საქართველო ევროკავშირს, აშშ-ს და რუსეთს შორის

საქართველო ევროკავშირს, აშშ-ს და რუსეთს შორის

საარჩევნო გამარჯვების შემდეგ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს მიზნად რჩება. თუმცა ივანიშვილმა ასევე იცის, რომ რუსეთის კეთილგანწყობის გარეშე, წარმატებული საგარეო პოლიტიკის წარმოება თითქმის შეუძლებელია.

საქართველოში არჩევნებში გამარჯვებული, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის კაბინეტი დიპლომატიური და ჭრელი იქნება. ვიცეპრემიერად და ინფრასტრუქტურის მინისტრად კახა კალაძე მოიაზრება. მის სახელს ხშირად უკავშირდებოდა ხმაურიანი თემები. მაგალითად 2001 წელს, კალაძე 16 მილიონი ევროს სანაცვლოდ კიევის დინამოდან საფეხბურთო კლუბ მილანში გადავიდა და ამით საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. 34 წლის კალაძე არც ფუნქციონერი, არც ტექნოკრატი და არც პოლიტიკოსია. მაგრამ ის პოპულარულია, სახალხო გმირია და ქვეყნის შიგნით ახალი სახელისუფლებო გუნდის შესანიშნავი სარეკლამო ფირნიში.

ქვეყნის გზა არ უნდა იყოს ცალმხრივი

ქვეყნის გარეთ კი მაია ფანჯიკიძემ უნდა იმუშავოს. ის გერმანიაში ელჩად მუშაობდა და ამიტომ გერმანიას კარგად იცნობს. მაგრამ მისი გზა, ისევე როგორც ქვეყნის, არ უნდა იყოს ცალმხრივი. ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება საქართველოს გეოსტრატეგიულ მიზნებად, ვაშინგტონი კი უმთავრეს პარტნიორად რჩება.

თუმცა პოლიტიკურმა სტრატეგებმა თბილისში ისიც იციან, რომ რუსეთის მინიმუმ კეთილგანწყობის გარეშე წარმატებული საგარეო პოლიტიკის კეთება შეუძლებელია. 2003 წლის ვარდების რევოლუციის ყოფილმა გმირმა და მგზნებარე პატრიოტმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის ზაფხულში სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთზე სამხედრო თავდასხმით რუსეთთან ომის პროვოცირება მოახდინა და მოსკოვთან ურთიერთობა დაანგრია.

“ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება”

ყოფილი ელჩი გაეროში და ივანიშვილის თანამებრძოლი ირაკლი ალასანია ამ ჭრელ კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იქნება. ეს იქნება “ჭეშმარიტად სახალხო ხელისუფლება” ამაყად აცხადებს მომავალი პრემიერმინისტრი. ივანიშვილს დიპლომატიური მოქნილობის მქონე თანამებრძოლები სჭირდება, რათა ქვეყნის ეროვნულ მთლიანობას მიაღწიოს.

ეს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ფედერალურ რეინტეგრაციას გულისხმობს. ივანიშვილს სჭირდება სახალხო გმირები, რათა არ დაკარგოს ხალხი, რომელმაც მას ნდობა გამოუცხადა. მას სჭირდება ასევე გამართლება და შანსი, რომელიც ევროპამ უკვე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მისცეს.
foreignpress.ge