ქართული ბიუროკრატიის მოკრძალებული ხიბლი

ქართული ბიუროკრატიის მოკრძალებული ხიბლი

დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დალხენილ ფენა ჩინოვნიკებია - ისინი წარმოადგენენ ჩვენი საზოგადოების ელიტას, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე უზრუნველად ცხოვრობს და ყველა პრივილეგიით სარგებლობს.

ქართული გამჭვირვალება

ნებისმიერი ღატაკი რაიონის გამგებელს ძვირადღირებული სახელმწიფო მანქანა ემსახურება, თანაც – მძღოლით. საუბარი აღარ არის ცენტრალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე - ამ პატივცემულ გვამებს სტატუსის ხაზგასასმელად, მანქანების ესკორტი და პირადი დაცვა დაყვებათ. ისინი არიან მოდური რესტორნების, ბარებისა და ძვირადღირებული დასასვენებელი კომპლექსების მუდმივი სტუმრები; ქართული მედიის დიდი ხელშეწყობით, სწორედ ნომენკლატურა ქმნის ბომონდს, ერთგვარ ქართულ „ბოლივუდს“ - მათ იწვევენ გასათობ ტოკ-შოუებში, მათ ყოველდღიურ გლამურს აღწერენ ყვითელ ჟურნალებში; სახელმწიფო ჩინოვნიკების Dolce Vita -ს გვიჩვენებენ ამა თუ იმ სპეციალურ ტელეგადაცემაში.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჩინოვნიკებისგან ქართული საზოგადოების გმირებს ქმნიან.

ნომენკლატურის მუდმივი ზეიმი დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ჩვენი ცხოვრების თანამდევია, მაგრამ არასდროს ეს ზეიმი არ გამხდარა ასეთი ვულგარული და აფიშირებული, როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ.

ახალი ფორმაციის ჩინოვნიკებს საკმაოდ დიდი შემოსავლები დაუნიშნეს, რომელიც მოიცავდა როგორც ჯამაგირს, ასევე პრემიებს. სააკაშვილის ხელისუფლება საერთაშორისო ოგანიზაციებში ნამუშევარი, დასავლეთში ნაცხოვრები ბიუროკრატით ამაყობდა. ახალი კადრები შევარდნაძის კამარილიისგან განსხვავებით, ქრთამებს არ იღებდნენ. ამას, გარდა, ხელისუფლების მტკიცებით, გაცილებით კვალიფიციურები, განათლებულები და შრომისმოყვარენიც იყვნენ.

„ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად გამჭვირვალეა“ - აცხადებდა პრეზიდენტი. მაგრამ საზოგადოებამ დღემდე არ იცის რამდენი იყო ამა თუ იმ თანამდებობის პირის ხელფასი, ან რა დამსახურებისთვის გამოეწერებოდათ მათ ყოველთვიური პრემიები. პარადოქსია, მაგრამ გამჭვირვალე ადამინისტრაციული შენობების ქვეყანაში, ადმინისტრაციის შემოსავლები, საკმაოდ სადავო კანონის ძალით, დღემდე გასაიდუმლოებულია!

კანონის თანახმად, ყველა საჯარო მოხელე ვალდებულია წელიწადში ერთხელ ფინანსური და ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დეკლარაცია შეავსოს. დოკუმენტები საჯარო სამსახურის ეროვნული ბიუროს საიტზე ქვეყნდება - მართლაც გამჭვირვალებისკენ გადადგმული ნაბიჯია! დეკლარაციის შევსების ვალდებულება 2500 თანამდებობის პირს აქვს, პრეზიდენტიდან დაწყებული, გამგებლებითა და მერებით დამთავრებული. თუმცა, წლიდან წლამდე, დეკალარაციების რაოდენობა განუხრელად მცირდება: საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით, 2008 წელს , 651 დეკლარაცია შეავსეს. 2010 წელს კი მხოლოდ 45.

