საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილმა, გიორგი გამსახურდიამ ამერიკის დაზვერვის ყოფილი აგენტის ბერკან იაშარის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია არასერიოზულად აღიქვა.
როგორც გამსახურდიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ საკითხზე სერიოზულად საუბარი არ შეუძლია და ამ ინფორმაციამ ძალიან გაახალისა.
„პირველ სართულზე ცხოვრობდა ბინ ლადენი, სათავსოში მულა უმარი. ძალიან გავხალისდი“, - აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ.
აშშ-ის დაზვერვის ყოფილი აგენტის ინფორმაციით, 1992 წლის სექტემბერში, გროზნოში ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ოჯახთან ერთად, ერთ სახლში ცხოვრობდა.
„1992 წლის სექტემბერში ჩეჩნეთში ვიმყოფებოდი. სწორედ მაშინ, პირველად შევხვდი ადამიანს, რომელსაც ბინ ლადენს ეძახდნენ. შეხვედრა გროზნოში, ორსართულიან სახლში შედგა, ზედა სართულზე საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახი ცხოვრობდა. ჩვენი შეხვედრა შედგა ქვედა სართულზე - ოსამა იქ ცხოვრობდა", - აცხადებს ბერკან იაშარი რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში. იაშარი ამაჟამად თურქეთში ცხოვრობს და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა.
მისივე ინფორმაციით, ბინ ლადენი ბუნებრივი სიკვდილით, 5 წლის წინ გარდაიცვალა.
ეროვნებით ჩეჩენმა ბერკან იაშარმა კორესპონდენტ ანტონ ვერნიკისისთვის ინტერვიუს მიცემის სურვილი თავად გამოთქვა. კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ ბინ ლადენი პაკისტანში ამერიკელმა გაანადგურეს, ბერკან იაშარმა უპასუხა: „ეს რომ მთელმა მსოფლიომ დაიჯეროს, მე ამის დაჯერება მაინც არ შემიძლია“.