41 წლის კომიკოსი და სერიალის გმირი ვლადიმირ ზელენსკი 42-მილინიანი უკრაინის ახალი პრეზიდენტია. მან არჩევნების მეორე ტურში ხმათა 73% მიიღო და დაამარცხა „შოკოლადის მეფე" პეტრო პოროშენკო, რომელმაც 24% მიიღო.
აღნიშნული შედეგი უკრაინაში უპრეცედენტოა, რადგან მსგავსი მასშტაბის მხარდაჭერა ამ დრომდე არცერთ კანდიდატს არ მოუპოვებია.
რას მოიტანს ზელენსკის გაპრეზიდენტება? ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვებაა და უკრაინისთვის შესაძლოა საბოლოო შანსიც იყოს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ ზელენსკი რუსული პროექტია, რომლის უკანაც არა უბრალოდ უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი იდგეს, არამედ, შესაძლოა, თვით ვლადიმირ პუტინის მთავარი პოლიტტექნოლოგი სურკოვი, რადგან მთელი არჩევნების პროცესში რუსული პროპაგანდა აშკარად ზელენსკის მხარეს იჭერდა.
ჯერჯერობით, ზელენსკის უკრაინაში ბევრი რამის შეცვლა, ალბათ, არ შეუძლია, უკრაინის რადაში ის არ ფლობს საპარლამენტო უმრავლესობას. მისი პარტია „სლუგა ნაროდა", რაც იმ სერიალის სათაურია, სადაც ის ისტორიის მასწავლებლობიდან პრეზიდენტი ხდება, სულ ახლახანს შეიქმნა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
თუმცა, ოქტომბერში უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს და მთავარია, ზელენსკის ახალმა პარტიამ მოაგროვოს საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკმარისი ხმები. ამდენად, მთავარი ბრძოლა 6 თვის შემდეგ შედგება.
„ჯიპას" პროფესორი, პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძის თქმით, რა შეიძლება შეიცვალოს ზელენსკის გაპრეზიდენტებით, ამაზე საუბარი რთულია - უკრაინის დალაგება მარტივი არ იქნება.
„უკრაინის დალაგება მარტივი არ იქნება ზელენსკისთვის. რამდენად დამოუკიდებელია ის, ამაზე სერიოზული კითხვები არსებობს, ამიტომ, არ იქნება იოლი.
"დამოუკიდებელიც რომ იყოს, ბუნებრივია, მაინც ძალიან გაუჭირდება. ამისთვის მას გარედან სერიოზული ფიგურების მიყვანა დასჭირდება, ვინც ადგილობრივ კორუფციაში გასვრილები არ არიან და არ შეეშინდება რადიკალური ნაბიჯების გადადგმის. ამას თუ გააკეთებს, არ ვიცით, ვნახოთ.
"უკრაინელებმა ყველაფერი სცადეს. სცადეს მაიდანი და პროდასავლური იუშჩენკო. სცადეს პრორუსული იანუკოვიჩი. სცადეს კიდევ ერთი მაიდანი და პროდასავლური პოროშენკო. ახლა აირჩიეს არაპოლიტიკოსი, რომელმაც იქამდე კოლომოისკის კუთვნილ ტელეარხზე გასულ კომედიურ სერიალში მოიგო არჩევნები და ამით მოიგო უკრაინელთა გულები.
"ამიტომ უფრო იოლი სათქმელია, რა მოხდება, თუკი იგი ვერაფერს იზამს. რა უნდა ქნას უკრაინამ თუკი ზელენსკიც ისევე ჩაფლავდება, როგორც ჩაფლავდა აქამდე ყველა? ასეთ შემთხვევაში უკრაინას, ალბათ, კიდევ ერთი სერიოზული კრიზისი ელის,"- ამბობს შარაშენიძე.
შესაძლოა თუ არა, რომ უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა შეიცვალოს, თუკი უკრაინაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაბრუნების უფლებას მისცემენ და უფრო მეტიც, თუკი ზელენსკი სააკაშვილთან თანამშრომლობაზეც წავა?
„საქართველოს ხელისუფლება ვერ გასცდა სააკაშვილის ფაქტორს და კვლავაც ამის გარჩევა მიდის. თუ ზელენსკი დაუძახებს სააკაშვილს, მაშინ, დიდი ალბათობით, „ქართულ ოცნებას" მოუვა ის, რაც მოუვიდა რამდენიმე წლების წინ, როცა პეტრო პოროშენკომ დააბრუნა სააკაშვილი პოლიტიკაში - ორმხრივი ურთიერთობა გაფუჭდება.
"თუ არ დააბრუნებს სააკაშვილს, არც არაფერი შეიცვლება. ჩემი აზრით, თუ ზელენსკის უნდა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, მას გარედან მიყვანილი სააკაშვილისნაირი ადამიანი სჭირდება. რამდენად დააბრუნებს, ამას ვნახავთ, "- დასძენს შარაშენიძე.
საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასაზღვრო და უშიშროების სამსახურებს უკვე მიმართა, მოუხსნან უკრაინაში ჩასვლის აკრძალვა. პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მისცა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა, ორი წლის შემდეგ კი მოქალაქეობა ჩამოართვა. სააკაშვილს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა 2021 წლამდე აკრძალული აქვს.
სააკაშვილი აცხადებს, რომ ვლადიმირ ზელენსკის უკრაინა უყვარს და „აქვს რეალური შანსი იქცეს უკრაინის ახალი სახელმწიფოს დამფუძნებელ მამად".
მანამდე, პირველ ტურში ხმის მიცემისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ სააკაშვილის მიმართ კარგადაა განწყობილი, რადგან მან საქართველოში რეფორმები განახორციელა და კორუფცია დაამარცხა. მისი ამ განცხადების შემდეგ გაჩნდა მოსაზრებები, რომ შესაძლებელია ზელენსკიმ სააკაშვილი მრჩევლადაც კი მიიწვიოს.
უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკიმ დიდი სხვაობით მოუგო მოქმედ პრეზიდენტს. ბიულეტენების 95% უკვე დათვლილია და ზელენსკის 73% აქვს.
ზელენსკის უკვე მიულოცეს ევროპის ლიდერებმა და აშშ-ს პრეზიდენტმა. ახლად არჩეული ზელენსკი ბერლინში უკვე მიიწვია გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა - მერკელი უკრაინას მხარდაჭერის გაგრძელებას დაჰპირდა. ზელენსკიმ საქართველოდან მილოცვები მიიღო პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის სახელით.
მის გამარჯვებას გამოხმაურებები მოჰყვა რუსეთშიც. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევი განაცხადა, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს. ზელენსკის გამარჯვება მიულოცა ნარინჯისფერი რევოლუციის დროს გადაყენებულმა და რუსეთში გაქცეულმა ყოფილმა პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა.
საქართველოში, უკრაინის საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმათა უმრავლესობა ზელენსკიმ მიიღო - 51%. თუმცა საზღვარგარეთის უბნებზე უმეტესად პოროშენკომ გაიმარჯვა.