ვიტალი ხაზარაძე ფსიქიკურად არასრულფასოვანი ყოფილა

ვიტალი ხაზარაძე ფსიქიკურად არასრულფასოვანი ყოფილა

(იბეჭდება შემოკლებით)

ვიტალი ხაზარაძე პარლამენტში საპრეზიდენტო უმრავლესობას ხელმძღვანელობს. ანუ მათ, ვისაც გადამწყვეტი ხმების რაოდენობა აქვთ. ვიტალი ხაზარაძის გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, რომელ კანონს მიიღებს პარლამენტი, ან რას განსაზღვრავს საქართველოს საგარეო კურსად - ბინ ლადენთან კავშირს თუ ნატოში შესვლას.

„ალიას“ ხელთ არსებული დოკუმენტების მიხედვით, 1977 წელს საექიმო კომისიამ ვიტალი ხაზარაძეს ფსიქიკური არასრულფასოვნების დიაგნოზი დაუსვა. ამავე, ნერვულ-ფსიქიკური უძლურების გამო, იგი ჯარისთვის უვარგისადაც ცნეს.

ეს დოკუმენტი გახლავთ ცეკას საორგანიზაციო განყოფილების მიერ შედგენილი ცნობა, სადაც სხვა დარღვევებთან ერთად, ვიტალი ხაზარაძის დიაგნოზიც არის გამოქვეყნებული:

„1977 წელს, ქუთაისის აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების დირექტორად ყოფნის დროს, ვიტალი ხაზარაძემ მორიგი გადამოწმება გაიარა ქუთაისის საქალაქო სამხედრო კომისარიატში და ჯარში სამსახურისთვის უვარგისად ცნეს 30-ბ და 9-ბ მუხლების თანახმად.“

რას ნიშნავს „9-ბ“-თი ჯარიდან „დაბრაკვა“?

გელა უღრელიძე, საქართველოს მთავარი კომისარი: 

„9-“-თი ჯარიდან განთავისუფლება რას ნიშნავს?

- ეგ ნევროლოგიური მუხლია, ნერვიულად, ფსიქიკურად არასტაბილურს ნიშნავს. ვის აქვს, რატომ მეკითხებით?

ასე ძველად ერქვა თუ ახლაც „9-ჰქვია?

- მუხლები იგივე დარჩა, ფსიქიატრიული მუხლია, არასტაბილური, ნერვიული და „ფსიხი“ რა... ვისა აქვს?

სამწუხაროდ, ვერ გეტყვით.

- რატომ?

რომ გითხრათ, ისევ თქვენ ჩაგაყენებთ ცუდ მდგომარეობაში, პრობლემები შეგექმნებათ და სჯობს, არ იცოდეთ.

„9-ბ“-ს შესატყვისი ვიტალი ხაზარაძის უშუალო დიაგნოზი კი ამ დოკუმენტში ასეა ჩამოყალიბებული: „ტრავმული ცერებროასთენია (ტრავმული ცერებროასთენია გამოვლინდება ნერვულ-ფსიქიკური სისუსტით და ფსიქიკური აქტივობის ყველა ფორმის შესუსტებით)“.

იმის გასარკვევად, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, ექიმს მივმართეთ. გვითხრეს, რომ ეს მომიჯნავე დაავადებაა ნევროლოგიასა და ფსიქიატრიას შორის. ამიტომ, განმარტება ფსიქიატრსაც ვთხოვეთ და ნეიროქირურგსაც. რაღა თქმა უნდა, მათ მხოლოდ დიაგნოზი გავაცანით, არ გვითქვამს, ვისზე იყო საუბარი. რაკი ვიტალი ხაზარაძე დღეს მაინც „დიდი კაცია“, ექიმთა ვინაობას ვმალავთ.

ფსიქიატრი:

- ეს არის ტრავმის შედეგად გამოწვეული თავის ტვინის ორგანული დაზიანება, რაც ფსიქიკური პროცესების - აღქმის, აზროვნების, ინტელექტის და ა. შ. შენელებაში გამოიხატება. ეს ენცეპალოფატიის საფუძველზეა წარმოშობილი. თუმცა, გააჩნია, ენცეპალოფატია მერამდენე ხარისხზეა განვითარებული.