თანამდებობის პირის შემოსავალი რამდენიმე კომპონენტით - ხელფასით, პრემიებითა და ე.წ. სხვა შემოსავლებით იქმნება. ამ მონაცემების შესაბამისი გრაფები კი დეკლარაციებში არ მოიპოვება. ფინანსური მდგომარეობა მხოლოდ წლიური შემოსავლით აისახება. დანარჩენი ინფორმაცია დახურულია.

ბოლო წლებში დეკლარაციების სისწორის შემოწმება რამდენიმე მედია საშუალებამ სცადა, რომელთაც მოხელეების ფეშენებელური სახლების ფოტოები მოიპოვეს. პრემიებით კი „საერთაშორისო გამჭვირვალეობა“ და „ახალგაზრდა იურისტები“ დაინტერესდნენ, თუმცა - ამაოდ. ამა თუ იმ თანამდებობის პირისთვის კონკრეტულ პერიოდში გამოწერილი პრემიების ოდენობის დადგენა სასამართლოს ძალითაც ვერ მოხერხდა. ყველა შემთხვევაში, სასამართლომ გადაწყვეტილება მოხელის სასარგებლოდ გამოიტანა.

როგორც სტატიის დასაწყისში ითქვა, გაზაფხულზე, ნაციონალებმა საჯარო ინფორმაცია უკვე კანონის ძალით გაასაიდუმლოვა: ადმინისტრაციულ კოდექსში შესული საკანონმდებლო ცვლილებით, ხელფასი და პრემია პირად მონაცემებს მიაკუთვნა და დახურულად გამოაცხადა. მედიისა და არასამთავრობო სექტორის პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა ცვლილება დაამტკიცა. თუმცა, ჩინოვნიკების შემოსავლებზე ინფორმაციის მოპოვება საკანონმდებლო ცვლილებამდეც, უმეტესად, მიუწვდომელი იყო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი ეკონომიკურის სკოლის“ პრეზიდენტის, პაატა შეშელიძის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება: „სახელმწიფოს არსი საჯაროობაა. ყველა ხარჯი ღია უნდა იყოს და თან - დასაბუთებული. როცა ეს არ კეთდება, ბუნებრივია, კორუფციასთან გვაქვს საქმე! სახელმწიფო ჩინოვნიკების რაოდენობა საკმაოდ დიდია. აქედან გამომდინარე, დიდი შემოსავლებით მათი გულის მოგება მმართველი ელიტის ძალაუფლებას განამტკიცებს - ამბობს შეშელიძე - რაში იღებენ ჩინოვნიკები ხელფასივით რეგულარულ პრემიებს? მათთვის ჯამაგირი მოემატებინათ და ეს დაესაბუთებინათ!“

მოუსყიდავი ბიუროკრატია, ანუ, ჩვენი საზოგადოების გმირები!

თანამდებობის პირთა ხარჯები სახელმწიფო მანქანებზე, საწვავზე, ტექმომსახურებაზე, დაცვით უზრუნველყოფასა და სატელეფონო კომუნიკაციაზე, ხაზინის ოპერატიული ინფორმაციაა და სახელმწიფო ბიუჯეტის „სხვა ხარჯებით“ ცნობილ მუხლშია თავმოყრილი. ეს მუხლი კი გასაიდუმლოებული გახლავთ.

პრემიებსა და პერსონალურ მანქანებზე ინფორმაცია, პერიოდულად, საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში ქვეყნდება. ისიც იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის გასაჯაროვებას თავად უწყება მისცემს მწვანე შუქს. მაგალითად, აგვისტოში ჩამოყალიბებული დასაქმების სამინისტროს თანამშრომლებს, რატომღაც 42 ათასი ლარის პრემია გამოუწერეს. გაურკვეველია, რა დამსახურებისთვის - 100 კაცი მაინც თუ დაასაქმეს? საინტერესოა, კიდევ ერთი მონაცემი: ახლადდანიშნულ დასაქმების მინისტრს Audi A6 ემსახურება; მოადგილეს - Kia Cadenza, აპარატის უფროსს კი - Toyota Landcruiser Prado. დამეთანხმებით, გაუმართლებლად ძვირი სიამოვნებაა საქართველოსნაირი ღარიბი ქვეყნის ჩინოვნიკებისთვის. მსგავს ფუფუნებას - „ლენდ კრუიზერში“ აგრიალონ აპარატის უფროსები, ევროპის მდიდარი ქვეყნების არცერთ ხელისუფლება არ დაუშვებს.

