ლევან ბერძენიშვილი:„6 თვის მერე იქნება ის, რომ ისინი არ იქნებიან პოლიტიკაში“

ლევან ბერძენიშვილი:„6 თვის მერე იქნება ის, რომ ისინი არ იქნებიან პოლიტიკაში“

არჩევნების შემდეგ, რაც სააკაშვილმა დამარცხება აღიარა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაჟინებით არწმუნებს საკუთარ გუნდს, რომ მათ არჩევნები არ წაუგიათ და ხელისუფლებაში ძალიან მალე, ზუსტად 6 თვის შემდეგ დაბრუნდებიან. ამ იდეის ტირაჟირებას განსაკუთრებით რეგიონებნში ცდილობენ, სადაც თავიანთ წევრებს, სთხოვენ, მუდმივად საარჩევნო რეჟიმში იმყოფებოდნენ. მეორედ მოსვლას როგორ გეგმავს სააკაშვილი და რისთვის ემზადებიან „ნაციონალები“, ამ თემაზე „ქართული ოცნების“ წევრი ლევან ბერძენიშვილი გვესაუბრება.

ბატონო ლევან, ამჟამინდელი პრემიერი ვანო მერაბიშვილი, ფინანსთა მინისტრ ხეთაგურთან ერთად საჯაროდ ლაპარაკობს იმ ფინანსებზე, რაც ბიუჯეტსა და ეროვნულ ბანკშია, საუბრის დასასრულს კი დანანებით ამბობს, რომ აღარც 1000-ლარიანი ვაუჩერი დარიგდება, არც ტრაქტორები, აღარც მიწები მოირწყვება და ამ ფულით სწორედ ამას გეგმავდნენ. ჩვენი წყაროს მტკიცებით, მანამდე მერაბიშვილმა გუბერნატორები შეკრიბა და გამოუცხადა, თუ ვინმესოცნებაშიგინდათ გადასვლა, შეგიძლიათ, მაგრამ ისიც იცოდეთ, რომ 6 თვის შემდეგ ხელისუფლებაში ვბრუნდებითო, როგორ ფიქრობთ, რა ხდება?

- მათი საქმე ისეა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. მინდა გითხრათ, რომ ვანო მერაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და ეს ხელისუფლება არც 6 თვის მერე, არც 4 თვის მერე არც არასოდეს არ დაბრუნდება. ვანო მერაბიშვილს გზა პოლიტიკაში არ აქვს, მას გზა აქვს სრულიად სხვა მიმართულებით და ეს არ არის თქვენი ან ჩენი პირადი საქმე - ბევრი ჰყავს განაწყენებული, ბევრი საქმე არსებობს, უჩივლებენ და შეისწავლიან. თუ გადაურჩება ქართულ მართლმსაჯულებას, გადაურჩება, თუ არა და...

პოლიტიკაში ვანო მერაბიშვილი ყოველთვის იყო კაპიკის ფასი პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი, რომელმაც ლაპარაკი არ იცის და წინადადებას ვერ დაწერს ჩვიდმეტი შეცდომის გარეშე, პოლიტიკოსი არ არის - ეს რუსთაველის ქვეყანაა და ჩვენ ეს უკვე ვნახეთ.

ახლა რაც შეეხება სპექტაკლებს, რომ ჩვენ დავბრუნდებით და ა.შ. აგერ ჯანსუღ ჩარკვიანის ლექსია, ჰიმნი დაწერა კომპოზიტორმა და იმღერონ დღე და ღამე „მიშა მაგარიას“ ნაცვლად, „ჩვენ დავბრუნდებით“ და დაიჯერონ რომ დაბრუნდებიან.