იკურნება?

- ნაკლებად.

დაავადებიდან ათეული წლების შემდეგ რა ხდება?

- უკვე ჩამოყალიბებული ავადმყოფი უნდა იყოს. თუ დაავადება სერიოზულ ხარისხში ჰქონდა, უკვე მარაზმატიკი უნდა იყოს.

შეიძლება ამას აგრესიულობაში გამოხატავდეს?

- დიახ, შეიძლება.

ამ დიაგნოზის მქონე პირი, ფსიქიატრიულ დისპანსერში აღრიცხვაზე უნდა იყოს?

- რა თქმა უნდა.

ათეული წლების წინათაც ასე იყო?

- მაშინაც და ახლაც, ასეთი ავადმყოფები აუცილებლად დისპანსერში უნდა იყვნენ აღრიცხულები.

ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანს აქვს უნარი, ქვეყანა მართოს?

- რა თქმა უნდა, არა.

ნეიროქირურგი:

- ეს ნევრასთენიაა, ასთენიური სინდრომი, საერთო მოდუნება, უხალისობა, გარემოს ინტერესი არ გააჩნია, უინიციატივოა...

ეს ფსიქიკურად დაავადებულს ნიშნავს?

- გააჩნია, ტვინის დაზიანების რა ხარისხია...

შეიძლება, ამ ყველაფერს იგი პირიქით, აგრესიულობით გამოხატავდეს?

- ფსიქიკური აქტიობა შეკავების უნარსაც ნიშნავს. ანუ, როდესაც ჩვენ ვბრაზდებით, შეგვწევს ფსიქიკური უნარი, არ გამოვხატოთ და არ გადმოვანთხიოთ. როდესაც ფსიქიკური აქტიობის ყველა ფორმა შესუსტებულია, შესაბამისად, შეკავების უნარიც შესუსტებულია.

ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანს სახელმწიფოს მართვის უნარი აქვს?

- არა მგონია... ასეთი დიაგნოზით ავადმყოფები დისპანსერში უნდა იყვნენ აღრიცხულები...

სხვადასხვა აზრი აქვთ პროფესიით ექიმ პარლამენტის წევრებსაც.

გიგი წერეთელი

როგორც ექიმს გეკითხებით, ოღონდ არ ვხუმრობ და სერიოზულად მინდა მიპასუხოთ - ვიტალი ხაზარაძის ფსიქიკურ მდგომარეობაზე რაიმე განსაკუთრებული ხომ არ შეგიმჩნევიათ?

- მე განსაკუთრებული გამოცდილება მაქვს ამ შემთხვევაში, ნეიროფსიქიატრი ვარ. სიმართლე გითხრათ, კარგა ხანია ვაკვირდები ამ კაცს და ამ ბოლო პერიოდში გარკვეულ ძვრებს ვამჩნევ... კონკრეტულად რა სინდრომად ჩამოყალიბდება ეს, ბოლომდე არ ვიცი, მაგრამ ცოტა მეტი სიმშვიდე და პატარა დასვენება რომ არ აწყენდა, ამასაც ვხედავ. არ მინდა, შევაშინო ბატონი ვიტალი, მგონი, ძალიან სერიოზულად საფიქრალი არა აქვს, მაგრამ კონსულტაციები ნამდვილად სჭირდება.

რაკი ზუსტად ამ პროფილის ექიმი ყოფილხართ, ერთ დიაგნოზს წაგიკითხავთ და გვითხარით, რას ნიშნავს (პაციენტის ვინაობის დასახელების გარეშე ვუკითხავთ დიაგნოზს)...

- რას ლაპარაკობთ, კაცო... ვაი... ვისზეა საუბარი?

არ გეტყვით, ვისზეა, უბრალოდ, მითხარით, რას ნიშნავს...

- სერიოზული ტრავმაა, რომლის შედეგადაც გარკვეული დეგენერაციული პროცესები ვითარდება. საკმაოდ მძიმე გართულებაა, რომელიც იწვევს ფსიქიკურ დარღვევას, ანუ ფსიქიკის დისფუნქციას. არ არის ეს მარტივი... ე. ი. რაღაც სერიოზულ ტრავმას ჰქონდა ადგილი... თუ მხოლოდ უბრალო ასთენიურ სინდრომზეა საუბარი, ეს შეიძლება იყოს უხასიათობით, დეპრესიით, დაღლილობით, ნაკლები შრომისუნარიანობით გამოვლენილი.

ვლადიმერ ჭიპაშვილი:

თქვენ, როგორც ექიმს, ვიტალი ხაზარაძისთვის რაიმე ფსიქიკური პრობლემები ხომ არ შეგიმჩნევიათ? არ ვხუმრობ, გთხოვთ, სერიოზულად მიპასუხოთ.

- არა, სამედიცინო-ფსიქიკური თვალსაზრისით არაფერი შემიმჩნევია. უბრალოდ, ეგრე მოწყობილი ტვინი აქვს და რა ქნას? ეგეთი დაიბადა, თორემ ფსიქიკურად ჯანმრთელია.

ახლა კი რას მოგვითხრობს ცეკას ოფიციალური დოკუმენტი:

„... ამის მიუხედავად, პარტიის ქუთაისის ქალაქკომმა, ზუსტად ერთი წლის თავზე (ამ დიაგნოზიდან. – „ალია“), 1978 წელს, პარტიის ქალაქკომის მეორე მდივნად რეკომენდაცია მისცა ვიტალი ხაზარაძეს, 3-წლიანი პარტიული სტაჟის მქონეს, ჯარიდან „9-ბ“ მუხლით დათხოვნილს. ყურადღებას ის იქცევს, რომ საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში გაგზავნილ ქუთაისის ქალაქკომის წარდგინებაში ვიტალი ხაზარაძის პარტიაში შესვლის დროდ 1973 წელია მითითებული მაშინ, როცა იგი სინამდვილეში პარტიის წევრად 1975 წლიდან ითვლება (ანუ გაყალბებულია ხაზარაძის პარტიაში შესვლის ვადა. ეს კი იმიტომ, რომ მაშინ მხოლოდ 3-წლიანი სტაჟის მქონე კომუნისტს მეორე მდივნად კი არა, ინსტრუქტორადაც არ მიიღებდნენ. სტაჟის 5 წლად გადაკეთებისა და „პატრონის“ წყალობით კი მეორე მდივანიც გახდა. ეს მაშინ თაღლითობად ითვლებოდა და მხოლოდ პარტიიდან გარიცხვით როდი ისჯებოდა. – „ალია“). პროტექციონიზმის ელემენტები იქაც ჩანს, როდესაც პარტიის წევრობის კანდიდატი, ახალგაზრდა სპეციალისტი 2-წლიანი სტაჟით ქუთაისის მაუდ-კამვოლის ფაბრიკის დირექტორად დაინიშნა.

პირად საკადრო საქმესა და ავტობიოგრაფიაში, რომელიც მან 1984 წელს შეავსო, ვიტალი ხაზარაძემ მიუთითა, რომ ის ითვლება სამხედროვალდებულად არასამწყობრო სამსახურში (ასეთებს ჯარიდან არ „ბრაკავდნენ“, ჩვეულებრივად იწვევდნენ, უბრალოდ, თოფს და ბომბს არ აჭერინებდნენ ხელში და სამზარეულოში, კარტოფილის საფცქვნელად, ან „სტროიბატში“ უშვებდნენ. – „ალია“). ეს არ შეესაბამება სამედიცინო კომისიის დასკვნას და მის არაგულწრფელობაზე მეტყველებს.

ვიტალი ხაზარაძის განმარტებით, ტრავმული ცერებროასთენია მძიმე ტრავმის შედეგია, რომელიც მან ავტოავარიაში მიიღო. არსებული ცნობებით, 1975 წელს, ავტომანქანის მართვისას იგი მართლაც მოხვდა ავტოავარიაში, თუმცა კი მოცემული შემთხვევა შინაგან საქმეთა ორგანოებში რეგისტრირებული არ არის.“

ეს დოკუმენტი ცეკას არქივიდან გახლავთ. მას ხელს ორი პირი აწერს: ვ. ალავიძე და ჟ. ფათლაძე.