იმედისმომცემი მთავრობა

იმედისმომცემი მთავრობა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარი სამთავრობო გუნდის დასახელებამ სრული ანშლაგით ჩაიარა. საზოგადოების ინტერესი დაკმაყოფილებულია - მართალია, სრულად არა, მაგრამ ნაწილობრივ უკვე ვიცით, ვის ვიხილავთ ახალი ხელისუფლების სამთავრობო გუნდში.

ახალ მთავრობაში მინისტრის პოსტები ასე გადანაწილდება: შინაგან საქმეთა სამინისტრო - ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის სამინისტრო - ირაკლი ალასანია (ამავე დროს ვიცე-პრემიერი), იუსტიციის სამინისტრო - თეა წულუკიანი, სასჯელაღსრულების სამინისტრო - სოზარ სუბარი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - კახა კალაძე (ამავე დროს მეორე ვიცე-პრემიერი). სოფლის მეურნეობის სამინისტრო - დავით კირვალიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - ლევან ყიფიანი.

საგარეო საქმეთა სამინისტრო - მაია ფანჯიკიძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო - გურამ ოდიშარია, ჯანდაცვის სამინისტრო - ამირან გამყრელიძე.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი - რევაზ შავიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი, გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მაია მიმინოშვილი.

ფინანასთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ლტოლვილთა  მინისტრობის კანდიდატებს ბიძინა ივანიშვილი მოგვიანებით დაასახელებს, თუმცა არაფერი უთქვამს დასაქმების სახელმწიფო მინისტრზეც, ასე რომ, მთავრობის ძირითადი შემადგენლობა უკვე ცნობილია.

„ნაციონალური მოძრაობა“ ახალ მინისტრებზე არ ლაპარაკობს, არც აქებს და არც აკრიტიკებს, როგორც ჩანს, ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალებს“ ახალი ტაქტიკა აქვთ ამორჩეული და ემოციების გამჟღავნებისგან თავს იკავებენ. ექსპერტები კი ერთხმად აცხადებენ, რომ მათ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საკმაოდ იმედისმომცემი სამთავრობო გუნდი იხილეს.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე, მიიჩნევს, რომ ეს გუნდი საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს იმ ფონზე, რომ შეჩვეული ვართ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ხალხის მოყვანას გაუგებარი ნიშნით, როცა საზოგადოებას უჭირდა გაგება, რატომ ინიშნებოდა ესა თუ ის ადამიანი რომელიმე თანამდებობაზე.

„სამთავრობო კარუსელიც კი დაარქვეს ასეთ შიდა გადაადგილებებს პროფესონალიზმისდა მიუხედავად. აშკარად იკითხება დღევანდელ კანდიდატებში, რომ პროფესონალიზმი იყო შერჩევის დროს გადამწყვეტი“, - მიიჩნევს საყვარელიძე.

ექსპერტი ზურაბ ბიგვავაც თვლის, რომ  გუნდი უაღრესად იმედისმომცემია, „ეს არის პროფესიონალების მთავრობა ნაკლებად პოლიტიკოსების და აბსოლუტურად გაუსვრელი ხალხის. ჯერჯერობით, რასაც ვხედავ, ყველა პროფესიონალია“,- მიიჩნევს ბიგვავა.

ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთი ხაზი, რაც მის მიერ წარდგენილ მთავრობას ახასიათებს, პროფესიონალიზმის გარდა, უმწიკვლო წარსული და პატიოსნებაა. როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, ეს მომენტიც იკითხება და საზოგადოებისთვის ყველა ეს ადამიანი ცნობილია, არ არიან გაუგებარი სახეები და ცნობილნი არიან თავიანთი ზნეობრიობის მხრივ, თანაც მინისტრის თანამდებობაზე.

