ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში გასულ გადაცემას “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ” “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება. გადაცემაში მიწვეულნი იყვნენ ორი რადიკალურად განსახვავებული პოზიციის მქონე ადამიანები, მათ შორისსაკმაოდ მწვავე დებატები წარიმართა. დისკუსიის მთავარი თემა “ფრაიდი თბილისში” გახლდათ.
“რატომ იწვევთ ამ ადამიანებს ეთერში?” – ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. აი, ჩემგან მარჯვენა მხარის აკრძალვას რომ ითხოვენ, თითქოს უკვე შევეჩვიე, მაგრამ მარჯვენა მხარის მომხრეებიც რომ იგივეს იმეორებენ ცოტა უცნაურია…
სამწუხაროდ, ეს ადამიანები არ წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარ თავს. მათ ეთანხმება საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჯერ-ჯერობით ამ არასასურველ რეალობაში ვცხოვრობთ. სხვანაირად თამარ კორძაია ვერ იქნებოდა პარლამენტს გარეთ და კობა დავითაშვილი პარლამენტს შიგნით. ეს აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ შეიცვლება ამ თემაზე გახსნილობით, საუბრით და არა აკრძალვებით. აკრძალვით, სამყაროში არაფერი მოგვარებულა.
გადავხედე კომენტარებს და თამარ კორძაიაზე ამდენი პოზიტიური კონტექსტი და მადლობა, მე პირადად არსად წამიკითხავს, რაც ნიშნავს იმას რომ დიახ, ორივე მხარე უნდა აჩვენო, რომ მაყურებელმა თავად გადაწყვიტოს, რომელს წარმოადგენს.
სიმართლე გითხრათ, ვფიქრობდი, რადიკალური განცხადებები დამეტოვებინა თუ არა და ნიკას (გვარამია) რჩევით დავტოვე. არხი ფიქრობს, რომ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ რეალურად რაც ხდება და არა ის, რაც ჩვენ გვინდა რომ ხდებოდეს.
გიორგი ახვლედიანის უფლებაა იყოს ისეთი, თქვენი უფლებაა წლების შემდეგ, როცა არჩევნებში თქვენი ხმები დასჭირდება, შეახსენოთ ეს განცხადებები. ასეთი განცხადებების ამოჭრა ხელის დაფარება ძალადობაზე. არსებობენ სამართალდამცველები, რომლებმაც აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ თემის წარმომადგენლებს დღემდე ემუქრებიან, და ეს უნდა იცოდნენ განსაკუთრებით “ფრაიდის” წინ. უფრო მეტიც, ყველა წამყვანს ასე რომ ამოეჭრა და გაეპატიოსნებინა მოძალადე მხარე, ამ ქვეყნიდან ძალადობის გამო გაქცეული ადამიანები საკუთარ სიმართლეს რთულად დაამტკიცებდნენ.
მოგვწონს თუ არა, ჯერ აქ ვართ. ეს არის ჩვენი საზოგადოების ორი მხარე და მე ორივე ნაწილს ვესაუბრები. უბრალოდ, წარმოვადგენ მას ვისაც ებრძვიან, სცემენ, ავიწროებენ. ვისაც არსებობას უკრძალავენ. მიუხედავად იმისა, დამიწერენ თუ არა ასეთ კომენტარებს.
ერთადერთი ვისაც ვეთანხმები, ანა სუბელიანს, გადაცემის “ფეისბუქზე” გამოტანილ სათაურზე სწორი შენიშვნა აქვს. რაც, დღეს დილითვე შეიცვალა. მესმის ადმინის პოზიციისაც, რომელმაც გადაცემაში დასმული კითხვა გადმოიტანა, მაგრამ არ იყო კარგი იდეა. იმიტომ რომ გადაცემაში დისკუსია “ფრაიდზე” იყო და არა მის მიერ გადმოტანილ კითხვაზე. კითხვა, აქვს თუ არა ვინმეს ამ ქვეყანაზე არსებობის უფლება ჩვენთვის უბრალოდ არ არსებობს,” – დაწერა ჟორჟოლიანმა “ფეისბუქზე” და სოციალურ ქსელის მომხმარებლის ერთ-ერთი კომენტარი გამოქვეყნა.
ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას, წინ უძღოდა სამოქალაქო აქტივისტის, ანა სუბელიანის”ფეისბუქ” პოსტიც, რომელიც გუშინდელი გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი გახლდათ.
“ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო, ემოციური და მძიმე ეთერი იყო. ვცდილობდი, არ შემემჩნია, არ ავყოლოდი ნერვებს, მაგრამ ძალიან რთული იყო ამ სამი ბოროტი და უზრდელი კაცის მოსმენა და კულტურული ოპონირების გაწევა. აი, ამას აკეთებენ მუდმივად, ცდილობენ გაგვაჩუმონ. ჩვენ მათი წესებით ვერ და არ ვმოქმედებთ, მაგრამ მაინც ვერ გაგვაჩუმებენ, რადგან ჩვენ მათგან განსხვავებით გულწრფელები ვართ!
გადაცემას რაც შეეხება, იქვეც ვთქვი და ახლაც ვიტყვი. უდიდესი შეცდომაა ძალადობის წამქეზებელი და შეუარცხმყოფელი ტერმინოლოგიის მსროლელი ადამიანებისთვის სატელევიზიო სივრცის დათმობა, თავად გადაცემაში დროის უდიდესი ნაწილის ჩუქება მათთვის და მით უფრო, შემდეგ ამ გადაცემის სათაურად იმის გამოტანა “აქვთ თუ არა ლგბტ ადამიანებს არსებობის უფლება”. ამ კითხვის გარშემო სამსჯელოდ არ მივსულვარ მე გადაცემაში. არ შეიძლება ადამიანების არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს!“, – დაწერა სუბელიანმა სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ თემას ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილიც გამოეხმაურა, რომელმაც ირიბად ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან გაკეთებულ განცხადება სარკაზმით გააკრიტიკა:
“ჯერ კიდევ არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები (ჟურნალისტები), რომლებსაც უფლებებისთვის მებრძოლი ადამიანები და ადამიანების სექსუალური იდენტობის გამო ჩაქოლვის მოსურნეები, ერთი დებატის ორი მხარე ჰგონიათ.
არაუშავს. დინოზავრებიც არსებობდნენ”, – დაწერა ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქის” პირად გვერდზე.