„პატიმრების ახლობლები შეწყალებისთვის ქრთამს იხდიან“

„პატიმრების ახლობლები შეწყალებისთვის ქრთამს იხდიან“

საქართველოში ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი ელენე თევდორაძე რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილეა და ქართულ სახელმწიფოში არაქართველი მოსახლეობის ინტეგრაციაზე მუშაობს. როგორ გრძნობს თავს აღმასრულებელ ხელისუფლებაში რამდენიმე მოწვევის პარლამენტის წევრი და როგორ აფასებს მიმდინარე მოვლენებს გამოცდილი პოლიტიკოსი? "სარკემ" ამ კითხვებით რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილეს, ელენე თევდორაძეს მიმართა.

პარლამენტში აქტიური ცხოვრება გქონდათ, მუდმივად მედიის ყურადღების ცენტრში იყავით. იქ გერჩივნათ?

- აქ არანაკლებ აქტიურად ვმუშაობ და არანაკლებ დატვირთული ვარ, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ თემა, რაზეც ვმუშაობ, პრესისთვის მაინცდამაინც საინტერესო არაა. თუ ლაპარაკია ხალხზე, მათთან კვლავ მუდმივად მაქვს ურთიერთობა. თუ მაშინ ეს კაბინეტში ხდებოდა, ახლა მე გავდივარ ხალხთან, მაგრამ კაბინეტში დღეში 70 ადამიანის მიღება მაინც მიწევს.

არაქართული მოსახლეობის ინტეგრაცია გევალებათ. როგორაა ამ კუთხით საქმე?

- ჩემი მოვალეობიდან გამომდინარე, დავდივარ იმ რაიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ არაქართველები, რომ მათსა და ჩვენს დევნილებს შორის, რომლებიც ჩასახლებულები არიან იმ რაიონებში, ექსცესები და დაძაბულობა არ იყოს. დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ სოფლებს, სადაც ოსები ცხოვრობენ.

ხომ არ ჰქონდათ ოსებს ასეთი პრობლემები აგვისტოს ომის დროს ან მის შემდეგ?

- წარმოიდგინეთ, რომ ასეთი პრობლემა არასოდეს ყოფილა, თუმცა, სამწუხაროდ, ოსების ახალგაზრდული ნაწილი მართლაც გადავიდა ვლადიკავკაზში. ოსები აქ ქართულ სკოლას ამთავრებენ და მერე უმაღლეს სასწავლებლებში იქ შედიან და იქვე რჩებიან. თუ გახსოვთ, კოკოითმა განაცხადა რუსულ მედიაში, თითქოს ჩვენ ვავიწროებთ ოსებს და იძულებულები არიან, დატოვონ საქართველო. მარტო ლაგოდეხის ერთი ოსური სოფლიდან 25 ოჯახი წავიდა საცხოვრებლად ვლადიკავკაზშიო. ეს ცრუ ინფორმაცია იყო. ეს ხალხი არავის შეუვიწროებია, მათ აქ სახლები იმიტომ გაყიდეს, რომ შვილებთან წასულიყვნენ. იქ უფრო ეიოლებათ სამუშაოს შოვნა. აქ, სადაც ისინი ცხოვრობენ, არაფერია. ახალგაზრდებს კი აღარ უნდათ მიწაზე მუშაობა. ვთვლი, რომ ჩვენი ოსური სოფლები არ უნდა დაცარიელდეს.

საინტერესოა, რა პირობებში ცხოვრობენ არაქართულ სოფლებში ჩასახლებული დევნილები.

- ვიყავი ბოლნისის რაიონის სოფელ ქვემო ბოლნისში, რომელიც ორადაა გაყოფილი. ერთ ნაწილში აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მეორეში – სომხები. იქ ცხოვრობენ დევნილები აჟარიდან, კოდორის ხეობიდან, რომლებიც უკვე მეორედ გახდნენ დევნილები. მათთვის აშენებულია კოტეჯები. აზერბაიჯანულ სკოლაში გაიხსნა ქართული კლასები. რა თქმა უნდა, უჭირთ, მხოლოდ დახმარებაზე არიან დამოკიდებული, მაგრამ პრაქტიკულად იმ სოფელში მიდის შეჯიბრი სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, ვინ უკეთ მიხედავს დევნილებს. ერთი თუ ტომარა ფქვილს მიიტანს, მეორეს ცხვარი მიჰყავს. ეს ნიშნავს, რომ ამ ხალხსაც სტკივა გული იმაზე, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ პარალელურად ზოგიერთ სოფელში, სადაც არაქართველები ცხოვრობენ, სხვა რამეს წავაწყდი – აგვისტოში ქვეყნიდან გაიყვანეს ახალგაზრდები, ომში რომ არ მიეღოთ მონაწილეობა. ამ ხალხთან უნდა ვიმუშაოთ და ვაგრძნობინოთ, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და საკუთარი სახლები თვითონ უნდა დაიცვან.

