ვის აირჩევს უკრაინა - ზელენსკის, პოროშენკოს თუ ტიმოშენკოს

ვის აირჩევს უკრაინა - ზელენსკის, პოროშენკოს თუ ტიმოშენკოს

ბოლო სოციალური კვლევებით კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია პროგნოზი გააკეთო

კვირას, 31 მარტს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებია და კანდიდატების წინააღმდეგ ე.წ. კომპრომატების ომიც უფრო და უფრო გაძლიერდა. არჩევნებამდე ორი დღით ადრე რუსულმა ტელეარხმა პეტრო პოროშენკოს შვილის პირადი ცხოვრების კადრები გაავრცელა, სადაც 18 წლის მიხაილი მთვრალია და ეს კადრები მთელმა რუსულმა მედიამ აქტიურად აიტაცა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა კი გამოკითხვების უპირობო ფავორიტს, ვლადიმირ ზელენსკის იტალიაში აღმოუჩინეს 3,8 მილიონ ევროდ ნაყიდი ვილა, რომელიც მან ქონების დეკლარაციაში დამალა.

უკრაინის პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში სულ 39 კანდიდატია დარეგისტრირებული, თუმცა მათგან მთავარი ბრძოლა 3 კანდიდატს შორისაა. ყველა რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე შოუმენი ვლადიმირ ზელენსკია. მეორე და მესამე ადგილებს ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და „ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო ინაწილებენ.

ბოლო სოციალური კვლევებით კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია პროგნოზები გააკეთო - ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე არაერთი სოციოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა. ყველა კვლევაში ლიდერი ვლადიმირ ზელენსკია. მეორე ტურში გასვლის შანსები კი პეტრო პოროშენკოსაც აქვს და იულია ტიმოშენკოსაც.

28 მარტს დემოკრატიული ინიციატივების ფონდისა და კიევის საერთაშორისო სოციოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევების მიხედვით, ზელენსკი მხარს უჭერს 28%; პეტრო პოროშენკოს - 18%; იულია ტიმოშენკოს - 13%.

ასევე 28 მარტს სოციოლოგიური ჯგუფი "რეიტინგის" კვლევით, ზელენსკი კვლავ რჩება საპრეზიდენტო არჩევნებში - 27%-ით, მეორე ადგილს ინაწილებენ პოროშენკო და ტიმოშენკო- 17-17%-ით.

27 მარტს „რაზუმკოვის" ცენტრის კვლევით, ზელენსკი - 25% -ს, პოროშენკო - 22% და ტიმოშენკო -15%.

პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც 50%-ზე მეტ ხმას დააგროვებს. სხვა შემთხვევაში მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

ანალიტოკოსების თქმით, კვლევების მიუხედავად უცნობია ვინ გახდება უკრაინის პრეზიდენტი. მათი თქმით, ამ გამოკითხვებისას რესპონდენტების დაახლოებით მეოთხედი არ პასუხობს კითხვას, ვის დაუჭერს მხარს, ამიტომაც, არჩევნებში შესაძლოა ეს პროცენტები სხვანაირად გადანაწილდეს.

გარდა ამისა, უმრავლესობა, ვისაც ზელენსკის პრეზიდენტად ხილვა სურს, ახალგაზრდები არიან, რომელთა დიდი ნაწილი პირველად აძლევს ხმას და უკრაინისა და სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ კატეგორიის ამომრჩეველთა აქტივობა, როგორც წესი, უფრო დაბალია, ვიდრე განცხადებული განზრახვაა.

ამიტომაც, ეს გამოცდილება მეორე ტურში პოროშენკოსთან ერთად არა ზელენსკის, არამედ ტიმოშონკოს გასვლის შანსებს ზრდის. თანაც, ზელენსკისგან განსხვავებით ტიმოშენკოს აქვს რეგიონალური პარტიული სტრუქტურები, რომელიც ბოლო მომენტში ამომრჩევლის მობილიზებას შეძლებს.

უკრაინულ მედიაში სამივე მთავარი კანდიდატის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. ანალიტიკოსების თქმით, პეტრო პოროშენკო თავის საარჩევნო კამპანიას აშენებს ორ დევიზზე: „არმია! ენა, რწმენა" და "მოსკოვიდან შორს". პოროშენკო ასევე აცხადებს, რომ მთავარ მიზანი ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის გაწევრიანებაა და ამ პირობის შესრულების ვადად 2023 წელს ასახელებს.