ეს არის სისულელე, ვერავინ ვერსად ვერ დაბრუნდება უბრალო მიზეზების გამო. ჩვენი ხელისუფლება 6 თვის მანძილზე იქნება ეფექტიანი და 6 თვის შემდეგ პარლამენტი რომც დაითხოვოს პრეზიდენტმა, თუ იქნა მაგ დროს ვინმე პრეზიდენტად, იმიტომ, რომ შეიძლება სხვა რამეები მოხდეს, ხომ გაგიგონიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო. ამიტომ, ვანო მერაბიშვილს რომ ჰგონია, შეიძლება ისე არ განვითარდეს მოვლენები და 6 თვის მერე შემთხვევით რომ დაითხოვონ პარლამენტი, ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებს 100 პროცენტით და არა 55-ით, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაადგება მიუსავლეთის გზას, წავა იქ, სადაც უკვე წავიდნენ „ახალი მემარჯვენეები“ და „ქრისტიან-დემოკრატები“, ამიტომ არ ეშინია არავის ამათი ლაპარაკის. უბრალოდ, ხალხში უნდათ რაღაცა დათესონ, რომ არ გაექცეთ ეს ხალხი.

მე გეტყვით სიმართლეს - საქართველოში ჩვენს ხალხზე არ მინდა არც საყვედური ვთქვა და არც შევაქო, მაგრამ ეს ხალხი ე.წ. პოსლეზე არ მუშაობს, ეს ხალხი მუშაობს დღევანდელზე. ამიტომ თუ დღეს სადმე ფლავი რიგდება, მისი მაჟორიტარები იქნებიან თუ ადმინისტრაცია, ყველა წავა არსებულ ახალ ხელისუფლებაში - ერთი კაციც არ დარჩება. ამიტომ, როცა ეუბნება, არ წახვიდეთ და 6 თვის შემდეგ ჩვენ მოვალთ, ისინი ფიქრობენ, ახლა წავალთ და 6 თვის მერე თუ მოხვალ, მერე შენთან წამოვალთო. ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე.

მე პირადად რომ ვიყო გადამწყვეტი, ასეთი ხალხი მისაღებიც კი არ არის იმ უმრავლესობაში, მაგრამ ქვეყნის ინტერესებიდან, როგორც ჩანს, რაღაც ნაწილს მიიღებს ჩვენი ახალი ხელისუფლება.

მე ვხედავ მარტო ერთ საფრთხეს - არ დარჩეს ქვეყანა პარლამენტში სერიოზული ოპოზიციის გარეშე. ჩვენ გვჭირდება ოპოზიცია, ოპოზიცია ყველას სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა მაშინ 97%-ით რომ მოიგო და ვკითხე ოპოზიციას რა უნდა ვუშველოთ მეთქი, ვგულისხმობდი, სუსტია ოპოზიცია და როგორ  გავაძლიეროთ, მან მითხრა - დედას ვუტირებო. ჩვენ ასე არ ვართ განწყობილი, ჩვენ გვჭირდება ოპოზიცია და გვინდა, რომ ის იყოს ძლიერი.

სამწუხაროდ ესენი ისეთ რამეს გააკეთებენ, რომ შეიძლება, მალე ოპოზიცია არ დარჩეს. ყველას ვინც ერთგული იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ იდეებისა, მივესალმები და ათასჯერ უფრო საყვარელი ხალხია, ვიდრე დანარჩენები, რომლებიც ფიქრობენ, როგორ ჩააბარგონ ჩემოდნები და სადმე გადაირბინონ.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ასეთ პოლიტიკოსს არ ვიცნობდი, არ ვიცნობ და იმედია, მომავალში აღარ ახსენებენ. მე ვანოს ვიცნობდი ძალიან კარგად, როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელს და როგორც  მინისტრს, რომელმაც იცოდა თანამშრომლებთან ურთიერთობა, მაგრამ პოლიტიკოსი ის არ ყოფილა არასოდეს. თანამშრომლებთან ურთიერთობის გარდა, კიდევ დანაშაულებზე ხელის დაფარება, მკვლელების მოვლა იცოდა სხვა ამბებთან ერთად. თანამშრომლებს რაც შეეხება, მათი დაბადების დღეები ახსოვდა და ადამიანურად ექცეოდა მისი პრეზიდენტისაგან განსხვავებით - მენეჯერი იყო - აი, ეს ვიცი.

რაც  შეეხება პოლიტიკას, ეს არის როგორც ჩანს, მისთვის მიუღწეველი სიმაღლე, როგორც ჩანს, ვერ გაქაჩა, ჯერ ერთი, სულ ორდღიანი პრემიერ-მინისტრია. ვანო მერაბიშვილის ყველა ვირეშმაკული გეგმა არჩევნების გაყალბებისა, ჩვენი ინფორმაციების გადაფარვისა, პიარისა და სხვა, კრახით დამთავრდა. ასეთი პოლიტიკოსები პოლიტიკაში რომც ყოფილიყვნენ, უნდა წასულიყვნენ. არ ყოფილა ეს კაცი პოლიტიკოსი და როგორც ხეთაგური არის მაგარი მინისტრი, ზუსტად ისეთი პრემიერია.

სხვათა შორის, არ მჯერა, მაგათი მოცემული ციფრების და რიცხვების, ჩვენ რომ მივალთ მხოლოდ მაშინ გაირკვევა, რა არის და რა არა ბიუჯეტში. ესენი პროპაგანდისთვის რა სიმღერებს მღერიან ეს სხვაა. რეალურად მივალთ და შევამოწმებთ. ვანო მერაბიშვილსაც შევამოწმებთ, სხვათა შორის, ხარჯებსაც შევამოწმებთ პრემიერმა რა და როგორ დახარჯა. ამ არჩევნებში რამდენი დახარჯეს, საიდან უხდიდნენ კოორდინატორებს ფულს, რომელიც არ არის არსად გაფორმებული. რატომ არ არის საგადასახადო 20%-ით დატვირთული ეს შემოსავლები და ა.შ. სადაც გაიხედავთ, ყველგან კრიმინალი და დანაშაულია, ასე რომ, სირინოზებივითაც რომ იმღერონ, ფინალი იქნება ერთი - „ციხეს რად უნდა რკინის კარები, მას უნდა ჰქონდეს შუშაბანდები“, - ამას იმღერებს ვანო მერაბიშვილი ჩემი აზრით.

და ეს არ იქნება პოლიტიკური შურისძიება?

- ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკურ შურისძიებას, ამას გადაწყვეტს სასამართლო სისტემა, ის სასამართლო სისტემა, რომელსაც ხელსაც კი არ ვახლებთ. ხომ არის მისი უფროსი კუბლაშვილი, ის დარჩება და ის გააკეთებს ამას, იმიტომ, რომ დღევანდელი დღე მისცემს მას შანსს, იყოს პატიოსანი.

სხვათა შორის, არჩევნები რომ დასრულდა დანაციონალებისგამსვლელ სიას კიდევ ერთხელ გადავხედეთ, ვხუმრობდით, დასაჭერთა სიას უფრო ჰგავდა ვიდრე დეპუტატებისას. თითქმის ყველა მათგანზე არსებობს ეჭვი, რომ რაღაც დანაშაულშია გარეული და სიმართლე გითხრათ, არც თუ სასიამოვნო მომენტია, როდესაც შენს კანონმდებლებზე ასეთი ეჭვები არსებობს...

- შემიძლია გითხრათ, რომ სიაში არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომელთა სახელთანაც კრიმინალი არ არის ასოცირებული, ვგულისხმობ იმ პროფესურასაც, რომელიც შემოჰყავთ პარლამენტში.

როგორც კი ბარამიძეს და ცისკარიშვილს დაინახავთ მეორე და მესამე ადგილზე, სრულიად, ნათელია, რომ კრიმინალიტეტი შეიკრიბა და პარლამენტის წევრობა მათ სჭირდებათ იმუნიტეტისთვის. მეც ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, ეს ისეთი ხალხია, რომლებსაც პარლამენტის წევრობა სჭირდებათ იმისათვის, რომ არ დაიჭირონ, მაგრამ  „ოდეს ყოფილ არს აქამომდე“, რომ პარლამენტის წევრობას გაეთავისუფლებინოს ადამიანი სერიოზულ დანაშაულზე პასუხისმგებლობისაგან.

