ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გახშირებული რეიდების შედეგად ბაზრობებზე გამყიდველების რაოდენობა კლებულობს, ხოლო საქონელი ძვირდება.
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა ბაზრობებზე ე.წ. საკონტროლო შესყიდვები განახორციელეს. იმ მოვაჭრეებს, რომლებმაც ჩეკი არ გამოწერეს და სასაქონლო ზედდებული ვერ წარმოადგინეს, სავაჭრო ობიექტები დაულუქეს და სოლიდური ჯარიმები გამოუწერეს. ფინანსთა სამინისტრო კონტროლის გამკაცრების მთავარ მიზეზად აღრიცხვიანობის მოწესრიგებას ასახელებს. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ბაზრობაზე წინა წლებში შემოტანილი და აღურიცხავი საქონლის წილი ჯერ კიდევ საკმაოდ დიდია. ამიტომ, ბევრმა მათგანმა სოლიდური სანქციების გადახდის უცილობელ პერსპექტივას სავაჭრო ობიექტის დაკეტვა და დახლის მიტოვება არჩია.
ლილი ხ.: „ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ბაზრობაზე ძალიან ხშირად შემოდიან. ისინი ჩვენგან ჩეკს და სასაქონლო ზედდებულს ითხოვენ. თუ ვერ წარვადგინეთ, გვაჯარიმებენ. ბევრი საქონელი მაქვს ისეთი, რომელზეც ზედდებული არ მაქვს. შიშით ვეღარ გამომაქვს. ჯარიმის გადახდას მირჩევია, მუშაობაზე დროებით უარი ვთქვა“.
დათო ბ.: „ინდმეწარმედ დარეგისტრირება მოგვთხოვეს. ერთი კვირაა მაგ საქმეზე დავდივარ. ახლა შემოსავალ-გასავალის ზუსტი აღრიხცვისთვის ჟურნალი უნდა ვაწარმოო. არ ვიცი ღირს თუ არა ასეთ პირობებში მუშაობა. ჩემს მეზობელს 5 წლის წინ „ბუტკა“ ჰქონდა და ახლა 150 000-ლარიანი ჯარიმა მოუვიდა. ხომ შეიძლება რაიმე შეცდომა დავუშვა და სადმე ერთი ციფრი გამომრჩეს. მერე რა ვქნა, ამხელა ჯარიმა რით უნდა გადავიხადო. დღეს მთელი დღის განმავლობაში არაფერი გამიყიდია, ჩეკის ფულიც ვერ გავაკეთე. ასეთი მკაცრი კონტროლის გამო ხალხს საქონელი აღარ შემოაქვს. გაძვირდა ყველაფერი და მყიდველიც აღარ არის. ხომ ხედავთ, ბაზრობა ნახევრად ცარიელია. აღარც მყიდველია და აღარც გამყიდველი“.
მზია კ. ე. წ. თათრების ბაზრობის მოვაჭრე: „გადასახადებს ყოველდღე გვიძვირებენ. თუ აქამდე თვეში ფიქსირებულ 90 ლარს ვიხდიდით, ახლა 120 ლარს გვახდევინებენ. საბაჟო გადასახადებიც გაიზარდა. ამის გამო საქონელი გაძვირდა და მყიდველიც აღარ გვყავს. ერთი კვირაა არაფერი გამიყიდია, მაგრამ ადგილის ფულს მაინც ვიხდი. ძალიან რთულია გადასახადების გადახდა. ჟურნალში გაყიდული საქონლის ზომა, ფერი ან სერია რომ შეგვეშალოს, ჯარიმას გვიწერენ. ზოგას ბინაც დაუაყადაღეს. შიშისა და ნერვიულობისაგან უკვე ნევროზი დამემართა. ყველა გადასახადს თუ პატიოსნად გადავიხდი, გამოდის რომ ფაქტობრივად საგადასახადოსთვის ვიმუშავებ და სახლში პურის ფულსაც ვეღარ წავიღებ. მირჩევია, დამლაგებლად დავიწყო მუშაობა. გარანტირებული 10 ლარი მაინც მექნება დღეში და ამდენსაც აღარ ვინერვიულებ“.
ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მოვაჭრეებმა აღრიცხვიანობა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაწესრიგონ და ყველა მყიდველს სალაროს ჩეკი უნდა გამოუწერონ. როგორც სამინისტროში ირწმუნებიან, თუ მოვაჭრე საბაჟოზე საქონელს განაბაჟებს და შემდეგ გაყიდვას სრულად აჩვენებს, მას დღგ-ის გამოქვითვის საშუალება ექნება, რაც ხარჯს შეუმცირებს. ხარჯის შემცირების შემდეგ კი საქონლის გაიაფებასაც შეძლებს. მთავრობის წარმომადგენელთა განმარტებით, აღრიცხვიანობის მოწესრიგების შემდეგ ბაზრობებზე გაზრდილი ფასები თავისთავად დაიკლებს.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან კალანდაძე მიიჩნევს, რომ მცირე მეწარმეების დასჯის საფუძველს არასრულფასოვანი კანონმდებლობა იძლევა.
