ხარაგაულის გამგებელი გაუჩინარდა

ხარაგაულის გამგებელი გაუჩინარდა

თუ უახლოესი ერთი საათის განმავლობაში ხარაგაულის გამგებელი თორნიკე  ავალიშვილი სამსახურში არ გამოჩნდება, მის წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი შევა. თუ გამოჩნდება და გამგეობიდან გვიან ღამით წაღებულ დოკუმენტებსაც დააბრუნებს, მაშინ ხარაგაულის საკრებულოში სპეციალური კომისია შეიქმნება, რომელიც შეისწავლის ერთ კონკრეტულ საქმეს, რომლის ირგვლივაც დეტალურად ოდნავ ქვემოთ გიამბობთ.

ხარაგაულის გამგებლის გაუჩინარების ამბავი for.ge-სთვის სარწმუნო წყაროსგან გახდა ცნობილი, რის შემდეგაც ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ ნოდარ ებანოიძესთან, რომელიც “ქართული ოცნების“  წევრია; მან 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ახალ პარლამენტში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი იქნება. აქამდე ის ხარაგაულის საკრებულოს წევრი გახლდათ, “რესპუბლიკური პარტიიდან“.

ამ წუთებში ნოდარ ებანოიძე საჩივარს წერს, უცნაურობებით სახელგანთქმული ხარაგაულის გამგებლის შესახებ. ებანოიძის თქმით, თუ უახლოესი ერთი საათის განმავლობაში თორნიკე ავალიშვილი გამგეობაში არ გამოცხადდება და საბუთებს არ დააბრუნებს, ნოდარ ებანოიძე პროკურატურას ოფიციალურად მიმართავს.

“ხარაგაულის გამგეობამ 2012 წელს პროცედურების დარღვევით შეიძინა ავტომანქანა “მიცუბიშ პაჯერო“, რომელშიც 35 000 ლარი გადაიხადა. დაახლოებით ერთი თვის წინ გამგებელმა ამ ავტომანქანით ავარია გააკეთა, საჭესთან თავად იჯდა. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამ ავარიის შედეგად თორნიკე ავალიშვილს ტვინის შერყევა ჰქონდა, მანქანა დაზიანდა.

სექტემბრის დასაწყისში საკრებულოს სხდომაზე გამგებელს შეკითხვა დავუსვი და მან მანქანის დაზიანების ფაქტი უარყო. სამი დღის წინ მოვითხოვე ინფორმაცია მანქანის შესაკეთებლად გაწეული ხარჯის ირგვლივ. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ზემოხსენებული მანქანის შესაკეთებლად ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გადაირიცხა. ეს ინფორმაცია გადავამოწმე და დადასტურდა.

გუშინ დილით, 10 ოქტომბერს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოვითხოვე. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მან გააფრთხილა საფინანსო განყოფილება, რომ ჩემთვის მანქანის შესაკეთებლად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები არ გადმოეცათ.

წუხელ, ღამის საათებში გამგებელმა ბუღალტერი გამგეობაში გამოიძახა და ეს დოკუმენტები იმ საბაბით გამოართვა, რომ პირადად გადმომცემს. ამ დოკუმენტებთან ერთად გამგებელი გაუჩინარდა. დოკუმენტების გამგეობიდან გატანა კანონის უხეში დარღვევაა.

დღეს სამსახურში არ გამოცხადებულა. მას დოკუმენტებთან ერთად ეძებენ. რამდენადაც ვიცი, ტელეფონით უთქვამს კბილის ექიმთან ვარო.

პოლიციაში გადავამოწმე ინფორმაცია ავარიის თაობაზე და აღმოჩნდა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა. ამ წუთებში ვწერ მიმართვა-საჩივარს პროკურატურის სახელზე და თუ გამგებელი ერთი საათის ფარგლებში არ გამოჩნდება, პროკურატურას წერილობით მივმართავ. თუ გამოჩნდება და დოკუმენტებს წარმოადგენს, ამ საქმეს საკრებულოს სპეციალური კომისია შეისწავლის“, - გვითხრა ნოდარ ებანოიძემ.