საჯარო მოხელეთა ხელფასებს სახელმწიფო ინსტიტუტების კანონქვემდებარე აქტები განსაზღვრავს. მაგალითად, პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით, დადგინდა , რომ მინისტრის ხელფასი 3.540 ლარია. პირველი მოადგილის - 2.940, მეორე მოადგილის - 2.720 ლარი.

„საერთაშორისო გამჭვირვალების“ წარმომადგენლებმა, 2011 წლის ანგარიშში, მაღალი რანგის მოხელეთა შემოსავლების შეისწავლეს: პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული წლიური ხელფასი დეკლარაციაში მითითებული შემოსავალის საერთო რაოდენობას გამოაკლეს და დაადგინეს, რომ ჩინოვნიკებს ხელფასის 120 % -ის ოდენობის პრემიებ ეწერებოდათ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის შემოსავალმა გასულ წელს 97 355 ლარი შეადგინა. რამხელა იყო მისი ხელფასი, არ ვიცით. კანონის თანახმად, 42 480 ლარი ხელფასის სახით უნდა აეღო. გამოდის, რომ მინისტრის პრემიებს 54 875 ლარი შეუდგენია, ანუ ხელფასის 129%. წლიური შემოსავლის თვეებზე გადანაწილებით 8 112 ლარს მივიღებთ. ამას დავუმატოთ სახელმწიფო მანქანის ხარჯი, მივლინებები და სატელეფონო საუბრები და გლამურული ცხოვრება...როგორც გაზეთ „ინდიპენდენტის“ მიმომხილველი წერს, „მინისტრს ქონდა მცირე პასუხისმგებლობა და დიდი გარდერობი“. ხოლო ციხის სკანდალზე განცხადებას „საპარიკმახეროდან ახალგამოსული და სუნამონაპკურები აკეთებდა“ .

სხვა ჩინოვნიკებისგან განსხვავებით, მისი დეკლარაცია გაცილებით ინფორმატიულია: მითითებულია 10 ათას ლარზე მეტი ღირებულების „როლექსის“ საათი და „ჰიუნდაის“ მარკის მანქანა; არც უძრავი ქონება აქვს დამალული. 100 კვ, მეტრი ფართის ბინა კრწანისის ჩიხში კალმახელიძეს თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აქვს შეძენილი. დეკლარაციის თანახმად, მინისტრს შარშან 85 000 დოლარის სესხი აუღია „ლიბერთი ბანკიდან“, საიდანაც 42 000 ლარი დაბრუნებული აქვს.

ნიკა გილაური - ყოფილი პრემიერის 2008 წლის შემოსავალი 114 000 ლარია, ანუ, თვეებზე გადანაწილებით - 9500ლარი. 2011 წელს შემოსავალი 34 %-ით გაიზარდა და 152 150 ლარი შეადგინა. ანუ, ყოველთვიურად, დაახლოებით - 12 700 ლარი. ფუფუნება გილაურსაც ძალიან ყვარებია – ჩინეთში ვიზიტის დროს, ყოფილი პრემიერი სასტუმროს იმ ნომერში ცხოვრობდა, რომელშიც ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა! საპრეზიდენტო ნომრების ფასი, როგორც წესი, 5000 დოლარიდან იწყება. ჩვენი პატარა, განვითარებადი ქვეყნის პრემიერი ზესახელმწიფოს ლიდერზე ნაკლებ ნომერს როგორ იკადრებდა!

უნდა ითქვას, რომ დასავლეთის ქვეყნები, კრიზისის გამო, წლიდან წლამდე ბიუროკრატიაზე გასაწევ ხარჯებს ამცირებენ - კრიზისით დაზარალებულ ყველა ქვეყანაში საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს პრემიები გაუუქმეს, შეუმცირეს ხელფასები. საქართველოს, როგორც ჩანს, კრიზისი არ ეხება. ამიტომაც, ჩინოვნიკების შემოსავლები განუხრელად მატულობს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 2009 წელს 83 088 ლარი, ანუ, თვეებზე განაწილებით, 6 924 ლარი მიიღო, 2011 წელს - 10% - ით მეტი, ანუ - თვეში, 7 700 ლარი.

