რას ფიქრობს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე

რას ფიქრობს ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე

„ჩვენც ვამბობთ, რომ ტელეკომპანია კანონიერ მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს. კანონიერი მესაკუთრე რომ ქიბარ ხალვაშია, სასამართლომ დაადგინა. ამასთანავე, საქართველოს სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ მას უნდა დაუბრუნდეს. ახლა დგინდება რამდენად სწორად მოქმედებდა საქართველოს სასამართლო ამ საქმის განხილვისას - დაირღვა თუ არა მოწინააღმდეგე მხარის უფლებები, ჰქონოდა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ სტრასბურგის სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება საჩვენო იქნება," - აცხადებს „რეზონანსთან" საუბრისას ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

მისი განცხადებით, იმისათვის, რომ სასაამართლოს დამატებითი სარჩელით მიმართონ, ამის სამართლებრივი უფლება აღარ არსებობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველანაირი სამართლებრივი რესურსი ამოწურულია.

„ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ყველა სამართლებრივი გზა ამოვწურეთ. 2017 წლის მარტის დასაწყისში მოწინააღმდეგე მხარემ სტრასბურგში განცხადება შეიტანა. მას შემდეგ, რაც უზრუნველყოფილი ღონისძიება გამოიყენა სტრასბურგის სასამართლომ, არაერთხელ მივმართეთ მას და განხილვაში ჩავერთეთ, როგორც მესამე მხარე. არაერთხელ მივმართეთ, რომ ეს ღონისძიება ჩემი მარწმუნებლის ინტერესებს ზიანს აყენებდა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი სასამართლოსგან არ მიგვიღია.

„როდის მოახდენს სასამართლო საქმის განხილვას, არც ამის შესახებ გვაქვს რაიმე ცნობა მათგან. ინფორმაციას ვიგებთ მხოლოდ სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვებგვერდიდან, სადაც პერიოდულად თავსდება ინფორმაცია ამ საქმესთან დაკავშირებით.

„სარჩელით ჩვენ ვერ მივმართავთ სასამართლოს, არ არსებობს ამის სამართლებრივი გზა. განცხადებებით პერიოდულად მივმართავთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის განხილვა დაჩქარდეს.

„შედეგის პროგნოზირება რთულია, თუმცა დარმწუნებული ვარ და გვაქვს იმედი იმისა, რომ დავა ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება, რადგან ადგილი არ ჰქონია რაიმე ისეთ დარღვევას, რომ საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა მოეხდინა," - აღნიშნავს იგი.

ცნობისათვის, 2 დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2" მის კანონიერ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს.

„დღეს „რუსთავი 2" არის „ნაციონალური მოძრაობის" და მიხიეილ სააკაშვილის საკუთრებაში და ერთადერთი, რაც თქვა სასამართლომ, 9 მოსამართლემ სხვათაშორის, რომელიც დღეს წარმოდგენილია უზენაეს სასამართლოში, ცხრავე მოსამართლემ ერთხმად თქვა, რომ სააკაშვილმა უკანონოდ დაიპატრონა „რუსთავი 2".

„ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ეს იცის ქართველმა ხალხმა. სტრასბურგი თუ გაინტერესებთ, სტრასბურგს არსად არ უთქვამს, რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო. „რუსთავი 2" არის ზუსტად საუკეთესო ლუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს მათ შორის, წართმეულ ქონებებს, თუმცა ამ საკითხს რაც შეეხება, კიდევ ბევრია გასაკეთებელი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისთვის უცნობია პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება რა კონტექსტში გააკეთა. მისივე თქმით, კობახიძის განცხადებისა და სტრასბურგის სასამართლოს ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლებელია.

„ვერანაირად ვერ დავაკავშირებ, არ ვიცი პარლამენტის თავმჯდომარისაგან აღნიშნული განცხადება რა კონტექსტში გაკეთდა; რაიმე კონკრეტული ახალი მოქმედება საქმესთან დაკავშირებით არ განხორციელებულა ამ ეტაპზე. არ ვიცი რას მოჰყვა ეს კომენატარი ან შეფასება," - განაცხადა პაატა სალიამ.