„საინტერესო ცხოვრება უკვე დაიწყო“

„საინტერესო ცხოვრება უკვე დაიწყო“

რამდენი იქადნებოდა, „მალე საინტერესო ცხოვრება დაგეწყებათო“ და მგონი დაიწყო!!!

თავისთავად, ეს წყევლაა ჩინეთში („შენ გეცხოვროს საინტერესო ხანაში“) ისევე, როგორც ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში. მაგრამ საქართველოში, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტი პათოლოგიურად პოლიტიზებულია, ელექტორატი არჩევნებიდან - არჩევნებამდე ცხოვრობს და პურის ნაკლებობისას სანახაობით ტკბება. აქ ახალი არაფერია – 15 წელია განუწყვეტელი „საინტერესო ცხოვრება“ გვაქვს, რომელიც დროთა განმავლობაში სულ უფრო საინტერესო ხდება.

გუშინ დიდი გნიასი და თავპირისმტვრევა იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები სხდომაზე დასწრებას აპირებდნენ, რათა „მასათა მძვინვარების“ დემონსტრირებით არ დავუშვათ ცსკ-ის „ვოლუნტარიზმი“.

კაცმა რომ თქვას, „ნაციონალური მოძრაობის“ შეშფოთებას ერთგვარი საფუძველი შეუქმნა თვით საარჩევნო კომისიამ წინა დღეს მიღებული აბსურდული გადაწყვეტილებებით. ზვიად ძიძიგური, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, რეგისტრაციაში არ გაატარეს მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური მოტივებით. შემდგომ, ცკს-ის წევრებს, ცოტა არ იყოს, „შეეშინდათ საკუთარი სიმამაცისა“ და გადაწყვეტილება შეცვალეს, მაგრამ (ქართული პოლიტელიტისთვის დამახასიათებელი ინფანტილიზმით) გუშინ მზად იყვნენ ძიძიგური ისე მოეხსნათ დისტანციიდან იმათ „ჯინაზე“, ვინც მათ ქრთამის აღებაში ადანაშაულებდა.

არ არის გამორიცხული, მოვლენები სწორედ ასე განვითარებულიყო (კიდევ განვითარდება), მაგრამ ორი მოულოდნელი ფაქტორი ჩაერთო საქმეში. უპირველეს ყოვლისა, „იმელის“ მრავლისმნახველ შენობაში აფხაზეთის რომელიღაც სახელისუფლებო სტრუქტურის დაცვაც აღმოჩნდა, ხოლო ერთ-ერთ „აქტივისტს“ იარაღი აართვეს.

ამ ამბავს შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული შედეგი მოაყოლონ, ვიდრე იგი იმსახურებს, ან ერთი შეხედვით ჩანს. დარწმუნებული ვარ, გუშინვე, რომელიღაც უწყებაში უკვე შეიკერა „საქაღალდე“ სათანადო დოკუმენტაციით – ისე, ყოველი შემთხვევისთვის, რასაც მხოლოდ „სათანადო ვითარებაში“ გამოაჩენენ. ანუ იმ იარაღის აელვება სახელმწიფო დაწესებულებაში, როგორც ტალეირანი ამბობდა, „დანაშაულზე უარესი შეცდომაა“. ესეც უკეთეს შემთხვევაში.

თვით თბილისის საკრებულოსთან დაკავშირებით კი ნამდვილი კომედია ვითარდება. როგორც ჩანს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილ პირთა დიდ ნაწილს (და არა ხელისუფლებას მხოლოდ, ეს მეტისმეტი გამარტივებაა) არ სურს საკრებულოს ამუშავება, ვინაიდან მისი ამოქმედება უეჭველად გამოიწვევს „გასული“ პარტიებისა და მათი ლიდერების რეიტინგის ზრდას. ეს განსაკუთრებით ეხება მიხეილ სააკაშვილს, ვისაც ამჟამად ჩვენი პოლიტოკრატია (ვიმეორებ: არა მხოლოდ ხელისუფლება) ერთგვარი შიშითა და ვნებით აკვირდება. თუ შალვა ნათელაშვილი თავის მუქარას შეასრულებს და მხარს დაუჭერს სააკაშვილს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, ამან შეიძლება ძალიან სერიოზული „მიწისძვრა“ გამოიწვიოს ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტზე.

ოღონდ იმიტომ კი არა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს რაიმე სერიოზული ბერკეტები აქვს. ამ თვალსაზრისით, ეს პოსტი სწორედაც სრულიად უმაქნისი და უმწეოა, მაგრამ თუ ადრე მიხეილ სააკაშვილი „ჩვეულებრივი მოქალაქის“ რანგში არბევდა გაღორებული ნუვორიშების სრა-სასახლეებს (გაღატაკებულ და მშიერ ქალაქში მათი მშენებლობა მართლა უზნეობაა), არჩევის შემდეგ ბევრად ძლიერი პოზიცია ექნება მომხრეთა დასარაზმად.

სხვათა შორის, ჯერჯერობით, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას ერთ ძალიან საინტერესო მომენტს: საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილმა უშუალოდ შეიძლება არ მიიღოს მონაწილეობა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებში. სამაგიეროდ, მონაწილეობას მიიღებს მისი პარტია. საქმე ის გახლავთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარებიდან უნდა გადადგეს, არადა, ეს შესანიშნავი საწყისი პოზიციაა საპრეზიდენტო მარათონში ჩასართავად.

თბილისის საკრებულოს უფლებამოსილება 2005 წელს იწურება. საეჭვოა, მანამდე საკრებულოს „ანტინაციონალურად“ განწყობილმა ნაწილმა სააკაშვილის გადაყენება გაბედოს. ერთი სიტყვით, მართლა შეიძლება შეიქმნას 1990 წლის მოსკოვის მსგავსი ვითარება, როცა ბორის ელცინი რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს და იმ პოსტიდან შეუტია პრეზიდენტის სავარძელს.