შემოსავლის ზრდის კუთხით უდავო ჩემპიონია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კოტე კუბლაშვილი, რომელმაც 2008 წელს 79 944 ლარი, ანუ, თვეებზე გადანაწილებით, 6 662 ლარი მიიღო. 2010 წელს კი შემოსავალი 62 % -ით გაიზარდა და თვეში 10 616 ლარი შეადგინა, ანუ, წელიწადში - 127.392 ლარი.

პარადოქსია, მაგრამ კუბლაშვილის მოადგილე, მიხეილ ჩინჩალაძე, იმავე წელს ყოველთვიურად თავმჯდომარეზე მეტს - 16 180 ლარს იღებდა. რგორც ჩანს, სასამართლოს ხელმძღვანელთა ასეთი დაფასება გამამართლებელი განაჩენების მიზერულმა მაჩვენებლმა განაპირობა.

გივი თარგამაძე, შევარდნაძის „კლანის ანატომიის“ ცნობილი პუბლიკაციების სერიის ავტორი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს 2003 წლიდან ხელმძღვანელობს. თარგამაძის ხელფასი 2008 წელს, თუკი დეკლარაციაში მოცემული წლიური თანხით ვიმსჯელებთ, 4238 ლარი იყო; 2010 წელს - 5426 ლარი გახდა. დეკლარაციის მიხედვით, გივი თარგამაძეს მოძრავი ქონება არ გააჩნია, მაგრამ მისი მეუღლე საკმაოდ ძვირადღირებულ მანქანებს იცვლის: დაიწყო შედარებით მოკრძალებული „ტოიოტა რავ 4“-ით, შემდეგ 55 ათას დოლარიანი „ნისან ინფინიტით“ გააგრძელა; დღესდღეობით, 60 ათას დოლარიანი „ბეემვე 5 გრანდ ტურიზმოთი“ დადის.

დედაქალაქის მერმა, გიგი უგულავამ, 2009 წელს მიიღო 93.444 ლარი შემოსავალი, ანუ, თვიურად - 7 787 ლარი, 2011 ში კი 7 950 ლარი. გასაკვირია, შემოსავლის ასეთი მცირე - ორპროცენტიანი ზრდა, როცა ბიუროკრატიის დანარჩენი ნაწილისათვის, შემოსავლის საშუალო ზრდა წლიდან წლამდე 20 % - ია

ჩინოვნიკების მეუღლეების დიდი ნაწილი სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული და ქვეყნის საკეთილდღეოდ იღწვის: უგულავას ცოლი, ლელა კილაძე, 2011 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კულტურულ ღონიძიებათა სამსახურის უფროს მრჩევლად მუშაობდა თვეში 3 480 ლარიან ხელფასზე. პარლამენტის თავმჯდომარის მეუღლე, მაკა მეტრეველი, კილაძის მსგავსად, პრიორიტეტს კულტურულ საქმიანობას ანიჭებს: თბილისის სოც.მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტია. მისი ანაზღაურება დეკლარაციის მიხედვით, შედარებით მოკრძალებულია - 1243 ლარი თვეში. მეტრეველს ჰობიც აქვს - მაღალი მოდის ინდუსტრია. ის LLC "Fashion Group"-ის და LLC "Georgian Fashion Company"-ის პარტნიორი იყო, მაგრამ ამ საქმიანობით, როგორც დეკლარაციაში აცხადებს, არანაირი შემოსავალი არ მიუღია.

ყველაზე საინტერესო პრეზიდენტის შემოსავალია. ის ზემოთჩამოთვლილი ყველა მოხელეზე ნაკლებს იღებს. როცა, მიღებული პრაქტიკის თანახმად, ქვეყნის პირველი პირი ბიუროკრატიულ იერარქიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი უნდა იყოს.

სააკაშვილმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაში 2011 წელს 56 400 ლარი მიიღო, ანუ, ყოველთვიურად 4700 ლარი, რაც ოდნავ აჭარბებს საზოგადოებრივი მაუწყებლის რომელიმე თოქშოუს წამყვანის ჯამაგირს. რადგან სააკაშვილი მაჰათმა განდის სადა ცხოვრების წესით არ გამოირჩევა, უნდა ვივარაუდოთ, იგი ამ „მოკრძალებული“ ხელფასით აშკარად ვერ დაკმაყოფილდება.

დადგენილი კანონით, თანამდებობის პირმა დეკლარაციაში უნდა მიუთითოს 1500 ლარზე მეტი ხარჯი. არცერთ თანამდებობის პირს ეს გრაფა შევსებული არ აქვს. როგორც ჩანს, ამხელა შემოსავლების მქონე ადამიანები ახლადმოქცეული პროტესტანტებივით ხელმომჭირნედ ცხოვრობენ, ან ხარჯებს მალავენ.

ევროპული გამჭვირვალება

საჯარო ინფორმაციის გამჭვირვალებისა და სახელმწიფო თანხების ხარჯვის კუთხით საინტერესოა საქართველოს შედარება ევროპის რომელიმე სახელმწიფოსთან, მაგალითად, ჰოლანდიასთან, საიდანაც სახელმწიფო მართვის ეფექტურობის მიზნით, ჩვენმა ხელისუფლებამ ბევრი რამ გადმოიღო (უნდა ვივარაუდოთ, ჰოლანდიის გავლენა პირველი ლედის ფაქტორმა განაპირობა).

ამ ქვეყნის არცერთი მოხელე არ სარგებლობის სახელმწიფო მანქანით. მსგავსი ფუფუნება მდიდარი ჰოლანდიის მთავრობას სრულიად ზედმეტად მიაჩნია. პრემიერ მინისტრი, მინისტრები, მერები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები - ყველანი საკუთარი ავტომობილებით დადიან. ქვეყანაშიმაღალი რანგის სტუმრების ვიზიტის დროს კი, სპეციალიზირებული კომპანიებისგან ლიმუზინებს ქირაობენ.

თანამდებობის პირების ხელფასები, ევროპის კრიზისთან ერთად, მკვეთრად შემცირდა. პრემიერის წლიური სარგო 180 ათასიდან 144 ათას ევრომდე შეიკვეცა, რაც, თვეში 12 000 ევროს შეადგენს. სახელმწიფო სექტორში , პრემიერის ანაზღაურება ყველაზე მაღალია. მინისტრების სარგო - დაახლოებით 10 ათასი ევროა. პარლამენტარები - 6-7 ათას ევროს იღებენ, ქალაქის მერები, 5-იდან 10 ათასამდე (ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხდვით). ყველა მათგანი ე.წ. სხვა ხარჯებისთვის ხელფასის 8%-ის ოდენობის თანხას იღებს ყოველთვიურად, რაც, პრემიერის შემთხვევაში, 960 ევროს შეადგენს. თანხა გამოიყენება ბენზინის, მანქანის მომსახურების, კვების ხარჯების დასაფინანსებლად. ყველა ხარჯი გამჭვირვალეა და შესაბამისი ჩეკით დასაბუთებული.

რაც მეტია ანაზღაურება, მით იზრდება საშემოსავლო გადასახადი, რომელიც მაღალი ხელფასის შემთხვევაში, 50 %-ს აჭარბებს.

დაცვის მომსახურებით არავინ სარგებლობს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა - როცა ადგილი აქვს მუქარებს და ადამიანის სიცოცხლის მიმართ საფრთხეს. ბიუროკრატიის დაფინანსებისას იგივე პრინციპი მოქმედებს ბენელუქსის სხვა ქვეყნებსა და სკანდინავიაში.

ჰოლანდია ე.წ. „კეთილდღეობის ქვეყანაა“. ტერიტორიით საქართველოს ნახევარზე ოდნავ მეტია. მოსახლეობა საქართველოსას ოთხნახევარჯერ აჭარბებს. ქვეყნის ბიუჯეტი კი - 93-ჯერ. 2011 წლის ბიუჯეტი - 381 მილიარდია; მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე, - 42 183 ათასი დოლარი .

საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტი 6 მილიარდ 839.399.4 ლარია (4. მილიარდ 145 მილიონი დოლარი ). მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე - 6024 ლარი. (3673 დოლარი) ამ პარამეტრით საქართველო ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანას ჩამორჩება და მსოფლიოს ასეულშიც ვერ შედის. ჩვენზე წინ აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ბელორუსი და ბალტიის ქვეყნებია.

საინტერეოსა დიდი ბრიტანეთის მაგალითიც, სადაც სახელმწიფო თანხების ხარჯვა დამოუკიდებელი მედიის მუდმივი თემაა: „გარდიანი“, „დეილი ტელეგრაფი“, „ინდიპენდენტი“ სისტემატურად აქვეყნებენ გამოძიებებს ჩინოვნიკების ხარჯებსა და საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ გამოყენებაზე, რომელსაც რადენიმე მოხელის მოხელის სისხლის სამართლის პასუხსიმგებლობაც მოყვა. მოხელე რომელსაც სამივლინებო ხარჯების 1500 ფუნტი სტერლინგით „გაბერვა“ დაუმტკიცდა, რამდენიმე წლით ციხეში ჩასვეს. არარსებული ხარჯების დაფინანსების ფაქტი დაუმტკიცდა ლორდთა პალატის რამდენიმე წევრსაც . ისინიც გაასამართლეს და გადასახადის გადამხდელთათვის წართმეული ფულის უკან დაბრუნება დააკისრეს.

ამას გარდა, ქვეყნა შეძრა წარსულში „ბი–ბი–სი“ - ს ჟურნალისტის, შემდგომ, პარლამენტარისა და „იუნისეფის“ ელჩის - მარტინ ბელის ბესტსელერმა „ძალიან ბრიტანული რევოლუცია - ხარჯების სკანდალი, ანუ, როგორ გადავარჩინოთ ჩვენი დემოკრატია“. წიგნი პარლამენტართა ხარჯების კვლევას წარმოადგენს, რომელიც ბელმა 2009 წლიდან დაიწყო. ფაქტების დიაპაზონი დიდია. მოიცავს როგორც წვრილმან ქურდობას, ასევე მსხვილ მაქინაციებს. ბესტსელერის გამოცემამ საოცრად შეარყია ხელისუფლებისადმი ამომრჩევლის ნდობა. ხალხის რეაქცია 21-ე საუკუნის აჯანყებად შეფასდა, რომელმაც ადამიანების დიდი ნაწილი პოლიტიკოსთა წინააღმდეგ განაწყო. მარტინ ბელმა შესანიშნავად გამოიყენა როგორც პარლამენტარის, ასევე სტანდარტებისა და პრივილეგიების კომიტეტის წევრის გამოცდილება. და თავისი მოსაზრებაც გაგვიზიარა იმის შესახებ, როგორ უნდა აღდგეს ხალხის დაკარგული ნდობა.

საინტერესოა მწირი ბიუჯეტის რა ნაწილი იხარჯება ჩვენში სახელმწიფო ჩინოვნიკების შენახვაზე - 2012 წლის მონაცემებით, ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებაში დაახლოებით 100 ათასი ბიუროკრატია დასაქმებული. (მოსახლეობის 2%). წლევანდელი ბიუჯეტიდან მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ხელფასებსა და პრემიებზე 1 მილიარდ 131 მილიონი ლარია გათვალისწინებული, რაც ხარჯების საერთო რაოდენობის დაახლოებით 17% -ია. „სხვა ხარჯების“ დაცული მუხლი საერთო ხარჯების 5% - ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, ბიუროკრატიაზე ბიუჯეტის მეხუთედზე მეტი იხარჯება. იგივე მონაცემი იყო 2010 - 11 წლებშიც.

