შეინარჩუნა და ახლაც პოულობს მათში გარკვეულ დასაყრდენს", – განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.
რაც შეეხება ბადრი ბიწაძის მტკიცებას, რომ გაჩეჩილაძეს სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ქაღალდზე დაწერილი პირობები დარჩა და რომ ის მეორე ოთახიდან ისმენდა მათ საუბარს, ბურჯანაძის თქმით, ამაზე პრესაში თავად ბიწაძე ილაპარაკებს.
"ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძის პირობით, ის დებატებში იმ შემთხვევაში მივა, თუ ვინმე შეხვედრის დოკუმენტს დადებს. ბურჯანაძე ირწმუნება, რომ სააკაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არსებობს. ის ფირები, სადაც ეს არის აღბეჭდილი, მერაბიშვილსა და სააკაშვილს აქვთ. გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არ ჰქონდეთ, თუმცა მართლაც ასე რომ იყოს, ყველაფერს უნდა ველოდოთ მისი გამოქვეყნების გარდა.
პოლიტიკური ვაჭრობა არც ნაცებისთვისაა დიდი იმიჯის მომტანი. ლევან გაჩეჩილაძეს ყოფილი ეროვნული საბჭოდან კახა კუკავა გამოექომაგა. იმის დასამტკიცებლად, რომ პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ხელისუფლებისგან ფული არ აუღია, გაჩეჩილაძეების ოჯახის ვალების ნუსხა გამოაქვეყნა. ლოგიკა: "ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა იმ ბრალდების აბსურდულობას, რომელიც არაერთხელ იქნა წაყენებული გაჩეჩილაძის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს არა მარტო გაჩეჩილაძის, არამედ ყველა იმ ადამიანის ღირსების შელახვას, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებდნენ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ", – განაცხადა კუკავამ.
ინფორმაცია გაჩეჩილაძეების ფინანსური მდგომარეობის შესახებ კახა კუკავასთვის, როგორც იურისტისთვის, სხვადასხვა დროს გაწეული კონსულტაციების დროს გამხდარა ცნობილი. მას ახლაც ურჩევია ლევან გაჩეჩილაძისთვის ამ ინფორმაციის გამოქვეყნება, რომ თუ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ხელისუფლებისგან 15 მილიონი დოლარი აიღო, ორი მილიონი ვალის გადახდა არ გაუჭირდებოდა. ჟურნალისტური ჭია მაინც გვღრღნის და ვკითხულობთ, იქნებ გაჩეჩილაძეებს სხვა ვალებიც ჰქონდათ ან იქნებ თანამოზიარეები ჰყავდათ ჰყავდათ ფულის გაყოფისას? რაც უფრო მეტი ინფორმაცია გამოდის არენაზე, მით მეტი კითხვა ჩნდება.
ლევან გაჩეჩილაძის ვალებზე ასეთი ინფორმაცია დაიდო:
2007 წელს შვედეთის მოქალაქე ფრედერიკ პოლსენისგან ლევან გაჩეჩილაძეს უსესხია ორი მილიონი დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, გაჩეჩილაძის სიდედრის საკუთრებაში მქონე თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე არსებული სახლით. ამჟამად დავალიანება, ძირითად თანხასა და საპროცენტო განაკვეთთან ერთად, 2,389 მილიონ დოლარს შეადგენს.
2009 წლის 12 იანვარს "ტაოპრივატ ბანკიდან" გამოტანილია 160 ათასი დოლარი. სესხი უზრუნველყოფილია ასევე ლევან გაჩეჩილაძის სიდედრის საკუთრებაში მქონე ბარნოვის ქუჩაზე მდებარე სახლით. დღეს ვალის ოდენობა უკვე 203 431 დოლარია.
2005 წელს "თი–ბი–სი" ბანკიდან 300 ათასი დოლარია ნასესხები და ამჯერად სანაცვლოდ ჩადებულია საგურამოს ბინა. მისი მესაკუთრეც ლევან გაჩეჩილაძის სიდედრია. ამ სესხის ოდენობა უკვე 479 ათასი დოლარია. იმავე წელს იმავე ბანკისგან გამოტანილია 200 ათასი დოლარი, რომლის სანაცვლოდ ბანკში ისევ საგურამოში არსებული სახლია ჩადებული, რომლის მესაკუთრეები ლევან გაჩეჩილაძის სიდედრი და მეუღლე არიან.
ლევან გაჩეჩილაძის ვალებზე ხმები მისი ღვინის ბიზნესის ჩაძირვის შემდეგ დადის. ამჯერად სასამართლოში დავა "ტაოპრივატ ბანკიდან" გამოტანილ 160 ათას დოლარზეა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ლევან გაჩეჩილაძის სიდედრის ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ განუცხადა, ამ ფულით ლევან გაჩეჩილაძე რადიო "უცნობს" დაეხმარა, რომლის მფლობელიც მისი ძმა იყო. ადვოკატის თქმით, რადიოში ხელისუფლების დაშინების გამო რეკლამები არ შედიოდა და ამიტომ სესხის დაფარვა ვერ მოხერხდა. ბანკმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა და გაჩეჩილაძეებს 260 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს. საქმე სააპელაციო სასამართლოშია გასაჩივრებული და დასრულებამდე სახლის გაყიდვა არ შეიძლება. მისივე თქმით, რადიო "უცნობი" გაჩეჩილაძეს აღარ ეკუთვნის.