საინტერესოა, რომ ერთ-ერთი დაღუპულის, ნიკა გელაშვილის, ოჯახმა და მათმა ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა ამ საკითხზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარეს და გამოძიების დეტალებს ადვოკატი სასამართლო პროცესზე გაახმოვანებს.
შეგახსენებთ, რომ შენობის ნგრევის შემდეგ დააკავეს „პრარაბი", გვარად გვასალია. გელაშვილის ოჯახი და ადვოკატი კი მიიჩნევენ, რომ ამ პირზე ხელის შეწმენდა ხდება და რეალურად დამნაშავეთა სია უფრო დიდია, რის დამტკიცებასაც ადვოკატი პროცესზე შეეცდება.
შეგახსნეებთ, რომ მომხდარიდან რამდენიმე თვეში დაღუპულის დედამ ნუცა გელაშვილმა პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, სადაც იმ სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლების ინტერესებზე საუბრობდა, რომელიც შენობას არემონტებდა. კერძოდ წერილში საუბარი იყო კომპანია „არტიქსის" დამფუძნებელებზე - თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლზე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიას ცოლისდაზე. დაღუპულის დედა წერილში ეჭვს გამოთქვავდა, რომ სწორედ მათი ინტერესების დასაცავად მიმდინარეობდა გამოძიების არაობიექტურად წარმართვა.
საინტერესოა, რომ ოჯახის მიერ დამოუკიდებლად ჩატარებული გამოძიების შედეგად დამნაშავეთა სია გაიზარდა, რაზეც მაგდა ანიკაშვილმაც ისაუბრა გუშინ პარლამენტში.
„მათ მიერ მოძიებულ მასალებში მაღალჩინოსანთა ოჯახის წევრები ფიგურირებენ. დაღუპულთა ოჯახებს უნდათ, რომ ყველა ეს მასალა სასამართლოს წარუდგინოს. იმედი გვაქვს, რომ პროცესი ობიექტური იქნება და სასამართლო მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს," - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გუშინ მაგდა ანიკაშვილმა.
„რეზონანსი" დამოუკიდებლად ჩატარებული გამოძიების შესახებ დაღუპული ნიკა გელაშვილის მეუღლეს თეა კახიანს ესაუბრა.
„8 ოქტომბერს არის პირველი სხდომა დანიშნული. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ გამოძიება უფრო ობიექტურად წარიმართებოდა, ვიდრე ჩატარდა, რადგან ფაქტიურად გამოძიება სახელმწიფო ექსპერტიზის დასკვნასაც კი არ დაეთანხმა და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავიდა. პრარაბი, რომელსაც აწმენდენ ხელს, ბუნებრივია დამნაშავეა, მაგრამ მხოლოდ ის არ უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. დოკუმენტურად მტკიცდება, რომ საჭირო იყო გარკვეული ნებართვა რემონტის ჩასატარებლად, რაც ამ კომპანის არ გააჩნდა. აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას შეეწირა ორი ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლე და ჩვენ ამაზე აუცილებლად მოვთხოვთ დამნაშავეებს პასუხს," - განაცხადა თეა კახიანმა.
როგორც „რეზონანსს" გელაშვილების ოჯახის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა განუცხადა, ის სასამართლოზე დააყენებს საკითხს, რომ იმ ერთ პიროვნებასთან ერთად, რომელიც დაკავებულია, ასევე სხვა რეალური დამნაშავეებიც დაისაჯონ.
„ობიექტურობის იმედი ნამდვილად გვაქვს, ვნახოთ რა იქნება. რაც შეეხება ახალ დეტალებს, ასეთი დეტალები ჩვენს მიერ ჩატარებულმა დამოუკიდებელმა გამოძიებამ ნამდვილად აჩვენა, რაზეც ოფიციალურმა გამოძიებამ ყურადღება არ გაამახვილა და ჩვენ ამ დეტალებს სასამართლოს აუცილებლად წარვუდგენთ.
დღეს ერთი პიროვნებაა დაკავებული, ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად კი გამოიკვეთა სურათი, რომ მასთან ერთად სხვა ადამიანებიც უნდა დაისაჯონ. ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებთ და ჩვენ მიერ ჩატარებული გამოძიების დეტალებიც პროცესზე გახდება ცნობილი," - განაცხადა გელაშვილების ოჯახის ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ 26 აპრილს, დილის 5 საათზე სანდრო ეულის ქუჩაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის კუთვნილი კორპუსი ჩამოინგრა, სადაც პროექტ „ვარსკვლავების აკადემიის" მონაწილეები და გადაცემის ტექნიკური სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. სამწუხაროდ, შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - ტელეკომპანიის ორი თანამშრომელი ნიკა გელაშვილი და გიორგი გაბუნია სამაშველო სამსახურმა 12 საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევებში დაღუპული იპოვა.
