იანვრიდან ამოქმედებული საკრედიტო შეზღუდვების ირგვლივ სულ უფრო მეტი ხმაურია. ეკონომიკური შეფასებები პოლიტიკურში გადაიზარდა, ხოლო მოსახლეობის უკმაყოფილებას კველევებიც ადასტურებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით მომზადებული კვლევის მიხედვით, საბანკო რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, გამოკითხულთა 14%-მა სცადა ახალი კრედიტის აღება, რომელთაგან 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა.
გამოკითხულთა 65%-ს სმენია 2019 წლის პირველი იანვრიდან ეროვნული ბანკის მიერ სესხების გაცემაზე დაწესებული რეგულაციების შესახებ.
სებ-ის თანახმად, ახალი დებულების მიზანია, ფინანსურმა ინსტიტუტმა გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე მომხმარებელს სასესხო ან სხვა ვალდებულება (მაგ. თავდებობა) არ დააკისროს. დებულებით, რომელიც მთელ საფინანსო სექტორზე ვრცელდება, დგინდება, რამდენი უნდა იყოს ყოველთვიური სასესხო გადასახადი ხელფასის მიმართ.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის“ მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. გამოიკითხა 2087 ადამიანი.
მიუხედვად საყოველთაო უკმაყოფილებისა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძე დარწმუნებულია, რომ იანვრიდან ამოქმედებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წესი გრძელ ვადაზეა გათვლილი და მისი დადებითი შედეგი მომავალში თვალნათლივ გამოჩნდება.
„რეგულაციების შეფასების დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს უნდა იყოს გრძელვადიანი მიდგომა, რომელიც სექტორის მდგრადობას ემსახურება. ჩვენ ვცდილობთ კრიზისის პრევენციას. ეს არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და სურათის შესაფასებლად გვჭირდება მონაცემების ანალიზი, რის შემდეგაც აუცილებლობის შემთხვევაში, საჭირო ცვლილებებსაც განვახორციელებთ“, - განაცხადა მან.
გვენეტაძის განცხადებით, სებ-ს ხშირად უწევს არაპოპულარული, მაგრამ ქვეყნისთვის გადაუდებელი გადაწყვეტილებების მიღება.
„ეროვნულ ბანკს ხშირად უწევს არაპოპულარული, მაგრამ ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება. შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოს წევრების მანდატის ხანგრძლივობა იმიტომ არ ემთხვევა საარჩევნო ციკლს, რომ პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით, გვქონდეს თავისუფლება, რომ მივიღოთ არაპოპულარული, თუმცა ქვეყნისთვის აბსოლუტურად აუცილებელი და გადაუდებელი ზომები“, - აღნიშნა გვენეტაძემ და დასძინა, რომ განხორციელებული ცვლილებებისა თუ გადაწყვეტილებების სამართლიანობაში ერთი წუთით არ ეპარება ეჭვი.
„ეჭვი არ მეპარება იმიტომ, რომ ჩვენი ნაბიჯები ეფუძნებოდა მხოლოდ კონსტიტუციას და კანონით განსაზღვრულ ნორმებს, პროცედურებს და მხოლოდ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ მიერ გატარებული რეფორმებით ფინანსური სტაბილურობისა და მაკროეკონომიკური სტაბილურობის საფუძვლებს ვამტკიცებთ. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეროვნულ ბანკს ამისათვის ყველა ბერკეტი გააჩნია.
ეროვნულ ბანკში კვალიფიციური თანამშრომლები მუშაობენ, ეს არის ხალხი, რომელიც უშუალოდ ჩართულია პროცესში. საერთაშორისო ორგანიზაციების დადებითი შეფასება ცხადყოფს, რომ ეროვნული ბანკი სწორ საზედამხედველო პოლიტიკას და წარმატებულ რეფორმებს ახორციელებს“, - აღნიშნა გვენეტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.
ოპოზიციას კი არც სებ-ის პრეზიდენტის გულწრფელობის სჯერა და მით უფრო მმართველი პარტიის ეკონომიკური პოლიტიკის. „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ქართული ოცნების“დეპუტატებს მოუწოდებს, რომ საბანკო რეგულაციების მიერ გამოწვეულ შედეგებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ. „იმ უზარმაზარი ზიანის გამო, რომლებიც რეგულაციებმა მიაყენა ქვეყანას“, აუცილებელია, პასუხისმგებლობის აღება და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნა.
„ამ სიღარიბეში, ერთი ახალი ნაყიდი გაზქურაც კი ძალიან ბევრი ოჯახისთვის არის განცდა იმისა, რომ ამ ოჯახს პერსპექტივა აქვს, ერთი ახალი მაცივარი არის განცდა, რომ კეთილდღეობა შეიძლება შემოვიდეს. ჩვენ ათიათასობით მოქალაქეს ეუბნებით, რომ შენ წელიწადში ერთხელაც რომ ეს განიცადო, რომ შენ ადამიანი ხარ და რაღაც შეგიძლია, ამის უფლებაც კი არ გაქვს და ამის უფლება აქვს სადღაც 30 000-40 000 ადამიანს. მხოლოდ მათ შეიძლება ჰქონდეთ ბედნიერების განცდა, მხოლოდ მათ შეიძლება ჰქონდეთ კეთილდღეობის განცდა. აი, ამას ეუბნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამ ადამიანებს.
მთავარი რასაც ის ამბობს: ხალხმა არ იცის დაზოგვა,ხალხს არ შეუძლია განსაზღვროს რა არის კარგი მისთვის. ეს სოციალისტური აზროვნებაა და აღმაშფოთებელია“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.