ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის" წევრი, დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს ღირსების შელახვისთვის უჩივის.
საკითხი 27 სექტემბრის პლენარულ სხდომას შეეხება, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ დიმიტრი ლორთქიფანიძის საპასუხოდ დეპუტატის „ცუდ მაგალითზე" ისაუბრა და ამ ცუდ მაგალითად, დეპუტატის მიერ პატიმრის ოჯახისთვის ფულის გამოძალვა დაასახელა.
როგორც დღეს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, დავით ბაქრაძის ცილისმწამებლურმა რეპლიკამ საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
ასევე, ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „მაესტროს" ეთერში, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ მსგავსი ინფორმაცია როგორც ლორთიფანიძეზე, ისე სხვა დეპუტატებზე, „შესაბამის კომპეტენტურ ორგანოში" არსებობს, თუმცა შემდეგ „სხვა დეპუტატების" ვინაობა აღარ დაუსახელებია.
„შეილახა ჩემი საქმიანი რეპუტაცია, პატივი და ღირსება" - განაცხადა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში შევა სარჩელი დავით ბაქრაძის წინააღმდეგ, რომლითაც ღირსების შელახვისთვის ბაქრაძეს სიმბოლურ თანხას - 1 ლარს მოსთხოვს.
ლორთქიფანიძის წარმომადგენელი საამართლოში ადვოკატი ნინო ნიშნიანიძე იქნება, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმე შეიძლება ორ ჭრილში იყოს განხილული - პარლამენტის თავმჯდომარემ შელახა დეპუტატის ღირსება და მეორე, თუ მას ჰქონდა მსგავსი ინფორმაცია და ადრე არაფერი თქვა, ეს ქმედება უკვე დანაშაულის დაფარვაა.