პროექტ “შინდისის” ავტორი ედმონდ მინაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას განცხადებით ეხმაურება

პროექტ “შინდისის” ავტორი ედმონდ მინაშვილი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას განცხადებით ეხმაურება

შინდისის გმირების“ ავტორი და პროდიუსერი ედმონდ მინაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომელიც კინოინდუსტრიის განვითარებას ეხება, განცხადებით ეხმაურება.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“მივესალმები ბატონო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივას, რომელიც ქართული ფილმებისა და სერიალების დაფინანსებას ეხება. ფონდ ”ქართუს” არაერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი განუხორციელებია წლების განმავლობაში, რაც დასაფასებელია. რაც შეეხება ფილმების დაფინანსებას, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან დროული და გონივრულია, რადგან კინემატოგრაფიის განვითარებამ უდიდესი სარგებელი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას, როგორც ეკონომიკური, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით, რაც ერთის მხრივ ტურიზმის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. კინოინდუსტრიის წარმოებისთვის უნიკალური შესაძლებლობები გაგვაჩნია, ყველა პირობა გვაქვს, რომ ვიყოთ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა კინოწარმოების მიმართულებით და სწორედ ის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დიდ ქვეყნებს გაუწიოს ჯანსაღი კონკურენცია ამ სფეროში. დიახ, ყველაფერი გვაქვს, გარდა ფინანსებისა.

მოგეხსენებათ, კინოცენტრის დაფინანსება ძალიან მწირია, პროდიუსერებს და რეჟისორებს ურთულესი შრომის ფასად უწევთ დამატებითი სახსრების მოძიება, რაც ერთი მხრივ კოპროდუქციის თვალსაზრისით კარგია, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში კინოს წარმოების პროცესს საგრძნობლად აზიანებს არასაკმარისი ბიუჯეტი, რაც საჭიროებს დამატებითი თანხების მოძიებას, აღნიშნული კი ხანგრძლივ დროს მოითხოვს. ეს ყველაფერი ხელს უშლის ხშირი, ხარისხიანი, ეფექტური პროდუქტის შექმნას. მოგეხსენებათ, ფილმის წარმოებისთვის, დრო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ, კინომწარმოებლების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს ამ შესანიშნავი ინიციატივისთვის.

თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ უნდა მოხდეს პრიორიტეტული პროექტების შერჩევა და დაფინანსება. ვფიქრობ, ფონდმა “ქართუ” ამ ინიციატივის საფუძველზე უნდა შექმნას ყველასგან დამოუკიდებელი, თავისუფალი, ახალი, ალტერნატიული პლატროფრმა, – ადგილი, საიდანაც მწარმოებლებს კინოცენტრის გარდა შეეძლებათ დაფინანსების მოპოვება.

ალტერნატიული პლატფორმა გულისხმობს დამოუკიდებელ საქმიანობას, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს კინოცენტრთან რაიმე კავშირში. ფონდს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური, კომპეტენტური ჟიური და განაცხადის შეტანა ყველასთვის უნდა იყოს შესაძლებელი. ასეთ შემთხვევაში, კინომწარმოებლები აღარ იქნებიან მხოლოდ კინოცენტრის ამარა.

ასევე, შესაძლებელი იქნება, კინოცენტრში მოპოვებული დაფინანსების შემდეგ გამარჯვებულმა პროექტებმაც კვლავ მიიღონ უკვე ფონდ „ქართუს“ კონკურსში მონაწილეობა და კინოსთვის საჭირო ბიუჯეტი სრულად შეავსონ. ან პირიქით – კინოცენტრის კონკურსში დაწუნებულ პროექტებს, კიდევ ერთი შანსი უჩნდებათ, რომ ამჯერად ფონდიდან მიიღონ დაფინანსება და განახორციელონ შესაბამისი პროექტები, თუ რა თქმა უნდა კომპეტენტური ჟიური მიიჩნევს მიზანშეწონილად. ეს ყველაფერი კინობაზარზე გააჩენს ჯანსაღ კონკურენციას და ამავდროულად, ხელს შეუწყობს ამ ინდუსტრიის სწორად განვითარებას, რომელსაც, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ შეუძლია უდიდესი სარგებელი მოუტანოს ჩვენს ქვეყანას.

ასევე კარგი იქნება, თუ ფონდი შეიძენს საერთაშორისო მასშტაბს, რომელიც უცხოურ პროექტებზეც იქნება ორიენტირებული, უცხოელ მწარმოებლებზე, რომლებიც საქართველოში გადაიღებენ ფილმს და შესაბამისად შემოიტანენ ინვესტიციებს. ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნება თუ ფონდი წახალისების მიზნით მათ მისცემთ დამატებით ბიუჯეტს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, კონკურსის გავლის შედეგად. ეს მიმზიდველი იქნება ევროპელი და განსაკუთრებით ქართველი კინომწარმოებლებისთვის, რომელთაც მარტივად შეეძლებათ დააინტერესონ და შემოიტანონ უცხო ქვეყნის პროდუქცია საქართველოში, რაც ჩვენს ქვეყანას წარმატებულ გადასაღებ მოედნად აქცევს.

ამ ინიციატივით ფონდი „ქართუ“ ნამდვილად შეეხიდება და დიდ მხარდაჭერას გაუწევს კინოცენტრს, რომელიც დღესდღეობით ბიუჯეტის სიმწირის გამო რთულ სიტუაციაში იმყოფება.

ასევე, მომწონს და მივესალმები ბატონი ბიძინა ივანიშვილის იდეას, რომლის მიხედვითაც ფონდის პრიორიტეტი იქნება ისტორიული ფილმების და სერიალების დაფინანსება, რაც ათმაგად სასიხარულოა, რადგან ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, – ამოუწურავი და მდიდარი ისტორიით, ნამდვილად სჭირდება და აქვს პოტენციალი ისტორიული ფილმების წარმოების.

რაც შეეხება სერიალებს, ეს მიმართულება საინტერესო და კომერციულად ბევრად მიმზიდველია. დღეს მაღალი მხატვრული ღირებულებების მატარებელი სერიალების წარმოება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრიორიტეტული მიმდინარეობაა, ამიტომ, ეს იქნება კარგი გადაწყვეტილება, თუკი შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში, მაღალი ხარისხის ისტორიული სერიალების წარმოებას დაიწყებს ჩვენი ქვეყანაც, რისი პოტენციალიც უდავოდ გაგვაჩნია. მჯერა, რომ ქართულ კინოს დიდი წარმატებები ელის მომავალში”, – ნათქვამია განცხადებაში.