შიდა ქართლში კი აუშენეს სამაჩაბლოდან დევნილებს სახლები, მაგრამ ისინი, როგორც თქვენც თქვით, მხოლოდ დახმარებაზე არიან დამოკიდებული. ამდენი დევნილი ცოტა ხანში ხელისუფლებას პრობლემას ხომ არ შეუქმნის? მოსალოდნელია საპროტესტო გამოსვლები?

- მეტ გაღიზიანებას ძველი დევნილებისგან ვგრძნობ. ისინი პირდაპირ მეუბნებიან, ამდენი წლის შემდეგაც ვერანაირად მოგვიწესრიგეს საცხოვრებელი პირობები, ახლებთან კი სხვა მიდგომააო. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ დევნილი დევნილია. რა მნიშვნელობა აქვს, 12 წლის წინ მოხდა ეს თუ რამდენიმე თვის წინ?! ეს აუცილებლად უნდა დარეგულირდეს. რაც შეეხება დღევანდელ დევნილებს, მამაკაცებისგან მესმის, რომ მათ უნდათ სამუშაო, ისინი არ არიან მიჩვეული ხელგაწვდილ ცხოვრებას. ლიახვის ხეობიდან დევნილ ბევრ მამაკაცს ნიქოზში პოლიციაში დააწყებინეს მუშაობა. ამ ხალხის დასაქმებაზე სერიოზულადაა საფიქრალი.

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ხართ. ამ კუთხით არაერთი პრეტენზია იყო. რამდენად იყო არსებული განწყობის ადეკვატური შეწყალების აქტი?

- ამნისტია გაკეთდა პარლამენტში მომზადებული კანონით. შეიძლებოდა პროექტის შემუშავებისას ჩემთვის მოემართათ, როგორც ექსპერტისთვის, მაგრამ ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. რაც შეეხება შეწყალების კომისიას, როგორც ვმუშაობდით, ისე ვმუშაობთ, დებულებებით, მაგრამ უკვე ტრადიციად იქცა, რომ კომისიის გვერდის ავლით კიდევ მზადდება სიები, შეაქვთ პრეზიდენტთან და ჩვენ პოსტ ფაქტუმ ვიგებთ, რომ ჩვენ მიერ განხილულის გარდა, არის კიდევ რაღაც დამატებითი სია.

ამ სიებს ვინ ადგენს?

- მხოლოდ ვარაუდი შემიძლია. ვფიქრობ, პროკურატურაში მზადდება. ამ პროცესში აქტიურადაა ჩაბმული საპატრიარქო და ამაზე პატრიარქს მადლობაც ვუთხარი. მათთანაც ბევრი განცხადება შედის და ისინი ამ განცხადებებს ან პრეზიდენტის კანცელარიაში აგზავნიან და მერე მიდის პროკურატურაში, ან პირდაპირ პროკურატურაში მიდის.

პოლიტპატიმრებიდან რატომ არავინ შეიწყალეს?

- მათი განცხადება არც შემოსულა. განცხადება შემოდის და, თუ სასჯელის ნახევარი მოხდილია, რეკომენდაციებს ვაძლევთ ან არ ვაძლევთ.

თქვენ მიერ მიცემული რეკომენდაციები პროკურატურაში ხომ არ იფილტრება?

- ვერ გეტყვით. ჩვენ ვაგზავნით პრეზიდენტის აპარატში. ჩვენი რეკომენდაციის საფუძველზე ყველა არ თავისუფლდება, სია იცხრილება, მაგრამ ვის მიერ, არ ვიცი.

პატიმრის შეწყალების სანაცვლოდ აღებული ქრთამისთვის აპარატის ერთი თანამშრომელი, ხურციძე დაიჭირეს. მართლა იხდიან პატიმრების ახლობლები ამისთვის ფულს?

