სააკაშვილი ხელისუფლებას ებღაუჭება

სააკაშვილი ხელისუფლებას ებღაუჭება

 

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადეს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებას მხოლოდ „ქართული ოცნება“ მოახდენს და ამაში მას ხელს არ შეუშლიან. თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება მხოლოდ მინისტრთა კაბინეტი არ არის, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უკანასკნელ დღეებში რეგიონებში სასწრაფო წესით ნიშნავს გუბერნატორებს, მაგალითად კახეთის გუბერნატორად ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი დაინიშნა, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ლაშა დამენია. გარდა ამისა, უკანასკნელ დღეებში ორი უმსხვილესი ქალაქის, ბათუმისა და ქუთაისის მერებიც შეიცვალნენ. ქუთაისის ახალი მერის დანიშვნას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ფიზიკური დაპირისპირებაც კი მოჰყვა.

ამიტომ, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული შიში იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რევანშისთვის ემზადება და ამისთვის ნიადაგს ორხელისუფლებიანობის შექმნის გზით შეამზადებს. ამიტომ, საყურადღებოა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფების მეორე შეხვედრის შემდეგ დავით ბაქრაძის მიერ გაკეთებული განცხადება. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტს და ასევე იმ თანამდებობის პირებს, რომელთაც მიხეილ სააკაშვილი ნიშნავს და ათავისუფლებს, საპარლამენტო არჩვენების შედეგები არ შეეხება.

„ყველა პროცესი და ყველა დანიშვნა წარიმართება ისე, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. ქვეყანაში დარჩება ის ინსტიტუციები, რომელიც მოქმედებს და რომლებზეც საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა გავლენა არ იქონია. ეს შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს, იმ თანამდებობის პირებს, რომელთაც პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს და ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებს. უნდა გვესმოდეს, რომ ახალი საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის გარდა, არის სხვა ინსტიტუტები და ამ პროცესის მთელი არსი და შინაარსი ისაა, რომ შევქმნათ პრეცედენტი, როცა ყველა ინსტიტუტი იმუშავებს ერთად, რათა ქვეყანაში სტაბილურობა იყოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.

რომელია ის თანამდებობები, რომლებსაც პრეზიდენტი ნიშნავს და შეიძლება თუ არა ორხელისუფლებიანობამდე მივიდეთ, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე ესაუბრება.

ირაკლი კობახიძე: „დავიწყოთ იმით, რომ თვითმმართველობა ჩვენთან არის არჩევითი. შესაბამისად, ადგილობრივ ორგანოს ვერავინ შეეხება, ანუ საკრებულოს გადასაწყვეტია ვის დაამტკიცებს გამგებლის ან მერის თანამდებობაზე.

ბოლო დღეებშინაციონალური მოძრაობასასწრაფო წესით ნიშნავს გუბერნატორებს. ამ მხრივ როგორ არის საქმე?

- გუბერნატორებთან დაკავშირებით საქმე უფრო რთულად არის, რადგან გუბერნატორი ერთდროულად არის პრეზიდენტის და მთავრობის წარმომადგენელი. გარდა ამისა, ის უფრო მეტად სამთავრობო ფუნქციებს ახორციელებს, ვიდრე დავუშვათ, პრეზიდენტის მიერ დელეგირებულ ფუნქციებს. გუბერნატორზე ფუნქციების დელეგირებას როგორც წესი, ახდენს მთავრობა და არა პრეზიდენტი. კანონში მთავრობის შესახებ წერია, რომ გუბერნატორს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შედეგად ნიშნავს. თუმცა გუბერნატორის ფუნქციებიდან გამომდინარე, ლოგიკური იქნებოდა მისი ვინაობა მთავრობის მიერ ყოფილიყო განსაზღვრული, რადგან სისტემის საერთო ლოგიკა ამას ითხოვს.

არის კიდევ სხვა თანამდებობები, მაგალითად, მთავარი პროკურორის თანამდებობა, აქაც იუსტიციის მინისტრი დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურულად და იერარქიულად მთავარი პროკურორი მას ექვემდებარება. მთავარ პროკურორთან დაკავშირებითაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტი ღებულობს, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ვინაიდან პროკურატურის სისტემაზე პასუხისმგებელი იუსტიციის მინისტრია, შესაბამისად, აქაც პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა პრეზიდენტს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ნება გაეფორმებინა.

