(იბეჭდება შემოკლებით)
მსახიობ ზურაბ ცინცქილაძეს საზოგადოება სერიალ "გოგონა გარეუბნიდან" იცნობს, თუმცა იგი სხვა საქმითაც არის დაკავებული. კინოსტუდიაში მუშაობს და ამჟამად ახალი საბავშვო სტუდია დააარსა, რომელსაც "გრან–პრი" ჰქვია. თვლის, რომ ბავშვებთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა და არამარტო ასწავლის, არამედ მათგანაც სწავლობს. ბატონ ზურაბს კინოსტუდიაში ვესტუმრეთ და ბევრ საინტერესო თემაზე ვესაუბრეთ. თუ როგორი იყო მის ბავშვობაში აღდგომის დღესასწაული, ვის დაჰყავდა იგი ბავშობაში ჯიხეთის ეკლესიაში და როგორია სასწაულის მისეული აღქმა, ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ბატონო ზურაბ, სააღდგომოდ როგორ ემზადებით?
- ისევე ვემზადები, როგორც კომუნისტების დროს ვემზადებოდი, ვასრულებ სააღდგომო რიტუალებს. ახლა აღდგომის დღეებია და თუნდაც სიმბოლურია კვერცხის შეღებვაც. მაგრამ ყველამ კი არ იცის, რატომ იღებება კვერცხი სააღდგომოდ. პილატემ თქვა, სანამ კვერცხი არ გაწითლდება, იქამდე აღდგომა არ მოხდებაო და კვერცხი მართლაც გაწითლდა. 100 ადამიანი რომ გააჩეროთ და ჰკითხოთ, რატომ იღებება სააღდგომო კვერცხიო, ზუსტ პასუხს ალბათ ერთი ან ორი მათგანი გასცემს. ვამბობთ, რომ ჩვენს ბავშვობაში ეს აკრძალული იყო, კვერცხს არ გვაღებინებდნენ, ეკლესიაში არ გვიშვებდნენ. სინამდვილეში ასე სულაც არ იყო. ცოდნას ხომ არავინ გვიკრძალავდა, ანუ იმას, რომ გვცოდნოდა რა საეკლესიო რიტუალი უნდა შესრულებულიყო ამ დღეს. ალბათ, გვინდოდა ჩვენ ეს აკრძალვა და ვიკრძალავდით. რატომ არ იყო ბებიაჩემისთვის აკრძალული, რომელიც კომუნისტების დროს ეკლესიურად ცხოვრობდა და ჯიხეთის მონასტერში სანთლის დასანთებად ფეხშიშველი მიდიოდა. არავინ არ მისდევდა მას თოფით და არავინ ეუბნებოდა არ წახვიდე და სანთელი არ დაანთოო. სწორედ მაშინ იყო შეღებილი კვერცხი გემრიელი, როდესაც იცოდი, რომ ეს აკრძალული იყო. აკრძალულ სარწმუნოებას განსაკუთრებული გემო ჰქონდა. თუ ადამიანმა იცის, რას აკეთებს, ის ამ აკრძალვასაც თავისი რწმენის გამტკიცებისთვის გამოიყენებს.
თუმცა, თქვენი თაობის და თქვენზე უფროსი ადამიანებიც ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ ბავშვობაში ეკლესიაში სიარულს უკრძალავდნენ და ამ მხრივ, გარკვეული შიში არსებობდა.
- ფრიად მორწმუნე ბებია მზრდიდა და ალბათ ამიტომაც იყო, რომ აკრძალვა და მსგავსი რამეები პატარობაში არც მიგვრძნია. როდესაც სასწავლებლად თბილისში ჩამოვედი, ეკლესიაში წავედი და კომკავშირელებმა მკითხეს, შენ სად დადიხარო? ეს ძალიან გამიკვირდა და მაშინ მივხვდი, რომ აქ თბილისში აკრძალვა მართლაც იყო. იქ, სადაც მე ვიზრდებოდი, გურიაში სანთლის დანთება ჩვენთვის არავის აუკრძალია. მე ბებიასთან ერთად ჯიხეთის ეკლესიაში ხშირად დავდიოდი. ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ იმ დროს ხალხს რაღაც–რაღაცეებს უშლიდნენ, ტაძრებს ანგრევდნენ, ამით ნამდვილ მორწმუნეს რწმენა უფრო მეტად უღრმავდებოდა. ეს იგივეა, როდესაც ქალსა და ვაჟს ერთმანეთი უყვართ და ამას უკრძალავენ. სიყვარულს თუ გიკრძალავენ, უფრო გიმტკიცდება ეს გრძნობა და არა პირიქით. მორწმუნე ან ხარ, ან - არა. რწმენაში საშუალო არ არსებობს. როდესაც ვიღაც ამბობს, მე კი მწამსო და მაგრამ რაღაცას ამატებს, ე.ი. ის არაა ნამდვილი მორწმუნე. რწმენა არის უცვლელი ღირებულება, შესაბამასად, ურწმუნო ადამიანი ყველაფერს იცვლის.
წეღან ახსენეთ, რომ თქვენი გამზრდელი ბებია ძალიან მორწმუნე იყო და ალბათ, ტაძარში სიარულიც და რწმენაც სწორედ მან ჩაგინერგათ.
- ახლა რომ ვიხსენებ მას, ვაცნობიერებ, რომ იგი განსაკუთრებული რიდით აკეთებდა ამას. რწმენას რიდი უხდება, შიში - არა. ხელაღებული რომ გარბიხარ და ყველას ეუბნები, არიქა, მორწმუნე ვარო, ეს არ შეიძლება. რაც მეტი რიდით მიუდგები შენს რწმენას, უკეთესია. ბებიამ სწორედ ეს ჩამინერგა და მასწავლა პატარობიდანვე, რომ რწმენას რიდი უხდებოდა.
როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობისდროინდელი აღდგომის დღეები?
- თქვენ ახლა ძალიან კარგი რაღაც გამახსენეთ. რომ დავფიქრდი, უკვე იმდროინდელი სუნი მეცა. მახსოვს, როგორ იხარშებოდა ენდროში კვერცხები და ოხშივარი რომ ამოდიოდა. ასევე მახსოვს, როგორ ვიღებდი ქვაბიდან ცხელ კვერცხებს და ხშირად ხელიც დამიწვია. თუმცა, ხელის დაწვაც კი ტკბილად მახსენდება და მაშინაც ტკბილი იყო. თავისი სილამაზე ჰქონდა იმ შეშის ტკაცუნსაც, რომელზეც ქვაბი იყო შენთებული. მქონდა ხოლმე საოცარი შეგრძნება იმისა, რომ აღდგომა მოდიოდა. თითქოს ის დანთებული ცეცხლიც და გაზაფხულზე გაშლილი ყვავილებიც კი იმას მაუწყებდა, რომ ქრისტე სულ მალე აღსდგებაო. ახლაც იგივენაირად ვხვდები ხოლმე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ძალიან მინდა გურიაში ვიყო ამ დღეს, რადგან იქ თითქოს ამ ყველაფერს სულ სხვანაირად შევიგრძნობ. ახლაც ასე ვარ და ყოველი ახლად გაფურჩქნული ხის ყვავილი მეჩურჩულება ხოლმე, ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტადო. სხვათაშორის, სიტყვა ჭეშმარიტად ბევრს ძველქართული სიტყვა ჰგონია. სინამდვილეში იგი სპარსული სიტყვაა, „ჭეშ მარიტ" თვალით ნანახს ნიშნავს, „ჭეშ" თვალს ნიშნავს, "მარიტ" კი ნახვას. საინფორმაციო გამოშვევბებში ხშირად ამბობენ, რომ დამდეგ აღდგომას გილოცავთო. ეს სწორად არ მიმაჩნია. ჯერ ერთი, რომ აღდგომის მილოცვა ასე ხდება, მილოცვისას უნდა თქვათ „ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად!". სიტყვა დამდეგიც არ უნდა თქვან და ამას აგიხსნით რატომ. წითელ პარასკევს რომ იტყვით, დამდეგ აღდგომას გილოცავთო, რა დროს მილოცვაა, როდესაც პარასკევი არის ძალიან მძიმე დღე. ჯერ ადამიანებმა ის სიმწვავე უნდა შევიგრძნოთ, რაც გავაკეთეთ. უნდა შევიგრძნოთ, თუ რა შეუძლიათ ადამიანებს, მათ ჯვარს აცვეს ის, ვისაც ერთი კვირით ადრე ტანსაცმელს უფენდნენ. ასე რომ, წითელი პარასკევი მძიმე დღეა და ამ დროს მილოცვა მართებული არაა.