„ზედდებულის გამოწერას კანონი ითვალიწინებს - საგადასახადო ორგანოები მეწარმეებისგან ზედდებულის გამოწერას კანონიერად ითხოვენ. ამიტომ, სანამ კანონში ცვლილებას არ შევიტანთ, მცირე მეწარმეების დასჯის საფუძველი მუდმივად იქნება. გახსოვთ, ალბათ, ფინანსთა მინისტრი ბაზრობებზე რომ დადიოდა და მეწარმეებს ამშვიდებდა, ეს ცვლილება თქვენზე არ ვრცელდებაო. არ მინდა, ვთქვა, რომ ეს იყო ტყუილი. სამწუხაროდ, ამ მეწარმეებთან მიმართებაში არასწორი განმარტება გაკეთდა. კანონით, მათ ევალებათ ზედდებულის გამოწერა აბსოლუტურად ყველა პროდუქციაზე, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების პროდუქტებისა. ეს კანონიერი, მაგრამ არაჰუმანური და არალოგიკური მოთხოვნაა: რძის მწარმოებელი ზედდებულის გამოწერას არ საჭიროებს. მაგრამ რძის გადამუშავებით მიღებული პროდუქტი, მაგალითად ყველი, ზედდებულს საჭიროებს. ამიტომ, ბაზარში ყველის გამყიდველმა ზედდებული უნდა წარმოადგინოს. სად არის აქ ლოგიკა?
ჩვენ უნდა ავირჩიოთ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის: მცირე მეწარმეების დაბეგვრის რეჟიმში მოქცევა და ამ გზით სახელმწიფოს ფისკალური პოლიტიკის სრულფასოვანი განხორციელება თუ ის, რომ ამ მეწარმეებს საკუთარი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დაკმაყოფილების საშუალება მივცეთ. დღეს ევროპაში, განვითარებულ და განვითარების პრეტენზიის მქონე ქვეყნებში საზოგადოების ეს კატეგორია მოაზრებულია უფრო მეტად სოციალურ-ეკონომიკური დატვირთვის მატარებელ, და არა ფისკალური შედეგების მომტან კატეგორიად. სახელმწიფოს ინტერესში შედის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი თავად უზრუნველყოფდეს საკუთარ სოციალურ გარანტიებს. თუ სახელმწიფო თვლის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მისი პრიორიტეტია, მაშინ მცირე და საშუალო მეწარმეებისადმი დამოკიდებულებაც უნდა შევცვლოთ. თუ არა და, მაშინ დავბეგროთ, ავაწიოკოთ და რას მივიღებთ აქედან? ბიუჯეტი მნიშვნელოვან შემოსავლებს მიიღებს? ვეჭვობ, რომ ზედდებულის თემამ ფისკალური თვალსაზრისით რაიმე გარღვევა გამოიწვიოს.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის პოზიტიური იქნება. რა შედგეს უნდა ველოდოთ ახალი კოდექსის ამოქმედებით?
–ხელისუფლებამ სწორად გამოკვეთა პრიორიტეტები. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელისშეწყობა ნამდვილად პრიორიტეტული საქმეა. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დეკლარირებული იდეების ტექნიკური და ტექნოლოგიური განხორციელება საკანონმდებლო დონეზე არასრულფასოვანია. დღეს ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლება დგამს ნაბიჯს ბიზნესისკენ. უფლებას ვიტოვებ, რომ გარკვეული ეჭვები შევიტანო ამ ნაბიჯების გულწრფელობასა და სრულფასოვნებაში.
რა არის წინგადადგმული ნაბიჯი? ის, რომ ახალმა საგადასახადო კოდექსმა შემოიღო მიკრო და მცირესაწარმოს დეფინიცია? ის, რომ ამ კატეგორიის მეწარმეებს დაუწესდათ გამარტივებული დებეგვრის რეჟიმი? ამის საპირისპიროდ შემიძლია ვთქვა, რომ საგადასახადო კოდექსის ეს დიფინიცია და რეგულაცია ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე და არ ვრცელდება რეალურ ბიზნესექტორზე. საგადასახადო კოდექსი 100 000-მდე ბრუნვის მქონე ფიზიკურ პირს გამარტივებული რეჟიმით ბეგრავს, მაგრამ იგივე ბრუნვის მქონე შპს-ს ან სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმოზე გამარტივებული დაბეგვრის რეჟიმი არ ვრცელდება.
გამოდის, რომ ხელისუფლებამ კი გადადგა მცირე და საშუალო ბიზნესისკენ ნაბიჯი, მგარამ ეს ნაბიჯი მხოლოდ ფიზიკურ პირებზეა მორგებული. ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედებით დიდ ეფექტს ვერ მივიღებთ, რადგან რეალური მცირე და საშუალო ბიზნესი რჩება იმ დაბეგვრის რეჟიმში, რომელშიც აქამდე იყო.
მეწარმეთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათთვის გადასახადების გადახდა ძალიან რთული პროცესია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მათ პროფესიონალი ბუღალტერის დაქირავება ურჩია...
-ვერ ვიტყვი, რომ გადასახადების გადახდა რთულია. რთული კი არ არის, ძვირია. ფაქტობრივად, ინდმეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ მისი ოჯახის გამოკვებისთვის თუ არის საკმარისი. ძალიან ძნელია, შეუძლებელი თუ არა, რომ ამ ადამიანმა კვალიფიციური საბუღალტრო საქმიანობისთვის თანხა გამოყოს. ბუღალტრის აყვანის რჩევას სჯობს იმაზე ვიფიქროთ, რომ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ძალიან გამარტივებული დაბეგვრის და აღრიცხვა-ანგარიშების სისტემა დავნერგოთ.