ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრის მოლოდინში

ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრის მოლოდინში

საქართველოს პრეზიდენტი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დღეს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შეხვდება. საინტერესოა, ამ შეხვედრის შემდეგ გახმიანდება თუ არა პრეზიდენტისთვის გადადგომის შეთავაზება. ამის შესახებ რესპუბლიკელების ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ჯერ კიდევ არჩევნებში კოალიციის გამარჯვების დღეს For.ge-სთან საუბარში აღნიშნავდა. თუმცა, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილს წასვლის არაფერი ეტყობა და, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის მხრიდანაც ამ ეტაპზე ასეთი შეთავაზება არ გახმიანდება.  

ამ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა, თუმცა  „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებდა, რომ კოალიციის ლიდერ ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ იყო და ამაზე მუშაობა მიმდინარეობდა. 

ამ შეხვედრის შესახებ For.ge ექსპერტებს ესაუბრა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ამ შეხვედრის გადაუდებელ აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა, თუკი ეს შეხვედრა მაინც გარდუვალია, ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის გადადგომის შესახებ საუბარს გამორიცხავს.

„არა მგონია, არჩევნების შემდეგ პირველსავე შეხვედრაზე გადადგომაზე იყოს საუბარი. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილმა „ფორბსთან“ საუბარში პირდაპირ განაცხადა, რომ გადადგომასთან დაკავშირებით პრეზიდენტისადმი მისი შეთავაზება, არავითარ შემთხვევაში, ულტიმატუმი არ ყოფილა. უბრალოდ, მან თავისი აზრი გამოთქვა“.

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ამ შეხვედრისას საუბარი იყოს შემდგომ მშვიდობიან თანაარსებობაზე და არავითარ თანამშრომლობაზე. ეს სხვადასხვა რამაა. პოლიტოლოგის აზრით, ოპონენტთან თანამშრომლობა ახლა ერთგვარი მოდაა და არა შინაგანი მოთხოვნილება.

„გუშინ ორი პოლიტიკური მხარის წარმომადგენელთა შეხვედრას ვუყურებდი და ისინი მეგობრულად იცინოდნენ, ერთმანეთს უღიმოდნენ. რასაკვირველია, შინაგანად ვინ რას გრძნობს, ეს სულ სხვა საკითხია. ამიტომ, თუ დღეს პრეზიდენტი და ივანიშვილი ერთმანეთს შეხვდებიან, საუბარი იქნება მხოლოდ იმაზე, თუ როგორ აარიდონ თავი საჯარო დაპირისპირებას. როგორ შეიძლება მათი თანაარსებობა ისე, რომ ჟურნალისტების საჯიჯგნი არ გახდნენ“.

რაც შეეხება პეტრე მამრაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სააკაშვილი დეპრესიაშია და ელოდება, თუ როდის დაიჭერენ, სოსო ცინცაძის აზრით, პეტრე მამრაძე, ალბათ, სასურველს რეალობად ღებულობს, რადგან თბილისობის დღესასწაულზე გამოჩენილ სააკაშვილს დეპრესია ან წასვლისთვის მზადება არ ეტყობოდა.

ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერი დავით დარჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი შეხვედრა გარდაუვალია, რადგან საუბარია ახალი მთავრობის ხელმძღვანელსა და პრეზიდენტზე და არა - უბრალოდ სააკაშვილსა და ივანიშვილზე. ამ ქვეყნის გადაბარებას, სახელმწიფოს შენარჩუნებასა და შემდგომ განვითარებას კი ასეთი შეხვედრები სჭირდება.

„გასაგებია, რომ ფუნდამენტური განსხვავებაა მთელ რიგ კარდინალურ საკითხებზე ჩვენს გუნდსა და მათ შორის, მაგრამ არის სახელმწიფო და არსებობს სახელმწიფო ინტერესი. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს, ამის შემდეგ ძალიან მალევე აღნიშნა, რომ ასე არ მითქვამსო“.

დარჩიაშვილის თქმით, პრეზიდენტი არ გადადგება, მას თავისი ფუნქციები აქვს, ხოლო მთავრობას - საკუთარი.

„ლოგიკურია, რომ საუბარი შეეხება ახალ მთავრობას. პრეზიდენტმა უნდა წარუდგინოს ეს მთავრობა, თავის პრემიერობის კანდიდატიანად, პარლამენტს“, - აცხადებს დარჩიაშვილი. 

