პეტრე ცისკარიშვილის გამტაცებელს 22 წელი მიუსაჯეს

პეტრე ცისკარიშვილის გამტაცებელს 22 წელი მიუსაჯეს

(იბეჭდება შემოკლებით)

24-ტომიანი საქმის მასალების შესწავლის შემდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას მოსამართლე 3 საათი კითხულობდა. უმძიმესი ბრალდებები და 22 წლით თავისუფლების აღკვეთა, ასეთია შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის განაჩენი. ესპანელი ბიზნესმენების გატაცებაში მონაწილეობისთვის 8 წლით პატიმრობაში ყოფნა მოუწევს თენგიზ ფარეულიძეს.

მას შემდეგ, რაც პროკურორმა ზაზა გრიგოლიამ შოთა ჭიჭიაშვილისთვის 25 წლით, ხოლო თენგიზ ფარეულიძისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, ბრალდებულთა ადვოკატებმა კი მათი დაცვის ქვეშ მყოფთა უდანაშაულობის დამამტკიცებელ მასალებზე ისაუბრეს, ყველა უზენაესი სასამართლოს განაჩენს ელოდა.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოზე დაკითხული მოწმეების და დაზარალებულების ნაწილმა თავისი პირვანდელი ჩვენებები შეცვალა და მათ ვერ ამოიცნეს ან ვერ ამხილეს შოთა ჭიჭიაშვილი კონკრეტულ დანაშაულში.

მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს დაზარალებულებმა და მოწმეებმა ჭიჭიაშვილის დანაშაულის დაფარვის მიზნით გააკეთეს და მათ პირველ ჩვენებებს დაეყრდნო.

შოთა ჭიჭიაშვილს ბრალი არაერთ დანაშაულში ედება. მათ შორის გამოსარჩევი ორია: 2000 წელს ესპანელი ბიზნესმენების - როდრიგეს კაბალისა და ხოსე ანტონიო გომესის გატაცება, რომლებსაც გამტაცებლები თავისუფლების სანაცვლოდ 2 მილიონ ამერიკულ დოლარს სთხოვდნენ.

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან პარლამენტარ პეტრე ცისკარიშვილისა და ანა სურმავას გატაცება.

შოთა ჭიჭიაშვილს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შვიდი მუხლით და მიუსაჯეს 22 წლით თავისუფლების აღკვეთა. წინასწარი პატიმრობის ვადის გათვალისწინებით მას 21 წელი და 2 თვე მოუწევს ციხეში ჯდომა.

სასამართლომ 8-წლიანი სასჯელი განუსაზღვრა თენგიზ ფარეულიძეს, რომლის მონაწილეობა ესპანელი ბიზნესმენების გატაცებაში დადასტურდა სასამართლო გამოძიებით.

დაზარალებულებს შეეძლებათ მიყენებული ზიანის მოთხოვნა სამოქალაქო სამართლის წესით. გამოძიების პროცესში ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღები კი გადავიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განკარგულებაში.

მიუხედავად ჟურნალისტების დაჟინებული თხოვნისა, შოთა ჭიჭიაშვილმა დარბაზი უსიტყვოდ დატოვა, თუმცა, არც ბადრაგი შეხვედრია მას-მედიის წარმომადგენლების ამ ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით და დარბაზი სასწრაფოდ დაატოვებინეს ყველა დამსწრეს.

შოთა ჭიჭიაშვილის ადვოკატის მაკა ჩეჩელაშვილის განცხადებით, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასაჩივრებს, თუ ამას თავად ჭიჭიაშვილი მოისურვებს.

მაკა ჩეჩელაშვილი, შოთა ჭიჭიაშვილის ადვოკატი: - საქმის მასალების მიხედვით, გადაწყვეტილება არ არის სამართლიანი, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე, მე უფრო მძიმე შედეგებს მოველოდი. მხედველობაში მაქვს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა.