„ოცნებისთვის“ ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება, ამიტომ ყველა უბანში ყველაფერზე წავა, რომ გაიმარჯვოს“

„ოცნებისთვის“ ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება, ამიტომ ყველა უბანში ყველაფერზე წავა, რომ გაიმარჯვოს“

„ახლა რომ გაახსენდათ ხიბულაც და გამსახურდიაც, სწორედ არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება, დაახლოებით ასეთ დღეშია „ოცნება". სხვა არაფრის გაკეთება შუძლია და იძულებულია ის რესურსი გამოიყენოს, რაც აქვს... „ოცნებას" არა თუ ზუგდიდის, საერთოდ არც ერთ ოლქში წაგების ფუფუნება არ გააჩნია. ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება, ამიტომ ყველა უბანში ყველაფერზე წავა, რომ გაიმარჯვოს," - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე.

„რეზონანსი": 11-მა გავლენიანმა ევროპარლამენტარმა წერილით მიმართა პრემიერს, სადაც საუბარია საპრეზიდენტო არჩევნების დროს არსებულ დარღვევებზე და ზუგდიდის სკოლის პედაგოგის ია კერზაიას საქმის გამოძიება მოითხოვა. წერილის ავტორები „ოცნების" პარტნიორი სოციალ-დეოკრატების ჯგუფის წევრები არიან. რას ნიშნავს ეს კრიტიკა, „ოცნების" მეგობრებიც კი უკმაყოფილონი არიან ხელისუფლების ქცევით?

ვახტანგ ძაბირაძე: საკმაოდ რთული ვითარებაა ამ მხრივ, ხელისუფლების მხრიდან ამ წერილზე უყურადღებობა ჩვენს პარტნიორებში მტკივნეულად იქნება აღქმული. თანაც, არა მარტო „ოცნების" პარტნიორი პოლიტიკური ძალები არიან უკმაყოფილონი, იგივე ეუთო-მ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნეს ანალოგური დასკვნა და უკმაყოფილები არიან იმ ვითარებით, რაც იყო საპრეზიდენტო არჩევნებში, განსაკუთრებით მეორე ტურში. პირადად მე არ ვთვლი, რომ 600 000 კაცისადმი სესხების ჩამოწერამ არჩევნებზე დიდი ზეგავლენა მოახდინა, მაგრამ გარედან ასე არ ჩანს და როცა ასეთ რამეზეა საუბარი, ის ყოველვის არის მობმული ამომრჩევლის მოსყიდვასთან თუ არა, ზეგავლენის მოხდენასთან მაინც. როდესაც ამას ხელისუფლება ან ხელისუფლებასთან ასოცირებული რომელიმე ორგანიზაცია აკეთებს, ეს ძალიან ბევრ კითხვას აჩენს.

გარდა ამისა, ქალბატონი კერზაიას საქმეც, რა მოხდა და როგორ, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ ბუნდოვანია. ასეთ ვარიანტებში ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს ძალიან სწრაფად და ფაქტების აბსოლუტური გახსნილობა მოახდინოს. მით უმეტეს, როდესაც კითხვები ჩნდება იმ ორგანიზაციებშიც, რომელიც ხელისუფლების პარტნიორია.

იგივე ვითარება იყო არჩევნებისას სამცხე-ჯავახეთში, სადაც ცემა და წნეხი იყო. უამრავი ფაქტები იყო. არავინ არ თვლის, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, თუმცა შედეგებს კითხვის ქვეშ არავინ აყენებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა დავშმვიდდეთ. რეალურად ვითარება საკმაოდ დაძაბულია. საზოგადოების პოლარიზაცია მიდის. ვინ დღეს ამ ფაქტებზე საუბრობს, წარსულის გამო კი არ დარდობენ, მომავალში ხედავენ პრობლემებს. ანუ, ეს წერილი ეხება არა გავლილ საპრეზიდენტო არჩევნებს, არამედ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს - ხელისუფლებას ყველა ეუბნება, რომ ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს.

": ეს არის გაფრთხილება?

ვ.ძ: რა თქმა უნდა, ეს არის გაფრთხილება და ხელისუფლებამ ამას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, მუდმივად უნდა ჰყავდეს კონტროლს ქვეშ ვითარება, სხვა შემთხვევაში შეიძლება პროცესები არ ჩაჯდეს იმ სტანდარტებში, რასაც დემოკრატია ითვალისწინებს, ვგულისხმობ 2020 წლის არჩევნებს. თუ საზოგადოების პოლარიზაცია გაგრძელდა, ჩვენ 2020 წელს მივიღებთ არა საარჩევნო სუბიექტებს, არამედ მტრულ ბანაკებს, ამას ხედავენ ჩვენი მეგობრები დასავლეთში, ამიტომაც მიდის ხელისუფლებისადმი მოთხოვნა, რომ გამოიძიონ ყველაფერი და ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ პროცესები ამ მიმართულებით არ განვითარდეს.

": 19 მაისს შუალედური არჩევნებია და რაც ჯერჯერობით ჩანს, დიდი და ერთგვარად პრინციპული ბრძოლა ზუგდიდის მერობისთვის იქნება, რადგან ერთ მხარეს სანდრა რულოვსი დგას და სწორედ ამიტომაც ივანიშვილმაც საარჩევნო კამპანია ზუგდიდში უკვე დაიწყო. ივანიშვილს ისევ აქვს ის რეიტინგი, რომოცნებას" მარტივი გამარჯვება მოუტანოს? რას ელოდებით ზუგდიდში?

ვ.ზ: „ოცნებისთვის" ყველა ოლქი მნიშვნელოვანია ახლა, რულოვსის ზუგდიდში დასახელებამ კი ვითარება გაამწვავა. სიტუაციიდან გამომდინარე სჯობდა ზიგდიდში რულოვსი არ დაესახელებინათ, რადგან სხვას მოგების უფრო მეტი შანსი ექნებოდა. თუმცა მეორე საკითხია ის, რომ „ოცნებას" არა თუ ზუგდიდის, საერთოდ არც ერთ ოლქში წაგების ფუფუნება არ გააჩნია. ნებისმიერ ოლქში წაგება რღვევის დასაწყისი იქნება, ამიტომ ყველა უბანში ყველფერზე წავა, რომ გაიმარჯვოს. როცა ვამბობ, რომ რულოვსს სჯობდა სხვა, სხვა ამ საერთო სურათში ჩაეწერებოდა. რულოვსის ზუგდიდში დასახელება „ნაცმოძრაობის" მხრიდან უფრო პროვოცირების სურვილს ჰგავს და ეს საკმაოდ ცუდად მუშაობს „ნაციონალებისთვის". რულოვსის დასახელება ეს არის მთელი „ქართული ოცნების" გამოწვევა, ამიტომ ყველაფერზე წავა, რომ განსაკუთრებით ზუგდიდში არ წააგოს.

": თუმცა ივანიშვილის ახლა ჩართვა და გამსახურდიას საქმის გამოძიების დაწყების დაპირება რამდენად იმუშავებს?

ვ.ძ: გარკვეულწილად იმუშავეს, თუმცა მანდ მეორე პრობლემაცაა. „ოცნებას" ივანიშვილის გარდა არც არავინ ჰყავს. გუშინაც ასე ყო, მაგრამ გუშინ ივანიშვილს რეიტინგი ჰქონდა, დღეს რეიტინგი ეცემა, მაგრამ შემცვლელიც არ ჰყავთ. თქვენ ვერ მეტყვით, „ოცნებაში" მეორე ვინაა. მეორე არ არსებობს.

": რამდენად გულწრფელად იქნება აღქმული? გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინ გამსახურდიას შვილები შიმშილობდნენ სწორედ გამოძიების მოთხოვნით და მაშინოცნებიდან" ყურადღებაც არ მიაქციეს.

ვ.ძ: მესმის. ახლა რომ გაახსენდათ ხიბულაც და გამსახურდიაც, სწორედ არჩევნებს უკავშირდება, მაგრამ წყალწაღებული ხავსს რომ ეჭიდება, დაახლოებით ასეთ დღეშია „ოცნება". სხვა არაფრის გაკეთება შუძლია და იძულებულია ის რესურსი გამოიყენოს, რაც აქვს.

": თქვენ ახსენეთ, რომ დასავლეთი აფრთხილებს ხელისუფლებას, 2020 წლის არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად.თუკიოცნება" არ გაითვალისწინებს ამ გაფრთხილებას -იქნება პოლარიზებული გარემო და ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებიც, რა შედეგს გამოიწვევს ეს, შეიძლება ხელისუფლებას დასავლეთიდან ლეგიტიმაცია ექნება?

ვ.ძ: გულწრფელად რომ გითხრათ, ლეგიტიმაცია ნაკლებად მაწუხებს. მე მეშინია და მაწუხებს ჩვენ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეთ. აქ საუბარი არ არის 11 ევროპარლამენტარის განწყობაზე და ეს წერილი არ არის ერთჯერადი მოკითხვის ბარათი. ეს არის დასავლეთის განწყობა და იმედი მაქვს, რომ არჩევნებამდე დარჩენილ ორ წელში ხელისუფლებასთან მუდმივად იქნება კომუნიკაცია. არც შევარდნაძე წასულა თავისი ნებით, კარგი გარანტიები მიიღო ამერიკიდანაც და რუსეთიდანაც, და არ სააკაშვილი, მანაც გარანტიები მიიღო. ასე რომ, აქაც მსგავსი რამ იქნება, აქაც ჩაერევიან ისე, რომ დაპირისპირებამდე არ მივიდეს საქმე. ეს წერილი ნიშნავს, რომ დასავლეთმა ეს პროცესი უკვე დაიწყო, ამიტომაც მგონია, რომ ხელისუფლება უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეპყრას ამ მიმართვებს. თუ არჩევნები არ ჩატარდა ისე, როგორც საჭიროა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას დასავლეთიდან ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება და პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით ექნება ლეგიტიმაციის პრობლემა. როცა ქვეყნის შიგნით დგება ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემა, ისე როგორც 2003 წელს და როგორც 2012 წელს, ხელისუფლება იძულებულია წავიდეს.