„გაიქცევა“ თუ არა ინფლაცია? - 14-თვიანი მაქსიმუმი უკვე დაფიქსირდა

„გაიქცევა“ თუ არა ინფლაცია? - 14-თვიანი მაქსიმუმი უკვე დაფიქსირდა

მარტში ინფლაციის ტემპი დაჩქარდა და 14-თვიან მაქსიმუმს მიაღწია. „საქსტატის“ მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონემ 3.7% შეადგინა. მარტში წინა თვესთან შედარებით კი 1%-ია. პარლამენტში ფიქრობენ, რომ წელს ფასების ზრდამ შეიძლება ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელს გაუსწროს.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდაზე ძირითადი გავლენა იქონია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ. ამ ჯგუფში ფასების 1.3-პროცენტიანი მატება იყო, რაც 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ საქონელზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (1.0 პროცენტი).

საგრძნობლად მომატებულია ფასი დასვენების, გართობისა და კულტურის მიმართულებით - 7.7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსში 0.42 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების მატება იყო ტურისტულ მოგზაურობაზე (15.3პროცენტი).

რაც შეეხება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოს, მათი ფასი გაიზარდა 4.2 პროცენტით, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. განსაკუთრებით გაძვირებულია თამბაქოს ნაწარმი (8.4 პროცენტი).

შემდეგ თვეებში შესაძლოა ფასების ზრდა კიდევ გაგრძლედეს, მით უფრო, რომ სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ობიექტებში რეალიზაცია შემცირებულია და ისინი გაძვირებით ცდილობენ ვითარების დაბალანსებას. მდგომარეობის სიმწვავეს გრძნობენ პარლამენტშიც. დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა ორიოდე დღის წინ პარლამენტის სესიაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს საბანკო რეგულაციებსა და წლიურ ინფლაციაზე დაუსვა შეკითხვები. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მარტში წლიურმა ინფლაციამ 3,7% შეადგინა, ეროვნული ბანკი კი მონეტარულ პოლიტიკას თანდათან ამსუბუქებს.

„მარტში წლიურმა ინფლაციამ 3,7% შეადგინა, თქვენ კი მონეტარულ პოლიტიკას თანდათან ამსუბუქებთ, უფრო მეტ ლარს უშვებთ მიმოქცევაში. ფულის მასა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, 7%-ით გაიზარდა და შეადგინა 631 მლნ ლარი. ხომ არ გამოიწვევს ეს იმას, რომ ინფლაცია წლიური მიზნობრივი მაჩვენებლიდან, ანუ ტარგეტირების ზონიდან გამოვა და ის 3%-იან მაჩვენებელს გადასცდება. ამის ნიშნები უკვე ჩანს“, - განაცხადა შალელაშვილმა.

ექსპერტები ინფლაციის ზრდის მიზეზად სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტის გავლენას მიიჩნევენ. თანაც ფასების მატება ყველაზე მეტად ასაკოვან მოსახლეობას უქმნის პრობლემას.

„ჩვენი შიდა ბაზარი 70%-ზე მეტით იმპორტულ საქონელზეა დამოკიდებული, რაც პირდაპირ ფასზე ახდენს გავლენას. ერთია, მსოფლიო ბაზარზე როგორ ყალიბდება ფასები და, მეორე მხრივ, როგორია ვალუტის კურსი. შეიძლება უცხოურ ბაზრებზე საქონლის ღირებულება ეცემოდეს (როგორც მოხდა შარშან შაქარსა და ნავთობპროდუქტებზე), მაგრამ ლარი უფასურდებოდეს და პროდუქტი მაინც არ გაიაფდეს ან, პირიქით, გაძვირდეს.

იმდენად ფასის მატება კი არ არის საშიში, არამედ ცალკეული კომპონენტების მიხედვით ფასების ასიმეტრიული ცვლილება. ახალგაზრდებისთვის შეიძლება ფასების მატება დაბალი ტემპით ხდებოდეს, მაგრამ პენსიონერებისთვის, რომლებსაც მედიკამენტები სჭირდებათ, ეს ტემპი გაცილებით მაღალია. საშუალო მაჩვენებელი ამ შემთხვევაში ბევრს არაფერს ამბობს, თუმცა მისი გამოყენება შეიძლება ტრენდის, განვითარებისა და ვექტორის დასადგენად“, - განაცხადა სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

tngh ყველაზე საოცარი ის არის, რომ ინფლაციაზე და დევალვაციაზე ყველაზე მეტს სინდის-ნამუს დაკარგული, უხსენებელი რ. გოცირიძე ლაპარაკობს. სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს... ამ კაცის პოლიტიკაში კიდევ "ტივტივი'...
4 წლის უკან
tngh რ. გოცირიძეს ეკუთვნის ინფლაციისა და დევალვაციის ევროპის რეკორდი!!! ბოლო 7 წლის მანძილზე კი, საქართველოში ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მცირე ინფლაცია და დევალვაციაა...
4 წლის უკან
ლაზი სად გაქრნენ ძველი, საინტერესო კომენტატორები?
ამ პორტალის რეორგანიზაცია თუ რესტრუტუიზაცია სინამდვილეში ანტიკომენტარიზაცია გამოვიდა. ამათ თუ ვინმე კითხულობდა, სწორედ საინტერესო და ზოგჯერ სტატიაზე უფრო კომპეტენტური კომენტარერების გამო.
უკომენტაროდ მკვდარია ასეთი პორტალი.
4 წლის უკან