(იბეჭდება შემოკლებით)
„პარიზი საოცარი ქალაქია, მაგრამ ყველაზე მეტად იქ სხვა რამემ გამაოცა. მე და „ცისფერ ტრიოს“ კონცერტები გვქონდა, ბიჭებმა თქვეს „ჭრიჭინა“ გადის და მოდი, ვნახოთო.
გავგიჟდი, გული ამიჩუყდა, „ჭრიჭინას“ საფრანგეთში რა უნდა-მეთქი? მოკლედ, სიხარულით შევდივარ დარბაზში. ბნელა, ფილმი უკვე დაწყებულია.
მე წინ მივდივარ, ისინი უკან მოდიან. ადგილს ვეძებ, რომ დავსხდეთ. უცებ ეკრანს ავხედე და გავშტერდი. მომატყუეს და პორნოფილმზე შემიყვანეს, ქალს ფეხები აქვს აპარჭყული და შიშველი კაცი დგას.
სად გავქცეულიყავი, აღარ ვიცოდი. სკამს ფეხი წამოვკარი, შუა დარბაზში გავითხლაშე, მაყენებენ და თან ვერც მაყენებენ. ფეხი ვიტკინე, ესენი სიცილით იხოცებიან. ვერ ვიტან ასეთ ფილმებს, რაში მაინტერესებს სხვისი კოცნა და ხვევნა?
აზერბაიჯანში ათკაციანი დელეგაცია ვართ. ბოლო დღეა, კონცერტი ჩავატარეთ. დიდი ბანკეტი მოგვიწყვეს. თამადა არაჩვეულებრივი ბიჭია, დიდი, ლამაზი ულვაშებით. ისეთი ულვაშები ჰქონდა, კბილები არ უჩანდა.
ეტყობა, მასაც მოვეწონე და ოთხი კაცი გამომიგზავნა - ეთერ ხანუმ, შეიძლება თამადის მეოთხე ცოლი გახდეთო? კინაღამ გავგიჟდი. მეორე დღეს ეს კაცი სასტუმროში მოვიდა დიდი თაიგულით. არ იცინის, ვიფიქრე, რა უბედურებაა? თაიგული დადო, ვიღაცამ რაღაც უთხრა და გაიღიმა. ოცდათორმეტივე კბილი ოქროსი ჰქონდა, ეს რომ დავინახე, გული კინაღამ წამივიდა“.