ექსპერტების აზრით, პოროშენკო აქტივშია უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭება. ასევე პოროშენკოს აქტივშია ანტირუსული განცხადებები და პატრიოტის იმიჯი, თუმცა მას დიდი დარტყმა მიაყენა საარჩევნო პროცესში თავდაცვის სისტემაში იარაღის შემოტანასთან დაკავშირებულმა კორუფციულმა სკანდალმა.

ექსპერტების თქმით, პოროშენკოს ძალა ადმინისტრაციული რესურსების ხელმისაწვდომობაშია, რის გამოც მეორე ტურში გასვლის 50%-იანი შანსი მართალია აქვს, თუმცა მეორედ გაპრეზიდენტების შანსი მაინც დაბალია.

რაც შეეხება ვლადიმირ ზელენსკის, ის 41 წლის შოუმენია და პოროშენკოსთან დაპირისპირებული ოლიგარქის, იგორ კოლომოისკის პროტეჟე. ზელენსკი კანდიდატებს შორის რბოლის ლიდერი ფავორიტი ძალიან მოკლე დროში გახდა.

უკრაინელი პოლიტიკური ექსპერტების ვარაუდით, ბევრი ადამიანი მართლაც გეგმავს, რომ ხმა მისცეს შოუმენს, რადგან ის ასოცირდება ადამიანთან, რომელიც სისტემის წინააღმდეგ წავიდა. გარდა ამისა, მოსახლეობის დიდ ნაწილში ზელენსკი სერიალ „ხალხის მსახურში" მის მიერ შესრულებულ პერსონაჟთან ასოცირდება, სადაც მასწავლებელი ხდება პრეზიდენტი და ამ პერსონაჟის გამოც მის მიმართ განწყობები დადებითია. ზელენსკი განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში, რომელთა უმრავლესობაც მისთვის ხმის მიცემას გეგმავს.

თუმცა, ზელენსკის წინააღმდეგ არსებობს კომპრომატებიც. მაგალითად, მისთვის უარყოფითი ფაქტორია ის, რომ ოლიგარქ ვიქტორ კოლომოისკის პროტეჟეა. ასევე, საუბარია იმაზე, რომ ის ბიზნესს ფლობს რუსეთში. რამდენიმე დღის წინ კი ასევე გამოქვეყნდა კომპრომატი, რომ ის იტალიის ქალაქ ფორტე-დეი-მარმიში 3.8 მილიონი ევროს ღირებულების ვილას ფლობს და მან ეს დეკლარაციაში დამალა.

ტოსკანაში მდებარე ამ ქალაქს პრორუსულმა მედიამ „მოსკოვის პროვინცია" უწოდა, რადგან იქ უძრავი ქონება აქვთ ცნობილ რუს ოლიგარქებს, ოლეგ დერიპასკას და რომან აბრამოვიჩს. ზელენსკის ქონება შეიცავს ოთხ ბინას კიევში, ასევე სახლს კიევის მახლობლად, ასევე ბინებს იალტაში, ყირიმში და გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ იტალიაში ეს ვილა მას დეკლარაციაში არ შეუტანია.

მესამე რეიტინგული კანდიდატია „ბატკივშინას" ლიდერი იულია ტიმოშენკო, რომელმაც ორჯერ მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში და ორჯერვე მეორე ადგილი დაიკავა.

ის ყოფილი ბიზნესმენია, ორჯერ იკავებდა პრემიერ მინისტრის პოსტს, ორჯერ არის ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულების მუხლებით. საკუთარ დაპატიმრებას ორივე შემთხვევაში პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

უკრაინულ მედიაში განიხილება ისიც, რომ თუკი მეორე ტურში ზელენსკი ვერ გავიდა, ოლიგარქი კოლომოისკი ფსონს ტიმოშენკოზე დადებს. აღსანიშნავია, რომ კოლომოისკი, ზელენსკი და ტიმოშენკო დნეპროპეტროვსკიდან არიან და წლებია ერთმანეთს კარგად იცნობენ.