საინტერესოა ბიუროკრატიის შრომის ანაზღაურების ხარჯების სოციალურ ხარჯებთან შედარება:

2012 წლის ბიუჯეტში ჯანდაცვაზე 405 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, ეს ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 6%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის 1,7%-ია. შედარებისთვის: აშშ-ში ჯანდაცვაზე ბიუჯეტის დაახლოებით 21-23% იხარჯება. მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ჯანდაცვის ხარჯები კი 18%-ია; ევროკავშირის პატარა ქვეყნებში, როგორიცაა სერბეთი და ხორვატია - 11% და 8%.

საინტერესოა ჯანდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზეც: საქართველოში - 272$, ხორვატიაში - 1067$, სერბეთში - 546$, ლატვიაში - 718$, გერმანიაში - 4668$, აშშ - ში - 8300$,

საქართველოში განათლების სფეროს ხარჯები 2012 წლისთვის 600 მილიონ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის მთლიანი ხარჯების 8.8%-ია. აშშ-ში ეს მაჩვენებელი 25%-ია, სერბეთში - 9-10% . გარდა ამისა განათლების ხარჯები მშპ-ს მიმართ საქართველოში 2%-ია, აშშ-ში, ბრიტანეთში და სხვა წარმატებული განათლების სისტემის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი არანაკლებ 6%-ის დონეზეა.

ყველას „ჩინონიკობა“ უნდა

როგოც ვხედავთ, საქართველოს სახელმწიფო ხარჯებში ბიუროკრატიის პრიორიტეტულობა აშკარაა. მსგავსი მოვლენა ახასიათებს რუსეთს; ასევე, ლათინური ამერიკისა და აფრიკის განვითარებად სახელმწიფოებს, რომლებში რამდენიმე ოჯახი ქვეყნის მთელ სიმდიდრეს ფლობს და ამ სიმდიდრით ძალაუფლებას იმტკიცებს. სწორედ ასეთ ქვეყნებში, ხელისუფლება გაღატაკებული მოსახლეობის შემოსავლების უდიდეს პროცენტს ითვისებს და ერთგულ ბიუროკრატიაზე ანაწილებს.

საქართველოში, სახელმწიფო თანამდებობის პირის საშუალო თვიური შემოსავალი - 3000 ლარი, რიგითი მოსამსახურის საშუალო ხელფასს 5-ჯერ აჭარბებს. სამუშაო ადგილები მეტისმეტად მწირია. მსურველი - ბევრი. უმუშევრობის დონე, ოფიციალური სტატისტიკით, 16.3% ია. უმუშევართა რეალური მაჩვენებლის დადგენა, თვითდასაქმებულის“ სტატუსის გამო, რთულდება. ამ უკანასკნელთა გათვალისწინებით, უმუშევრობის რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია და 31 % -ს აღწევს. ასეთი ვითარებაში, დასაქმება და სტაბილური ანაზღაურება სამთავრობო პრივილეგია ხდება, რომელსაც ხელისუფლების ცეტრებთან დაახლოებული, ლოიალური ადამიანები იღებენ.

ხელფასების უთანაბრობა ყველგან არსებობს - მათ შორის განვითარებულ დამოკრატიებშიც, თავისუფალი ბაზრის პირობებში ხელფასების განსხვავება წინსვლის აუცილებელი პირობაა: დაბალი შემოსავლის მოქალაქე განათლების სრულყოფას, უნარების გაუმჯობესებას ცდილობს, რათა პროფესიონალიზმი აიმაღლოს და მეტი ჯამაგირი მიიღოს. ვინაიდან კერძო სექტორში ანაზღაურება გაცილებით მაღალია, ყველა ამბიციური ადამიანი თავის მომავალს პირველ რიგში ბიზნესს უკავშირებს. საქართველოში სრულიად საპირისპირო სიტუაცია გვაქვს. რადგან აქ ყველაზე პერსპექტიულად სახელმწიფო სამსახური ითვლება; ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ცოდნის დაუფლების ნაცვლად, პოლიტიკურ კონიუნქტურაში ჩაწერას ცდილობს და კარიერისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითრებაზე ზრუნავს. პოლიტიკა ყველაზე შემოსავლიანი დარგია.