ვირთხების რბოლა

ვირთხების რბოლა

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და მისმა ძმამ, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დათა ახალაიამ საქართველო დატოვეს. საზოგადოებაში უკვე გაჩნდა შიში, დამნაშავეთა ქმედებები დაუსჯელად ხომ არ ჩაივლის და ისინი კანონის წინაშე პასუხისგებას ხომ არ დაუსხლტებიან. ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ინფორმაციით, ძმებმა ახალაიებმა ქვეყანა გვიან ღამით დატოვეს, მანამ კი ვიზები და პასპორტები მათ პირდაპირ სამინისტროში მიუტანეს. ამის შემდეგ ძმები ერთმანეთს გამოემშვიდობენ და სხვადასხვა ავტომობილებში ჩასხდნენ. თვითმხილველთა განცხადებით, ციხეებში წამების კადრების გავრცელების შემდეგ, ძმები გენერალური შტაბის, ე.წ. ახალაიას აპარტამენტის მეცხრე სართულზე ცხოვრობდნენ.

როგორც თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში აღნიშნავენ, ისინი დათა ახალაიას მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ტელეკომპანიისვე ინფორმაციით, დათა ახალაიამ, მეგის ქარდავამ (ბაჩო ახალაიას მეგობარი, რომელიც წლების განმავლობაში შსს-ში მუშაობდა), დავით ჭაკუამ (გლდანის მერვე საპყრობილეში წამების ფაქტების თანამონაწილემ) საქართველო სარფის საბაჟოს გავლით 5 ოქტომბერს დატოვეს, ხოლო გიორგი დგებუაძემ, მეტსახელად „მასტერამ“ (რომელიც ზონდერ-ჯგუფების ხელმძღვანელად არის ცნობილი) წითელი ხიდის მეშვეობით დატოვა საქართველო, ზურაბ მიქაძე კი (შსს-ს თანამშრომელი, რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებდა), კიევში გაემგზავრა.
ამასთან, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოდან შსს-ს კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი გაემგზავრა.

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საზღვრებზე ძალიან უცნაურ ფაქტები ხდება, რადგან აეროპორტის უსაფრთხოების უფროსი, ვინმე ლაშა კოჭლამაზაშვილი, „უცნაურად ატყლაპუნებს ბეჭდებს გასვლა-გამოსვლაზე“. ამდენად, ხუხაშვილის თქმით, კოჭლამაზაშვილის ეს მცდელობა შესწავლილი იქნება და მალე გაირკვევა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში დამალვა შეუძლებელია და, თუ ვინმე გარბის, ეს აჩენს ეჭვებს, რომ მას უკანონობა აქვს ჩადენილი.  

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ახლად დანიშნული გენერალური პროკურორი  არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არ არის რევანშისტული განწყობის და არავის დასჯას არ აპირებს, თუ კონკრეტულ პირს დანაშაული არ აქვს ჩადენილი. იმ შემთხვევაში, თუკი ზოგიერთი თვლის, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი, მისი მხრიდან ასეთი მოქმედება და საზღვრების გადალახვა ბუნებრივია. რაც შეეხება იმას, რომ ისინი დამალვას მოახერხებენ, არჩილ კბილაშვილის აზრით, ამის შესაძლებლობა ძალიან მცირეა.

„არ ვიცი, ახლა აფრიკის ან აზიის რომელ ნაწილში უნდა წავიდეს ადამიანი, რომ მას ვერ მიაგნონ. ევროპა და ამერიკა ამ მხრივ გახსნილია, უბრალოდ, აქ სამართლიანი სასამართლო იქნება და არა ისეთი, როგორიც აქამდე იყო, სადაც, ფაქტობრივად, საქართველოს ხელისუფლების არცერთი მოთხოვნა არ იყო დაკმაყოფილებული არცერთი ექსტრადიციის თაობაზე. თუკი დანაშაულია ჩადენილი და ამას გამოძიება და მიუკერძოებელი სასამართლო დაადასტურებს, მაშინ ევროპისა თუ ამერიკის შესაბამისი სახელმწიფოც ადექვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს ექსტრადიციასთან დაკავშირებით“, - აცხადებს გენერალური პროკურორი.

მისი თქმით, უკვე ტექნიკური მხარეა, მათ წითელი ცირკულარით მოძებნიან, ინტერპოლის ხაზით, თუ იუსტიციის ორგანოების მეშვეობით, პრინციპი ერთია: რევანშისტულ განწყობაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ დანაშაული დაიფაროს და დამნაშავე არ გამოვლინდეს.

„დარწმუნებული ვართ, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს, ამ არგუმენტებზე დადებით პასუხს მოგვცემს და შესაბამისი პირი პასუხს აგებს.