ამ აღდგომას თუ აპირებთ გურიაში წასვლას?
- არ ვიცი ჯერ, მოვასწრებ თუ არა წასვლას. უამრავი საქმე მაქვს. ხშირად ვამბობ ხოლმე, ჩემთვის დიდი კომფორტია, რომ ასეთი დაკავებული ვარ, სერიალში ვმონაწილეობ. ამან ჩემი ცხოვრება უფრო მოაწესრიგა, ზუსტად ვიცი სად და რა დროს უდა წავიდე. ადრე უფრო სხვა გრაფიკი მქონდა. არვიცი ის ძველი გრაფიკი სჯობდა, თუ ახლანდელი. დიდი სიამოვნებით წავიდოდი გურიაში. თუმცა აქ, კინოსტუდიის შენობის ეზოში ალუბლის ხე დგას და როდესაც მას აყვავებულს ვუყურებ, მგონია გურიაში ვარ.
წმინდა მიწაზე თუ შეხვედრილხართ აღდგომის დღესასწაულს?
- სამწუხაროდ, არ შევხვედრილვარ და დიდი სიხარულით შევხვდებოდი აღდგომას იერუსალიმში. საერთოდ, მე ვთვლი, რომ იერუსალიმში რა დროსაც არ უნდა ჩახვიდე, შობა იქნება, აღდგომა თუ ჩვეულებრივი დღე, მაინც საოცარი შეგრძნებაა. მართალია, იერუსალიმში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ათონის მთაზე ვიყავი და ჩემი სულისთვის ესაც დიდი დღესასწაული იყო.
იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ეკლესიურად ცხოვრობთ, როგორ ატყობთ, დღესდღეობით ქართველი ხალხი რწმენაში ძლიერია?
- არ მინდა, ჩემს თავს ამის უფლება მივცე, რომ ვიღაც გავაკრიტიკო. სამწუხაროდ, ბევრი რამ მაწუხებს, რადგან ადამიანები ისე არ იქცევიან, როგორც საჭიროა. ქართველებში მოძალებულია ცილისწამება, დანაშაულების ჩადენა, უცოდინარობა. ეს ყველაფერი სწორედ ურწმუნობის ნიშანია. წმინდა წიგნებისა და ფსალმუნების ცოდნა საჭიროა, ხალხმა უნდა აუცილებლად წაიკითხოს ეს. ხალხმა ლოცვა უნდა იცოდეს, როგორ მიმართონ ღმერთს და რა სთხოვენ. ურწმუნოა ადამიანი, რომელიც გამუდმებით სთხოვს სახელმწიფოს, გინდა თუ არა სამსახური მომეციო. მათხოვრებად კი არ უნდა ვიქცეთ, არამედ მორწმუნეები უნდა ვიყოთ. სხვათაშორის, ახლა მე ერთ პროექტზე ვმუშაობ, მე და ჩემი მოძღვარი, მამა ამირანი ფსალმუნებს ვიწერთ. ასევე შავნაბადას წინამძღოლის მამა შიოს ლექსებსაც ვწერ.
სასწაული თუ გიხილავთ და როგორია თქვენი გაგებით სასწაული?
- სასწაული არის თუნდაც ის, რომ ყოველი დაწოლის წინ ვფიქრობ, რომ არაფერი მტკივა და კარგად ვარ. ტკივილიც ხომ ღმერთისგან გამოგზავნილია იმისთვის, რომ დანაშაული კარგად გაიაზრო. დილა რომ თენდება და შაშვის გალობა მესმის, ეს უკვე სასწაულია. ისიც სასწაულია ჩემთვის, რომ გუშინ თქვენი ჟურნალიდან დამირეკეთ, ახლა შეგხვდით და ამ საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, რადგან მე ჩემს თავში რაღაც ახალი აღმოვაჩინე. ის, რაზეც არასდროს მიფიქრია, ახლა უცებ მათქმევინეთ. შენს თავში რომ რაღაც ახალს აღმოაჩენ, ეს უკვე სასწაულია. რატომღაც ადამიანები უფორ დიდ სასწაულს ელოდებიან. ჩემი აზრით კი, დიდ სასწაულს მოითხოვენ ისინი, ვინც ურწმუნონი არიან.