ვერ გეტყვით, ტაქსისტების აქცია გახდება თუ არა ის მუხტი, რომელიც საპროტესტო ტალღის აგორების წინაპირობად იქცევა, მაგრამ მესამე პოლიტიკური ძალა აუცილებლად უნდა შეიქმნას, განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ „2020NEWS - სთან“ საუბარში.
ექსპერტის თქმით, დღეს საქართველოში არც ერთი პოლიტიკური პარტია არ იმსახურებს საქართველოს მოსახლეობის ნდობას. „ჩვენ კი ვსაუბრობთ ორპოლუსიანობაზე, მაგრამ ეს ორი პოლუსიც ძალიან მყიფეა. მიხეილ სააკაშვილს ვერ გადაუწყვეტია, უკრაინაში გააგრძელოს მოღვაწეობა თუ საქართველოში და რომელ ფლანგს დაეხმაროს. ივანიშვილის ინტერვიუდან კი ერთი დღე არ გასულა და პარტიამ განაგრძო რღვევა. ეს კი იმის ნიშანია, რომ „ქართულ ოცნებაში“ რღვევის პროცესები კიდევ უფრო სწრაფად წარიმართება.
ერთი კვირის ინტერვალით გასული ივანიშვილის და სააკაშვილის ინტერვიუები ძალიან მაშფოთებს, იმ თვალსაზრისით, რომ 2020 წლამდე თუ არ შეიქმნა მესამე პოლიტიკური ძალა, არც ერთი მხარე უკან არ დაიხევს და სამოქალაქო დაპირისპირებების ძალიან ცუდი წინაპირობები შეიძლება, შეიქმნას. ისე როგორც არასდროს, დღეს ქვეყანა დგას მესამე ძალის შექმნის აუცილებლობის წინაშე.
ვინ და რამ შეიძლება, ითამაშოს ამ ძალის შექმაში როლი, ამის თქმა გამიჭირდება. ფაქტი ერთია, თუ არ შეიქმნა მესამე პოლიტიკური ძალა, 2020 წლის არჩევნები შეიძლება იყოს ყველაზე რთული და მძიმე 1992 წლის მერე ჩატარებულ არჩევნებს შორის “, - აცხადებს ლაგაზიძე.