„ვგულისხმობ ჯანდაცვის მინისტრობის დღევანდელ კანდიდატს, რომელიც ადრე მინისტრი იყო, ის ცნობილი იყო სწორედ მაღალი პროფესიონალიზმითა და საქმის მიმართ უმწიკვლო დამოკიდებულებით. ანალოგიურად, სოფლის მეურნეობის მინისტრი თუ კონტროლის პალატის თავმჯდომარე. ეს კანდიდატურები საქართველომ უკვე იცის, როგორც ავტორიტეტული და უმწიკვლო ადამიანები“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

შევარდნაძის პერიოდში როდესაც დავით კირვალიძე სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, ვერ ვიტყვით, რომ სოფლის მეურნეობა აღორძინდა, თუმცა მაშინდელი კულუარული ინფორმაციით, მინისტრს სოფლის მეურნეობაში ჰქონდა საკმაოდ პერსპექტიული პროექტი, რომლის განხორციელებაც ვერ მოახერხა. როგორც ჩანს, მაშინ გადამწყვეტი იყო პოლიტიკური ნება და არა რომელიმე დარგის აღორძინება თუ აყვავება.

პოლიტოლოგი ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს მინისტრებისადმი დამოკიდებულებას. სასურველია, რომ ხელშეწყობის მცდელობა იყოს მთლიანი კაბინეტის მხრიდან პრემიერ-მინისტრის ჩათვლით და თუკი შეზღუდვები დაიწყება, ვერც ერთი მინისტრი თავის რეალიზაციას ვერ მოახერხებს.

ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ვისაც იცნობს, ყველა მათგანი საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ძალზე კვალიფიციური ადამიანები და შეუძლია, მხოლოდ დადებითი შეფასება მისცეს, მაგრამ არიან ისეთებიც ვისაც არ იცნობს, თუმცა მისი შეფასებით, მთლიანობაში ამ გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რაკი ხელისუფლება გადაიბარა სრულიად ახალმა პოლიტიკურმა ძალამ, მინისტრობის კანდიდატობის ერთი ნაწილი პირველად დგება სახელმწიფო სამსახურში, ამდენად, ახალი მთავრობის შეფასებისას ექსპერტებისთვის ამოსავალი ის კანდიდატები გახდა, რომელთა მუშაობაც სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ერთხელ უკვე უნახავთ. 

ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ამირან გამყრელიძეს იმ პერიოდშიც და შემდგომ წლებშიც სამედიცინო სფეროში ყველა იხსენებდა როგორც ძალზე კარგ მინისტრს.

„გამყრელიძეს სინანულით იხსენებდნენ იმ თვალსაზრისით, რომ მსგავსი ადამიანი აღარ იყო საჯარო სამსახურში.

დავით კირვალიძეზე  საელჩოებში, ჩემი კოლეგები,  რომლებიც სოფლის მეურნეობის კუთხით მუშაობენ, ვგულისხმობ განსაკუთრებით ევროკომისიის სპეციალისტებს, ხშირად ამბობდნენ ხოლმე, როდესაც ასეთი სპეციალისტი გყავთ სოფლის მეურნეობაში, რატომ არ იყენებს თქვენი მთავრობაო. მას შემდეგ რაც დავით კირვალიძემ საჯარო სამსახური დატოვა, როგორც დამოუკიდებელმა ბიზნესმენმა საკმაოდ გამოიჩინა თავი. საერთაშორისო ფონდები ჩართო თავის პროექტებში. ასე რომ, ამ სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების კუთხითაც ძალზე კარგი სახელი აქვს“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

ზურაბ აბაშიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი სოფლის მეურნეობას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე და საკუთარი ფონდის მეშვეობით სოფლის მეურნეობის თემატიკაზე ისედაც მუშაობდა, ასე რომ, ქვეყნის პირველი პირის პოლიტიკური ნებაც სახეზე გვექნება.

ზურაბ აბაშიძის შეფასებით, რეზო შავიშვილი გვახსოვს, როგორც მებრძოლი და პრინციპული ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი წინააღმდეგობები შეხვდა, მაგრამ პრინციპულობა არ დაუთმია.

ექსპერტი ზურაბ ბიგვავა თვლის, რომ სამივე მათგანი ის ხალხია, ვის მიმართაც საზოგადოებაში ყოველთვის დადებითი განწყობა არსებობდა.

„იმ დროს მათი გათავისუფლება კონიუქტურული ნიშნით მოხდა, მახსოვს დავით კირვალიძე იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ პური ორი თეთრით გაძვირდა, მას შემდეგ პური სამასი პროცენტით გაძვირდა, თუმცა სწორედ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, ვინც პურის გაძვირებაზე ლაპარაკობდა დღე და ღამე და ამით უამრავი პოლიტიკური ქულა მოგროვა. დავით კირვალიძე ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და პროფესიონალი მინისტრი იყო, რომელმაც შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარების კონცეფცია და სტრატეგია და დღეს აღმნოჩნდა, რომ სწორედ ეს სტრატეგიაა ყველაზე მისაღები ქვეყნისთვის.

