უკვე რამდენიმე ხანია, რაც მუსიკათმცოდნე იუნონა აფაქიძე კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეს კახა ცაბაძეს, "მუსფონდის" დირექტორს გიგა თაგაურსა და კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს თანხის უკანონოდ მითვისებაში ადანაშაულებს.
ქალბატონო იუნონა, რა თანხაზეა საუბარი?
- საუბარია იმ თანხაზე, რომელსაც კახა ცაბაძე კომპოზიტორთა კავშირის შენობის ფართის უკანონო გაქირავებიდან იღებს. ეს კომპოზიტორთა კავშირი კი არა, არამედ ბიზნესცენტრია, რადგან ერთი დარბაზი კაზინოზე აქვთ გაქირავებული, მეორე დარბაზი კი ჩაიხანაზე. ამის შემდეგ როგორ შეიძლება კომპოზიტორთა კავშირი ვუწოდოთ? მართალია, კაზინო დღესდღეობით არ მუშაობს, დაკეტილია, მაგრამ კაზინოს დამქირავებელი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარეს კახა ცაბაძეს ყოველ თვე 4.000 ამერიკულ დოლარს უხდის. თავად კახა ცაბაძე ვის უნაწილებს, ეს ნამდვილად არ ვიცი.
ის თანხა კომპოზიტორებს არ ხმარდება?
- არა. კომპოზიტორები საშინელ სიღატაკეში არიან. ზოგიერთ მათგანს წამლის ფულიც არა აქვს. თუმცა, ბარამ ბარამიძე ტელევიზიით გამოვიდა და თქვა: ეს ორი დარბაზი იმიტომ გავაქირავეთ, რომ ბორჯომის დასასვენებელი სახლი გადავარჩინოთო.
რამდენადაც ცნობილია, ბორჯომის კომპოზიტორთა სახლიც ცუდ მდგომარეობაშია.
- იქაც სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ ძალიან მეშინია, რომ ბორჯომის კომპოზიტორთა სახლში დარდი არა აქვთ იქ მდგარი ძვირადღირებული ინსტრუმენტების. ძალიან მეშინია, უამრავი ძვირადღირებული როიალი და პიანინო არ გაყიდონ. რამდენიმე ხნის წინ ავედი, მაგრამ არავინ შეგვიშვა. მანქანით შესვლას ვინ ჩიოდა, ფეხითაც არ შეგვიშვეს.
თქვენ გარდა კიდევ ვინ იყვნენ?
- ის ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ ამ სახლის ბედზე.
რატომ არ გიშვებდნენ?
- დაცვის წარმომადგენლები იყვნენ და პირდაპირ მოგვახსენეს, არ შეიძლებაო. შენობა კომპოზიტორთა კავშირს არ ეკუთვნის და ვინ გაინაწილებს, ჯერ არ იციან. თავის დროზე. კომპოზიტორმა ნუნუ გაბუნიამ დაწერა, რომ ბორჯომის კომპოზიტორთა სახლი არ შეიძლება გაიყიდოს, რადგან კომპოზიტორთა თანხით არის აშენებული შენობაცა და კოტეჯებიცო.
თქვენზე ამბობენ, რომ კომპოზიტორთა კავშირის წევრი არ არის და კავშირში რა ხდება, არაფერი იცისო.
- ვიცი, ვინც ამბობს და მინდა ვუთხრა, მაგათ ხომ არაფერი ეშლებათ? მუსიკათმცოდნე ვარ და 40–წლიანი სტაჟი გამაჩნია. რატომ ჰგონიათ, რომ მე რამე გამომრჩება? რატომ უნდა გამომრჩეს? რატომ არ დავინტერესდები, როდესაც ინფორმატორები მყავს და ამ სფეროს ვეკუთვნი.
თავის დროზე რატომ არ გაწევრიანდით კომპოზიტორთა კავშირში?
- იმიტომ, რომ არ მინდოდა, მათი წევრი რომ ვყოფილიყავი, კავშირის თავმჯდომარე დამავალებდა: ამაზე ეს დაწერე, ამაზე ესო. ვისზეც უნდათ, იმაზე დაგაწერინებენ კარგს. ძალიან კარგიც რომ იყოს, თუ არ მოსწონთ და არ უნდათ, იმაზე დაგაწერინებენ ცუდს. მე თავისუფალი კრიტიკოსი ვარ. ვისზეც მინდა, იმაზე დავწერ. ზოგიერთ კავშირის წევრს „დინამო, დინამოს" მეტი არაფერი რომ არ დაუწერია, მასზე რა უნდა ვწერო?
ბატონ ვაჟა აზარაშვილს გულისხმობთ?
- დიახ, ვაჟა აზარაშვილსაც და კახა ცაბაძესაც. კახა ცაბაძე მამამისის ნარჩენებზეა დამოკიდებული, მაგრამ იმასაც ვერ აქვეყნებს, რადგან ერთნაირი ხელწერა არ შეიძლება.