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ, პირველი, რაზეც მხარეები უნდა შეთანხდნენ ისაა, რომ ქვეყანაში ორხელისუფლებიანობა ავირიდოთ, რადგან, რაც დღეს ხდება, რეალურად ეს ორხელისუფლებიანობაა ნაციონალური მოძრაობის დემოკრატიული და მშვიდობისმოყვარე ტონის საფარქვეშ.

რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომას, ექსპერტის აზრით, ამ ეტაპზე აღნიშნულ თემაზე მსჯელობა არ იქნება, მაგრამ, თუკი ისე გამწვავდება სიტუაცია, რომ ერთი მხარე უნდა გაიწიოს ზოგადად პოლიტიკიდან, მაშინ დროთა განმავლობაში ეს საკითხი წამოიწევს.

„ამის კატეგორიულ აუცილებლობას არც შიდა სიტუაცია მოითხოვს და, მით უმეტეს, დასავლეთისთვისაც ეს გაუგებარი იქნება. დასავლეთისთვის საქართველოში შექმნილი სიტუაციის მთავარი ხიბლი სწორედ ის არის, რომ ამ ურთულეს რეგიონში მოხდა ხელისუფლების დემოკრტიული გზით, მშვიდობიანი არჩევნებით გადაცემა და ყველანაირ კატაკლიზმს, რაც ამ გზიდან გადახვევას ითვალისწინებს, დასავლეთი ჯერჯერობით მოერიდება. მათ შორის, უპირველესად პრეზიდენტის გადადგომას. სიტუაციის მიხედვით, თუკი გამწვავდება სიტუაცია და, რეალურად, ამ ორხელისუფლებიანობის პირობებში, ქვეყნის მართვა შეუძლებელი გახდება, მერე უკვე დასავლეთიც, ალბათ, თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს და შეიცვლის აზრს“.

ამდენად, ხათუნა ლაგაძიძის აზრით, ამ ეტაპზე სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნას დასავლეთიდან ცალსახა მხარდაჭერა ნამდვილად არ ექნება. ივანიშვილს კი დღეს ძალიან სჭირდება სწორედ დასავლეთის მიერ მისი რეფორმების გაგება და მხარდაჭერა.    

თუმცა ამ ეტაპზე ხათუნა ლაგაზიძისთვის ყველაზე აქტუალური ორხელისუფლებიანობისა და მედიის თემაა. ამიტომაც ამ საკითხებთან მიმართებით იგი კოპრომისის გამონახვაზე საუბრობს. მისი აზრით, უნდა მოხდეს შეთანხმება, რათა დაისვას მედიის რეალური მეპატრონეებისთვის დაბრუნების საკითხი.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრის მიზანი სწორედ ისაა, რომ სამინისტროებში საქმეები გადაიბარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც  ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატებად წარადგინა. სავარაუდოდ, ამ შეხვედრის მთავარი თემა სწორედ ეს უნდა იყოს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ სააკაშვილი უნდა გადადგეს, ფილოსოფოსის აზრით, ამას უფრო რჩევის ხასიათი ჰქონდა, ვიდრე კატეგორიული მოთხოვნის.

ამასთან, ზაზა ფირალიშვილი არ გამორიცხავს, რომ, შესაძლოა, არაფორმალურ გარემოში პრეზიდენტისადმი ასეთი შეთავაზება გაკეთდეს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალურ დონეზე ასეთი რამ საეჭვოა.

„ეს არის ის პროცესუალური შეხვედრა, რომელიც აუცილებლად უნდა შედგეს. მოგეხსენებათ, პრეზიდენტს თავისი როლი ეკისრება პარლამენტში იმ დროს, როდესაც ახალი მთავრობა უნდა წარადგინოს. გარდა ამისა, პრეზიდენტი თმობს ძალოვან სამინისტროებს და „ქართულ ოცნებას“ ძალოვანი სამინისტროების დაკომპლექტების საშუალებასაც გადასცემს. ჩემი აზრით, ბევრი ტექნიკური პრობლემაა მოსაგვარებელი ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. ამიტომ ზოგად პრინციპებზე წინასწარი შეთანხმება უნდა შედგეს“, - აღნიშნა ზაზა ფირალიშვილმა.