ოპოზიციის გააქტიურება-გაერთიანებასა და პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მთავრობაც და საპარლამენტო უმრავლესობაც მშვიდად შეხვდნენ.
პრეზიდენტმა თავისი სიმშვიდის მიზეზი ლაკონურად ახსნა - მას “ბაზრის პოლიტიკოსები” ვერ აშინებენ. ხელისუფლება და ოპოზიცია დღეს აშკარად სხვადასხვა პოლუსზეა - მაშინ, როდესაც ოპოზიცია შს მინისტრის იმპიჩმენტს ითხოვს, სააკაშვილი მერაბიშვილის კარგ მუშაობაზე ლაპარაკობს. ასეა, რეალობა და მოვლენები სახელისუფლებო და ოპოზიციური პრიზმიდან სხვადასხვაგვარად აღიქმება...
სახელისუფლებო გუნდის პოზიციები ჩვენთან საუბრისას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა დაიცვა:
- თუ ოპოზიციას მართლაც პატიოსნად აინტერესებს გირგვლიანის საკითხი, ისიც უნდა თქვან, რომ მათზე ნაკლებად სიმართლის გარკვევით არც უმრავლესობაა დაინტერესებული. მინისტრმა პირობა მოგვცა, საქმეს ბოლომდე გამოვიძიებთ და ყველა დამნაშავეს დავსჯით მათი დღევანდელი მდგომარეობის მიუხედავადო. ფაქტობრივად, ეს გარანტიის გაცემა იყო, რაც მისასალმებელია.
როდესაც ადამიანს უნდა დადებითშიც უარყოფითი დაინახოს, ცხადია, მინისტრის ნათქვამს უარყოფითად აღიქვამს. ნორმალურად მოიქცა ოპოზიციის ის წარმომადგენელი, რომელიც ირონიულად ელაპარაკებოდა მინისტრს მისი ოჯახის წევრზე? ეს პოლიტიკური ბრძოლაა თუ სიბინძურე, რომელსაც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს დაეჩვივნენ პოლიტიკოსები?
ვანო მერაბიშვილის დადებული პირობა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია. გირგვლიანის საქმის გამოძიება პრესტიჟის საქმეა მერაბიშვილისთვისაც, უმრავლესობისთვისაც, მთელი მინისტრთა კაბინეტისთვისაც და პრეზიდენტისთვისაც.
მაგრამ ოპოზიციას მართლა გირგვლიანი კი არ აწუხებს, მისი ამოცანაა, დისკრედიტაცია გაუწიოს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ფიგურას. მათი მიზანია, დაასუსტონ შს სისტემა და ეს შეკვეთა რუსეთიდან მოდის.
პარლამენტში ერთ-ორ ისეთ საქმეზე იყო ლაპარაკი, რომლის უკან იგორ გიორგაძე და მისი ჯგუფი დგანან. ოპოზიცია აცხადებს, პოლიციური სახელმწიფო არ გვინდა, ყველაფერს სასამართლო უნდა წყვეტდესო. კი მაგრამ, სად გინახავთ, რომ მოსამართლე ქუჩაში დარბოდეს, დამნაშავეს იჭერდეს და იქვე ასამართლებდეს? სამართლიანი სახელმწიფოს აშენება და წესრიგის დაცვა შს სამინისტროს ფუნქციაა. პოლიციის სიძლიერე პოლიციური სახელმწიფოს აშენებას კი არა, კანონების კარგად შემსრულებელი სისტემის შექმნას გულისხმობს. ეს უნდა გვიხაროდეს და ვისაც ეს არ უხარია, ამ სახელმწიფოს გულშემატკივარი არ არის. ოპოზიციის ერთ ნაწილს თავად უნდა ხელისუფლებაში მოსვლა დღევანდელი ხელისუფლების დასუსტებით - ასეთი ბრძოლა ჯანსაღი არ არის, მაგრამ პოლიტიკურად მეტ-ნაკლებად მაინც გასაგებია ჩემთვის; მეორე ნაწილს კი ხელისუფლების დამხობის გზით საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა უნდა - ეს მარგინალური, მოღალატური გზაა და ყველაზე საშინელი ისაა, რომ ეს ხალხი ამ მიზნის განხორციელებაში ფულს იღებს. სწორედ ისინი წარმოადგენენ რუსეთის აგენტურას საქართველოში. როდესაც ადამიანები ამ ამოცანის შესასრულებლად ერთიანდებიან, ვეტყვი: ფრთხილად იყავით, ნუ შეარყევთ ქვეყნის ხერხემალს-მეთქი.
რომელი პოლიტიკური ძალები იღებენ რუსეთიდან ფულს, საპარლამენტო ოპოზიციასაც ხომ არ გულისხმობთ?
- საპარლამენტო ოპოზიციას არა, მაგრამ არიან ჩვენთან პოლიტიკური ძალები, რომლებიც რუსულ დაფინანსებაზე სხედან, მაგრამ მათ უსათუოდ მიხედავენ და ახლა სწორედ ამ ორგანოს წინააღმდეგ არის შეტევა, ვინც ასეთებს უნდა მიხედოს. ჭკუაზე მოდით, ხალხო, თუ რამეა გამოსაკვლევი და მინისტრი გვპირდება, გამოვიკვლევო, დავუჯეროთ.
