ხათუნა ლაგაზიძე:

ხათუნა ლაგაზიძე:"სააკაშვილის რევანშისტული გეგმები და რისკები ივანიშვილისთვის"

მართლია, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა განაცხადეს, რომ „ქართულ ოცნებას“ მთავრობის დაკომპლექტებაში პრობლემებს არ შეუქმნიან, მაგრამ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ეჭვები იმაზე, თუ რას უკავშირდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელისუფლების ასეთი უმტკივნეულო დათმობა. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ სააკაშვილის გუნდი სერიოზული რევანშისთვის ემზადება და ამისთვის ოთხი წელი, ანუ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებამდე მოცდას არ აპირებს.

კონკრეტულად რა რისკები არსებობს იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრობამ“ პოლიტიკური კრიზისი შექმნას, ან საერთოდ რა შეიძლება მან მოიმოქმედოს იმისთვის, რომ საზოგადოების თვალში „ქართული ოცნების“ დისკრედიტაცია მოახდინოს, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს პოლიტიკური ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ესაუბრება.

ხათუნა ლაგაზიძე: „ამჟამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ რისკებზე, რომლებიც ახალ ხელისუფლებას გარდამავალ პერიოდში დახვდება. გარკვეული რისკები უკვე იკვეთება და შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს „ნაციონალების“ შემდგომი ნაბიჯები. ამაზე ყურადღება აუცილებლად არის გასამახვილებელი, რადგან „ქართული ოცნება“ დღეს მთავრობის ფორმირებით არის დაკავებული, რაც სრულიად ბუნებრივია. ეს არ არის ისეთი ერთიანი და ავტორიტარულ მართვას დაქვემდებარებული ორგანიზმი, როგორიც იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და საკმაოდ რთულ ვითარებაში უწევთ ხელისუფლების გადაბარება. ამიტომ მიმაჩნია, რომ აუცილებელია იმ რისკებზე ყურადღების გამახვილება, რომლებიც შეიძლება მათ დახვდეს.

განვიხილოთ, რა სიმპტომები არსებობს. დავიწყოთ ყველაზე ცნობილი და თვალშისაცემით, ანუ მედიის თემით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ კეზერაშვილის სახით ხელისუფლება შეეცადა საკუთარი პოზიციები ორ ტელეარხზე, „რუსთავი2“-სა და „მზე“-ზე გაემყარებინა. ამის ფონზე ძალიან საინტერესოა ტელეკომპანია „იმედის“ განცხადება, სადაც საუბარია იმაზე, რომ გასართობი შოუები იხურება და სატელევიზიო ბადე მთლიანად საინფორმაციო გადაცემებსა და საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თოქ-შოუებზე აიგება. ჩემთვის ეს ძალიან სიმპტომატურია და მიანიშნებს იმაზე, რომ მათ ხელთ არსებული ტელევიზიები პრაქტიკულად ასე ვთქვათ, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ეს არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა.

მეორე, რამაც ძალიან ყური მომჭრა, ეს არის ზურაბ ჭიაბერაშვილის კახეთის გუბერნატორად დანიშვნა. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ზოგადად, ძალიან უცნაურია, როდესაც პრეზიდენტი ოპოზიციაში გადადის, მაგრამ კვლავ პოსტზე რჩება. ხოლო ახლა პრეზიდენტი ნიშნავს გუბერნატორს, იმ ფონზე, როდესაც ისინი დეკლარირების დონეზე ამბობენ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტებას მთლიანად „ქართულ ოცნებას“ ანდობენ. ამიტომ, ეს ყველაფერი ცოტა არ იყოს გასაკვირია. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალები“ შეეცდებიან ქვეყანა ორხელისუფლებიანობის პირობებში ამყოფონ - შეცვალო აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები, ანუ მინისტრები, ხოლო ადგილებზე შეინარჩუნო ძალაუფლება, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ყველაფერს მხოლოდ პიარის და დეკლარირების დონეზე აკეთებენ, ანუ ის თითქოს-და კეთილი ნება, რომელიც ნაციონალებისგან მოდის, ძირითადად მხოლოდ პიარს ემსახურება. რეალურად კი ისინი ორხელისუფლებიანობისთვის ემზადებიან.

ჭიაბერაშვილის კახეთის გუბერნატორად გადაყვანა ძალიან ნიშანდობლივი სიმპტომია, რაც „ქართულ ოცნებას“ პრობლემებს შეუქმნის.

