ივანიშვილი სამეგრელოში -

ივანიშვილი სამეგრელოში - "ოცნებამ" საარჩევნო კამპანია "მთავარი კოზირით" დაიწყო

"ის დრო, როდესაც მას ხალხი მიესალმებოდა, უყვარდათ და მისი იმედი ჰქონდათ, სამწუხაროდ, წავიდა..."

"ოცნება" შუალედური არჩევნებისთვის მთავარ კოზირს, ბიძინა ივანიშვილს, თამაშში შემოიყვანს - ეს მოსაზრება ანალიტიკოსებში მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე დღის წინ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე სოფელ ხიბულაში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. იგი ადგილობრივებს უახლოეს ხანში სოფლის გაზიფიცირებას, წყალმომარაგებას, გზის რეაბილიტაციას, ეკლესიის აშენებას, ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმის, საბავშვო ბაღის ახალი შენობის აშენებასა და ჯიხას რეაბილიტაციას დაჰპირდა. უფრო მეტიც, ივანიშვილმა წუხილი გამოთქვა, რომ ამდენი ხანია, გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება წინ არ წასულა და სიმართლე არ გარკვეულა.

ანალიტიკოსები "მთელ კვირასთან" ამბობენ, რომ ივანიშვილის გამოჩენა და საარჩევნო მარათონში ჩართვა მოსალოდნელი იყო, რადგანაც ახლა "ოცნებას" საკმაოდ რთული პერიოდი აქვს და მისთვის 19 მაისის არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მათი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ პარტიის თავმჯდომარე ყველა იმ რეგიონში, სადაც შუალედური არჩევნები ტარდება, თავად ჩავიდეს და ადგილობრივებს პრობლემების მოგვარების პირობა მისცეს.

თუმცა იმასაც ვარაუდობენ, რომ მოსახლეობასთან მასობრივ შეხვედრას ვერ გაბედავს და მხოლოდ მცირე ჯგუფებთან დაგეგმილი შეხვედრებით შემოიფარგლება. ხოლო ივანიშვილის ფაქტორი "ოცნებას" კიდევ გადაარჩენს თუ არა, პოლიტოლოგების აზრით, ეს უკვე არჩევნების შედეგების შემდეგ გაირკვევა.

"ქართული ოცნების" წევრი აკაკი ზოიძე "მთელ კვირასთან" ამბობს, რომ გასაკვირი არაა, პარტიის თავმჯდომარე შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პროპაგანდაში აქტიურად თუ იქნება ჩართული. თუმცა მისთვის უცნობია, აპირებს თუ არა იგი საარჩევნო კამპანიაში ჩაბმას. მისი ჩართვა კი ამ პროცესში არ ნიშნავს, რომ "ოცნებას" საქმე ძალიან ცუდად აქვს, პირიქით, ის პარტიის თავმჯდომარეა და მსგავსი აქტიურობა ლოგიკურიც არის.

"ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და არჩევნებში რომ, ზოგადად, ჩართული იქნება, ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. კონკრეტულად რას და როგორ გეგმავს, ამაზე ვერაფერს გეტყვით. იგი პარტიის თავმჯდომარეა და რაღაცა ფორმით რომ ყველა არჩევნებში ჩართული იქნება, ამას ალბათ წინასწარი პროგნოზიც არ სჭირდება. ვნახოთ, გამოჩნდება ალბათ, რა გეგმები აქვს და ეს ყველას მხრიდან მისასალმებელიც იქნება," - აღნიშნა ზოიძემ.

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილი, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ხალხთან შეხვედრას დაიწყებს, რაც ლოგიკურიცაა, თუმცა სხვა საკითხია, მისი გამოჩენა რამდენად იქნება ეფექტის მომტანი, რადგან ქვეყანაში ვერანაირი დღის წესრიგი ვერ იქმნება და დაპირებების შესრულებაც აგვიანებს.

როგორც ხუხაშვილი ამბობს, ივანიშვილს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ყველაზე მეტად სამეგრელოში უჭირს და ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე ქულების დაწერას ცდილობს. ეს კი უხარისხო ნაბიჯია, რადგანაც ამ თემის წამოწევა ოჯახთან მაინც უნდა შეეთანხმებინა და მოემზადებინა. მით უმეტეს, როცა რამდენიმე დღე ამის გამო პრეზიდენტის შვილები პროკურატურასთან შიმშილობდნენ, რაც არავის ადარდებდა.

"ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიებაზე განცხადება ძალიან არაადეკვატურია იმ ფონზე, როდესაც პროკურატურაში პრეზიდენტის შვილებმა შიმშილით ლამის თავი მოიკლეს და დიდი ხნის განმავლობაში ყურადღება არავის მიუქცევია. ეს პრობლემები არსებობს და ივანიშვილი ისევ ცდილობს, რომ ყველაფერში მატერიალური კომპონენტი შეიტანოს. რაც შეუძლია, იმას აკეთებს. სამწუხაროდ, ის ჭარბი ნდობა, რომელზეც ის გვესაუბრებოდა, საზოგადოებაში აღარ არსებობს, საპნის ბუშტივით გაქრა.

