საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი პირველი საათებში 1000 კაცმა გამოთქვა

საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი პირველი საათებში 1000 კაცმა გამოთქვა

დაგროვებითი საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი ქვეყნის მაშტაბით უკვე 1000-მდე ადამიანმა გამოთქვა. პირველი აპრილის დადგომისთანავე სპეციალურ მომსახურების ცენტრებს საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მიმართა. რამდენადაც მოქალაქეებს სისტემის დასატოვებლად 2-თვიანი პერიოდი აქვთ, სავარაუდოდ, მათი მიმართვიანობა მოგვიანებით კიდევ უფრო გაიზრდება.

საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, რომ 40 წელს ზემოთ მყოფ დასაქმებულებს შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს და განუმარტეს, რომ ამ ეტაპზე სქემის დატოვების უფლება არც ერთ მათგანს არ აქვს, რამდენადაც მათი პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან 3 თვის ვადა არ გასულა.

„იმ პირებმა, რომლებმაც საპენსიო სქემის დატოვებასთან დაკავშირებით მოგვმართეს, გაიარეს შესაბამისი კონსულტაცია, მიიღეს ინფორმაცია, ნახეს საკუთარი პერსონალური გვერდები. ამასთან, ბევრმა მათგანმა შეიცვალა აზრი და სქემაში დარჩენა გადაწყვიტა.

ამჟამად სქემის დატოვების უფლება პრაქტიკულად, არც ერთ მოქალაქეს არ აქვს, რადგან ბუღალტერის მიერ დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში პირველი დეკლარაციის დახურვიდან და შესაბამისად, მათი პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან 3 თვის ვადა არაა გასული“, - განაცხადეს საპენსიო სააგენტოში.

პირველი აპრილიდან დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვება შეუძლიათ იმ პირებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტოს უკვე შეუსრულდათ 40 წელი ან მეტი. საპენსიო საგენტოს ინფორმაციით, ასეთი ადამინების რაოდენობა 200 ათასს აღემატება. სავარაუდოა, რომ მათი უმრავლესობა უარს იტყვის ახალი სისტემაში მონაწილეობაზე.

ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ფიქრობს, რომ საპენსიო ფონდს ნებაყოფლობით ბევრი ადამიანი დატოვებს. მისი აზრით, რეფორმისთვის მთავრობა მზად არ იყო და დღემდე ბიზნესმენებიც არ არიან ბოლომდე ინფორმირებულები.

„საპენსიო ფონდიდან გადინება ძალიან დიდი იქნება. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი მენეჯმენტიდან დაწყებული, რიგითი თანამშრომლით დამთავრებული, არავინ არ იყო მზად ამისთვის. ვფიქრობ, მოდელი აუცილებლად ნებაყოფლობითი უნდა ყოფილიყო, პირველ ეტაპზე მაინც. ნელ-ნელა უნდა გვეჩვენებინა თუ რა სიკეთე შეიძლება მოიტანოს ამ პროგრამამ. მოდელიც ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ჩვენც არ ვართ ბოლომდე ინფორმირებულები“, - განაცხადა ჩოჩელმა.

სხვათა შორის, საპენსიო სისტემაში უმრავლესობის დარჩენის დიდი იმედი არ აქვს უმრავლესობის წევრს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესაც. იგი სულ ახლახან ტელეეთერით აცხადებდა, რომ საპენსიო სისტემაში აპრილიდან 40 წელს გადაცილებული მოქალაქეებიდან მხოლოდ 30%-ის დარჩენას ელის. რამდენადაც მოქალაქეებს სისტემის დასატოვებლად 2-თვიანი პერიოდი აქვთ, სავარაუდოდ, მათი მიმართვიანობა მოგვიანებით კიდევ უფრო გაიზრდება.

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა შესაძლებელია საპენსიო სააგენტოს ოფისში, რომლის მისამართია ყიფშიძის 7ბ და ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოებში დედაქალაქისა და რეგიონების მასშტაბით.

tngh ახალგაზრდები სიამოვნებით არიან ჩართულნი ამ სისტემაში... ეს არის იმის გარანტი, რომ სტაჟიან პანსიონერს და უსაქმურს ერთნაირი პენსია არ ექნებათ...
2 კვირის უკან