თუ ბატონი კახა ცაბაძე მიუღებელი კანდიდატურა იყო, რატომ აირჩიეს კავშირის თავმჯდომარედ?
- ამაზე შემიძლია გიპასუხოთ: „ბედაურნი დაიხოცნენ, ვირებს დარჩათ მოედანი". კაცა ცაბაძე დაძვრებოდა კომპოზიტორებთან და ყველას რაღაცას ჰპირდებოდა. თავმჯდომარედ რომ მოვალ, ყველაფერს გავაკეთებო. მერე ამბობდა, ჩვენ გამჭვირვალეები ვართ და ყველაფერს შესაბამისად ვაკეთებთო. მაგრამ მათი კარგი კაცობა იმდენად გამჭვირვალე აღმოჩნდა, რომ ყველამ დავინახეთ. ეს სამი ადამიანი - კახა ცაბაძე, ვაჟა აზარაშვილი და გიგა თაგაური (მუსფონდის დირექტორი) ისეთი მგლები არიან, რომ მათ არაფერი გადაურჩებათ. რაც კავშირის შენობა გააქირავეს, ამ თანხას ესენი ინაწილებენ. შეიძლება ცოტა ბარამიძესაც გადაუგდონ.
მუსფონდში როგორი მდგომარეობაა?
- იქაც საშინელი მდგომარეობაა. მუსფონდის დირექტორების თანამდებობიდან გიგა თაგაური ჯერ გააგდეს და მის ადგილზე ბარამ ბარამიძე დანიშნეს. მერე მიხვდნენ, რომ თაგაური უფრო კარგად აკეთებდა „საქმეს", ან ბარამიძესთან რაღაც ვერ გაიყვეს ცაბაძემ და აზარაშვილმა და მუსფონდის დირექტორად კვლავ გიგა თაგაური დანიშნეს.
ბატონი ვაჟა აზარაშვილი კავშირის თავმჯდომარე აღარ არის და რა უფლება აქვს ვინმეს დანიშვნის, ან გაყოფის?
- ახლა აღარ არის, მაგრამ ხომ იყო? მაგას ვინმე რამეს გამოაპარებს? ყველაფერში ჩახედულია. ვაჟა აზარაშვილი ჩემთან ძალიან კარგად იყო, მაგრამ როდესაც მის ნოკტიურნზე „ნოსტალგია" მწვავე შეფასება დავწერე, გადამემტერა.
რა დაწერეთ?
- დავწერე ის, რომ ნოკტიურნი „ნოსტალგია" ძალიან კარგი ნაწარმოებია, მაგრამ ვაჟა აზარაშვილს არ დაავიწყდეს, რომ ეს არის არამ ხაჩატურიანის ბალეტ „სპარტაკიდან" ადაჟიოს თემა–მეთქი. აზარაშვილს პირდაპირ აქვს გადმოტანილი, ანუ მოპარული.
ასეთ შეფასებაზე ვაჟა აზარაშვილმა არაფერი გიპასუხათ?
- ვერაფერი მითხრა. უფრო მეტს გეტყვით, ეგენი კომპოზიტორობასა და ვარსკვლავობაზე თავს რომ დებენ, მაშინ რა თქვან მართლა კომპოზიტორებმა, რომლებიც მართლაც ვარსკვლავების ღირსნი არიან.
თქვენი აზრით, ვინ არიან ასეთი კომპოზიტორები?
- ბევრი რომ არ ჩამოვთვალო, ორი ქალბატონიც საკმარისი იქნება - ნუნუ გაბუნია და ნუნუ დუღაშვილი.
თქვენ რომ ასე მწვავედ გამოდიხართ, სხვები რატომ არ გამოდიან და სათქმელს არ ამბობენ?
- იმიტომ, რომ გაჩუმებულები არიან. დამისახელეთ ერთი მუსიკათმცოდნე, რომელიც კრიტიკულ შეფასებას წერს. დღეს არავინ არაფერს წერს. მუსიკის სფეროში კრიტიკა დაკარგულია. წერენ იმას, რაც უნდათ, როგორც უნდათ და ვისზეც უნდათ.
ამ ინტერვიუს შემდეგ, დავუკავშირდით კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძესა და კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, მაგრამ ინტერვიუზე ორივემ უარი განაცხადა. ბატონმა კახამ ტელეფონში საუბრისას აღნიშნა: ჩემი ინტერვიუს მიცემა მისთვის ნამეტანი პატივია და ზედმეტად მეჩვენებაო, ხოლო ბატონმა ვაჟამ, პირდაპირ გვიპასუხა: გიჟი ადამიანის ნაამბობს კომენტარს არ გავუკეთებო.