"შუალედური არჩევნებისთვის, შესაძლოა, იგი სხვაგანაც ვიხილოთ, მთაწმინდაზე კი მისი გამოჩენა საკმაოდ პრობლემური იქნება. ახლა მისი მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნებაა.

"არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხიანი მცდელობაა, მაგრამ როგორც შეუძლიათ, ცდილობენ. მიუხედავად იმისა, რომ რესურსები მათ ხელშია, გარკვეული რისკი მაინც აქვთ და მხოლოდ რესურსები ვეღარ უშველით," - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, ადრე ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვის მაქსიმუმი სატელევიზიო ინტერვიუები იყო, რაც არცთუ ეფექტური აღმოჩნდა. ეს საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა და ახლა ცდილობს, ხალხთან უშუალო შეხვედრისა და პირადი დაპირებების ილუზია შექმნას.

"ივანიშვილს მოსახლეობასთან მასობრივი შეხვედრები უკვე გაუჭირდება, არაკომფორტულად იგრძნობს თავს. ის დრო, როდესაც ხალხი მიესალმებოდა, უყვარდათ და მისი იმედი ჰქონდათ, სამწუხაროდ, წავიდა. ახლა ხალხთან მასობრივი შეხვედრა მისთვის პრობლემაა, შეუძლია, მხოლოდ ასე ფრაგმენტულად რამდენიმე ადამიანს შეხვდეს და დაელაპარაკოს. ხალხთან შეხვედრას ივანიშვილი ვეღარ გარისკავს, ის დრო წავიდა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ანალიტიკოსი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ "ოცნებას", ივანიშვილის გარდა, ამ ხნის განმავლობაში მეტი კოზირი არა აქვს და გასაკვირი არ იქნება, თუ მას გამოიყენებს. სხვაგვარად შუალედური არჩევნების წაგების წინაშე დგას, რაც პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მისი აზრით, უნდა თუ არ უნდა, ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში უნდა ჩაერთოს, რადგან ხელისუფლებას ახლა იმის ფუფუნება არა აქვს, რომ თუნდაც შუალედური არჩევნები დათმოს. საზოგადოების რეაქციას კი დიდი მნიშვნელობა აქვს და ეს შუალედური არჩევნები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიცია შეიძლება იყოს.

"საკმარისია, "ოცნებამ" დღეს არჩევნები წააგოს, რომ მის მიმართ ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი დაეკარგება. ეს პროცესი დაიწყება, როდესაც მთელი ოპოზიცია მხოლოდ ერთ დიაგნოზს დასვამს, რომ მათ საპარლამენტო არჩევნების მოგების შანსი აქვთ. "ოცნება" კი ამას არ დაუშვებს და კარგად ხვდება, რა პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.

"ივანიშვილის ხიბულაში ჩასვლა იმაზე მიუთითებს, რომ თავადაც კარგად ხვდება - ზუგდიდი მათი პარტიისთვის ყველაზე რთული რეგიონია და სიტუაციის დალაგებას იქედან დაიწყებს, რაც ნიშნავს, რომ იგი წინასაარჩევნო პროცესში უკვე ჩართულია და ყველგან ჩაერთვება. რა შედეგს მოიტანს ეს, უკვე სხვა საკითხია," - აღნიშნა ძაბირაძემ "მთელ კვირასთან" და დასძინა, რომ ხალხთან მასობრივი შეხვედრები მან შეიძლება გაბედოს, მაგრამ ჭარბი ნდობა კი არა, საერთოდ ნდობა თუ აქვს კიდევ, საკითხავი ესაა.

მისი აზრით, "ოცნებას" თუ ძალაუფლების შენარჩუნება უნდა, სრულიად სხვაგვარად უნდა იქცეოდეს. დავუშვათ, ივანიშვილის დახმარებით შუალედური არჩევნები მოიგეს, რაც გამოსავალი მაინც არ იქნება. ოპოზიციისთვის ეს რეპეტიციაა, "ოცნებისთვის" კი - არა. ივანიშვილის გამოჩენა კი იმას ნიშნავს, რომ სხვა რესურსი აღარა აქვთ, გამოსავალს თავადვე ვეღარ ხედავენ. ხოლო ეს რეალურად რამდენად იქნება გამოსავალი, მაისში გამოჩნდება.

ქვეყნის ხუთ რეგიონშია არჩევნები - სამეგრელოში, აჭარაში, იმერეთში, მარნეულში და თბილისში. ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილი ყველა ამ რეგიონში ჩავიდეს და ადგილობრივებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდეს. ამ არჩევნების შედეგი კი, კონსტიტუციონალისტის აზრით, ყველა სოციოლოგიურ გამოკითხვაზე რეალური იქნება.