მოსამართლეებთან დაკავშირებით როგორ არის საქმე?

- საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების საკითხი ჯერ არ დგას, რადგან ჯერ არც ერთ მათგანს ვადა არ ეწურება. უზენაეს სასამართლოში როგორ არის საქმე არ ვიცი, თუმცა გეტყვით იქ როგორი პროცედურაა. უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს პრეზიდენტი წარადგენს და ირჩევს პარლამენტი. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, უზენაესშიც მოსამართლეებს ათწლიანი ვადა აქვთ და მე მგონი იქაც ჯერჯერობით როტაცია არ ხორციელდება.

თქვენ საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე ისაუბრეთ, მაგრამ რჩება კიდევ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეები. მათი დანიშვნა როგორ ხდება?

- პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეები პრეზიდენტის და პარლამენტის ძალაუფლებისგან საერთოდ განთავისუფლებულები არიან, რადგან მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. ამდენად, ამ საკითხში ვერც პარლამენტი და ვერც პრეზიდენტი ერევა. მართალია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათ ჰყავთ წარმომადგენლები, მაგრამ მათ არც გადამწყვეტი ხმის და არც ვეტოს უფლება აქვთ.

ამდენად, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თუკი პრეზიდენტი გაჯიუტდა, ახალი მთავრობა პროკურატურის სისტემას ვერ შეცვლის, ვერ გაატარებს იქ საკადრო რეფორმას და სასამართლოშიც იგივე კონტიგენტი დარჩება. ეს ყველაფერი პრეზიდენტის ნებაზეც არ არის დამოკიდებული, რადგან მოსამართლეები გარკვეული ვადით არიან დანიშნულები და ამიტომ, პოლიტიკური ძალაუფლება მათ ამ ვადის გასვლამდე ვერ ეხება. რაც შეეხება პროკურატურას, როგორც გითხარით, სასურველი იქნებოდა, აქ საკადრო რეფორმის გატარება ახალ იუსტიციის მინისტრს შეეძლოს, მაგრამ თუ პრეზიდენტმა მოინდომა, შეუძლია, რომ მინისტრს ამის საშუალება არ მისცეს.

ამდენად, თუკი ახლა მოსამართლეებს როტაცია არ ეხებათ, დღესდღეობით რომელია ის თანამდებობა, რომელსაც პრეზიდენტი ნიშნავს, ეს მხოლოდ გუბერნატორები არიან?

- არის კიდევ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომლებიც პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტის მიერ შვიდი წლის ვადით არიან არჩეულები და ამ ვადის გასვლამდე მათაც ვერავინ ეხება. სხვა ისეთი არ მახსენდება. მაგალითად, სახალხო დამცველი შეიძლება, რომ პარლამენტმა დამოუკიდებლად აირჩიოს. შესაძლოა, მისი კანდიდატურა ფრაქციამ წარადგინოს და პარლამენტი უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას. არის კიდევ გენერალური აუდიტორის თანამდებობა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს (ეს მისი ექსკლუზიური უფლებაა) და პარლამენტი ირჩევს.

ჩემი აზრით, პრობლემა არის ელჩები. ლოგიკური იქნებოდა, რომ დიპლომატიურ სამსახურში საგარეო საქმეთა მინისტრს შეეძლოს როტაციის განხორციელება, მაგრამ მთავრობა აქაც პრეზიდენტის პოლიტიკური ნებით არის შეზღუდული. პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვინ იქნება ელჩი და ვინ - არა.

ამდენად, თქვენი საუბრიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გუბერნატორი, მთავარი პროკურორი და ელჩი ის თანამდებობებია, რომელთა დანიშვნა პრეზიდენტის პრეროგატივაა?

- ამაში მთავრობაც მონაწილეობს, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა მაინც პრეზიდენტს ეთქმის.

ბატონო ირაკლი, მართალიანაციონალური მოძრაობისმიერ დეკლარირებულია, რომ ისქართულ ოცნებასაღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებაში ხელს არ შეუშლის, მაგრამ იკვეთება ისეთი ვითარება, რომ ამ შემთხვევაში, ისინი მხოლოდ მინისტრთა კაბინეტზე საუბრობენ, რადგან დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტსა და მიერ მიერ დანიშვნად თანამდებობებს საპარლამენტო არჩევნები არ შეეხება. ამ ფონზე რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ ორმა დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა ძალამ გაინაწილოს ხელისუფლება და ქვეყანა ერთად მართოს?

- რა თქმა უნდა, კრიზისის საფრთხე არსებობს. პირველ რიგში, ისევ გუბერნატორებს დავუბრუნდები, რადგან გუბერნატორი ლოგიკურად პირდაპირ არის მთავრობაზე მიბმული მიუხედავად იმისა, რომ იგი შესაბამის რეგიონში პრეზიდენტის წარმომადგენელიც არის. როგორც მოგახსენეთ, ძირითადად გუბერნატორი ახორციელებს სამთავრობო და არა საპრეზიდენტო ფუნქციებს. აქედან გამომდინარე, მე ცალსახად ვიტყოდი, რომ პრეზიდენტმა გუბენრატორები ერთმნიშვნელოვნად უნდა დათმოს და მათი დანიშვნის უფლება-მოსილება მთავრობას უნდა მიენიჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ძალიან ბევრი კონფლიქტი წარმოიშვას, რამაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება საერთო-სახელისუფლებო კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. მთავრობა რეგიონებში გარკვეულ პროგრამებს აკეთებს და შეიძლება გუბენრატორებმა ეს პროექტები არაჯეროვნად განახორციელონ, გარკვეული საკითხები დაბლოკონ ან სხვაგვარი წინააღმდეგობები შეუქმნან ამ ქმედებების განხორციელებას. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი კი მთავრობაა. შესაბამისად, აქ იქნება კონფლიქტი, რომელსაც არანაირი ლოგიკა არ აქვს. ლოგიკა არც იმაშია, რომ თუ პრეზიდენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას თმობს, მან ძალაუფლება მთლიანად არ დათმოს, რაც კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა.

ის, რომ პრეზიდენტმა საკუთარი თავი ოპოზიციონერად გამოაცხადა, თავის მხრივ ეს კონსტიტუციის დარღვევაა, რადგან კონსტიტუციაში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ პრეზიდენტი ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას წარმართავს და ახორციელებს. კონსტიტუციის თანახმად, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტი ან უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერი, ან თამანდებობიდან უნდა გადადგეს. ჩვენთან რა მოხდა? პრეზიდენტი ინარჩუნებს თავის თანამდებობას და მეორეს მხრივ, გვიცხადებს, რომ არის ოპოზიციონერი, რითაც კონსტიტუციის ლოგიკა და კონსტიტუციის მოთხოვნები ირღვევა. შესაბამისად, როდესაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ საკუთარი თავის ოპოზიციონერად გამოცხადების შემდეგ მისი მომდევნო ლოგიკური ნაბიჯი იქნებოდა გადადგომა, ამაში ბიძინა ივანიშვილს ცალსახად დავეთანხმებოდი, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან თუკი პრეზიდენტი თანამდებობაზე რჩება და საკუთარ თავს ოპოზიციონერად აცხადებს, იგი მთლიანად ხელისუფლების სისტემაში არსებულ ლოგიკას არღვევს და შესაბამისად, სერიოზული კონფლიქტის წარმოშობის საფუძველსაც ქმნის.

თქვენ ამბობთ, რომ ლოგიკური იქნებოდა გუბერნატორები მთავრობას დაენიშნა და მისთვის ეს ფუნქცია პრეზიდენტს დაეთმო. იმ ფონზე, როდესაც რეგიონებშინაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები სწრაფი წესით ინიშნებიან გუბენრატორებად და ამავე პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები დაინიშნენ ბათუმსა და ქუთაისში ქალაქის მერის თანამდებობებზე, თქვენი აზრით, რამდენად აქვს მიხეილ სააკაშვილს იმის მზაობა, რომ გუბერნატორების დანიშვნის ფუნქცია მთავრობას გადააბაროს?

- აქ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ადგილობრივი თვითმმართველობა (რომელიც მთლიანად დამოუკიდებელია) და სამხარეო გუბერნატორის ინსტიტუტი, რომელიც პრეზიდენტის მიერ ინიშნება.

რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობა ხომ მხოლოდ სამართლებრივად არის დამოუკიდებელი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თვითმმართველობებში დღესაცნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები არიან უმრავლესობაში და იგივე, თუნდაც, მერის თანამდებობაზეც მათთვის სასურველი ადამიანების არჩევა ხდება.

- თვითმმართველობა ცენტრალური ხელისუფლებისგან გამიჯნულია. სამართლებრივად ასეა და რეალურადაც ასე უნდა იყოს. ძალიან ბევრ ქვეყანაში, თუნდაც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა პარტიები სხვადასხვა უმრავლესობით არიან წარმოდგენილები. დავუშვათ, გერმანიის ფედერალურ დონეზე ხელისუფლებაში შეიძლება ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი იყოს, ხოლო ძალიან ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობაში უმრავლესობა შეიძლება სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას ჰქონდეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში ცუდი არაფერია. შესაბამისად, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელია, მას დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, იქნება ეს მერის დანიშვნა, თუ განთავისუფლება, გამგებლების დანიშვნა და ა.შ.

ამდენად, თვითმმართველობა ცალკე უნდა გამოვყოთ, ეს ერთი პრობლემაა, ხოლო მეორე საკითხია გუბერნატორის ინსტიტუტი. ვინაიდან გუბენრატორი იერარქიულად პირდაპირ არის დაქვემდებარებული როგორც პრეზიდენტს, ისევე მთავრობას, თუკი მთავრობასა და გუბერნატორს შორის უთანხმოება იქნება, იქ სერიოზული კონფლიქტი წარმოიშობა. რაც შეეხება ამ საკითხისადმი პრეზიდენტის დამოკიდებულებას, შეიძლება ერთგვარი საბოტაჟის მცდელობადაც კი შევაფასოთ ის, რომ პრეზიდენტი გუბერნატორების ინსტიტუტს მთავრობას არ უთმობს. როგორც მოგახსენეთ, თუ გუბერნატორი მთავრობის საწინააღმდეგო ქმედებებს განახორციელებს, ამან შეიძლება მთლიანად ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. კრიზისი არ არის ისეთი მოვლენა, რომელიც მხოლოდ გარკვეულ პარტიებს ან გარკვეულ პოლიტიკურ სუბიექტებს აყენებს ზიანს, ასეთი კონფლიქტი მთლიანად ქვეყნის განვითარებაზე შეიძლება უარყოფითად აისახოს. ამიტომ თუკი პოლიტიკოსები ამოდიან ქვეყნის და არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, მათ ამ ვითარებას ანგარიში უნდა გაუწიონ. ამ შემთხვევაში, პირდაპირ ვიტყვი, რომ პრეზიდენტმა ანგარიში უნდა გაუწიოს ამომრჩევლის ნებას, ანგარიში უნდა გაუწიოს იმას, რომ ხალხმა მთავრობაში „ქართული ოცნების“ მოყვანა გადაწყვიტა და შესაბამისად, პრეზიდენტმა უნდა დათმოს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რასაც გუბერნატორის ინსტიტუტი ჰქვია.

ბატონო ირაკლი, როგორც ჩანს, პრეზიდენტს საამისო მზაობა არ აქვს და სადამდე შეიძლება ასე მივიდეთ, ამ სიტუაციაში ორხელისუფლებიანობის ნიშნები ხომ არ იკვეთება?

- ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯერჯერობით არ სურს ძალაუფლების ბოლომდე დათმობა. მას აქვს იმედი, რომ თავისი პოლიტიკური ბერკეტების გარკვეული ფორმით შენარჩუნებას შეძლებს. მისი მიზანი ალბათ არის ის, რომ პოლიტიკურ არენას სრული მასშტაბით დაუბრუნდეს, თუმცა მე არ მგონია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პირადად პრეზიდენტს დღეს ამის რესურსი ჰქონდეს. ამდენად, ასეთი მზადყოფნის არ არსებობა ნიშნავს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ბოლომდე იბრძვიან, ანუ ისინი ბოლომდე არ უწევენ ანგარიშს ამომრჩევლის ნებას, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა.