საშუალო ხელფასი მთლიანად უნდა უზრუნველყოფდეს მოსახლეობის სამომხმარებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. მათ შორის, კომუნალური გადასახადების გადახდას და გაუთვალისწინებელ ხარჯებისათვის გარკვეული თანხის გადადებასაც. თუმცა, დღევანდელ სიტუაციაში, როცა ყველაფერი ძვირდება, საშუალო ხელფასის ოდენობის განსაზღვრაც უფრო რთულია.
„ძნელია ზუსტად განსაზღვრო რამდენია საშუალო ხელფასი და რამდენია კარგი ხელფასი. ეს ყველაფერი, ალბათ, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, სამომხმარებლო კალათაზეც და დასაქმებულის კვალიფიკაციაზეც. ჩემი გაანგარიშებით, ვფიქრობ, რომ ჩემთვის, დაახლოებით, 3 000 დოლარი იქნება მისაღები ხელფასი. კარგი ხელფასი უკვე იქნება ის, რომელიც მოგზაურობის საშუალებასაც მომცემს და მისი მეშვეობით გარკვეულ დანაზოგსაც გავაკეთებ.
სხვა საქმეა, რამდენი ლარია საჭირო არსებობისთვის. თუ გავითვალისწინებთ დღესდღეობით ფასების ზრდის ტენდენციებს, არსებობისთვისაც საკმაოდ ბევრია საჭირო. სულ მცირე, 1000 ლარი მაინცაა საჭირო ერთი ოჯახის შესანახად. ესეც იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერზე უარს იტყვი და მარტო პირველადი მოხმარების საგნებით დაკმაყოფილდები.
კომუნალური გადასახადებისათვის, საშუალოდ, 300 ლარია საჭირო, მგზავრობისათვის - 200 ლარი, საკვებისთვის 700 ლარი მაინც დაგჭირდება. ტანსაცმელი კატასტროფულად ძვირია საქართველოში. ყველაფერი რომ დავიანგარიშოთ, ჯამში ბევრი გამოგივა. მინიმალური ხელფასით ცხოვრება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. 200 ლარით ერთ თვეში როგორ უნდა იცხოვრო? გამოდის, რომ ყველაფერზე უარი უნდა თქვა", - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბარში გელა ამირეჯიბმა.
ნათია ბურძენიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ადამიანის შრომას არ აფასებენ. ჩვენთან, ხშირად, დაქირავებულებს იმაზე ნაკლებ ხელფასს აძლევენ, ვიდრე რეალურად ეკუთვნით:
„ჩემი აზრით, საქართველოში ადამიანის შრომას არ აფასებენ. ხელფასები შრომასთან ძალიან შეუსაბამოა. პირადად მე, ხელფასი 1500 ლარი მაქვს და საწუწუნო, ნამდვილად, არაფერი მჭირს. ჩემი აზრით, ერთ ადამიანს ნორმალური არსებობისთვის 800 ლარი მაინც უნდა ჰქონდეს ხელფასი. ჩვენთან, ალბათ, კარგი ხელფასია 1 000 ლარზე ზემოთ.
დამქირავებლები ცდილობენ რაც შეიძლება მეტად დატვირთონ თანამშრომლები სამუშაოთი და ანაზღაურება მცირე მისცენ. კომპანიის მოგებას ეს განაპირობებს. ბიზნესმწარმოებლები ცდილობენ რაც შეიძლება ცოტა დანახარჯი ჰქონდეთ ხელფასზე. რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არასწორი მიდგომაა. ყველა ადამიანს შესრულებული სამუშაოსა და კვალიფიკაციის მიხედვით უნდა მისცე ანაზღაურება. თუმცა, ასევე არასწორია თანამშრომლების სურვილი, რომ რაც შეიძლება მეტი ხელფასი ჰქონდეს. კომპანიასაც ხომ უნდა დარჩეს გარკვეული მოგება", - მიაჩნია ნათია ბურძენიძეს.
საქართველოში უმუშევართა რაოდენობა ძალიან მაღალია. ძალიან ბევრი შრომისუნარიანი ადამიანი სამსახურის გარეშეა დარჩენილი. ასეთ ფონზე, ბევრისათვის 500 ლარიც კი მისაღები ხელფასია. სხვა საკითხია, რაში შეიძლება იმყოფინო ეს თანხა.
„საქართველოში საშუალო ხელფასი, სავარაუდოდ, 250-300 ლარია. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი 500 ლარზეც თანახმაა. იგი ფიქრობს, რომ ეს კარგი ხელფასია. თუმცა, სინამდვილეში ასე არაა. ამ თანხით დღეს ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ხელფასის გამოანგარიშებისას გასათვალისწინებელია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, სამომხმარებლო კალათა, ქვეყანაში ინფლაციის დონე.
დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სულ მცირე 800 ლარი მაინც უნდა გქონდეს, სამსულიანი ოჯახი რომ შეინახო. რა თქმა უნდა, ამ 800 ლარში არ შედის გართობისა და დასვენების ხარჯები, ეს ფული საკმარისია მხოლოდ საკვებისთვის, ტრანსპორტირებისა და კომუნალური გადასახადებისთვის.
მე ვისურვებდი 2000 ლარი მქონდეს ანაზღაურება. ამ თანხის შესაბამის სამუშაოსაც შევასრულებდი. დღესდღეობით, რეალურად, უფრო დიდ სამუშაოს ვასრულებთ, ვიდრე ანაზღაურება გვაქვს. 2 000 ლარით მოვახერხებდი დამეკმაყოფილებინა ყველა პირველადი მოთხოვნილება, ცოტა დანაზოგიც მქონოდა და ამ დანაზოგით დასასვენებლად წავიდოდი. საქართველოში სამსახურის შოვნა ძალიან ძნელია. ამიტომ, ოღონდ რამე იშოვნონ და მინიმალურ ანაზღაურებაზეც კი თანახმანი არიან", - გვითხრა ნიკა ყოჩიაშვილმა.
როგორც წესი, მოსახლეობა თავისუფლად განსაზღვრავს ცუდ ხელფასს. კარგ და მისაღებ ხელფასზე კი ამბობენ, რომ რაც უფრო მეტი ექნებათ, უკეთესი იქნება.
ია ჭყონია მიიჩნევს, რომ საქართველოში ბევრი ადამიანისათვის 1000 ლარი სრულიად მისაღები ხელფასია:
„ცუდ ხელფასად მივიჩნევ ისეთ ხელფასს, რომელიც გამომუშავებაზეა დამოკიდებული. ეს, მართლაც, საშინელებაა. როგორც წესი, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო თუ გინდა ჰონორარი იმდენი გამოგივიდეს, რომ თვიდან თვემდე თავი გაიტანო. მისაღებ ხელფასს ყველა ადამიანი თავისებურად განსაზღვრავს. ეს ყველაზე მეტად დამოკიდებულია ოჯახში წევრთა რაოდენობაზე.
კიდევ უფრო რთულია კარგი ხელფასის განსაზღვრა. როგორც წესი, ვფიქრობთ, რაც მეტი მით უკეთესიო, ალბათ, ათას ლარის ზემოთ ანაზღაურები უკვე ნორმალურ ხელფასად უნდა ჩავთვალოთ. ესეც საქართველოს პირობებში. ძალიან ბევრი ადამიანი უმუშევარია, უმეტესობას ხელფასი 500 ლარი აქვს. ასეთ ფონზე 1000 ლარი, მართლაც, მისაღები ხელფასია", - თვლის ია ჭყონია.