მილიარდერი ევროპასთან დაახლოების გზებს ეძებს

მილიარდერი ევროპასთან დაახლოების გზებს ეძებს

არჩევნებში გამარჯვებულმა ივანიშვილმა თავისი ახალი კაბინეტი წარმოადგინა. მათ შორისაა ექსპერტი გერმანიის საკითხებში. დასახელებული კანდიდატები კაბინეტის დასავლურ კურსზე მიუთითებენ, რომელმაც ქვეყანა ევროკავშირისკენ უნდა წაიყვანოს.

არჩევნებში გამარჯვებული ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების მიღებისთვის ემზადება. მილიარდერს, რომლის კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა, თავად პრემიერობა სურს. ფორმალურად მისი კანდიდატურა პარლამენტს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა და მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგემ მიხეილ სააკაშვილმა უნდა წარუდგინოს.

ივანიშვილმა 20-დან მინისტრობის 13 კანდიდატი წარადგინა. მისი თანამებრძოლები როგორც მოსალოდნელი იყო საკვანძო პოზიციებს დაიკავებენ.

მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა

ყოფილი ელჩი გაეროში და გავლენიანი ფიგურა ოპოზიციაში, ირაკლი ალასანია ვიცეპრემიერი და თავდაცვის მინისტრი ხდება. ალასანია საქართველოს სამხედრო პოტენციალის გაზრდას დაპირდა.

ამასთან ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩადენილი შეცდომების საფუძვლიანი ანალიზი უნდა მოხდეს. “ყველა პროფესიონალი სამხედრო შეინარჩუნებს თავის პოსტს. ბევრმა სამინისტრო დღევანდელი ხელისფლების გამო მიატოვა, ჩვენ მათ უკან დავაბრუნებთ“, თქვა ალასანიამ. ამას გარდა გაგრძელდება საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია.

საგარეო საქმეთა მომავალმა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს საჯარისო დანაყოფები მისიის დასრულებამდე დარჩებიან ავღანეთში. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ 38 წლის ალასანია ჯერ თავდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, მოგვიანებით კი იგი პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი იყო სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონის საკითხებში.

2006 წელს ალასანია საქართველოს ელჩად დაინიშნა გაეროში. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ის გადადგა და ოპოზიციაში გადაინაცვლა. ის მის მიერვე დაარსებული პარტიის „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეა. პარტია ივანიშვილის კოალიციაში შედის.

ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი ახალი ვიცეპრემიერი იქნება

მთავრობის ხელმძღვანელის მეორე მოადგილე, რომელიც ივანიშვილმა ორშაბათს დაასახელა, საქართველოში უაღრესად პოლულარული, მაგრამ პოლიტიკაში ახალბედა ფეხბურთელი კახა კალაძე იქნებ. ის ვიცეპრემიერის და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტს დაიკავებს.

წარსულში კალაძე საფეხბურთო კლუბ მილანის მოთამაშე და საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი იყო, ცნობილი არა მხოლოდ გამარჯვებების, არამედ იტალიის წინააღმდეგ მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო მატჩში საკუთარ კარში გატანილი ორი ბურთის გამო. 2011 წელს 34 წლის კალაძემ დაასრულა სპორტული კარიერა და პოლიტიკაში წავიდა. კოალიცია “ქართული ოცნების” პარტიულ სიაში ის პირველი ნომერი იყო.

კონკრეტულად როგორ უნდა განავითაროს კალაძემ ინფრასტრუქტურა ჯერ ვერ ამბობს. “ეს მისთვის მოულოდნელი იყო. ახალი სფეროა და სამინისტრო, რომლის მართვასაც მაღალი პასუხისმგებლობა სჭირდება“.

“მე ვიცი, რომ სამინისტროს ბევრი საინტერესო პროექტი აქვს წამოწყებული. ჩვენ მათ ბოლომდე მივიყვანთ და დავიწყებთ უფრო დიდ პროექტებს” უთხრა მან ქართულ სატელევიზიო არხ “იმედს”.

ახალბედებმა კორუფცია უნდა დაამარცხონ

პოლიტიკური ახალბედაა ასევე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, 30 წლის ირაკლი ღარიბაშვილი. ის რვა წელია ბიძინა ივანიშვილთან ერთად მუშაობს და ბოლო დრომდე მართავდა მის ფონდს.

“ჩვენი პირველი ამოცანა იქნება პოლიციის პოლიტიკისგან გამოყოფა, რათა არ იყოს უსამართლო სასჯელები და დევნა”, თქვა ღარიბაშვილმა. მან განაცხადა, რომ დანაშაულს მიმართ შეურიგებელი იქნება.

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი გერმანიასა და ნიდერლანდებში ყოფილი ელჩი, მაია ფანჯიკიძე იქნება. გერმანულად თავისუფლად მოსაუბრე ფანჯიკიძე საარჩევნო ბრძოლის დროს კოალიცია “ქართული ოცნების” პრესსპიკერი იყო.

მან გაიმეორა ის, რაც ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ თქვა: დასავლეთი უნდა დარჩეს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტად, მაგრამ საქართველოს მომავალში რუსეთთან საუბარიც სურს. საქმე მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ეხება “მიუხედავად იმისა, რომ პრობლემები რამდენიმე დღეში ვერ მოგვარდება”. მან ასევე დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილის პრემიერის რანგში პირველი ვიზიტი აშშ-ში შედგება.

ძველი მინისტრები მთავრობაში დაბრუნდებიან

ახალ მთავრობაში იქნება ორი მინისტრი, რომლებსაც იგივე პოსტები ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ ეკავათ. ამირან გამყრელიძე კვლავ ჯანდაცვის მინისტრი გახდება, დავით კირვალიძე კი სოფლის მეურნეობის მინისტრი.

ძველი მინისტრების დაბრუნება სააკაშვილის პოლიტიკისთვის პრინციპულ ზურგშექცევად უნდა გავიგოთ – მის რეფორმებს ამ სფეროებში ოპოზიცია ადრეც ყოველთვის ძლიერად აკრიტიკებდა. ზოგიერთი სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე, როგორებიცაა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო, ივანიშვილს კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია.

სამაგიეროდ მან წარადგინა ეროვნული ბანკის თავმჯდომარის კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რომ ეს პრემიერის კომპეტენციაში არ შედის. გარდა ამისა მას გენერალური პროკურორის შეცვლაც სურს.

ივანიშვილი, საქმის და ძალაუფლების ადამიანი

მსგავსი შემოთავაზებებით ივანიშვილი ასამარებს ძალაუფლებაზე საკუთარ პრეტენზიას. მისმა კოალიცია “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში პარლამეტში 83 მანდატი მოიპოვა, თუმცა სააკაშვილის “გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობაც” 67 მანდატით საკმაოდ მძლავრად არის წარმოდგენილი.

არჩევნების მომდევნო დღეს პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა სააკაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა. გარემოება, რომელიც ევროპელ დამკვირვებლებს მის დემოკრატიულ განზრახვებში აეჭვებს. თუმცა მან იმავე დღეს წერილობით განცხადებაში თავისი ნათქვამი გაასწორა.

ივანიშვილი, რომელიც სოფელ ჭორვილაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა და $6,4 მილიარდიანი ქონება დააგროვა, არატიპური პოლიტიკოსია. ის უჩვეული წინსაარჩევნო დაპირებებს იძლევა, ისეთებს როგორიცაა უფასო სამედიცინო დაზღვევის საკუთარი სახსრებით დაფინანსება. ბევრი ქართველისათვის ის იმედი და სუფთა ფურცელია.

პოლიტიკური მომავალი ძლიერად იქნება დამოკიდებული მისი მთავრობის მიღწევებზე. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ სააკაშვილის რეფორმატორთა გუნდზე უკეთესები არიან. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ძველი მთავრობის პროფესიონალ კადრებს შეინარჩუნებს და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ პოლიტიკური დევნა გამორიცხა, თუ მათ არ აქვთ ჩადენილი დანაშაული. ზოგიერთმა ჩინოვნიკმა უკვე დატოვა ქვეყანა.

ის თუ რა გზას დაადგა საქართველო, 20 ოქტომბრის შემდეგ გამოჩნდება. ამ დღეს პირველად შეიკრიბება ახალი პარლამენტი.
foreignpress.ge