დღეს, 20 წლის შემდეგ, მსურს, აქვე გავიმეორო მისი სიტყვები, „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქალბატონებო და ბატონებო, 20 წლის წინ – 1999 წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ზურაბ ჟვანიამ ამ შესანიშნავ დარბაზში ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანების ისტორიულ მომენტში თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა. მკაფიოდ მახსოვს ეს ფრაზა და დღეს – 20 წლის შემდეგ – მსურს აქვე გავიმეორო მისი სიტყვები: „მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი!“ იმ ისტორიული დღიდან 20 წელია გასული და სიმბოლურია, რომ წელს ჩვენ ჩავიბარებთ ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას; იმ ორგანიზაციის თავმჯდომარეობას, რომელიც ჩვენი გზის მთავარი მხარდამჭერია და ახლა ჩვენი ჯერია მივიღოთ ევროსაბჭოს ჩირაღდანი და მომდევნო თაობებს გადავაბაროთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.