 პლასტიკური ოპერაციის გაკეთება და სახის გადაკეთება დღეს უკვე აღარ არის დამაბრკოლებელი საშუალება. ევროპა და ამერიკა იმ საერთაშორისო კონვენციის მონაწილები არიან, რომელიც სახელმწიფოებს ავალდებულებს, დანაშულის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისგებაში მისცენ ცალკეული პირები. ვიმეორებ, აზიისა და აფრიკის რომელიმე ქვეყანა თუ გამოჩნდება, ეს სხვა საკითხია, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ასეთი მცდელობა, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდნენ და თავი დაიცვან ჩადენილი დანაშაულისგან, მხოლოდ დროის გახანგრძლივება იქნება და არა პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის საშუალება“, - მიიჩნევს არჩილ კბილაშვილი.

 მისი თქმით, დამნაშავეებზე საქმეების აღძვრას, ბუნებრივია, გარკვეული დრო სჭირდება და ეს არ უნდა მოხდეს იმგვარად, რომ რადგან ხელისუფლება შეიცვალა, ამიტომ ყველანი ციხეში. ადვოკატის განმარტებით, სწორედ ამას აკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება - ისინი ჯერ იჭერდნენ ადამიანებს და არც მანამდე და არც შემდეგ არ ინტერესდებოდნენ, თუ რა იყო სინამდვილეში.

„წინასწარ აღებული კონკრეტული საქმე არ არსებობს, რომ ამ საქმეს ვუმიზნებდეთ. უამრავი საქმე, უამრავი დარღვევაა, რომელსაც რეალურად ხელისუფლების ხელში აღების შემდეგ დავინახავთ და ყველაფერი გონივრულ ვადაში გაკეთდება“.

რაც შეეხება ყოფილი ხელისუფლების მიერ ოფშორში გატანილ ქონებას, არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ქონება შეიძლება, გადაიმალოს ფულის სახით, ფული კი ამ ადამიანებს უკვე, კარგა ხანია, გატანილი აქვთ, თუნდაც - ოფშორულ ზონებში.

„ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, მოახერხებდნენ და პირველ ოქტომბრამდე ფულს გადამალავდნენ კიდეც. ჩვენ მიზნად არ გვაქვს დასახული, რომ ვინმე გავაკულაკოთ და ვინმეს ქონებრივი სანქცია დავუწესოთ. უბრალოდ, თუკი დადასტურდება, რომ მიყენებულია მატერიალური ზიანი, იმ ქონებითვე უნდა მოხდეს პასუხისმგებლობა, რა ქონებაც არსებობს გინდაც სქართველოში, გინდაც - საქართველოს გარეთ. ასე რომ, მათი გაქცევა არ არის ისეთი დაბრკოლება, რომელმაც, შეიძლება, პესიმიზმს მიგვცეს,“ - აცხადებს არჩილ კბილაშვილი.

ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, რომ ზოგიერთი დამნაშვე ჩინოვნიკი არა მარტო ტოვებს საქართველოს, არამედ ანადგურებს მნიშვნელოვანი სახის დოკუმენტაციას, რომლითაც დასტურდება სახელისუფლო ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. მათი ერთადერთი მიზანი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აცილებაა, რადგან ამ ჩინოვნიკებს ათეულობით და ასეულობით ადამიანი ჰყავთ გამწარებული, უკანონოდ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, ასევე, მათთვის ქონება აქვთ ჩამორთმეული და სხვა.

„სამწუხაროდ, ახალი გამარჯვებული ძალა ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მთლიანად მოსული არ არის და ამ პროცესს ვერ აკონტროლებს, საზღვარი ჯერ კიდევ თავისუფალია და მათი დაბრკოლებისთვის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სწორედ ამით სარგებლობენ დამნაშავე ჩინოვნიკები. ბუნებრივია, ახალ ხელისუფლებას მოუწევს დამნაშავეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება. ამისთვის ერთადერთი მექანიზმი რჩება, მათზე სამართლებრივი გზით გამოცხადდება ძებნა და ამ პიროვნებების დაკავება ინტერპოლის გზით მოხდება“, - აცხადებს მამუკა ნოზაძე For.ge-სთან საუბარში.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მოსახლეობის ნაწილს ნიჰილისტური დამოკიდებულება გაუჩნდეს, რადგან ხალხმა იცის, რომ ეს ადამიანები მთელი ცხოვრების მანძილზე ჩადიოდნენ დანაშაულს. ამ დროს კი, თითქოს, მათი ადვილად მიმალვა და პასუხისგებაში მიუცემლობა ხდება. ამიტომ ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ, ვინც დანაშაული ჩაიდინა, მათ ქონებაც შერჩათ, მათი უკანონობაც ჩაიფარცხა და უცხოეთშიც ცხოვრობენ. თუმცა ადვოკატის თქმით, ეს დროებითია და საქართველოში საბოლოოდ დაუსჯელობის სინდრომის გაბატონება არ მოხდება, რადგან სამართალმა უნდა იზეიმოს.

