ქართველების კიდევ ერთი მასშტაბური დაკავება ბარსელონაში - ესპანეთში ქართველი

ქართველების კიდევ ერთი მასშტაბური დაკავება ბარსელონაში - ესპანეთში ქართველი "ქურდების" ეპოქა სრულდება?

ესპანეთში სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს. მასშტაბური სპეცოპერაცია სახელწოდებით "მერლი-ტაკა" ბარსელონაში, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად, ქართველი სამართალდამცველების მონაწილეობით ჩატარდა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტი მოქალაქე, მათ შორის საქართველოს 25 მოქალაქე, რომლებსაც საცხოვრებელი ბინების გაქურდვა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობა ედებათ ბრალად.

"გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე. სპეცოპერაცია ჩატარდა ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთი ყოფილი სკოლის შენობაში, რომლის ნაწილიც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. აღნიშნული ღონისძიების პარალელურად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ამავე შენობაში უკანონოდ შესახლებული ყველა სხვა პირი გამოასახლეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ ბინებში ჩაატარეს ჩხრეკა, რომლის შედეგადაც ნივთმტკიცებად ამოიღეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნაქურდალი ნივთები და დიდი ოდენობით ფული," - განაცხადა ბორცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური დაჯგუფების წევრები ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს შერჩეული ობიექტების შესახებ, რის შემდგომაც ორგანიზებულად ქურდავდნენ.

"დაკავებულ საქართველოს 25 მოქალაქეს ბრალად ედება ესპანეთის სსკ-ის 237-ე, 570-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გულისხმობს ესპანეთის სამეფოს ტერიტორიაზე ჩადენილ ბინების გაქურდვასა და კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის გამოვლენის, ზემოაღნიშნული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე, მათი კავშირების დადგენისა და ოპერაციის დაგეგმვის მიზნით, ბარსელონაში ჩატარებულ მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ესპანეთის სამეფოს ეროვნული პოლიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთწლიანი ოპერატიულ-საგამოძიებო სამუშაოები ესპანეთსა და საქართველოში.

"შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა," - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

ცნობისთვის, ეს ესპანეთისა და საქართველოს პოლიციის თანამშრომლობის პირველი შემთხვევა არ არის. გასული წლის 2018 წლის ივლისში ესპანეთში სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების ქართველი წევრები დააკავეს. ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად წარმატებული მასშტაბური სპეცოპერაცია - სახელწოდებით "კუში 2" ჩაატარა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყვნენ ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, სპეციალური საპოლიციო ღონისძიება ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. მასში 800-ზე მეტი ესპანელი სამართალდამცველი და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ამ სპეცოპერაციის საშუალებით გამოვლინდა სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ "კანონიერ ქურდთან" ერთად, ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობდნენ.

სპეცოპერაციის შედეგად მადრიდის, ბარსელონას, ვალენსიას, ალიკანტეს, ალბასეტეს, მურსიას, ჟირონასა და გრანადას პროვინციებში ესპანეთში მოქმედი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 "კანონიერი ქურდი" დააკავეს, ძირითადად სომხური წარმოშობისა. ამავე სპეცოპერაციის შედეგად მადრიდსა და ვალენსიაში დაკავებულია საქართველოს 2 მოქალაქე, ეროვნებით ქართველი - 1971 წელს დაბადებული პ.ჯ. და 1974 წელს დაბადებული მ.კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პ.ჯ. აქტიურად იყო ჩართული აღნიშნული დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში. მას სახლში ძვირფასი ლითონების გადამამუშავებელი უკანონო საამქრო ჰქონდა მოწყობილი, სადაც დანაშაულის დაფარვის მიზნით ნაქურდალი ძვირფასეულობის გადადნობა, მისგან ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების დამზადება ხდებოდა. მ.კ. კი სომხურ-ქართული კრიმინალური დაჯგუფების მიერ უკანონო გზით მოპოვებულ ფინანსებს განკარგავდა.

ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქე ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად გასამართლდება. მათ გამოძიება ესპანეთის სსკ-ის 515-ე და 301-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც კრიმინალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას და ფულის გათეთრებას გულისხმობს.

ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია "კუში" ევროპოლმა და ინტერპოლმა შეაფასეს, 2010 წლიდან დღემდე ყოფილი საბჭოთა წარმოშობის საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად.

საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიზნით, აგრძელებს ევროპოლთან, ინტერპოლთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან აქტიურ თანამშრომლობას.