იგივე შემიძლია ვთქვა გამყრელიძეზე, მისი რეფორმა იყო ყველაზე ჰუმანური და ადეკვატური რეფორმა სამედიცინო დარგში, თუმცა უკვე შემდეგ თანდათანობით უარყოფითი მიმართულებები მიიღო“, - აცხადებს ბიგვავა.

როდესაც ვსაუბრობთ, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზე, საინტერესოა ერთი ფაქტორი, შესაძლებელია თუ არა ქვეყნის პირველ პირს არ უნდოდეს თავისი ქვეყნის წარმატება, სხვა შემთხვევაში ძნელად ასახსნელია, რატომ მოხდა თუნდაც შევარდნაძის ხელისუფლების პირობებში მრავალი ნიჭიერი და კვალიფიციური კადრის თანამდებობიდან ჩამოცილება. ეს ტენდენცია წარმატებით გააგრძელა სააკაშვილის ხელისუფლებამაც და როგორც ექსპერტები ამბობენ, მსგავსი საფრთხე ყველა ხელისუფალმა უნდა გაითვალისწონოს.

ზურაბ ბიგვავა განმარტავს, რომ შევარდნაძის მთავრობაში იყო ძალზე სერიოზული გუნდი, რომელიც პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებდა. ინტრიგების იმდენად სერიოზული სპეციალისტები იყვნენ, რომ თანამდებობის პირებს, რომლებიც მათი გუნდის წევრები არ იყვნენ გზიდან იცილებდნენ.

„შინაგანი წინააღმდეგობა იყო ძალიან ბევრი და ამას შეეწირნენ ეს მინისტრები, თორემ ვერ ვიყვი, რომ ცალკე აღებულ შევარდნაძეს საკუთარი ქვეყნის წარმატება და განვითარება არ უნდოდა.  ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანების პროფესიონალიზმი, დღევანდელ კანდიდატებს ვგულისხმობ, ეჭვქვეშ არასოდეს არ დამდგარა“, - აცხადებს ბიგვავა.

მინისტრების წარდგენისას ითქვა ისიც, რომ აუცილებლად შეიქმნება ანტიმონოპოლიური სამსახური, დამოუკიდებელი არბიტრაჟი, შეიცვლება სხვადასხვა კანონები, მათ შორის შრომის კოდექსი. ყურადღების ღირსია ის მომენტიც, რომ ევროკავშირის მხრიდან მრავალი წლის მანძილზე არსებობდა რეკომენდაციები, რომ თუ საქართველოს სურდა ევროპასთან დაახლოება, აუცილებელი იყო კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და მათ შორის სახელდებოდა ანტიმონიპოლიური კანონმდებლობის შემოტანა, შრომის კოდექსის შეცვლა და ა.შ. სავარაუდოდ, ახალი მთავრობა ევროპისკენ არა მხოლოდ განცხადებებით, არამედ რეალური ნაბიჯებითაც შეეცდება დაახლოვებას.

 ზურაბ აბაშიძის შეფასებით, მას შემდეგ რაც მოიშალა ანტიმონოპოლიური სამსახური, მოიშალა კონტროლი.

„შეიქმნა მონოპოლიები, კარტელები და ა.შ. ყველა ამაზე ლაპარაკობს, ბიზნესმენებიც და ბიზნესში გარკვეული ადამიანებიც. მართლაც დიდი ხანია, ევროპის მხრიდან ამაზეა ლაპარაკი, დასაბალანსებელია შრომის კოდექსიც, რადგან დაქირავებულები ძალზე დაუცველები არიან“, - ამბობს აბაშიძე.

რაც შეეხება თავად საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ზურაბ აბაშიძე ამბობს, მაია ფანჯიკიძე ამ სფეროში 20 წელი მუშაობდა ევროპაში და ეს ძალზე დიდი გამოცდილებაა.

როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას, რომ აეჭვებთ ამ პოლიტიკური ძალის საგარეო ვექტორი, იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი ყოველთვის ცალსახად აცხადებდა ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების თაობაზე.

„რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, პრობლემა და სირთულე ბევრია, მაგრამ სწორი სურვილი და მონდომებაა, რომ ამ ქვეყანასათან ისე დარეგულირდეს ურთიერთობები, ამან ჩვენს ევროატლანტიკურ სწრაფვას არ შეუშალოს ხელი“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

მისივე შეფასებით, ამიტომ არსებობს დიპლომატია, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ოპტიმალური ვარიანტები გამოინახოს.

„ვნახოთ რამდენად შეძლებს ამას საგარეო უწყება, მაგრამ სურვილი და მონდომება სწორია. ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება“,- აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია კონფლიქტური რეგიონები, როგორც მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს,  მათ აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, არა რომელიმე მესამე ქვეყნის ჩარევით არამედ უშუალოდ, პირისპირ დაიწყონ აფხაზებთან და ოსებთან მოლაპარაკებები.

ზურაბ აბაშიძე თვლის, რომ ეს დიალოგი ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

„ძალზე ბევრი საკითხის ერთობლიობას აქვს მნიშვნელობა და ეს დამოკიდებულია როგორც რუსეთთან, ასევე დასავლეთთან, ასევე თავად დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობის პრობლემასთან. ასე რომ, მთელი კომპლექსია, მთელი კვანძია, თუმცა აფხაზებთან და ოსებთან დიალოგი ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა“, - აცხადებს აბაშიძე.

ზურაბ ბიგვავას შეფასებით, პირველად საქართველოში შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები არის პოლიტიკური თანამდებობები.

„ირაკლი ალასანია უფრო დიპლომატია, ვიდრე სამხედრო, ირაკლი ღარიბაშვილი კი საერთოდ არ არის პოლიციელი. ესენი არიან ახალგაზრდა ენერგიული ხალხი, რომლებიც თავისი ხედვით გამოირჩევიან. ის, რაც ღარიბაშვილმა, თქვა, რომ პირველ რიგში, პოლიციის დეპოლტიზირებას აპირებს, ამ ეტაპზე ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოში“,- აცხადებს ბიგვავა.

მისივე შეფასებით, იგივე თეა წულუკიანს იმდენად საინტერესო გამოცდილება აქვს, იმდენად გამოირჩეოდა თავისი სწორი პოზიციებით, წარსული ცხოვრებით, ძნელია მასზე დიდ იმედს არ ამყარებდე. ბიგვავა თვლის, რომ არჩილ კბილაშვილიც მაღალკვალიფიციური ადამიანი ჩანს, რომელმაც თავისი პოზიციებითა და ქმედებით არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის სამართლიანობა, დემოკრატიის ძირითადი პრინციპები უმთავრესია და მისი მყარი დამცველი იქნება.

საქართველო ჯერ კიდევ რჩება ისეთ ქვეყნად, სადაც სამართლის, სამართლიანობის პრობლემა კვლავ წინა პლანზეა. მოახერხებს თუ არა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა ამ პრობლემის დაძლევას, ჯერჯერობით იმედი დიდია.

„მე მგონია, რომ ამ პროცესში ძალზე ბევრი ადამიანი იქნება ჩართული და ეს ხალხი, ყველა ერთად ამ სიტუაციის გამოსწორებას შეძლებს, ამაში დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ნება გამჟღავნებულია, ეს ადამიანები ყველა, ყოველგვარი გამორიცხვის გარეშე მთელი თავისი ცხოვრებით არიან იმის გარანტი, რომ გააკეთებენ იმას, რაც საჭირო იქნება ქვეყანაში პრობლემების აღმოსაფხვრელად“,- მიიჩნევს ზურაბ ბიგვავა.

ამდენი დადებითი შეფასება არც ერთი მთავრობის მიმართ არც ერთი ხელისუფლების დროს ექსპერტებისგან არ გაჟღერებულა, თუმცა, ეს ახალი მთავრობისთვის იმაზე ბევრად მეტ პასუხისმგებლობას უნდა ნიშნავდეს, ვიდრე მათი კრიტიკა იქნებოდა. ასევე საინტერესოა როგორ შეაფასებენ ჩვენი ექსპერტები მინისტრების მუშაობას თუნდაც ერთი წლის შემდეგ.