„თუკი ეს ადამიანები იმიჯს შეიცვლიან, პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებენ და გარდასახვას მოახდენენ, ან სადმე რომელიღაც ქვეყანაში დაიმალებიან, ასე ნიურნბერგის პროცესსაც დაემალა ბევრი ნაცისტი - ზოგიერთ მათგანს დღემდე პოულობენ, ზოგიერთი დამნაშავე კი ნაპოვნი არ არის და ყველამ არ ზღო იმ დანაშულისთვის, რაც ჩაიდინა. თუმცა 21-ე საუკუნეში ყველა ამ ადამიანის მიმართ სამართლებრივი ღონისძებები გატარდება. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები საქართველოს ტოვებენ, მაგრამ ვერსად დაიმალებიან და პასუხს მაინც აგებენ“.

ამის დასტურად მამუკა ნოზაძეს ქართული სასამართლო პრაქტიკიდან ცალკეული შემთხვევები ახსენდება, როდესაც ზოგიერთები უცხოეთში გადაიმალნენ, თუმცა მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მაინც დადგა. ადვოკატის განმარტებით, ჩვენი კანონმდებლობა დაუსწრებლად განაჩენის გამოტანას ითვალისწინებს, ანუ გასამართლება ხდება სისხლის სამართლებრივი პასუხისგებაში მიცემული პირის გარეშეც. ამდენად, იმ პიროვნებების მიმართ, ვინც დანაშულის ჩადენის შემდეგ საქართველოდან მიიმალა, დაუსწრებლად გამოვა განაჩენი. ამის შემდეგ საქმეში ინტერპოლი ჩაერთვება და მათი დაკავებისთვის იზრუნებს.

ადვოკატის თქმით, მართალია, სააკაშვილის მოხელეებთან მიმართებით რევანშისტული მიდგომა არ იქნება, მაგრამ სამართლიანი სასამართლო განსჯის ამ დამნაშავეებს. ეს სასამართლო კი არ იქნება სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი სასამართლოს მსგავსი, როცა ადამიანებს თეთრზე შავს ეუბნებოდნენ.

აქვე მამუკა ნოზაძე უსამართლო მოსამართლეების პასუხისგებაზეც ამახვილებს ყურადღებას. ადვოკატი იმედოვნებს, რომ იმ მოსამართლეებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს მუშაობდნენ (მათ შორის, ძალიან ბევრი მოსამართლე შევარდნაძის დროინდელია) და დანაშაული აქვთ ჩადენილი, ისე არ უნდა მოხდეს, რომ მათ ეპატიოთ.

„მოსამართლე რეჟიმს არ უნდა ემსახუროს, არამედ - სამართალს. ამიტომ, გამამართლებელი არ არის მათი არგუმენტი, რომ ისინი თურმე ზეწოლას განიცდიდნენ. თუ მოსამართლეზე  კონკრეტული ზეწოლა ხორციელდებოდა, მაშინ გამოეთქვათ საკუთარი აზრი და დაეტოვებინათ თანამდებობა. უკანონობის განხორციელებას ასეთი ღირსეული ნაბიჯის გადადგმა არ სჯობდა?!“ - მიიჩნევს ადვოკატი მამუკა ნოზაძე.  

„ვინც გარბის, ცხადია, გასაქცევად აქვს საქმე, თორემ მე და თქვენ რატომ არ გავრბივართ?“ - კითხულობს უფლებადამცველი ლია მუხაშავრია და მიიჩნევს, რომ ამ ადამიანებს რაღაცის მართლაც ეშინიათ.

მისი თქმით, საზოგადოებისთვის ახლა იმდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სხვა უფრო პრიორიტეტული საკითხების მოგვარება, რომ ამ ეტაპზე, შესაძლოა, ამ ადამიანებს წასვლის საშუალება მივცეთ კიდეც, რადგან გამოძიებას მათ წინააღმდეგ ჯერ კიდევ არაფერი დაუდია.

 „ნამდვილი გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. ამიტომ, ძველი საგამოძიებო ორგანოების მეშვეობით ვინმეს დევნა, ჩემი აზრით, გამართლებული არ არის. მით უფრო, რომ ამ საკითხს ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია და ეს ადამიანები თავს მაინც ვერ გადაირჩენენ. დედამიწა ახლა გახდა ისეთი ადგილი, სადაც ვერავინ ვერავის დაემალება. ამიტომ, ალბათ, სჯობს, ახალმა პარლამენტმა უფრო პრიორიტეტულ საკითხებს მიხედოს, მნიშვნელოვანი ცვლილებები გაატაროს, თორემ მათი დევნა  დიდ დროს წაიღებს“, - აცხადებს ლია მუხაშავრია.

ადვოკატის თქმით, უამრავი პატიმარი ციხეში ტყუილად ზის. ამდენად, ლია მუხაშავრიას აზრით, ამ ეტაპზე უფრო პრიორიტეტულია უდანაშაულოდ რეპრესირებული ადამიანების რეაბილიტაცია.