მომხდარით ქვეყნის პირველი პირიც დაინტერესდა. მიხეილ სააკაშვილი ინციდენტიდან რამდენიმე საათში თავად მივიდა 26 აპრილს სანდრო ეულის ქუჩაზე და შესაბამის სამსახურებს ნგრევის გამომწვევი მიზეზის დასადგენად 10-დღიანი ვადა მისცა, თუმცა მომხდარიდან უკვე 6 თვე გავიდა და პრეზიდენტის მოთხოვნა, როგორც ვხედავთ, გათვალისწინებული არ იქნა.
„ათი დღის ფარგლებში უნდა დამიდოთ დასკვნა, თუ რა მიზეზით მოხდა შენობის ჩამონგრევა. გარდა ამისა, ყველა ასეთი შენობის ანალიზი უნდა ჩამბარდეს, რათა მსგავსი უბედურებები თავიდან იქნას აცილებული," - განაცხადა შემთხვევის ადგილზე მისულმა სააკაშვილმა.
საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული შენობა „რუსთავი 2"-ს სწორედ მიხეილ სააკაშვილმა უსახსოვრა.
შეგახსენებთ, რომ ეულის ქუჩაზე მდებარე 5 სართულიანი შენობა 1965 წელს არის აგებული. იგი ზნიეპ-ის (ზონალური ინსტიტუტის) მიერ არის დაპროექტებული. პრეზიდენტის 3461 ბრძანებულებით, 2008 წლის 30 ივლისს შენობა „რუსთავი 2" გადასცეს. უცნობია, თუ რის საფუძველზე მოხდა სახელმწიფო საკუთრების გადაცემა კერძო ტელეკომპანიაზე.
ზნიეპ-ის უფროსის, რამაზ ქაცარავას თქმით, შენობის ზნიეპ-ისთვის ჩამორთმევის შემდეგ, მისთვის უცნობია რა მდგომარეობაში იყო შენობა, რომელშიც ჩამონგრევამდე რემონტი მიმდინარეობდა.
ნიკა გელაშვილის დედამ ზაფხულში „კვირის პალიტრის" ფურცლებიდან პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა.
„გახმაურებული ტრაგედიის ირგვლივ საზოგადოების დიდი ინტერესის მიუხედავად, შეიქმნა ინფორმაციული ვაკუუმი, გაჩნდა ეჭვი, განზრახ ხომ არ ხდება ამ თემის მიჩუმათება სამშენებლო კომპანია „არტიქსის" დამფუძნებლების სახელების და გვარების გამო (თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ცოლი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგა ბოკერიას ცოლის და). ასევე, შეშფოთებას და ექსპერტიზის დასკვნისადმი უნდობლობას იწვევს ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ირაკლი ჩიქოვანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გახდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო პროექტი „ვარსკვლავების აკადემია". რომ არა მისი უგულისყურობა და დაუდევრობა, პროექტი და მშენებლობა ერთდროულად არ იმუშავებდა და ტრაგედიაც არ დატრიალდებოდა," - წერდა დაღუპულის დედა ნუცა გელაშვილი ღია წერილში.
თუმცა როგორც გუშინ „რეზონანსს" დაღუპულის მეუღლემ განუცხადა, არც ამ წერილს და არც ოჯახის სხვა აქტიურობას არანაირი შედეგი და გამოხმაურება დღემდე არ მოჰყოლია.
„რუსთავი 2", რომელიც ამ პროექტის ერთ-ერთი ავტორი იყო და წესით დაინტერესებული უნდა იყოს გამოძიების დეტალების გაშუქებით, საერთოდ არ აშუქებს ამ თემას. პირიქით ძალიან საეჭვოდ დუმს და სწორედ ეს არის საინტერესო, რატომ? ჩემი კომპანია რომ ყოფილიყო ან ვინმე ჩვეულებრივი მოქალაქისა, „რუსთავი 2" ჟურნალისტური გამოძების ქარიშხალს ატეხდა, ახლა კი უბრალოდ არ აშუქებენ მოვლენებს, ეს ნამდვილად ბადებს ეჭვს," - განუცხადა აქციის ჩატარების შემდეგ „რეზონანსს" თეა კახიანმა.