ანუ გჯერათ, რომ შს მინისტრი თავის მეგობრებს ხელს არ დააფარებს?
- შს მინისტრმა მოგვცა პოლიტიკური გარანტია, ამას არ გავაკეთებო. ამ პირობის გამო ხომ არ უნდა დავუწყოთ ლანძღვა-გინება? ოპოზიციას სათქმელი რომ არაფერი ჰქონდა, იმიტომ გავიდა დარბაზიდან. დღეს არჩევანის წინაშე ვართ, როგორი ქვეყანა გვინდა - გვინდა ქურდების, ბანდიტების, რეკეტიორების ქვეყანა თუ ნორმალური სახელმწიფო. ძალიან დაინტერესებული ვართ მეც და ჩემი თანაგუნდელებიც, რომ დაისაჯოს ის, ვინც გირგვლიანის საზიზღარი მკვლელობა ჩაიდინა.
გასულ კვირას საპროტესტო აქციები საქართველოს ბევრ ქალაქში გაიმართა სალარო-აპარატების შემოღების გამო. ამდენი ხალხის განაწყენება ხელისუფლებისთვის სასიკეთო არ არის.
- რამდენია ეს ხალხი? სხვათა შორის, დავითვალე პარლამენტის წინ შეკრებილები და არ იყო იმდენი, რამდენსაც ველოდით. იქ სალარო-აპარატებით უკმაყოფილო ხალხზე მეტი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ფულის გადახდით მოყვანილები იყვნენ. რასაკვირველია, გააპროტესტებენ სალარო-აპარატების შემოღებას. ძნელად ეგუებიან, რომ ფული ვინმეს ჯიბის ნაცვლად ბიუჯეტში წავა.
ისეთივე სიტუაციაა, როგორიც ეროვნული გამოცდების დროს იყო - ვითარების მოწესრიგება არ შედის ბევრის ინტერესში. ხაჭაპურისა და მზესუმზირის გამყიდველს ან საკუთარი პროდუქტით მოვაჭრე გლეხს ხომ არავინ სთხოვს სალარო გქონდესო. თუ მაღაზიის მფლობელს უნდა დაცული იყოს, არ ურჩევნია, სალარო-აპარატი დადგას და აჩვენოს, რამდენს ვაჭრობს?
ბაზრობების დირექცია განვადებით სთავაზობს მოვაჭრეებს სალარო-აპარატებს, 6 თვის განმავლობაში გადაიხდიან მის ღირებულებას. ელიავას ბაზრობაზე არაერთი მაღაზიაა, როგორ გგონიათ, იქ მართლა ერთ-ორ კაპიკს იღებს ხალხი თუ სერიოზულად ვაჭრობს?
მაგრამ აქციაზე მოხუცი, მართლაც უმწეო ადამიანები ითხოვდნენ შველას.
- იმ მოხუცს 5 ლარს რომ მისცემენ, გამოვა კი არა, მეტს არ იზამს? ხალხის უმეტესობა მოტყუებით მიჰყავთ აქციაზე.
ალბათ ფინანსთა სამინისტროს მეტი ახსნა-განმარტებითი სამუშაო უნდა ჩაეტარებინა მოვაჭრეებისთვის, რომ დაინტერესებულ პირთა მონაჭორზე არ წამოგებულიყვნენ. ისე, გაუგებარია, რატომ ღირს ეს სალარო-აპარატი 300 ლარი? ევროპაში მინახავს უფრო იაფი აპარატებიც. ვისაც შეუძლია, იმან შემოიტანოს იაფფასიანი და თუ საგადასახადო მაშინაც მიედავება, მერე ამოიღონ ხმა. ასეთ რამეზე ჩვენც არ გავჩუმდებით, თავად ნახავთ, რასაც ვეტყვით საფინანსო სამსახურს. არ ვიცი, რატომ ამბობენ, ბაზარში სალარო-აპარატი არ უნდა იყოსო. რა ქნას ხელისუფლებამ, რაზე დაიხიოს უკან, პირდაპირ გამოაცხადოს - მიდი, მოიპარეთო?
აქციებზე პოლიტიკური განცხადებებიც გაისმოდა - ხელისუფლება გადადგესო...
- აბა, რას იტყვის ნათელაშვილი? მათ კივილის მეტი რა შეუძლიათ, ჰგონიათ, რაც მეტ საზიზღრობას ვიტყვით, უკეთესი მიტინგი გამოგვივაო.
რომ გაიძახის, ბუშმა სააკაშვილს მიხედოსო, ჩვენც მივწერთ პუტინს, რომ ნათელაშვილს მიხედოს. ქვეყნის მოწესრიგებისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯზე გარკვეულ ძალებს ისტერიული რეაქცია აქვთ.
გასულ კვირას მთელი ოპოზიცია ლეიბორისტების ოფისში შეიკრიბა.
- ვაი იმას, ვისაც აქვს პრეტენზია, იყოს ინტელექტუალური და ინტელიგენტური ძალა და ნათელაშვილთან ყოფნას ისურვებს. პოლიტიკურად რომც გაიმარჯვონ, ამაზე მეტი სირცხვილი ვეღარ დაემართებათ.