ნაციონალები მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების მეშვეობით დაიწყებენ იმის გაპიარებას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება „ქართულ ოცნებას“ გადასცეს. ამის პარალელურად ადგილებზე მართვის თვალსაზრისით შექმნიან პრობლემებს, ანუ თუ ადგილებზე გუბერნატორები ისევ პრეზიდენტს დაემორჩილნენ, ხოლო მინისტრები - ივანიშვილს, ბუნებრივია ეს სერიოზულ დილემას შექმნის. ნაციონალური ტელევიზიები შეეცდებიან, ეს პრობლემები დააბრალონ არა ორხელისუფლებიანობას, რომელიც თავად ნაციონალებმა შექმნეს, არამედ „ქართული ოცნების“ უსუსურობას. როგორც უკვე იკვეთება, ესეც გადასალახი ბარიერი იქნება.

ამასთანავე, ძალიან მაფიქრებს მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ფრაზა, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ თქვა - მე რომ ახლა ოპოზიციაში ვიყო, ამ ხელისუფლებას სამ თვეში დავამთავრებდიო. სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა სწორედ ოპოზიციაშია და ოპოზიციაში ისინი შეიძლება არანაკლებ უხერხული გამოდგეს, ვიდრე იყო ხელისუფლებაში ყოფნისას (ვგულისხმობ ძალაუფლებისადმი ლტოლვის თვალსაზრისით, და არა რაიმე სხვა კუთხით).

შემდეგი და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის „ქართული ოცნების“ გამარჯვებაზე დასავლური პრესის გამოხმაურება და მისი პირველი პირის შეფასებები. ცალსახად იკვეთება ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ლობისტური რესურსი სრულად აამუშავა. ფაქტობრივად, ბოლო პერიოდის პრესაში (საუბარია მსოფლიო პრესის ისეთ ვეშაპებზე, როგორიც არის „გარდიანი“, „ნიუ-იურკ თაიმსი“, „ვაშინგტონ პოსტი“ და ა.შ.) ნაკლებად შეგხვდებათ „ქართული ოცნების“ გამარჯვების მიმართ ისეთი აღფრთოვანებული ტონი, როგორიც მათ „ნაციოანლური მოძრაობის“ მიმართ ახასიათებდათ. დადებითი პასაჟები მოდის იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დემოკრატიამ გაიმარჯვა და მოხდა ხელისუფლების დემოკრატიულად გადაცემა და ძირითადად პიეტეტები მიმართულია „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილისკენ, რომელმაც ეს შეძლო. თუ არ ვცდები „გარდიანს“ ეწერა, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ძალიან დიდსულოვანი ნაბიჯი იყო ხელისუფლების ასეთი მშვიდობიანი გზით გადაბარება, ზოგადად თავისი არადემოკრატიულობით და ძალისმიერი მეთოდებით ცნობილ რეგიონშიო. ამის პარალელურად „ქართული ოცნების“ მიმართ ძირითადად კითხვები ისმის. ამ კითხვების პათოსი ძირითადად შემდეგია: ხომ არ არის „ქართული ოცნების“ გამარჯვება „საქართველოს რუსეთისკენ მიბრუნების ერის დასაწყისი“.

მეორე თემა, რომლის ზედაპირზე ამოტანას დასავლური პრესა აქტიურად ახორციელებს არის ის, თუ რამდენად შეძლებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი გუნდის მონოლითური ერთიანობის შენარჩუნებას, ლიბერალებისა და ულტრა ნაციონალების დაპირისპირების თავიდან აცილებას და ა.შ. რაც მთავარია, აქვთ ძალიან დაძაბული მოლოდინი, თუ რა იქნება საქართველოში. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა, საქართველოში პროცესები ისეთი ბობოქარი იყოს, როგორც არასდროს. ყველა ეს კითხვა და შეფასება ძალიან თვალშისაცემია და მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ნაციონალების ლობისტური საქმიანობის შედეგია, რათა ერთი მხრივ ის, რაც მოხდა სააკაშვილს პლიუსად ჩაუწერონ, ხოლო მეორეს მხრივ არცთუ ისე პოზიტიური კონტექსტით დასვან უამრავი კითხვა (კითხვის დასმას რა თქმა უნდა, მათ ვერავინ აუკრძალავს) ივანიშვილისა და მისი პოლიტიკური გუნდის მიმართ.

ყველაფერ ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ის, რომ ერთ თვეში ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ ეს მშვიდობიანი რიტორიკაც კი, ანუ დეკლარირების დონეზე მშვიდობიანი ტონი, შეიცვლება.