ბარამიძეს ერთხელაც გაუხსენებენ და გამოვიძიებთ, რა მოხდა სვანეთში, როგორ იყო აფრასიძეების საქმე, რა ხდებოდა. იქ მარტო მიცვალებულთა შეურაცხყოფაზე არ არის ლაპარაკი, ლაპარაკია ვერტმფრენებიდან შუასაუკუნოვანი ძეგლებისა და ხალხის განადგურებაზე. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, სარჩელი შევა - სასამართლო განიხილავს. პარლამენტის წევრობის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი რომ იქნება, საპროცედურო კომისია ყველა კანონის დაცვით, ვისაც საჭიროა მოუხსნის, ვისაც არ არის საჭირო, იმას არ მოუხსნის.

მე არ ვარ შურისძიების მომხრე. ვინც კრიმინალი არ არის ან არ უმტკიცდება, მას უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ გვინდა ძლიერი და კარგი ოპოზიცია. მტრად არ უნდა გამოვაცხადოთ, უნდა ვთქვათ რომ პალიკო კუბლაშვილი თუ ის არ არის კრიმინალური დამნაშავე, მაშინ არის ჩვენი ძმა. ოჯახშიც ხომ არიან უკეთესი და უარესი, ის იქნება უარესი, მაგრამ მაინც ჩვენი ძმა.

სააკაშვილმა დაიწყო სასწრაფოდ განკარგულებების გამოცემა და ახალი მთავრობა მის ხარჯებს ვეღარ გააკონტროლებს, ეს ფუნქცია ახლა სამთავრობო დაცვის სამსახურს ენიჭება, ესეც ხომ არ ნიშნავს რაღაცისთვის სამზადისს?...

- პარლამენტი არის ყოვლისშემძლე საბიუჯეტო საკითხებში. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ბოლოს და ბოლოს იმ სამსახურს არ მისცემ ფულს - ეკონომისტი არ ვარ და ამას სიტყვაზე გეუბნებით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ხელისუფლებას არ აქვს არანაირი რესურსი, კრიზისი გამოიწვიოს ხელოვნურად ან 6 თვის მერე ვინმე დაამხოს. არ აქვთ ამის ძალა, ტყუილად იბრალებენ. 6 თვის მანძილზე არც ჩვენ არ ვიქნებით გულხელდაკრეფილი, შევეცდებით, ფასებთან დაკავშირებით, ტარიფებთან დაკავშირებით გადავდგათ პოპულარული ნაბიჯები. 6 თვის მერე ვინ იქნება პოპულარული, ის მთავრობა ზამთარში 500 ლარს რომ ახდევინებდა გაზში, თუ ის, ვინც ნაკლებს გადაახდევინებს? - მე მგონი, ეს ძალზე მარტივი საკითხია.

სინამდვილეში სააკაშვილი არის ერთი რამის იმედად, რომ კოალიციაში არის სხვადასხვა პარტია, მათ შორის ჩამოვარდეს შუღლი, მეტოქეობა, დასცხებენ ერთმანეთს და ჩვენ გავიმარჯვებთო, მაგრამ ამ ზღაპრების თვითონ თუ სჯერა, მე არ მჯერა. ჩვენ მზად ვართ, ჩვენ გავუძელით ერთმანეთს 6 თვის მანძილზე, როცა არ ვიყავით ხელისუფლებაში და რამენაირად ხელისუფლებაში უფრო კარგად გავუძლებთ ერთმანეთს. იმიტომ, რომ  წინა კოალიციისგან განსხვავებით, როდესაც ადამიანმა, რომელმაც თქვა, რომ ჩემი იდეები მირჩევნია ყველანაირ პოლიტიკურ შეთანხმებასო და რევოლუციის მეორე დღეს უღალატა კოალიციას, რომელმაც ხელისუფლებაში მოიყვანა, ამ ადამიანისგან განსხვავებით, ჩვენ სხვა პასუხისმგებლიანი ლიდერი გვყავს, რომელიც ამბობს, რომ ყველასთვის მოიძებნება ადგილი, მათ შორის დამარცხებულებისთვის. მე მგონი, განსხვავებას იგრძნობს ყველა. ამიტომ, ტყუილად ელოდებიან, რომ ჩვენს რიგებში განხეთქილება იქნება.

არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომნაციონალებიიმიტომ ეუბნებიან მომხრეებს დავბრუნდებითო, რომ ის ხალხი, რომელიც საკმაოდ ბევრი რამის მოწმეა, არ ალაპარაკდეს, რომ შიში ჰქონდეს, თუ დაბრუნდებიან, შეიძლება გამისწორდნენო. ეს მოტივაციაც ხომ არ შეიძლება იყოს?

- „ნაციონალებს“ მოტივაცია შეიძლება აქვთ, მაგრამ ლაპარაკი ხალხმა უკვე დაუწყო, ვინ გააჩუმებს მაგათ?! როგორ გონიათ, ადამიანს წაართვეს ბიზნესი, ადამიანს მოატანინეს ფული,  მიაყენეს შეურაცხყოფა და უცებ მას აქვს საშუალება შური იძიოს, გგონიათ მათ ვინმე გააჩუმებს? ეს წარმოუდგენელია. რასაც უნდა შეპირდნენ, ახლა არის ახალი ხელისუფლება. ამ ახალ ხელისუფლებასთან უკვე მოდის ხალხი და ლაპარაკობს.

ალბათ, მოისმინეთ „ნაციონალების“ ზუგდიდის საიდუმლო შტაბის თანამშრომლის აღსარებები. მილიონი კაცი იქცეოდა ასე. მილიონ ხმას გაიგონებთ, იმიტომ, რომ  შეუძლებელია, ადამიანი დარჩეს ამ სიყალბეში, მაშინ, როდესაც აქვს შანსი, გადარჩეს. ამათ ყველას ვიპოვით და დავსჯით, ეს ჩვეულებრივი კრიმინალია. ხომ იცით, რომ საარჩევნო პროცესის გაყალბება, ყალბი საბუთების ბეჭდვა ისჯება. ითანამშრომლებენ გამოძიებასთან? - სწორედ ამისთვის არსებობს საპროცესო შეთანხმების სისტემა, რომელსაც ესენი არასწორად ამუშავებდნენ, ჩვენ ავამუშავებთ სწორად. ამათ თავისუფლებისთვის ვაჭრობის და ფულის მოტანინების პრინციპად აქციეს და ჩვენ ვაქცევთ იმად, რაც არის. დაასახელე დანაშაულში შემჩნეული შენზე მაღალი თანამდებობის პირი და ეს შენ გათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, ასეთია ევროპული და ამერიკული სისტემა. ის ხალხი უკვე მოვიდა ჩვენთან და უკვე ალაპარაკდა, ამათი დაშინების ყველა მცდელობა განწირულია.

თუ დაბრუნებას გეგმავს მიშა, საეჭვოა, მხოლოდ უბერნატორების იმედად იყოს...

- რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მთავრობა ჩვენი იქნება, პოლიციელები და ძალოვანები მიხეილ სააკაშვილისკენ გაიქცევიან, ვინც იქნება შს მინისტრი, პოლიციაც მისი იქნება და უერთგულებენ იმ დღესვე. მეორე და მესამე დღეს კი არა! მიხეილ სააკაშვილს, სხვათა შორის, როცა პრეზიდენტი გახდა, მაგისი ეშინოდა ჯარი და პოლიცია რომ არ დამემორჩილოსო... ასეთ კაცსაც კი დაემორჩილა და ჩვენც რამენაირად დაგვემორჩილება. უკვე დამორჩილებულია - არ არის საქართველოში ორხელისუფლებიანობის საფრთხე.

ვითომ მეორე ხელისუფლება, სააკაშვილი და მისი გუნდი დღეს უძლურია. ისინი ცხოვრობენ ქიმერაში, რომ 6 თვის მერე რაღაცა იქნება, 6 თვის მერე იქნება ის, რომ ისინი არ იქნებიან პოლიტიკაში.

თავდაცვის მინისტრი ვიცით, რომ წავიდა ამერიკაში და აღარ დაბრუნდა, არ ჩანს შს მინისტრი და მისი გუნდი, იუსტიციის მინისტრი...უცნაურია, მაგრამ საზოგადოებაში თქვენი მისამართით ისმის, რატომ უშვებენო, ეგებ აუხსნათ, რა ხდება...

- ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში ახლა. ხელისუფლებაში მოსვლამდე გვაკლია ერთი თვე. სადღაც, 10 ნოემბრისთვის ჩვენი მთავრობა შედგება. ამის შემდეგ ის ორგანოები, ვისაც ეხება, დაინტერესდებიან. ვიპოვით, სადაც არ უნდა იყვნენ. ისინი არ არიან პოლიტიკური დევნის ფიგურები, რომ ვინმემ თავშესაფარი მისცეს. სადაც არ უნდა იყვნენ იქ ვიპოვით, მინისტრები და მოადგილეები არიან, ვიპოვით და ჩამოვიყვანთ თავის ქვეყანაში და აქ თუ კრიმინალი არის მათ სახელთან - გასამართლდებიან, თუ არ არის - არ გასამართლდებიან.

ხომ გეუბნებით, მე ჩემი ეჭვები მაქვს, მაგრამ ჩვენ არ ვწყვეტთ ამას, ამას სასამართლო და პროკურატურა წყვეტს. იუსტიციის მინისტრი მოიქცა, როგორც უკანასკნელი არამზადა, გაიძურწა და მიატოვა მთელი სისტემა, შაშკინმა ის მაინც დაიბარა დავბრუნდებიო. ამ ხალხს არც ერთი ქვეყანა არ ელოდება. თუ გაქცევას აპირებენ, აუცილებლად ვიპოვით, მაგრამ დღეს პასუხს ნუ მოგვთხოვთ, რადგან საზღვარი არ არის ჩვენს ხელში.

მესმის, რომ საზოგადოებაში თესავენ, აი, გაუშვეს, გაურიგდნენ. ვინ არის ადეიშვილი ასეთი, რომ გავურიგდეთ, რა მოგვცა სანაცვლოდ, ჩვენება მოგვცა სააკაშვილზე, გვითხრა, ვინ მოკლა და როგორ მოკლა ჟვანია თუ რა? რაში გავურიგდით, უბრალოდ გაიპარა. ვიქნებით ნოემბრიდან ხელისუფლებაში და ვინ გაგვეპარება, მაგას ვნახავთ. არ არის ეს ის შემთხვევა, ლევან მამალაძე რომ დასეირნობს რუსეთში. გარწმუნებთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ყველა იქნება ნაპოვნი და დავაბრუნებთ. თუ დანაშაული აქვთ, დაისჯებიან, თუ არა და არა. მაგრამ იმის თქმა, რომ არიქა, წავიდნენ, წაიღეს ქონება და აღარ დაბრუნდებიან - ასე მარტივად არ არის. ჩვენ, მე მგონი, სტრატეგიული პარტნიორი გვყავს და იმ ქვეყანაში ვერ წავლენ. რუსეთი მოგეხსენებათ, მტერი არის მათი და სამწუხაროდ, მაგათ გამო ჩვენიც - იქაც ვერ წავლენ. ბრაზილიაში თუ წავლენ ვიპოვით, არავინ არ გადაიკიდებს ხელისუფლებას იმის გამო, რომ შეიფაროს ვიღაცა გაპარული, გაძურწული კაცი.

თქვენ ახსენეთ ჟვანიას მკვლელობა და ალბათ, საქართველოს ძალიან ბევრი ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმის განხილვა ელოდება...

- ეს მოლოდინი არსებობს, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური გადაწყვეტილების საგანი. თუ ვინმე თავს გრძნობს დაჩაგრულად, შეურაცხყოფილად, ახლა არის დრო, წერონ და წერონ სარჩელები. ასეთი სარჩელი იქნება მართლაც ზღვა. უბრალოდ, მებრალება ჩვენი ახალი იუსტიციის მინისტრი და მთავარი პროკურორი, იმიტომ, რომ მათ ექნებათ საქმეების ზღვა რაოდენობა და 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ.

უკვე ვიცი, „რუსთავი2“-ისთვის ბრძოლას აპირებს უკვე იმაზე მეტი ადამიანი, ვინც ამ ტელევიზიაში ნამყოფია საერთოდ. გასაგებია, რომ ეს იქნება ხმაურიანი სასამართლო საქმე. იცით, რომ აუდიტის სამსახურმა რაღაცეები დაგვაკისრა, იქნება ხელახალი გამოძიება, დარწმუნებული ვარ ხელახლა იქნება გამოძიებული გირგვლიანის საქმე. მაგრამ ეს არ იქნება არც ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით და არც პარლამენტის ზეწოლით. გარდა ამისა, პარლამენტში სასურველია შეიქმნას და დარწმუნებული ვარ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც განსაკუთრებით ხმაურიან საქმეებს გამოიძიებს და გადასცემს პროკურატურას. მათ ექნებათ უფლება, დაკითხონ მინისტრები და ა.შ. ჩვენ ვაპირებთ მუშაობას ამ მიმართულებითაც, სხვა მიმართულებითაც.

როგორ ფიქრობთშეიძლება, ვინმემ უჩივლოს მიხეილ სააკაშვილსაც?

- ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია უჩივლოს საქართველოს პრეზიდენტს. ის არ არის ამისგან დაცული. არ არსებობს, რომ არიქა, პრეზიდენტია და მის საქმეს ვერ შევისწავლით, ასეთი რამ არ არსებობს. თუ ვინმეს თავი დაჩაგრულად მიაჩნია, შეუძლია უჩივლოს. მე შემიძლია ვუჩივლო, მაგალითად, მან მე მომაყენა უმძიმესი შეურაცხყოფა, მიწოდა რუსეთის აგენტი. როდესაც ვლაპარაკობთ ვის შეუძლია უჩივლოს, მე შეიძლება ამით არ ვისარგებლო და არ ვუჩივლო, მაგრამ ეგებ გოგა ხაინდრავამ ისარგებლოს, იქნებ შალვა ნათელაშვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ ისარგებლოს. იქნებ იმ ბიჭებმა უჩივლონ, ჩვენმა ფოტორეპორტიორებმა, აბსოლუტურად უსამართლოდ რომ დასწამა ჯაშუშობა და ა.შ. გარწმუნებთ, მიხეილ სააკაშვილს ძალიან სერიოზული ბრალდებების მოგერიება მოუწევს, თუ მოახერხებს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს პროცესი არც ჩვენგან ინიცირებულია და არც მოწონებული. ეს უბრალოდ არის პროცესი, თუ მოქალაქეს მიაჩნია, რომ ის უსამართლოდ დაიჩაგრა, მჩაგვრელზე უნდა შეიტანოს სარჩელი.

ალბათ, ეს იქნება გარდაუვალი პროცესი, რომელიც პოლიტიკის მიღმა თავისთავად დაიწყება თუკი სამართლიანობის განცდა გაჩნდება...

- ეს ისედაც არის პოლიტიკის მიღმა, უბრალოდ ადრე პოლიტიკა ხალხს აშინებდა, ამას ნუ აკეთებთ, თორემ გცემთ, დაგიჭერთ და ა.შ. ახლა ჩვენ ვეუბნებით, თუ თავს დაჩაგრულად გრძნობთ, იჩივლეთ. თუ ჩვენ დავაშავეთ, ჩვენ გვიჩივლეთ. ჩვენ არ ვაპირებთ ზეწოლას სასამართლოზე.

მოსამართლეებზე რას იტყვით, მიხვდებიან რომ თავისუფლები არიან?

- დღევანდელი ვითარებით ეს ძალიან კარგად ჩანს, სასამართლო სისტემა არის სულ სხვა ხალხი, დღეს ისინი ძალიან ბევრს ლაპარაკობენ თავის პატიოსნებაზე, სად გავიცინოთ, არ ვიცით, მაგრამ ავიტანთ ამასაც და მივცემთ საშუალებას, გამოსწორდნენ.

