ქუჩის აქციები მოგვიწევს – ეს განცხადება „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ გააკეთა.
სანიკიძე ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც „ოცნების“ თავმჯდომარემ ყოფილი თანაგუნდელები მკაცრად გააკრიტიკა.
ივანიშვილმა რამდენიმე გვარი ჩამოთვალა, მათ შორის, შალვა შავგულიძე, დავით უსუფაშვილი და გუბაზ სანიკიძე, რომლებიც მისი შეფასებით, ენმ-ის მხარს უჭერენ. ეს კი ივანიშვილის თქმით, აჩენს ეჭვს, რეალურად იყვნენ თუ არა ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში.
„შავგულიძე, ხუხაშვილი, უსუფაშვილი, სანიკიძე „ნაციონალების“ ოპოზიციაში რომ იყვნენ, ახლა შეიძლება დავიჯეროთ?!“ – ამბობს ივანიშვილი.
სანიკიძისთვის ივანიშვილის მიერ გამოთქმული კრიტიკა მიუღებელია და ამბობს, რომ პირიქით, თავად ივანიშვილი უჭერდა მხარს მიხეილ სააკაშვილს და შემდეგ წავიდა ის ოპოზიციაში.
გუბაზ სანიკიძის შეფასებით, ივანიშვილი ხელისუფლების არჩევნების გზით დათმობას არ გეგმავს, რის გამოც ქუჩაში გამოსვლებს არ გამორიცხავს.