იმას, რომ „ნაციონალები“ ხელისუფლების გადაცემის პროცესს დროში წელავენ, უამრავი მოტივაცია აქვს, მაგალითად საქართველოდან ქონების გატანა, ასევე თუნდაც ის, რასაც დღეს ვხედავთ, ანუ ორხელისუფლებიანობისთვის ნიადაგის მომზადება, და ა.შ. მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მოტივი არის სწორედ ის, რომ ისინი ცდილობენ, ხელისუფლების გადაბარების დრო როგორმე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაწელონ. სრულიად სხვა არის მათი რიტორიკა ობამას პრეზიდენტობის პერიოდში, და გარწმუნებთ, სრულიად განსხვავებული იქნება მით რომნის, ანუ რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა ეს რისკი „ქართული ოცნების“ მიერ სერიოზულად გასათვალისწინებელია.

„ქართულ ოცნებას“ პრაქტიკულად სრულიად ცარიელი ბიუჯეტი დახვდება. ეს ინფორმაციებიც სულ უფრო შემაშფოთებელ ხასიათს იძენს, რომ სადღაც მილიონობით ლარის პრემიები გაიცა, მაგალითად თავდაცვის სამინისტროში დარიგდა პრემიები და ა.შ. ანუ, ბიუჯეტს შეგნებულად აცარიელებენ, რათა ახალი მთავრობა ეკონომიკური კატასტროფის თუ არა, სერიოზული კრიზისის წინაშე დააყენონ. ამ ფონზე თუ გავიხსენებთ დავით ბაქრაძის განცხადებას - ჩვენ სულ არ გვაინტერესებს, იმათ როგორი ბიუჯეტი დახვდებათ, ისინი ვალდებულები არიან, ნებისმიერი ბიუჯეტის შემთხვევაში საკუთარი დაპირებები შეასრულონო, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ ნაციონალები უახლოეს თვეებშივე სერიოზული რევანშისთვის ემზადებიან. ამასთანავე, არსებობს ინფორმაცია, რომ ისინი საკუთარი კოორდინატორების მობილიზებას კვლავ ახდენენ, ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, რომ მათ მიერ შექმნილი ეს სისტემა არ ჩამოშალონ და ამ ადამიანებს ეუბნებიან, რომ 6 თვის შემდეგ რევანშის საშუალება ექნებათ.

რამდენად აქვსნაცმოძრაობასიმის რესურსი, რომ ეს თავისი რევანშისტული გეგმები განახორციელოს?

- ის, რაზეც მე ვისაუბრე, ჯერჯერობით, ყველა ეს რესურსი მათ ხელშია. ჭიაბერაშვილის დანიშვნა მართლაც ძალიან სერიოზული სიმპტომია იმისთვის, რომ ჩვენ მათი მხრიდან ორხელისუფლებიანობის სურვილზე ვისაუბროთ. ამასთანავე, 2003 წლისგან განსხვავებით, როდესაც პრაქტიკულად რევოლუციამდე მოხდა შევარდნაძის ხელისუფლებისთვის საყრდენი ფიგურების გამოცლა, დღეს სრულიად სხვა სიტუაციაა. „ნაციონალური მოძრაობა“ როგორც მმართველი პარტია პრაქტიკულად დასრულდა და მაინც როგორ ცდილობენ, მონოლითურობა შეინარჩუნონ. მე ჯერ არ მომისმენია მსხვილი ფიგურების განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებენ, ან არ ყოფილა „ნაცმოძრაობის“ წევრების მიერ პარტიის მასობრივად დატოვების პრეცედენტები. ესეც ძალიან საინტერესო ფაქტია და ეს ყველაფერი რესურსია მათ ხელში.