კუბლაშვილი რომ ლაპარაკობს, ასე არ არის საქმე, რომ ისინი დამოუკიდებლები იყვნენ და ხელშეუხებლები, ასე არ არის - კუბლაშვილი იყო დამოკიდებული და ძალიან სამარცხვინო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მაგრამ ამაზე შეფასების გარდა ვერაფერს ვერ ვიტყვი, რადგან ეს უნდა შეისწავლოს სპეციალურმა სამსახურმა, მათ შორის, რომელმა მოსამართლემ რა დააშავა, დააშავა თუ არა მოსამართლე ჩემიამ, დააშავა თუ არა სხვა მოსამართლემ - ეს ყველაფერი გაირკვევა.

მართლაც საინტერესო პროცესები იწყება საქართველოში...

- მთავარი რაც მოხდა, ჩვენ უზრუნველვყავით მშვიდობიანი ტრანზიცია. მშვიდობიანი ტრანზიციის დროს პატარა შეფერხებები იქნება, მაგალითად, ისეთი, როგორიც ახლა ხდება, სააკაშვილს რომ რაღაცეები თავის გამგებლობაში გადააქვს და აბსოლუტურად არაპოპულარულ ნაბიჯებს დგამს. მაგალითად ისეთი პატარა ადამიანის, ისეთი გარეწრის დანიშვნა კახეთის გუბერნატორად, როგორიც არის ზურა ჭიაბერაშვილი. ეს არის საქართველოს სამარცხვინო ლაქა, ვისი და რისი გუბერნატორია ჭიაბერაშვილი?! არაპოპულარულ ნაბიჯებს დგამს მიშა, ხალხის აზრი ფეხზე ჰკიდია, ფიქრობს, რომ ეს ერთგული იქნება, ალბათ იცის, რატომ იქნება ერთგული, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბატონი ჭიაბერაშვილი მარტო დარჩება იმ გუბერნატორის ოფისში. თუ „დივან-კრაოტი“ უნდოდა, არ ვიცი, მასთან ხომ არავინ არ ითანამშრომლებს.

გუბერნატორების, მერების, საერთოდ ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური გადაჯგუფებებით ნაციონალები ხალხში ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ არსადაც არ მიდიან და რჩენიან ხელისუფლებაში, ეს ვერსიც ხომ შეიძლება იყოს?

- ბიუჯეტი თუ ჩემს ხელშია, ამ ჭიაბერაშვილს ხელფასი რომ არ მივცე, რას შვრება მერე, ქუჩაში გამოვა და ხელს გაიშვერს მაჭამეთო?

ხელს კი არ გაიწვდენს, ბიუჯეტის შესახებ კანონის დარღვევაში დაგადანაშაულებთ...

- საქართველოს პარლამენტი განაგებს ბიუჯეტს. საქართველოს პარლამენტს შეუძლია, თქვას, რომ მას არ სჭირდება გუბერნატორები დასაფინანსებლად და პრეზიდენტს თუ უნდა თავისი ან თავისი სიმამრის ჯიბიდან დააფინანსოს, რაც უნდა ის ქნას. ამას სერიოზულად არ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ ეს არ არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება - გეუბნებით ვერსიებს. შეიძლება ეს უფრო ლამაზად და კარგად კეთდება, ვიდრე მე ვლაპარაკობ, მაგრამ პარლამენტი განაგებს ბიუჯეტს და შეუძლია თქვას, რომ ფული არ არის გუბერნატორებისთვის და ეს ფული საჭიროა სოფლის მეურნეობისთვის.

მე მგონი, ასეა და ნუ დადის ჭიაბერაშვილი და ხალხს ნუ ემუქრება. ესაა კაცი, რომელიც ჯანდაცვის მინისტრი იყო და ჩვენი კანდიდატების პლაკატებს პირადად ხევდა, სადაც მიწვდებოდა. მერე ისწავლეს და ცოტა მაღალზე კიდებდნენ. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩემი პირადი ამბავიცაა, მე დავაწინაურე ეროვნულ ბიბლიოთეკაში და პარტიის წევრი იყო, ეროვნული კომიტეტის წევრად გვყავდა და სხვა, მაგრამ ეგ არაა პირველი და უკანასკნელი სამარცხვინო წევრი, რომელიც გვყოლია. არაუშავს, დანიშნოს მიშამ, ჩვენ ჩვენი პასუხი გვექნება.