საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეფეს რამდენიმე წლით თავისუფლებით აღკვეთა ემუქრება - ანა ბაგრატიონის ადვოკატი ლევან გორელაშვილი საზოგადოებას ახალ მტკიცებულებებს აცნობს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ 2014 წლის ცხრა მაისს, ანა და დავით ბაგრატიონები საგურამოში ერთად ნამდვილად იმყოფებოდნენ.
„2020NEWS -სთან“ საუბარში ადვოკატი აცხადებს, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, დავით ბაგრატიონ გრუზინსკის რამდენიმე წელი საპატიმროში გატარება მოუწევს.
_ მეფე რამდენიმე დღის წინ გამოკითხვაზე არ გამოცხადდა და ესპანეთში გაემგზავრა. საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, დაიჭერენ?
- ნუ ეძახით მეფეს და ნურც ანას ნუ ეძახით დედოფალს. მეფე და დედოფალი საქართველოს არ ჰყავს. ეს არის სამეფო ოჯახი. ანუ მათი ძალაუფლება შეწყდა, მაგრამ სამეფო ოჯახი ხომ არ ამოწყვეტილა. გრუზინსკები არიან ის შტო, რომელთა წინაპრებიც იყვნენ საქართველოს მეფეები, მუხრანელების წინაპრები მეფეები არ ყოფილან. შესაბამისად მათთვის მეფის და დედოფლის დაძახება არასწორია.
_ დავით ბაგრატიონს რამდენი წლით ემუქრება დაჭერა?
_ რომ არ ემუქრებოდეს დაჭერა, არც გაიქცეოდა ქვეყნიდან. დედამისზე თქვა, რომ ცუდად არის და იმიტომ მივდივარო, მაგრამ მოიტყუა. ავიაბილეთები უფრო ადრე შეიძინა, ვიდრე დედამისი ცუდად გახდებოდა. ანას დაურეკა და გამოემშვიდება და უთხრა, რომ მიდიოდა. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე ხდებოდა, ვიდრე დედამისი ცუდად გახდებოდა. რეალურად ვინ მოტყუვდება ამით? რა თქმა უნდა, გაიქცა. რამდენი წელი ემუქრება, ვერ გეტყვით, იმიტომ რამდენიმე საქმეზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ყველა დამტკიცდა ბევრი და თუ ცოტა დამტკიცდა, ცოტა. საქმეში მარტო ძალადობის ეპიზოდი არ არის. გამოძიება დავით ბაგრატიონ- მუხრანელს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტსაც ედავება. ის არ აძლევდა ანას უფლებას თბილისში დაბრუნებულიყო, სანამ მის მიერ მოტანილი კრემები არ წაისვა სახეზე, რომ გასიება ჩამცხრალიყო. არ გამოუშვა საგურამოდან, რომ იმ ფორმაში საზოგადოებას არ ენახა. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გამოუშვა, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაა.
_ რა ახალი დეტალების წარდგენას აპირებთ საზოგადოებისთვის?
_ ჩვენ ამოვიღეთ ანას ტელეფონის ნომრის ამონაწერი, რომლის შედეგადაც ნათელი ხდება, რომ ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ ანას ტელეფონზე შვიდასსზე მეტი ზარი დააფიქსირა, რომელიც საგურამოში დამონტაჟებულმა ანძამ დააფიქსირა, რაც გამორიცხავს იმას, ურაც ჩვენმა მოწინააღმდეგე მხარემ გაავრცელა. მათი განცხადებით საგურამოში ანას ფეხი საერთოდ არ აქვს დადგმული ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ. დავით ბაგრატიონის ადვოკატი ლევან ჩხეიძე ამბობდა, რომ ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ ანას და დავითს ერთ ჭერქვეშ ერთი დღეც არ გაუტარერბიათო. 2014 წლის ცხრა მაისს, 21 საათსა და 35 წუთზე ანას ტელეფონიდან გავიდა ზარი და ეს ზარი დაფიქსირებულია საგურამოს ანძის მიერ. ძალადობა მოხდა 22 საათზე, ანუ რამდენიმე წუთის მერე. გარდა ამისა ჩვენ ასევე ავიღეთ ინფორმაცია დავითის ტელეფონის ნომერზეც. ამ მტკიცებულებით ის დროის ამ მონაკვეთში იმყოფედებოდა საგურამოში. .. ჩვენი მიზანი დავით ბაგრატიონ- მუხრანელის დაჭერა არასდროს ყოფილა. სულ გვეკითხებიან, ეს შემთხვევა 2014 წელს თუ მოხდა, ახლა რატომ ლაპარაკობთო, ჩვენ პროკურატურისთვის ამ ფაქტების გამოსაძიებლად არც ამჯერად მიგვიმართავს. უბრალოდ მაშინ როდესაც ამ ფაქტების გაჟღერება მოხდა, ნაცვლად იმისა, რომ იქითა მხარეს ეღიარებინა, ან ასე ხელაღებით მაინც არ მოეხდინა ამ ფაქტების უარყოფა, დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არასწორ ინფორმაციებს ვავრცელებდით. ამან ჩვენ იძულებულები გაგვხადა, გაგვესაჯაროებინა ფაქტები, საიდანაც ცალსახად დგინდება, რომ სიმართლეს ვამბობთ. ანას რომ დავითის ციხეში ჩასმა სდომებოდა, ამას გააკეთებდა 2014 წელს და არც ახლა გააკეთებდა ამას, რომ აქეთ რომ არ გვდებდეს ბრალს, რომ ცილს ვწამებთ და ცრუ ინფორმაციას
_ თქვენი მიზანი არ არის, მაგრამ საქმე აქეთ მიდის, ფაქტია.
_ კი მაგრამ თაგვმა თხარა ,თხარა და კატა გამოთხარაო, ზუსტად მაგათზეა ნათქვამი. ძალადობის ფაქტებზე რომ ეთქვათ, ვიცი, რომ ამორალური საქციელია, მაგრამ გამონაკლისი არ არის, ნასვამი იყოო და რაღაც კუთხით გაემართლებინათ, ხმის ამომღებები არ ვიყავით, მაგრამ მათ თქვეს, ანას და დავითს ერთად ერთი დღეც არ უცხოვრიათ და ანას საგურამოში ერთი დღე არ აქვს ფეხი დადგმული. და ახლა ჩვენ ხომ უნდა დავუმტკიცოთ საზოგადოებას, რომ ანას საგურამოში უცხოვრია კიდეც, ფეხიც დაუდგამს და შპალერის ფერიც იცის და ყველა თავისი ნივთი იქ ჰქონდა. ხომ უნდა დავამტკიცოთ ეს.
შეგახსენებთ, სამართალდამცველ ორგანოში იძიებენ საქმეს, რომელიც დავით ბაგრატიონ-მუხრანელის მიერ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტს ეხება. შემთხვევა 2014 წლის 9 მაისს საგურამოში მოხდა.