მე ნამდვილად არ მინდა აპოკალიფსური სურათი დავხატო და ძალიან კარგად მესმის ის რესურსიც, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს. მათი მთავარი და ძირითადი რესურსი საკუთრივ ივანიშვილის ფიგურაა, რომელმაც ამ ერთ წელიწადში მართლაც საოცრება შეძლო. მან მოახერხა გაემარჯვა არა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არამედ (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია) - დასავლეთში სააკაშვილის უზარმაზარ ლობებზე. ამიტომ, როგორი რესურსიც არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“, თავად ივანიშვილის ფიგურასთან მიმართებაში ყველა ეს რესურსი შეიძლება აბსოლუტურად უსუსური აღმოჩნდეს. მეორე მხარეა, რომ პოლიტიკური ძალა, მიუხედავად იმ საოცარი ბრალდებებისა, რომლებიც მის წინააღმდეგ ისმის და იმ განწყობისა, რომელიც საზოგადოებას მის მიმართ აქვს („ნაციონალურ მოძრაობაზე“ მაქვს საუბარი), დამარცხების მეორე დღიდანვე ცდილობს საფუძვლები შექმნას ისევ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. ეს სერიოზულად გასათვალისწინებელი ფაქტორია და ამიტომ, როცა ვამბობ, რომ დღეს „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეები აქვს გასაკეთებელი - ხელისუფლების გადაბარება და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, მთავარია, მათი ყურადღების მიღმა არ დარჩეს ეს სიმპტომები და ის ქმედებები, რის გაკეთებასაც ნაციონალები შეეცდებიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნაციონალები საარჩევნო რეჟიმში რჩებიან. დამარცხების მეორე დღიდანვე მათ, ფაქტობრივად, ხელახალი არჩევნებისთვის დაიწყეს მზადება. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი 6 თვის შემდეგ რაღაცის გაკეთებას შეეცდებიან. სიმართლე გითხრათ, მე ნაკლებად რეალურად მეჩვენება, რომ სააკაშვილმა გაბედოს და 6 თვის შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს. ამას მხოლოდ იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ამ ექვსი თვის განმავლობაში რაც არ უნდა მინუსები ჩაეწეროს „ქართულ ოცნებას“, ეს ნაციონალების მიმართ, საზოგადოების კრიტიკულ დამოკიდებულებას ვერაფრით გადასძალავს. სისულელეა იმის ფიქრი, რომ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში მოსახლეობა დაივიწყებს იმ ყველაფერს, რაც მან ამ ხელისუფლებისგან უკანასკნელი 9 წლის განმავლობაში იწვნია, მაგრამ როგორც ჩანს, ნაციონალები თვლიან არა იმაზე, რომ მათი რეიტინგი ამაღლდება, არამედ მათი მიზანია „ქართული ოცნების“ რეიტინგი შეამცირონ და საზოგადოებაში იმედგაცრუებულთა რიცხვი გაზარდონ, რაც მათ შემდგომი არჩევნების გაყალბების საშუალებას მისცემს. ამ არჩევნების გაყალბება იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ იყო უკიდეგანო საზოგადოებრივი ნება და მობილიზება, რასაც ისინი წინ ვერ აღუდგნენ. როდესაც ამბობენ, რომ ამ არჩევნებზე 60%-იანი აქტივობა იყო, ეს უბრალოდ სასაცილოა. არჩევნებზე რეალურად ამომრჩევლის სულ ცოტა 80-85% მივიდა. ალბათ, ამ ეიფორიაში დაგვავიწყდა, რომ არჩევნები გაყალბებული სიებით ჩატარდა და სია დაახლოებით 800 000 ამომრჩევლით იყო გაბერილი. თუ საარჩევნო სიას ამ რიცხვს გამოვაკლებთ, ცხადი ხდება, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის არანაკლებ 80-85%-მა მიიღო, რაც უპრეცედენტო აქტივობაა. სწორედ ამაზე გაითვლის „ნაციონალური მოძრაობა“, რომ „ქართული ოცნებით“ იმედგაცრუებულთა რიცხვი გაზარდოს. თუმცა, როგორც გითხარით, არ მგონია, მათ ეს უახლოესი 6 თვის განმავლობაში შეძლონ. ამასთანავე, ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ მათი სურვილია, მაგრამ მეორე მხარეს დგას ბიძინა ივანიშვილის ფიგურა, რომელიც ყველანაირად შეეცდება მსგავსი ტიპის რისკების პრევენციას.

ქალბატონო ხათუნა, არჩევნების წინა პერიოდში საზოგადოებაში უამრავი მოლოდინი არსებობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება რაიმე არაადექვატურ ქმედებას ჩაიდენდა, რათა ვითარება გაემწვავებინა, საუბარი იყო თუნდაც იგივე რუსეთის საფრთხეზე და .. ახლა როგორ ფიქრობთ, მათ მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეიძლება სურდეთ, თუ შესაძლოა რაიმე სხვა გათვლაც ჰქონდეთ?

- მიმაჩნია, რომ დღეს მათი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ დასავლეთის თვალში საკუთარი დემოკრატიულობის იმიჯი შეინარჩუნონ და განამტკიცონ. დასავლური პრესა ამაში მათ ძალიან დიდსულოვნად უწყობს ხელს. ამიტომ, ამ ეტაპზე, ფაქტობრივად გამორიცხულია, რომ მათ სახელმწიფო გადატრიალების მზადება დაიწყონ. ნაციონალები მათთვის ჩვეული ხერხებით შეეცდებიან „ქართული ოცნების“ პოზიციები შეასუსტონ. თუმცა თუკი ამერიკაში პრეზიდენტად რომნი მოვიდა და ირანის თემა გააქტიურდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დამატებითი სტიმულები და ალბათ, დამატებითი ბერკეტებიც (მათ შორის ძალისმიერი) გაუჩნდება იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცადოს.

საბოლოოდ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ამ ეტაპზე მხოლოდ რისკია, რომელთა პრევენციაც, სათანადო გათვლების შემთხვევაში, დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს.