აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი ქართული დაზვერვისთვის მუშაობდა. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა ინტერნეტგამოცემა "მოსპრავდას" განუცხადა.
კიტოვანის თქმით, ანქვაბი 1990-იან წლებში თბილისს ყველა ინფორმაციას აწვდიდა, რასაც ზემდგომი ორგანოები უბრძანებდნენ. იგი განმარტავს, რომ იმ დროისთვის საქართველო ერთიანი სახელმწიფო იყო და ანქვაბის მოქმედებაში დანაშაულებრივი არაფერი ყოფილა.
„იმ დროს მას არ შეეძლო რაიმე ინფორმაცია არ გადმოეცა - ის ქართულ დაზვერვაზე მუშაობდა", - განაცხადა კიტოვანმა.
იგი ასევე აღნიშნავს, რომ სოხუმის აღების დროს ანქვაბი ქართულ მხარეს დახმარებას უწევდა.
„ის გადმოგვცემდა, როგორ გადაადგილდებოდნენ აფხაზური ფორმირებები. ისიც კი ვიცოდით, რომ 16-17 მარტს მათ ქალაქში შესვლა უნდოდათ. როცა რუსმა სამხედროებმა არძინბას დააახლოებით 900 ავტომატი გადასცეს, ანქვაბმა ეს ინფორმაცია თბილისს მიაწოდა", - განაცხადა კიტოვანმა.