- ეს ჩემთვის ამოუხსნელი ამოცანაა. იმ შეწყალებული ქალბატონის, ასათიანის განცხადებაც არ იყო შემოსული შეწყალების კომისიაში. ის პროკურატურის მიერ შედგენილ სიაში იყო. იმ აპარატში, სადაც ხურციძე მუშაობდა, პროკურატურა სიას იმ დღეს აგზავნის, როცა პრეზიდენტთან უნდა შეიტანონ. ვერ ვიგებ, როგორ მოასწრებდა ხურციძე იმ დღეს ასათიანთან დაკავშირებას.

სხვა ვარაუდიც შეიძლება, რომ იმ ქალბატონმა ჯერ ფული გადაიხადა და მერე ჩასვეს სიაში.

- ჩემთან მოდიან პატიმრების ახლობლები და ხშირად მეუბნებიან, რომ ვიღაცას გადაუხადეს ფული. მეუბნებიან, თქვენ თუ მისცემთ რეკომენდაციას, ვიღაცას ფულს მივცემთო. ამ დროს ვეუბნები, რომ მათ პატიმრებს საერთოდ ამოვიღებ სიიდან, ამიტომ ნურავის გადაუხდიან ფულს!

მეც გამიგია, რომ ვიღაცეები სადღაც ამისთვის ფულს იხდიან.

- მეც გამიგია და ეს პროკურატურასაც ვუთხარი.

რა გიპასუხეს?

- რა თქმა უნდა, პატიმრების ახლობლები არ მეუბნებიან გვარებს, თუ ვის უხდიან ფულს და ამის გამოძიება ძალიან ძნელია.

რატომ არ გეუბნებიან?

- ამბობენ, ჩვენი პატიმარი ციხეშია და ამან მისი მდგომარეობა შეიძლება გააუარესოსო. ერთმა მითხრა, 30 ათასი მომთხოვესო, თან ეუბნებოდნენ, რომ განსახილველ სიაში იყო, სინამდვილეში ჩვენს სიაში საერთოდ არ ეწერა.

სოზარ სუბარის მოხსენება ლამის ფეხქვეშ გაიგდო უმრავლესობამ, ისე გააკრიტიკა. თქვენ როგორ შეხედეთ მის ნათქვამს?

- მოხსენება ჩემთვის ცნობილი იყო, რადგან პარლამენტში ჯერ კიდევ ჩემი ყოფნის დროს შემოვიდა. ბევრი ფაქტი ჩემთვისაც ცნობილი გახლდათ, რადგან ის ხალხი იმავე განცხადებებით ჩვენც მოგვმართავდა.

თქვენთვის თუ იყო ცნობილი 2007 წლის 4 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის ოთახში შემდგარი შეხვედრის შესახებ, რაზეც სახალხო დამცველმა განაცხადა?

- არა. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. თუ 4 ნოემბერს ამის შესახებ უკვე ცნობილი იყო სოზარისთვის, მაშინვე უნდა გაეხმაურებინა. შეიძლებოდა ამას 7 ნოემბრის მოვლენები შეეჩერებინა. მე ასე გავაკეთებდი.

როგორ ფიქრობთ, მართლა გადაუცდა ფეხი ჩვენს სახალხო დამცველს პოლიტიკისკენ?

- ის უკვე საუბრობს, როგორც პოლიტიკოსი. აქამდე კი, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდა. არც ერთ ქვეყანაში არც ერთ მთავრობას არ აქვს დადებითი განწყობა ომბუდსმენის მიმართ, რადგან ის ყოველთვის ხელისუფლების ოპონენტია, ამიტომ არავის უნდა გაუკვირდეს, როცა ხელისუფლების წევრები სუბარის გამოსვლებს მტკივნეულად იღებენ.

თუ ხედავთ ნიშნებს, რომ გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები დაინიშნება?

- არა მგონია, ამის ნიშნები იყოს, ამას ხალხის განწყობაში ვერ ვგრძნობ. იმხელა გამოცდილება მაქვს, რომ შემიძლია, განწყობა მაშინვე ვიგრძნო. 7 ნოემბრამდე არაერთხელ გავაფრთხილე პრეზიდენტი, რომ ასეთი განწყობა საზოგადოებაში ნამდვილად იყო. ახლა ბევრი უარყოფითი მუხტია დაგროვილი, მაგრამ ისე არაა მომწიფებული, რომ ასი ათასობით ადამიანი გამოვიდეს და ვადამდელი არჩევნები მოითხოვოს. არ ვიცი, შეიძლება გაზაფხულისთვის სურათი შეიცვალოს.